ზუზუ ბეჟაშვილი საზოგადოებას როგორც ნიჭიერი, მხიარული, ქარიზმატული მსახიობი დაამახსოვრდება. მან განსაკუთრებული პოპულარობა, რამდენიმე წლის წინ, სერიალ " ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული სახასიათო როლით მოიპოვა. სერიალთან ერთად მან არა ერთ მხატვრულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: " გოგონა სლაიდიდან"( 2009), "ფარაჯანოვი"(2013) და მრავალი სხვა.
როგორც მისი მეგობრები ყვებიან, მსახიობს საკუთარი ბინა არ ჰქონდა. სხვადასხვა ადგილას უწევდა ქირით
ჟურნალ " გზის" არქივში ინახება მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, როდესაც მას საახალწლოდ სანტასთვის წერილის მიწერა სთხოვეს, ზუზუმ დაწერა:
"არ ვიცი, როგორ დავიწყო, "ძვირფასო"? "ჩემო"? მოკლედ, ძვირფასოც და ჩემოც, კარგო, კეთილო სანტა, გაწუხებ? ალბათ - არა. მოკლედ, მე ვარ ზუზუ და ვარ ადამიანი და მსახიობი. მინდა გთხოვო, რომ არ დამავიწყო არც ის, რომ ვარ ადამიანი და შეახსენო (მხოლოდ საინტერესო რეჟისორებს) ჩემი პროფესია. ასევე მინდა, ვიყო ჯანმრთელი ფიზიკურადაც და მორალურადაც. მოდი, სხვებისთვისაც გთხოვ... შევახსენოთ ხალხს, რომ ახალ წელს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგიდაზე რამდენი ჩაქაფული თუ "ხალადეცი" იქნება. მთავარია, თავსა და ტვინში რა გვექნება.
პ.ს. სანტუკა, ბაბუკა, აღარ შეგახსენე, პრინციპში ალბათ არ იცი, ნამდვილად არ იცი. მითხარი ერთი ბინის გასაღები როგორ დავიმსახურო? შენ თვითონ შეხედე, ამდენი სახლია საქართველოში და არც ერთი არ არის ჩემი.
მიყვარხარ! გილოცავ!“
საინტერესოა ისიც, რომ მსახიობი "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დედაზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს, ამბობს, რომ მაშინ, როცა მის გვერდით მეგობრები არ არიან, ზუზუს გვერდში დედა უდგას და ის მისი მარადიული მეგობარია.
"მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, რაც უნდა შემეშალოს, დედის იმედი ყოველთვის მაქვს."
ზუზუ ბეჟაშვილი სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როცა ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი უნდა ჰქონოდა, როგორც მსახიობს, მისი ასაკიდან გამომდინარე, თუმცა, იგი ბოლო პერიოდში არ ყოფილა დაკავებული საკუთარი პროფესიით.
ლეილა აბაშიძე
ქართული კინოს ეპოქალური ვარსკვლავი 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლოს ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, თუ რატომ აღარ იღებდნენ ლეგენდარულ მსახიობს კინოში და რატომ აღარ ჩანდა ის აქტიურად ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ როცა ლეილა აბაშიძე ათეული წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მსახიობი იყო და ის საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ მსახიობთა ხუთეულში შედიოდა, რომელთა ფილმებსაც 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობდა საოცარ გარდასახვის უნარში, რომელიც მსახიობს ახასიათებდა. მას შეეძლო ეკრანზე შეექმნა ეპოქის გმირებისა და ქარაფშუტა გოგონების ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სახეები.
მის მიერ ნათამაშები მარინე ფერაძე საბჭოთა კავშირის მასშტაბებსაც გასცდა. აშშ-ში "ჭრიჭინას" ჩვენების შემდეგ ის ეკრანის უდიდეს ვარსკვლავს მერი პიკფორდს შეადარეს. " დეილი იორკერი" მაშინ წერდა:
" საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი - მერი პიკფორდი ჰყავთ.."
თუმცა, ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, ლეილა აბაშიძის კარიერა ყველასთვის მოულოდნელად დასრულდა.
თავად მსახიობი ამბობდა, რომ ყველა მისი როლი ერთნაირად ძვირფასი იყო და ერთის გამორჩევა არ შეეძლო, მაგრამ განსაკუთრებით ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ფილმში "შეხვედრა წარსულთან" გასახიერებული ტრაგიკული ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ( დრამატიზმისთვის და ტრაგიზმისთვის) საკავშირო კინოფესტივალზე პრიზით დაჯილდოვდა. სწორედ ამ როლის შემდეგ ის წარდგენილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტულზე, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ეს როლი იყო ლეილა აბაშიძისთვის მწვერვალიც და ამ როლით დაიწყო დაღმასვლაც, რადგან ამ ფილმის შემდეგ მის ცხოვრებაში დიდხნიანი პაუზა დადგა. მას აღარ იღებდნენ ფილმებში, არ აძლევდნენ მთავარ როლებს...
ლეილა აბაშიძის ფილმოგრაფიაში ჩამოწოლილი პაუზა 80-იან წლებში დაირღვა, როცა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში "ორომტრიალი" მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია, ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, მან ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო რეჟისურაში, ლეილა აბაშიძით კი მსოფლიოს კინოს ლეგენდა, გრეგორი პეკი მოიხიბლა, რომელიც ფესტივალის პრეზიდენტი იყო.
როგორც კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე იხსენებს, ყველასთვის მოულოდნელად ფესტივალის დახურვის საღამოზე გრეგორი პეკმა ლეილა აბაშიძისა და ლია ელიავას სამსახიობო ოსტატობას გაუსვა ხაზი:
" დაახლოებით 4000 კაციან დარბაზში იყო ფესტივალის დახურვის ცერემონიალი, მართლაც სრულიად მოულოდნელი იყო რომ მართლა სადღაც შორს შეიძლებოდა ქართულ ფილმს მიეღო პრიზი, მაგრამ ჟიურის თავჯმდომარე გრეგორი პეკმა გამოაცხადა რომ საუკეთესო რეჟისურაში ჯილდოვდება ფილმი " ორომტრიალი" ეს მართლაც დიდი ბედნიერება იყო და ამის შემდეგ თითქოს დარსულდა საღამო და გრეგორი პეკი ამბობს ასეთ რამეს: სინანული მიმყვება იმის გამო, რომ ორ სრულიად განსაკუთრებულ მსახიობს ლია ელიავას და ლეილა აბაშიძეს ვერ მივეცით პრიზი იმის გამო რომ ფილმმა ერთ ნომინაციაში უკვე მიიღო ჯილდოო, ლეილა აბაშიძე ტოკიოში ჩემთან ერთად იყო, ამის გაგონებაზე ის წამოდგა ადგილიდან, გაუგზავნა საჰაერო კოცნა გრეგორი პეკს.."
მაგრამ ამ წარმატების შემდეგაც ლეილა აბაშიძეს კვლავ არ აძლევდნენ მთავარ როლებს, მსახიობი ბოლო წლებში იხსენებდა, რომ როცა ახალგაზრდა იყო, ვერ ხვდებოდა, რომ მისი შურდათ, ეგონა, რომ ის მიღწევები, რაც მას ჰქონდა, ყველას უხაროდა გარშემო, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა:
"ჩამოვიდოდი უცხოეთიდან, მქონდა რაიმე წარმატება, ამის შესახებ ყველას ვუყვებოდი, მეგონა მათაც უხაროდათ, თქვენც არ მომიკვდეთ. თურმე მტრებს ვიძენ, თურმე ჩუმად უნდა იყო, არ ვიცოდი." - ლეილა აბაშიძე
მრავალწლიანი პაუზის შესავსებად, ლეილა აბაშიძემ 1980 წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მან თავად დაწერა სცენარი და გადაიღო მხატვრული ფილმი " თბილისი, პარიზი, თბილისი", სადაც ქართული კინოს ვარსკვლავებთან ერთად მთავარი როლი თავადაც შეასრულა, თუმცა, ფილმი წარმატებული არ აღმოჩნდა.
ლეილა აბაშიზე ფილმიდან „თბილისი, პარიზი, თბილისი“ 1980 წელი.
თავად ლეილა აბაშიძე წერდა:
"ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს.. მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს."
ლიკა ქავჟარაძე
1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, საქართველოში კი მას ყველა დროის ულამაზეს ქალბატონად აღიარებდნენ.
პროფესიით მუსიკოსმა ქართულ კინოში 30-მდე როლი ითამაშა, საყოველთაო აღიარება თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე" შესრულებული მარიტას როლით მოიპოვა.
როგორც ამბობენ, 12 წლის ასაკში აღებული ჰონორარით, პირველი, რაც გააკეთა, ეს ბინის გარემონტება იყო, ამ დღიდან ის ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა.
ლიკა ქავჟარაძის ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენა დედის გარდაცვალება გახდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მსახიობმა დეპრესიისგან თავის დასაღწევად ხატვა დაიწყო და არა ერთი გამოფენა ჰქონდა.
მსახიობი არასდროს მალავდა ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც მას ჰქონდა, ისიც ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი ძვირი ღირს მედიკამენტები, რომლებიც მის მდგომარეობას სჭირდებოდა.
მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს.
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და ლიკა ქავჟარაძის მეგობარი ლევან უჩანეიშვილი ემოციური წერილით გამოეხმაურა
„ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!
გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!
შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ , არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!...
გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა...
გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა...
გვაპატიე!..."
ზაურ მირიანაშვილი