დღეს ასე პოპულარული და ცნობილი სიტყვა "ბულინგი" ინგლისურია და ქართულად ჩაგვრას, აბუჩად აგდებას ნიშნავს. ბულინგი უმეტესად სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება. ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, მაგრამ უფრო მეტად ისინი, ვინც თანატოლებისგან რაღაც ნიშნით განსხვავდებიან. როგორ დავიცვათ მოზარდები ამ მოვლენისგან? - ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ:
"ბულინგისგან დაზღვეული არც ერთი თაობა არ არის" ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: - ეს მოვლენა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა. ბოლო წლებში დაერქვა ბულინგი, თორემ
ადრე დაცინვას ან ჩაგვრას ვეძახდით.
ჩემი აზრით, ამ ეტაპს ნებისმიერი ადამიანი გადის და ბულინგისგან დაზღვეული არც ერთი თაობა არ არის. მოზარდი გოგონას დედა ვარ და მიმაჩნია, რომ ბავშვს თავის დაცვა უნდა შეეძლოს. თავდაცვაა ისიც, პასუხს რომ არ გასცემ, დაფიქრდები და სიტუაციიდან გამომდინარე, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებ. თუ ჩემი შვილი დახმარებას მთხოვს, ბუნებრივია, დავეხმარები და რჩევასაც მივცემ, მაგრამ ზედმეტი რჩევების მიცემაც არ მიყვარს. მხოლოდ საკუთარ მაგალითს მოვუყვები: მე ასე დამემართა და ახლა შენ როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე-მეთქი.
"შვილის ცხოვრება ხელიდან არ უნდა გაგექცეს"
ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი: - დაკვირვებული მშობელი ყოველთვის მიხვდება, რომ მისი შვილის თავს რაღაც ხდება. ბავშვზე ძალიან კარგად მოქმედებს მეგობრული ლაპარაკი და არა ზედმეტი დარიგება. შვილის ცხოვრება ხელიდან არ გაგექცეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სიყვარულში იზრდება და არა სიძულვილში, რა დიდი პრობლემებიც უნდა ჰქონდეთ მის მშობლებს. შვილისთვის მეგობარიც უნდა იყო, მამაც და თუ საჭიროა, საყვედურიც უნდა უთხრა, რაღაცები კიდეც აუკრძალო, ოღონდ ისე, რომ თავი დაჩაგრულად და დამცირებულად არ იგრძნოს. საბედნიეროდ, ჩემი შვილი ახერხებს ურთიერთობების მოწესრიგებას, არც არავის ჩაგრავს და არც სხვას დააჩაგვრინებს თავს.
განაგრძეთ კითხვა: