10 თებერვალი, 2014
როგორ გაუმკლავდა ეკა ნიჟარაძე ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას
როცა მნახა, კი გაიგო ყველაფერი, ან კი როგორ დავმალავდი, როცა გაჭრილი ვიყავი და ნაკერები მედო, მაგრამ ოჯახის არც ერთ წევრამდე ეს ამბავი მძაფრად არ მიმიტანია მსახიობ ეკა ნიჟარაძეს ცოტა ხნის წინ ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპი ჰქონდა.. ერთ დღეს ყელთან საეჭვო რამ შენიშნა, ექიმთან მისვლისა და ბიოფსიის შემდეგ კი არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს და ქირურგიული ჩარევა ურჩიეს. ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჯახის წევრებისგან შორს გაიკეთა... საბედნიეროდ, დღეს კარგადაა, თუმცა რეაბილიტაციის კურსი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და
საზღვარგარეთ გამგზავრება ოპერაციის შედეგების გადასამოწმებლად კვლავ მოუწევს.

- ეკა, როგორ ხარ?
- კარგად... სიმართლე გითხრა, ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა. ეკა ხოფერიას გადაცემაშიც იმიტომ გადავწყვიტე მისვლა და ყველაფრის მოყოლა, რომ ამ საკითხზე გაუთავებლად ლაპარაკი არ მინდოდა. მერე რაღაცებს ამატებენ, აკლებენ, აფორმებენ და ა.შ. იმისათვის, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო, თავად მოვუყევი ხალხს ჩემი ამბის შესახებ...
- რეაბილიტაციის პერიოდიც გაიარე უკვე?
- არა, კიდევ მომიწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და კურსის ჩატარება.
- ამ პრობლემის შემდეგ ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობებიც გადააფასე.
- არამარტო. ყველაფერი გადავაფასე. მეგობრები თან გადამყვნენ, ამ თვალსაზრისით არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ამერიკაში ჩემს ექიმს, ქართველ ებრაელს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და მის მეუღლეს, რომლებმაც ისეთი რაღაცები გამიკეთეს, რასაც ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრს თუ გაუკეთებს ადამიანი. ყოველდღიურ რეჟიმში მკითხულობენ, ერთი სული აქვთ, როდის ჩავალ, ერთ წელიწადში მიწევდა გამგზავრება, მაგრამ ჩემი ექიმი თავის მეუღლე ანუშკას ეუბნებოდა, ეკას უთხარი, 10 თვეში ჩამოვიდესო. უნდათ, ძალიან მალე ვესტურმრო.
- თან შენი შვილი, ნოდაროც იქ სწავლობს.
- დიახ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა და ოპერაციის იქ გაკეთება, ძნელია, როცა მიდიხარ სულ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გყავს. ამ შემთხვევაში ნოდარო იყო ჩემი იმედი, მიუხედავად იმისა, რომ არც მან და არც თბილისში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა ზუსტად ჩემი დაავადების შესახებ არ იცოდნენ.
- ეს როგორ?
- ახლობლებმა კი იცოდნენ, რომ ოპერაცია აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საქმე სერიოზულ დიაგნოზს თუ ეხებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ... საქართველოდან ნოდაროსთან ერთად გავფრინდი, ჩვენ სხვადასხვა ქალაქში მოგვიწია ცხოვრებამ. ოპერაციის შემდეგ ჩემ სანახავად რომ ჩამოვიდა, თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ შეემჩნია. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მართლა ძალიან მიჭირდა სიარული და სახლში ყოფნას არაფერი მერჩივნა, წავყევი ნიუ-იორკის ქუჩებში სასეირნოდ და ერთად კარგა ხანს ვიარეთ. როცა მნახა, კი გაიგო ყველაფერი, ან კი როგორ დავმალავდი, როცა გაჭრილი ვიყავი და ნაკერები მედო, მაგრამ ოჯახის არც ერთ წევრამდე ეს ამბავი მძაფრად არ მიმიტანია.
- ოპერაციის შემდეგ, თვალი რომ გაახილე, პირველი ვინ დაინახე, რა შეგრძნებები გქონდა...
- დავინახე ჩემი ექიმის მეუღლე ანუშკა, დანარჩენი არ მახსოვს... ერთადერთი ის მახსენდება, რომ მეუბნებოდნენ, ხმა ამოიღე, დაილაპარაკეო... ოპერაციამდე სულ იმას ვამბობდი, ფრთხილად იყავით - ხმის იოგები არ დამიზიანოთ და პროფესიის გარეშე არ დავრჩე-მეთქი. ეს უშუალოდ ოიგებს არ უკავშირდებოდა, მაგრამ შესაძლებელი იყო, ამ კუთხით პრობლემა შემქმნოდა. რომ დავილაპარაკე, ამოისუნთქეს, თუმცა ხმა ბოლომდე წესრიგში არ მაქვს, ამასაც დრო სჭირდება...
- გასაგებია, რომ ოჯახის წევრებს არ გაუმხილე დაავადების შესახებ, მაგრამ მეგობრებს როგორ დაუმალე?
- სასაცილო იყო, რომ სანამ მე გავიგებდი ყველაფერს, არ ვიცი როგორ, მაგრამ სხვებმა გაიგეს. თუმცა არავინ არაფერს მეკითხებოდა, მეც არ ვამბობდი, ან როგორი სათქმელია ეს ამბავი.... ზოგადად, ისეთი ტიპი ვარ, რომელიც არ წუწუნებს და თუ მართლა ძალიან არ უჭირს, თავის პრობლემებზე არ ლაპარაკობს, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ ჩემი ასეთი საქციელი, თუმცა გაბრაზდნენ... რასაკვირველია, პოსტფაქტუმ იყო საყვედურები, მაგრამ მე ამისთვისაც მზად ვიყავი.
- ამერიკაში გამგზავრებულმა ახალნამშობიარევი შვილი და შვილიშვილი დატოვე. ალბათ, ეს ცალკე დარდად გა-გყვა.
- მართლაც ასე იყო... თინას იმ პერიოდში მე და ტასო ვზრდიდით, არ გვყავდა ძიძა, დამხმარე... ჩემი წასვლის ამბავი სადღაც ათ დღეში გადაწყდა და აღარ ვიცოდი, რა მექნა, როგორ დამეტოვებინა ტასო ამდენ საქმესთან ერთად. გარდა ბავშვისა, საოჯახო საქმეებიც ხომ მისახედი იყო, ბიჭებს, ჩემს სიძესა და ჯეჯიკოს, ყურადღება სჭირდებოდათ... გიჟივით დავიწყე დამხმარის ძებნა, რომელიც ბავშვებს მართლაც ამოუდგა მხარში... ამ პერიოდის გადატანაში დამეხმარა კომუნიკაციის საშუალებები, იგივე სკაიპი, ვაიბერი, რომელთა მეშვეობითაც კონტაქტობ, ნახულობ შენს ახლობლებს და სადარდებელს ოდნავ გიმსუბუქებს.
- ოპერაციის შემდეგ ცხოვრების წესი თუ შეიცვალე?
- ვარჯიშზე დავდივარ, რადგან წონაში მოვიმატე, თუმცა ნელ-ნელა ვხდები კიდეც... წონის პრობლემაც რომ არ მქონოდა, მაინც ვივარჯიშებდი, რადგან ხერხემალი მაწუხებს და ეს პროცესი მსიამოვნებს. სიგარეტი არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვეწევი. სულ მეშინია, ექიმმა არაფერი მკითხოს ამის შესახებ, რადგან ვერ მოვატყუებ. თავიდან მითხრა, არ დაანებო, ისედაც სტრესი გაქვსო. მცირე რაოდენობით უნდა ვეწეოდე, მაგრამ...
- ახლა დადებით თემაზეც ვილაპარაკოთ, შვილიშვილზე, რა ხნისაა თინა?
- 11 თებერვალს ერთი წლის გახდება, დიდი სიხარული და ბედნიერებაა, დილით რომ იღვიძებს და თავისი დიდი თვალებით გიყურებს, ჩემთვის ჟანგბადია.
- ტასოს ჰგავს?
- კი, ძალიან ჰგავს პატარა ტასოს, თვალის ფერი კი მეორე ბებიის აქვს. 9 თვიდან დადის და არ ჩერდება, მთელი სახლი მასზეა გადაწყობილი, უკვე დაიწყო კიბეზე ასვლა და სულ იმას ვფიქრობთ, როგორ ჩავკეტოთ და ჩავრაზოთ ყველაფერი (იღიმის).
- ტასო რას საქმიანობს?
- სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. სიმართლე გითხრა, არ ველოდი, თუ ასეთი კარგი დედა აღმოჩნდებოდა, გადაყოლილია მეუღლესა და შვილზე, პატარაა და ასეთ ასაკში ოჯახის მოვლა ცოტა რთულია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მისით ვამაყობ. ისე გამომივიდა, რომ შვილებს ვაქებ, მაგრამ ფაქტი რაცაა, იმას ვამბობ.
- რამდენადაც ცნობილია, ჯეჯიკო სამსახიობოზე სწავლობს, როგორც მსახიობს, როგორ შეაფასებდი?
- ჯეჯი სცენაზე არ მინახავს, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ უნიჭო არ არის, სხვა შემთხვევაში არ მივცემდი ამ ფაკულტეტზე სწავლის უფლებას. სხვათა შორის, შარშან მინდოდა მის გამოცდაზე მისვლა, მაგრამ თავად არ ისურვა. მისიც მესმის, მეც არასდროს არ მინდა ვიცოდე, რომ დარბაზიდან ჩემი ახლობლები მიცქერენ, თუმცა მიყვარს, როცა ჩემს სპექტაკლებზე მოდიან. უბრალოდ, როცა ვიცი, რომ იქ არიან, ვიძაბები და სხვანაირად ვღელავ.
- ნოდარო რომ ასე შორსაა, ალბათ, დედისთვის ეს ძალიან რთულია.
- კი, ასეა, თან სულ დაკავებულია, დროში ვცდებით ერთმანეთს და კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს. ძნელია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შვილის მომავლისთვის ასე უკეთესია.
- როგორც ვხვდები, არც შვილების პირად ცხოვრებაში ერევი.
- არა, რატომ უნდა ჩავერიო, თავად უნდა გააკეთონ არჩევანი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც მე მინდა.
- საკუთარ პირად ცხოვრებაზე არ ფიქრობ?
- იმდენი საფიქრალია, რომ ამაზე მაინცდამაინც ბევრს ვფიქრობ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ამჟამად არაფერი ხდება და თუ მოხდება, ამაზე მერე ვისაუბროთ (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ელი
იცოცხლე გამრავლდი და გაიხარე ცემო კარგო
19:07 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
როგორ გახშირდა ეს უბედური დაავადება, კოსმოსში გაფრინდნენ და ამის წამალი ვერ გამოიგონეს
00:30 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ჭამე ნოდაროოო!, შენისთანა "კარგი" ადაამიანები თუ გადაარჩენენ სამყაროს. არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ შენისტანები არ გიტოვებენ მცირდ შანსსაც კი, რომ არ თქვას ადამიანმა ცუდი.მოკლედ, საატანა ხარ. მორჩა და გატავდა. ეკას ჯამთელობას და სიყვარულს უგზავნი.
17:17 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
გამოჯამთელებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ
07:00 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ეკა გაიხარე და წარმატებებს გისურვებ! ისე რა კარგია ადამიანს საშუალება რომ აქვს ჯანმრთელობას მიხედოს. მე ერთი ჟირავიკი ვერ ამომიჭრია 150 ლარი უნდა. ეეეეეეეეჰ!
06:47 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS