''რეიტინგი'' პირველი ჟურნალი გახლდათ, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა მილიარდელის მშობლების ინტერვიუ. ვფიქრობთ, ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ ივანიშვილის ბავშვობიდან.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ პრესაში ინფორმაცია იშვიათად ჩნდება. ბურუსით მოცული მისი პიროვნება კი, ცხადია, ცნობისმოყვარეობას იწვევს და ყურადღების
საჩხერეში ბიძინა ივანიშვილზე მართლაც დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან. იმასაც ამბობენ: არავინ იცის, როდის სად არის, საქართველოს საზღვრებს როდის გადმოკვეთს, მაგრამ სამაგიეროდ, ყველამ იცის, ხმას თუ მიაწვდენ, ნებისმიერ გაჭირვებულს დაეხმარება. ხმის მიწვდენა კი მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ. მოხუც მშობლებს, რომლებიც სოფელ ჭორვილაში ცხოვრობენ და შვილის შესახებ საუბარს თავს არიდებენ.
ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი კუვეიტის ნავთობის 0,4 პროცენტის მფლობელიაო, საკუთარი კუნძულები აქვს, თავის ყველა ნათესავსა და თანასოფლელს 300 დოლარს უხდის ხელფასის სახით, მეზობლებს ფქვილს, შაქარს, მაკარონს, ბრინჯს და კიდევ ბევრ რამეს ტომრებით ურიგებსო. სიმართლის გასაგებად გეზი იმ სახლისკენ ავიღეთ, სადაც უამრავი ადამიანი დახმარების მისაღებად მიეშურება ხოლმე. ცხადია, იმედი არ გვქონდა, რომ მილიონერის ოჯახში სიხარულით მიგვიღებდნენ და გულღია მასპინძლობით გაგვაკვირვებდნენ. მაგრამ სწორედაც რომ პირიქით მოხდა. ბიძინა ივანიშვილის დედამ - ციცინო ბებომ შინაც შეგვიპატიჟა, კარმიდამოც დაგვათვალიერებინა და გვთხოვა კიდეც: ცოტა ხანს დარჩით, წიწილას დაგიკლავთო... გრიშა პაპა წითელი ღვინით გაგვიმასპინძლდა და გაგვიმხილა: ეს უზარმაზარი საწნახელი განსაკუთრებით მიყვარს. დღე ისე არ გავა, რომ არ მივიდე და სიყვარულით ხელი არ გადავუსვაო.
მწვანეში ჩაფლულ ეზოს ალაყაფის კარი და ბეტონის გალავანი აკრავს. ორსართულიან, ვარდისფრად შეღებილ სახლში გრიშა პაპა და ციცინო ბებო ცხოვრობენ. სახლის გვერდით, ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს ყავისფერი შუშებით შემინული სასადილოა, რომელიც რესტორნის სტილშია აგებული და დიდ საქეიფო დარბაზს ჰგავს. იქვეა სამზარეულო, რომელსაც მოხუცები სასადილო ოთახადაც იყენებენ. ეზოს ცალ მხარეს კოტეჯის ტიპის ოთახებია ჩარიგებული, სადაც მომსახურე პერსონალსა და სტუმრებს აბინავებენ ხოლმე. მოკირწყლულ ქვაფენილს ვარდისფერ სასახლესთან მივყავართ, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკა (ეკატერინე) ხვედელიძე ისვენებენ ხოლმე, იქვეა უზარმაზარი ხის ჰამაკი, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და ა.შ. ეზო დამეწყრილია, რასაც მოხუცები განსაკუთრებით განიცდიან... კარ-მიდამოს წვრილი ქვით ნაშენი ჭა ამშვენებს. ეს, ალბათ, ერთადერთი რამაა, საწნახელთან ერთად, რაც სოფლის შთაბეჭდილებას ქმნის... ორსართულიანი სახლის წინ ახალი ''ჯიპი'' დგას. ეს მანქანა ბიძინა ივანიშვილმა დედამისს აჩუქა.
ციცინო ბებო:
- საფრანგეთში ვიყავით. ხომ უნდა მენახა ჩემი შვილი უცხო ქალაქში როგორ ცხოვრობს? მთელი ქალაქი შემოვიარე. ყველაფერი დავათვალიერე, ბიძინამ ეს მანქანა მიყიდა და მაჩუქა, რათა საკუთარი მანქანით მევლო, უფრო სწორად, დაცვას ვეტარებინე,Mრომ წამოვედი, აქაც გამომატანა, მას შემდეგ ეზოში დგას.
- ხშირად ჩამოდის?
გრიშა პაპა:
- არასდროს არ ვიცით, სად არის, როდის ჩამოვა. მაგრამ ყოველი მისი მოსვლა დღესასწაულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილებიც მოჰყავს. ეზოში ისეთი მხიარულებაა ხოლმე, რომ გულს უხარია.
- შვილიშვილები ხშირად მოდიან?
- ბიძინას შვილები ძირითადად, ზაფხულში ჩამოჰყავს. მათ კიდევ ფრანგულისა და ქართულის მასწავლებლები მოჰყვებიან ხოლმე, ზოგჯერ მათემატიკისაც. ეს ოთახებიც ძირითადად, მასწავლებლებისთვის არის აშენებული.
- ბავშვებმა ქართული კარგად იციან?
- ძალიან კარგად. ჩემი რძალი და ბიძინა მათ სულ ქართულად ელაპარაკებიან. ისინი ხან საფრანგეთში ცხოვრობენ, ხან მოსკოვში, ხანაც საქართველოში. ამიტომ ბავშვებმა ფრანგულიც კარგად იციან, რუსულიც და ქართულიც. სხვა ენებსაც სწავლობენ.
- ბიძინა მკაცრი მამაა?
ციცინო ბებო:
- არ არის მკაცრი, პირიქით, ძალიან რბილია. ბავშვებს ანებივრებს. ხომ ხედავთ ამ სურათებს, ბავშვს დიდი დაბადების დღე გადაუხადა პარიზში, უზარმაზარ პარკში, თავი ზოოპარკში გეგონებათ.
- რა ჰქვიათ ბავშვებს?
- უტა, ბერა და გვანცა.
- რძლით კმაყოფილი ხართ... როგორ დაქორწინდა ბიძინა?
- ეკა გაურიგეს, კარგი ქალია, მასთან ერთად ბიზნესშია ჩართული. ბიძინა ამბობს, რომ ეკა ძალიან ნასწავლი და ნიჭიერია. კარგი ცოლქმრობა აქვთ. ბევრს მუშაობენ.
გრიშა პაპა:
- ბიძინა ძალიან დაღლილია ხოლმე, როცა ჩამოვა, ყოველთვის ვატყობ, დასვენება სჭირდება. რაც გაჩნდა, მას შემდეგ შრომობს. უმუშევარი არასდროს ყოფილა. მე ახალგაზრდობაში მაღაროში ვმუშაობდი. თავს არ ვზოგავდი, ყოველთვის პრემიას მაძლევდნენ, ხელფასი 50 მანეთი მქონდა. მერე მეურნეობაში აგრონომი ვიყავი. ახლა პენსიაზე ვარ.
- პენსიას იღებთ?
- ცოტაა, მაგრამ მაინც ვიღებთ. ეს ჩვენი ფულია, ჩემი შრომის გამო მაძლევენ, მაგ ფულს სხვანაირი გემო აქვს, მთავრობას რატომ უნდა დავუტოვო?!
- ეკონომიკურად ყოველთვის ძლიერი ოჯახი არ გქონდათ?
ციცინო ბებო:
- ისე გვიჭირდა, რომ ჩასაცმელიც არ გვქონდა. ცუდ დროს დავიწყეთ ცხოვრება. 1944 წელს დავქორწინდით. ოცი წლისები ვიყავით, ახლა ოთხმოცი წლისები ვართ. ბევრი გაჭირვება ვნახეთ. შვილები ფეხშიშველები დამიდიოდნენ. კოლექტივში ვმუშაობდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, როგორც ჩემი თანასოფლელი ყველა ქალი, მეც პაპანაქება სიცხეში მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი.
- არავინ არ გეხმარებოდათ?
- არა, ყველას უჭირდა, ვინ დაგვეხმარებოდა. მე ათი დედმამიშვილი მყავს, ყველანი გაჭირვებულები იყვნენ. ახლა მათ ბიძინა ეხმარება. თავის ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს ყველას მანქანები აჩუქა. ხელფასის სახით კი 300-300 დოლარს აძლევს. ყველას მაგისი იმედი აქვს.
გრიშა პაპა:
- ვისაც სწავლა უნდა, ასწავლის, თბილისში დააბინავებს, თუ ვინმე ავად გახდა, ცხადია, არაფერს დაიშურებს. ჯერ 45 წლის არის და უკვე ბევრის გაკეთება შეძლო. ახლა ქვეყანაში არსებულმა უმუშევრობამ შეაწუხა. ხალხი უიმედოდ დარჩა. ჩვენ ირგვლივ რომ ამდენი გაჭირვებულია, ამას ვერ ვიტან. ჩვენმა პარლამენტარებმა, სულ რომ ტელევიზორში არიან გამოჭიმულები და ერთმანეთს ეუბნებიან: შენ უფრო მეტი მოიპარე, ვიდრე მეო, იმისი ნახევარი რომ გააკეთონ, რასაც ბიძინა აკეთებს, საქართველოში ამდენი გაჭირვებული აღარ იქნება.
- ბიძინას ბავშვობაში სათამაშოები თუ ჰქონდა? თუ იყო ისეთი სათამაშო, რომელზეც ოცნებობდა?
ციცინო ბებო:
- სათამაშოები, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. მე მგონი, არც ერთი სათამაშო არ ჰქონია. ველოსიპედი უნდოდა, რომელ ბიჭს არ უნდა ველოსიპედი?! შევპირდი: კაკალს გავყიდი და გიყიდი-მეთქი. მახსოვს, როგორ ვაგროვებდით კაკალს, მაგრამ ველოსიპედის საყიდელი ფული მაინც ვერ შევაგროვეთ. წლების შემდეგ ურეკში შვილიშვილი რომ შემეძინა, ბიძინამ თბილისში უყიდა ველოსიპედი და მატარებლით ჩამოუტანა.
- არასდროს არ უთქვამს, რომ გაიზრდებოდა, მდიდარი კაცი გახდებოდა?
გრიშა პაპა:
- არა, ასეთი რამ არ მახსენდება. ბევრი ლაპარაკი არ იცოდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, გამდიდრდა და ახლა ყველა გაჭირვებულს ეხმარება.
ციცინო ბებო:
- წლების წინ სახლი დაგვეწვა. ღამე სახურავში გაჩნდა ცეცხლი და ყველაფერი დაიფერფლა. ისედაც გაჭირვებულები ვიყავით, კიდევ ეს გვინდოდა?! ბიძინა მოსკოვში სწავლობდა. ზაფხულში რომ ჩამოვიდა და ნახა, რა დღეში ვიყავით, გული დაეწვა. მაშინ მითხრა: ნუ გეშინია, დედა, ამ ადგილზე ახალ სახლს აგიშენებო და ორი წლის შემდეგ მართლაც ეს ორსართულიანი სახლი ააშენა.
- თუ ასე გიჭირდათ, ბიძინამ სწავლა როგორ შეძლო?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თავის ძმასთან ერთად. ძმები მთელი ღამე კამოს ქარხანაში მუშაობდნენ, დღე კი სწავლობდნენ. სწავლა წითელ დიპლომებზე დაამთავრეს, კოტემ თქვა: დედი, კაცი უნდა გამოვიდე, მოსკოვში ასპირანტურაში უნდა ჩავაბაროო. მართლაც ჩააბარა. ბიძინა კი მუშაობდა, ფულით ეხმარებოდა. კოტემ რომ დაამთავრა, ბიძინაც წაიყვანა. კოტე ახლა თბილისში ცხოვრობს, ერთი გოგო ჰყავს.
- სხვა შვილები სად ცხოვრობენ?
გრიშა პაპა:
- ჩემი უფროსი ბიჭი ურეკში ცხოვრობს, მასთან ძალიან ხშირად დავდივართ. კოტე თბილისშია, ბიძინა ყველაზე უმცროსია. კიდევ ორი გოგო გვყავს. ერთი ქვრივია, მას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი დახმარება სჭირდება. ერთი გოგო ზესტაფონში ცხოვრობს, მეორე - ნიჩბისში. ასე რომ, ხუთი შვილი გვყავს, ათი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ჩვენს ახლობლებს თბილისში ბინა თითქმის ყველას აქვს, ბიძინას კი - არა. მინის სახლს რომ აშენებს ბოტანიკურ ბაღში, უკვე გაზეთში დაწერეს, ქალაქს აუშნოებსო. იმას არ ფიქრობენ, რამდენი ადამიანია მის მშენებლობაზე დასაქმებული და რამდენ ოჯახს გაუჩნდა ლუკმაპური. ამ ორი კვირის წინათ ვიყავი ჩასული, ვნახე, რა შენდება. ძალიან მომეწონა. ბიძინა ისეთს არაფერს ააშენებს, რომ ქალაქი დააუშნოოს.
- ბიძინამ მგონი, ეკლესიაც ააშენა...
- დიახ.
- სამების ეკლესიასაც ის აშენებს?
- დიახ, მაგრამ ბიძინას არ უნდა ამაზე ლაპარაკი. არ მოსწონს, როცა ლაპარაკობენ, თუ ვის რამდენი მისცა და როგორ დაეხმარა. ამაზე საუბარი არ სიამოვნებს, ასეთი დახმარება დახმარება აღარ არისო - ამბობს. მე მინდა, რომ ჩემს შვილზე მეტი იწერებოდეს, მაგრამ თვითონ არ უნდა, რა ვქნა, ეგეთია.
ციცინო ბებო:
- ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის სახლს აშენებს, თავის მეზობლებს ''კამაზები'' უყიდა, დენის გადასახადს მთელ საჩხერის რაიონს თვითონ უხდის, საავადმყოფოსაც აშენებს.
გრიშა პაპა:
- ახლა ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. ყველას რომ ეხმარება, განსაკუთრებით ეს მიხარია.
ციცინო ბებო:
- კიდევ ცოტა ხანს დარჩით, ჩემი ხელით გაზრდილ წიწილებს დაგიკლავთ.
- თქვენ რა, სოფლის მეურნეობას მაინც მისდევთ?
- ჩემი შვილი რომ ჩამოვა, ჩემი ხელით გაზრდილი წიწილა არ შევუბრაწო და სოფლის კვერცხებით ერბოკვერცხი არ გავუკეთო?!
- ციცინო ბებო, გულწრფელად მითხარით, თემურ შაშიაშვილი მართლა გააგდეთ? მართლა გაეკიდეთ, აქ მოსული აღარ დაგინახოთო?
- რა უნდა, რაზე მოდის?! ვანო ჩხარტიშვილიც იყო ჩამოსული. რაზე მოვიდა?! ბიძინა არავის არ იღებს, პოლიტიკაში ჩარევა არ უნდა. ჩვენც გვიკრძალავს რამის თქმას... ახლა ყველაფერი გვაქვს. მხოლოდ სიმშვიდე გვჭირდება. გრიშა ავადმყოფობს. ის თუ გამოჯანმრთელდება, მეტი ოცნებაც აღარ გვექნება.
დიანა ჭანკოტაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
17.02.2003