06 აპრილი, 2018
"რომ ვკვდებოდე, მაინც ვიგალობებ" - ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია ჯვარცმულ მაცხოვარს დასტირის
სამი ათეული წელია, ნაიარა ნაჩხატაშვილი ამ გზას გადის, წითელ პარასკევს კი, მთელი საქართველოს ნაცვლად, ანგელოზებრივი, სულში ჩამწვდომი ხმით გოდებს და დასტირის ჩვენთვის ნაწამებ, ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით კი - "ვაი, რა კარგი საჩინო", რომელსაც ხალხი "ღვთისმშობლის დატირებას" ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას - დღეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. გთავაზობთ ამონარიდს
ქალბატონი ნაირას ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" 2016 წელს გამოქვეყნდა:

- ჩემი ძმები ძალიან მუსიკალურები არიან, ნიჭიერები და, ერთ-ერთ ძმას პირველად რომ მოვასმენინე "უფალო, იესო ქრისტეს" საგალობელი, მითხრა: რას შვრები, ნაირა, მთელ საქართველოს შენ ტირიხარო? მას მერე მართლაც მთელ საქართველოს ვჭირდები - როგორც მიცვალებულებს, ასევე ცოცხლებს. რაც შეეხება "ვაი, რა კარგი საჩინოს", უწმიდესმა დაგვიბარა თავისთან. ძალიან მიყვარს ჩვენი უწმიდესი, ისეთი წმიდა და უძლიერესია! ერთხელ მრევლმა დამირეკა: ნაირა, შენზეა დამოკიდებული ჩემი შვილის სიცოცხლე, რამენაირად უწმიდესს უნდა შევხვდე. ყელის სიმსივნე აქვს, უცხოეთში ვიყავით, იქაც ეს დიაგნოზი დაუსვევს და ერთადერთი მხსნელი შენ ხარ, უნდა შემახვედროო. შევძელი, შემეხვედრებინა და დალოცა უწმიდესმა, ერთ კვირაში მიიყვანა ექიმთან - აბსოლუტურად გაქრა ყველაფერი, ჯანმრთელი იყო. გადავუხვიე თემას.


უწმიდესს ძალიან უნდოდა, ხალხი ტაძარში დაებრუნებინა. ყველა კომპოზიტორს დაავალა, რომ დავით გურამიშვილის "ვაი, რა კარგი საჩინოზე" მუსიკა შეექმნათ. მერე მე დამიბარა: მინდა, სოლო შენ შეასრულო და მოისმინეო. ერთი მოვისმინეთ, მეორე, მესამე... ლამაზი იყო, მაგრამ, არ იყო გოდება, რაღაც არ ეთანხმებოდა. ბოლოს მკითხა: აბა, რას იტყვი, არ მოგეწონაო? ჰარმონიები ძალიან გართულები აქვთ, არ არის ეს საჭირო, ეს ხომ დატირებაა, თან ქრისტესი-მეთქი. აბა, როგორო, - მკითხა. ჩემი მგალობელი გოგონები იქვე იდგნენ: აბა, ბანი გამიჩერეთ-მეთქი და დავიწყე გალობა ისე, როგორც ახლა ისმენთ.

ჰო, ეს არის ესო, - მითხრა პატრიარქმა, - დღეიდან ამას შენ იგალობებო და მას მერე ბევრი წელია, ვგალობ. პირველად სიონში ვიგალობეთ. ამ გალობის დროს ცოცხალი აღქმა ხდება ჩვენთვის ნაწამები მაცხოვრის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მირჩევნია, სხვებმა ისაუბრონ ხოლმე, მაგრამ, თქვენ მოგიყვებით რამდენიმე მაგალითს: ერთხელ, მახსოვს, სტომატოლოგთან ვიყავი, ვიმკურნალე და ფული არ გადამახდევინა: ნაირა, პირველად ტაძარში რომ შევედი, ხატს შევხედე და ანგელოზის ხმა გავიგონე - შენ გალობდი და, აბა, რას მეუბნებიო... ლევან ცუცქირიძე ფრესკებს წერდა სიონის საკათედრო ტაძარში, მაშინ ახალბედა მგალობელი ვიყავი. გოგონები დღეებს ვინაწილებდით. ერთხელ, წირვის მერე მითხრეს, ლევან ცუცქირიძე გიბარებსო. მივედი და მეუბნება: რატომ არ იყავი, ნაირა, თანაც, სამი დღეო. რა არის, რაშია საქმე-მეთქი. სამი დღეა, ფუნჯი ვერ ავიღე ხელში. შენი გალობა რომ მესმის, ორ საათში მთელი კვირის საქმეს ვაკეთებო. მახარებს, ეს ფრესკები ჩემს გალობასთან თანხვედრაში რომ შეიქმნა.

- ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს საგალობელი არ შეგისრულებიათ?

- არასდროს. რომ ვკვდებოდე, მაინც ვიგალობებ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
kato
ეგ არაა გალობა ეგაა არია. მაგ მელოდიის ენით მორწმუნე უფალს ვერ დაელაპარაკება. თუ სურვილი გაქვს ალბათ შეიძლება მიუძღვნას მომღერალმა ეგეთი არია.
13:14 / 09-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS