- ჯერჯერობით ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, იყო საშობაო სპექტაკლები, რომელშიც მე არ გახლავართ დაკავებული და ამ თვალსაზრისით დასვენება გამომივიდა. ცოტა ხანში ყველა ის სპექტაკლი ჩაეშვება, რაც კი რეპერტუარშია და დავიწყებ მუშაობას. რაც შეეხება ახალ სპექტაკლებს, რეჟისორი დათო დოიაშვილი აპირებს ''ლურჯი ფრინველის'' დადგმას, თუმცა არც იქ ვარ განაწილებული, ამიტომ რეპეტიციებიც არ მაქვს. როგორც ვიცით, თებერვლიდან უნდა დაიწყოს ახალ სპექტაკლზე მუშაობა და ამას ველოდებით. ბოლო პერიოდში მუსიკისა და დრამის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა ''მოჩვენებანი'', მუშაობის სამთვიანმა პერიოდმა მართლაც დიდი გამოცდილება მომცა და მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ ასეთი კარგი გმირი მანდო. ამ სპექტაკლით ჩემთვის კიდევ ბევრი საინტერესო კარი გაიხსნა ლიტერატურასა და დრამატურგიაში.
- რას გვეტყვი უშუალოდ გმირზე მუშაობის პროცესზე?
- რაიმე კონკრეტული ხერხი არ მაქვს, ახალ გმირზე მუშაობის დაწყებისას ვიღებ ახალ რვეულს ან ბლოკნოტს და იქ ვწერ პიესას, ამოცანებს, ჩემს ემოციებს გმირის შესახებ.
- ამ ბლოკნოტებს ინახავ?
- კი, ოღონდ არა იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ იპოვოს და წაიკითხოს, ვაგროვებ თუნდაც იმ მიზნით, რომ ხანდახან თვალი გადავავლო. თუკი, მაგალითად, პრემიერის შემდეგ ერთი წლის თავზე ითამაშებ იმავე პიესას, ეს დეტალების გახსენების კარგი საშუალებაა.
- ამ ბლოკნოტში ვინმეს თუ ახედებ?
- არასდროს მომხდარა, რომ ვიღაცას შემთხვევით წაეკითხა, თუმცა ერთხელ საგრიმიოროში გადაშლილი მქონდა, რეჟისორმა შემთხვევით გადახედა და სიყვარულით თქვა, ნახე, როგორ წერსო. მოეწონა ეს ფაქტი. ზოგადად, როცა ამა თუ იმ გმირზე ვმუშაობ, აუცილებლად ვესაუბრები ჩემს მეუღლეს, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, მან ისეთი კუთხით დაინახოს ის გმირი, რომ ჩემთვის ძალიან საგულისხმო აღმოჩნდეს.
- მეუღლე რამდენად კრიტიკულია?
- კრიტიკულია, რადგან ჩვენ თავიდანვე, ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში, შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს ჯანსაღად შევაფასებდით და ეს არ იქნებოდა უბრალო ''გულის გაკეთება''. მიუხედავად იმისა, რომ ის იურისტია, კარგი მაყურებელია, ამიტომ მასთან დეტალურად განვიხილავ ჩემი შემოქმედების, თუ კონკრეტული გმირის ნიუანსებს. ჩემს დადებით მხარედ იმას აღვიქვამ, რომ მაქვს უნარი, სწორად მივიღო კრიტიკა. რაც უფრო მეტად საწყენი იქნება შენიშვნა, მისი გამოსწორების მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, ეს კი სტიმულს მაძლევს, გავხდე უკეთესი მსახიობი და პიროვნება.
- განსახიერებული როლებიდან რომელი აღმოჩნდა გარდამტეხი შენთვის?
- ჰამლეტი. თეატრალურში სწავლისას სხვა დრო იყო, ბევრ ფიქრსა და ენერგიას სხვა რაღაცებში ვხარჯავდით, არა მარტო მე, არამედ მთელი ჩვენი თაობა და ამის გამო ბევრი რამ დაგვაკლდა, ამის შედეგს დღემდე ვიმკი. ბევრი მაკლია, თუნდაც ლიტერატურის მხრივ, მაგრამ ალბათ ამას ავინაზღაურებ. მიუხედავად ამისა, ''ჰამლეტი'' წაკითხული მქონდა, მაგრამ მისი პერსონაჟის მთელი სიღრმე კითხვისას ვერ გავიაზრე. ერთ-ერთმა კარგმა მსახიობმა საქართველოში, ამირან ამირანაშვილმა, საკუთარი გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება გადაწყვიტა და დავიწყეთ ''ჰამლეტზე'' მუშაობა. ის რვათვიანი პერიოდი იყო სწავლება და არა პრემიერისთვის მზადება, მაგრამ პირველი სპექტაკლის დაწყებამდე ისე ვნერვიულობდი, წინა ორი საათი საერთოდ არ მახსოვს, ვღელავდი არა იმის გამო, ვინ რას იტყოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ გმირს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. არ ვამბობ, ჩემი ჰამლეტი გადასარევი იყო-მეთქი, მაგრამ ეს გახლავთ გმირი, რომლის გამოც დღეს მსახიობი გახლავართ და კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩემი პროფესია. როგორ წარმატებასაც უნდა მივაღწიო და რამდენი დასამახსოვრებელი როლიც უნდა ვითამაშო, პირველი ჰამლეტი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იქნება, სწორედ ამ გმირზე მუშაობისას მივხვდი, რომ მსახიობობა კიდევ ერთ სიცოცხლედ ღირს.
- პრემიერის წინ რაიმე ჩვევა ხომ არ გაქვს?
- ჩემი მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, ეს ერთდროულად ორ სპექტაკლს თამაშობსო. სპექტაკლის დაწყების წინ გავდივარ სცენაზე, ვიხსენებ ტექსტს და ვაკეთებ სუნთქვის ვარჯიშებს, ესაა და ეს. თუმცა ისიც მსმენია, როცა ჩემზე უთქვამთ, ამას პრემიერის დღეს არ უნდა მიეკაროო. ცუდი ხასიათი არ მაქვს და არც მახსოვს, რომ პრემიერის დღეს ვინმესთვის რამე ცუდად მეთქვას, მაგრამ იმ დროს ყველაფრისგან გათიშული ვარ და მხოლოდ ჩემს გმირზე ვარ ორიენტირებული. მეტიც, მეგობრებიც ხელს მიწყობენ, პრემიერის წინა დღეებში შედარებით ნაკლები დროით გვსტუმრობენ, რათა როლზე უფრო მეტად ვიფიქრო.
- კინოზე გადავინაცვლოთ…. თუ არ ვცდები, შენს ანგარიშზე 7-8 ფილმია...
- ათი, აქედან რამდენიმე მოკლემეტრაჟიანია. პირველი ჩემი როლი იყო ''თბილისი-თბილისში'', რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია გითხრა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი. უფრო მეტი ყურადღება რომ დამეთმო ჩემი საქმისა და ჩემი თავისთვის, მეტად დასამახსოვრებელი იქნებოდა ის გმირები, რომლებიც მითამაშია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ჩემი კინოროლი გამორჩეულად მომწონს, მიყვარს პირველი გმირი, თედო, რომელთანაც სხვა მოგონებები მაკავშირებს. ამ ფილმის რეჟისორის, ლევან ზაქარეიშვილის მიმართ ნოსტალგია მაქვს და ეს ფილმი ჩემთვის სიხარულსა და სევდასთან ასოცირდება.
იყო დრო, როცა რეჟისორებს ვაბრალებდი ჩემი გმირის არასრულყოფლებას, ვფიქრობდი, რომ არ უთმობდნენ სათანადო დროს სამაგიდო რეპეტიციებს, ამ ყველაფერს ხმამაღლა ვამბობდი. ბევრი რეჟისორი სხვის წინაშეც დამიდანაშაულებია და პირდაპირ მითქვამს, მაგრამ გავიდა დრო და შემეცვალა შეხედულება. კარგია, როცა რეჟისორი გითმობს ბევრ დროს გმირის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მსახიობს უნდა ჰქონდეს იმის ძალა, რომ თუ გმირს ''აიღებს'', ბოლომდე მიიყვანოს.
ივა ფეზუაშვილის ''ბაბაზი'' იყო ფილმი, რომელზეც ვიმუშავე თედოს შემდეგ. დღეს თუ ვინმე კინოში არ მეძახის, ეს იმიტომ, რომ ნანახი ვყავარ ფილმში, სადაც არ მოვეწონე. ისიც გამიგია, რომ უთქვამთ, კინოში გვყავდა კახა ნანახი, მაგრამ თეატრში მართლაც სულ სხვაა, უკეთესიაო. ახლა ცხოვრების ამგვარ ეტაპზე ვარ - ერთი კინო მომეცით და დანარჩენი მე ვიცი (იცინის). ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უფრო მეტად პროფესიონალი გავხდი, არამედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა.
- რაც შეეხება შოუმენობასა და ტელევიზიას...
- სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთმა პროდიუსერმა მითხრა, ყველა ინტერვიუში ნუ ამბობ, რომ წამყვანობა შენი დამატებითი სამსახურია, ათასი ადამიანია, ვისაც შენს ადგილას ყოფნა უნდაო. ვეთანხმები, მაგრამ ეს ქილიკით არ მითქვამს, უბრალოდ, ჩემი ძირითადი საქმე, პროფესია, ჰობი და ცხოვრების ნაწილი მსახიობობაა. რომ მკითხონ, ვერ ვიტყვი, წამყვანი ვარ-მეთქი, რადგან მე ჯერ მსახიობი ვარ და მერე - წამყვანი. არჩევანის წინაშე რომ მომიწიოს დადგომამ, აუცილებლად მსახიობობას ავირჩევ. სულაც არ მიმაჩნია, რომ გადაცემის წაყვანა ადვილია, სტრესულია, როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე საუბრობ რაღაცაზე, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნოა, რომ ვიღაცას მოსწონს შენი დანახვა ეკრანზე, ან თუნდაც არ აღიზიანებ. რაც შეეხება იმას, თუ რა მომცა წამყვანობამ, გეტყვით, რომ გავთავისუფლდი კომპლექსებისგან, გავხდი ლაღი, ბუნებრივად ვმოქმედებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კამერასთან მუშაობის დროს.
- როლსა და გადაცემას რა შემთხვევაში არ დათანხმდები?
- როლზე შეიძლება უარი ვთქვა იმიტომ, რომ არაფრის მომცემი არ იყოს გმირი, ან რეპეტიციების მერე მივხვდე, რომ რეჟისორი, რომელიც სპექტაკლს დგამს, არ არის გულწრფელი.
- შუა გზაზე მუშაობა მიგიტოვებია?
- ერთხელ ახალგაზრდა რეჟისორი დგამდა სპექტაკლს, მინდოდა მონაწილეობა. ჩემი გრაფიკი გავაცანი, მითხრა, დავიწყოთ და მერე შევხედავთ, როგორ ავეწყობით დროის თვალსაზრისითო. მერე ორივე მივხვდით, რომ ვერ ვეწყობოდით, ჩემ გამო სხვას ეშლებოდა ხელი, ამიტომ უარის თქმა ვამჯობინე.
რაც შეეხება ტელევიზიას, ზუსტად ვიცი, რომ არასდროს წავიყვან პოლიტიკურ გადაცემას, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ხალხი იმდენად ცხოვრობს ამით, რომ ერთმანეთის ლანძღვაში გადადიან, რაც ამაზრზენი ხდება. მიუხედავად ამისა, მეც ვარ პოლიტიკაში ჩართული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებს. ყველა მინისტრი ვიცი თავისი მოადგილეებიანად და ოჯახური მდგომარეობიანად, მაგრამ ვიცი იმიტომ, რომ უფრო მეტად ფხიზელი ვიყო და კარგად აღვიქვა მოვლენები. გასართობ გადაცემებზე უარს არ ვამბობ. ამ ეტაპზეც დილის გადაცემის წამყვანი ვარ. იქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ყოველდღიურად ხუთ საათზე ადგომას ვერ გავუძლებდი, ამიტომ კვირაში რამდენჯერმე ვზივარ ეთერში. თუ მივხვდი, რომ ეს რეპეტიციებში ხელს მიშლის, ნაკლები ენერგია მრჩება მსახიობობისთვის, უარს ვიტყვი, მაგრამ ჯერჯერობით ერთმანეთს ვუთავსებ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''