ბატონ კახასთან ერთად მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს გადავავლეთ თვალი და რა თქმა უნდა, ბაგრატიონების შესახებაც
''ღიმილის ბიჭები'' ჩხუბში გაერივნენ და ბატონიშვილი დაიჭრა''
- ვინაიდან თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა ბაგრატიონებს უკავშირდება, გაიხსენეთ, როგორ გაიცანით ნუგზარ ბაგრატიონი.
- თუ გახსოვთ, ნუგზარ ბატონიშვილი ''ღიმილის ბიჭებში'' ჭკუისკოლოფას თამაშობს. ამავე ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს მისი მეუღლე, ლეილა ყიფიანიც, რომელიც ახლა დედოფალი გახლავთ. 1967 წელს სინჯებზე გოჩა ლომაიამ, ბოლოკამ, მე და ლეილას გვითხრა, აქ ერთი ბიჭია, ამბობს, ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი ვარო. შინ დაბრუნებულმა ამის შესახებ მამაჩემს მოვუყევი, რომელმაც მითხრა, ჰკითხეთ იმ ბიჭს, თუ პეტრე გრუზინსკის შთამომავალია, მაშინ ნამდვილად ტახტის მემკვიდრე იქნებაო. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იცოდნენ, ვინ იყო ტახტის ნამდვილი მემკვიდრე, მაგრამ ეს ტაბუირებული თემა გახლდათ.
მე და ბატონიშვილ ნუგზარს ფოტო ''ღიმილის ბიჭებში'' თამაშისას გვაქვს გადაღებული. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 1969 წელს კრასნოდარში ვიყავით, მაშინ მომანიჭა სამეფო კარის პირველი სახელოს თანამდებობა. პირველი სახელო ნიშნავს მწიგნობართუხუცესს, ანუ პირველ ვეზირს.
- გამოდის, ახლა ვეზირს ვესაუბრები.
- ვეზირი 1969 წელს გავხდი, ახლა კანცლერი ვარ.
- კრასნოდარში ვეზირობა რისთვის გიბოძეს?
- ''ღიმილის ბიჭები'' ჩხუბში გაერივნენ და ბატონიშვილი დაიჭრა. მეც დავიჭერი მიხმარებისას და მისი ჩხუბიდან გამოყვანისას. მერე ტახტის მემკვიდრის სანახავად მშობლებიც ჩამოვიდნენ. ძალიან მძიმედ იყო, მუცელში იყო დაჭრილი. მაშინ ტახტის მემკვიდრემ და სამეფო სახლის მეთაურმა, მწიგნობართუხუცესობა მიბოძა.
- ეს ყველაფერი, ალბათ, ხუმრობით მოხდა.
- რასაკვირველია. ოღონდ ხელწერილით გაფორმდა. როდესაც არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თეატრალურ ინსტიტუტშიც დავდიოდი და ბატონიშვილ ნუგზარს სპექტაკლებს ვუფორმებდი. მაშინ გავიცანი მისი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი. ბატონი მიშა რუსთაველის თეატრიდან რომ წამოვიდა, თავისი სტუდენტების ჯგუფისგან შექმნა ახალი თეატრი და მთხოვა, ჩვენთან მთავარ მხატვრად წამოდიო. დავთანხმდი და დაახლოებით 28 წელი კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი გახლდით. სანამ ბატონიშვილი ნუგზარი თეატრში რეჟისორად მუშაობდა, მეც იქ ვიყავი. კინომსახიობთა თეატრის შენობა ჩემი პროექტით აშენდა. ასე მოვედით მე და ნუგზარ ბატონიშვილი დღევანდელ დღემდე.
- ქორიძეები თავადები ხართ?
- ამჟამად მე ვარ. ადრე, სავარაუდოდ, გლეხები იყვნენ.
- მამათქვენი რას საქმიანობდა?
- უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი.
- დედა რა გვარის ქალბატონი იყო?
- ბოცვაძე. დედა პროფესიით იურისტი გახლდათ, მაგრამ არ უმუშავია. მე და ჩემს ძმას გვზრდიდა. დიდი ბებია მყავდა თავდგირიძე, ანუ თავადური სისხლი მაქვს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ადრე თავადობას მეფის სამსახურში მყოფებს თავდადების გამო ანიჭებდნენ.
- ე.ი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს თავადი.
- რასაკვირველია, თუ სამშობლოსა და სამეფო კარისთვის რაიმე ღირებულს გააკეთებს, შანსი ყველას ექნება. ზოგი სამასი წლის თავადია, ზოგი - ორმოცის. პირადად ორმოც წელზე მეტია, რაც თავადი ვარ და ეს წოდება ჩემს შვილებზე გადავა, მაგრამ ამით არავინ შემიწუხებია. ეს საშიში ხომ არ არის? მიუხედავად ამისა, ბაგრატიონებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ, ამბობენ, მიწები და გადასახადები არ მოითხოვონო. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ბლეფია.
- მომდევნო ფოტო ბავშვობაში გაქვთ გადაღებული. პატარაობის წლებს როგორ იხსენებთ?
- ჩვეულებრივი ბავშვობა და ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. ზეიმებში მონაწილეობა არ მიყვარდა.
''დიპლომი აფხაზ მეგობარ ალიკ აგრბას მივუძღვენი''
- ძმასთან ერთად ეს ფოტო ქობულეთში გადაგიღიათ?
- ჩემი ძმა ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. აღარავინ დამრჩა, მარტო ვარ. ჩემ უკან აღარავინ დგას. ასეც ხდება ხოლმე. ეს ცხოვრება ასეთია. ჩემი ძმა თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო.
- როგორც ვიცი, ''ღიმილის ბიჭებამდეც'' გქონიათ როლი კინოში.
- რეზო ესაძემ მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ფილმი ''ერთხელ'' გადაიღო, სადაც მთავარი როლი მქონდა.
- სამსახიობო კარიერას არქიტექტურა რატომ ამჯობინეთ?
- ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ დავანებე თავი არქიტექტურას, თუმცა გადაღებიდან დაბრუნებულმა გაცდენილის აღსადგენად ბევრი ვიშრომე. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოსკოვში პირველი პრემია აიღო. წარმატებული არქიტექტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამ სფეროს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. გლდანი და საბურთალო იმ პერიოდში აშენდა. ინდივიდუალური პროექტები არქიტექტორის ხელში იშვიათად ხვდებოდა. შეკვეთები არ არსებობდა. მივიღე ვანის მუზეუმის ძალიან კარგი პროექტი, დღე და ღამე ვმუშაობდი, სამსახურში საღამოს ხუთ საათზე მივდიოდი, როდესაც სხვები სახლში ბრუნდებოდნენ და დილამდე ვმუშაობდი.
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმ პროექტის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მომეცა. გული ძალიან გამიტყდა. წავედი ასპირანტურაში. ვიფიქრე, რომ ბედის ცდა თეორიული კუთხით შეიძლებოდა. დავიწყე მუშაობა განსახლების პრობლემაზე. ჩემი სამუშაო უკავშირდებოდა აჭარის ჭარბი მოსახლეობის განსახლებას მესხეთ-ჯავახეთში და სამხრეთ კავკასიის ფერდობზე, ანუ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი დაუსახლებელი ტერიტორიები ჯავახეთში გვაქვს.
დიპლომი ახალ ათონზე გავაკეთე. ულამაზესი ადგილია, ხანდახან მესიზმრება კიდეც. დიპლომი მივუძღვენი აფხაზ მეგობარს ალიკ აგრბას. სამწუხაროდ, დავშორდით, აღარ გვაქვს ურთიერთობა...
- მსახიობობაზე აღარ გიფიქრიათ?
- მქონდა უამრავი შემოთავაზება, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე არქიტექტურა იყო.
- გადაღებები არ მოგეწონათ?
- მშვენიერი და ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მე სხვისი განსახიერება არ შემიძლია. თუ ამპარტავნებად არ ჩამითვლით, ვიტყვი, ჩემი სახე ითამაშოს სხვამ.
- ალბათ, გოგონების განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდით.
- საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან მომდიოდა წერილები, რომლებსაც დღემდე ვინახავ. წერილებს არქიტექტურის კათედრის გამგე ირაკლი ციციშვილი იღებდა და მერე მე მაძლევდა. ამბობდა, საბჭოთა კავშირის გმირი მე ვარ და ამ ფილმის გამო ქორიძესთან რატომ მოდის წერილებიო.
- როგორც ვიცი, მეუღლე ძალიან გიყვარდათ. შემდეგ ფოტოზე სწორედ მასთან ერთად ხართ.
- თამარი ჩემი კლასელი იყო. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. დიპლომი რომ დავიცავი, მასთან მშობლებთან ერთად ხელის სათხოვნელად მივედი. იცოდნენ ჩვენი სიყვარულის შესახებ და უარი არ უთქვამთ, შევქმენით ოჯახი. შეგვეძინა ექვსი შვილი. შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ცოლიანი ვიყავი. ძალიან მტკივა გული, რომ ოთხი წელია, ცოცხალი აღარ არის... მიჭირს ამ ამბავთან შეგუება...
- თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობდა? როგორც თავად აღნიშნეთ, ძალიან ბევრ წერილს იღებდით თაყვანისმცემლებისგან.
- პირობა მივეცი, სხვა ფილმში არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი და ასეც მოვიქეცი.
- თქვენი შვილებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი ნინოა, რომელმაც რამდენიმე ძალიან კარგი როლი შექმნა.
- ნინო მხატვარია. მონუმენტალისტი, სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ბავშვობიდან ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ ახლა ნინოც მსახიობად ჩამოყალიბდა. კინომსახიობთა თეატრში მივიყვანე და ერთად რამდენიმე სპექტაკლი გავაფორმეთ. მერე ერთი მსახიობი ავად გახდა და მის მაგივრად სპექტაკლში ნინომ ითამაშა. მოეწონა მსახიობობა. მახსოვს, ერთხელ, მიშა თუმანიშვილთან რეპეტიციაზე მივედი და ნინოც მივიყვანე. მაშინ დაახლოებით ხუთი წლის იყო. ძალიან ლამაზი ბავშვი გახლდათ, მიშა თუმანიშვილი მოეფერა, ხელში აიყვანა და ჰკითხა, რა უნდა გამოხვიდეო, ნინომ უპასუხა, მსახიობიო. მიშამ მაშინვე მითხრა, არ გაბედო შენი შვილის მსახიობად გაზრდა, ამ სფეროში ძალიან ნიჭიერიც რომ იყოს, საზოგადოება მის სილამაზეს ვერ აიტანს და უნიჭოდ შერაცხავენო. ჩემმა ბიჭებმა გიორგიმ და დათომაც ითამაშეს გიო მგელაძის ფილმში.
მარია კინომსახიობთა თეატრში კოსტიუმების მხატვარია. რამდენიმე სპექტაკლი გააფორმა. ანა ექიმია. დათოსა და გიორგის ბიზნესი აქვთ. ელენე ერთ-ერთ ჟურნალში მუშაობს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. კარგი ბავშვები არიან, კმაყოფილი ვარ. შვილიშვილებიც ფეხს იდგამენ. ნინოსა და თორნიკეს შვილი, ნატალია დაბადებიდან ინტერვიუებს იძლევა.
''მეფე ჩაანაცვლებს პრეზიდენტს, თუმცა მეფე არ იქნება მმართველი''
- სურათი ნინოს ქორწილის დღესაა გადაღებული. სიძეც მსახიობი გყავთ, თორნიკე გოგრიჭიანი.
- თორნიკეც და ელენეს მეუღლე, გიორგიც, ძალიან კარგი ბიჭები არიან, ელენესა და გიორგის ჰყავთ შვილი, ნიკოლოზი. სამივე შვილიშვილი გადასარევი ბავშვია. ნინოს უფროსი ბიჭი, ირაკლი, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მპირდებოდა, არქიტექტორი გამოვალო, კარგად ხატავს, მაგრამ რადგან არქიტექტორობა რთულია, სამსახიობოზე ჩააბარა. ახალგაზრდებს მსახიობობა იმიტომ უნდათ, რომ ოცი წლის ასაკში აღიარებულნი იყვნენ. ჩემი აზრით, პოპულარობის მისაღწევად ადვილი გზაა.
- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ გკითხავთ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კონსტიტუციურ მონარქიას უნდობლობით უყურებს...
- გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის ინტერაქტიულმა გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ ერის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს კულტურულ მემკვიდრეობად საქართველოს სამეფო ოჯახის აღიარებას.
კრიტიკა, სიცილი, ქირქილი, განხეთქილების დათესვა ჩვენი ქვეყნის მტრების, მათი გაუნათლებელი აგენტების იარაღია. მათი ლუსტრაცია ყოველდღიურად ხდება. არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს.
ჩემი მიზანი არ გახლავთ კონსტიტუციური მონარქიის შემოღება-არშემოღების საკითხის დაყენება. ჩემი მიზანია, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, საქართველოს სამეფო ოჯახის, როგორც ჩვენი ქვეყნის სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოსა და ერის კულტურული მემკვიდრეობის აღიარება და დაცვა.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია, ესპანეთი, მონაკო, იაპონია, მოქმედებს კონსტიტუციური მონარქია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მისი შემოღების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ამას შესწავლა და მეცნიერულ დონეზე დასაბუთება სჭირდება.
- ბაგრატიონებს შორის განხეთქილებაზე რას იტყვით?
- განხეთქილება ყველა ოჯახშია. ათას სამასწლოვანი დინასტიაა. არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც უნდა აირჩიონ ტახტის მემკვიდრე. აბსოლუტური მონარქია და კონსტიტუციური მონარქია ერთმანეთისგან ცასა და დედამიწასავით განსხვავდება. ახლა თქვენ რომ პრეზიდენტი გყავთ, ის ხომ არის პრეზიდენტი შეკვეცილი უფლებებით.
- გიორგი მარგველაშვილს თქვენს პრეზიდენტად არ მიიჩნევთ?
- მე მეფე მყავს, ტახტის მემკვიდრე.
- არჩევნებზე არ ყოფილხართ?
- არჩევნებზე საერთოდ არ დავდივარ, ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. მეფე ჩაანაცვლებს პრეზიდენტს, თუმცა მეფე არ იქნება მმართველი, პრემიერ-მინისტრი იქნება პირველი პირი, იმოქმედებს პარლამენტი. მეფეს ექნება ვეტოს დადების უფლება, მის გარეშე ომს ვერ დაიწყებენ. ასეთი იქნება კონსტიტუციური მონარქია და არ მგონია, ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი იყოს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''