''ავანსად ქართველობის გამო გაცილებით დიდი ტაში მივიღე''
- როგორც ვიცი, ერთმანეთს პირველად ქუთაისში პანაშვიდზე შეხვდნენ. დედა ქუთაისში ცხოვრობდა და მამა მის სანახავად ხშირად ჩადიოდა. მამას დედას ცოლად მოყვანა ადვილად არ გამოუვიდა. მამასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. მამის მხრიდან ორი ძმა მყავს. მამაჩემი იყო რეზო ჭიჭინაძე, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა და არა მარტო იმიტომ, რომ დოდო ჭიჭინაძის ძმა იყო. ეს კაცი გახლდათ დამსახურებული ჟურნალისტი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, არაჩვეულებრივი მონადირე და როგორც ფოტოზე ხედავთ, ულამაზესი კაცი. დაბადებული არ ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. ჩვენ 22 წელი ვცხოვრობდით მოსკოვში. ჩვენი სახლი ქართველი ინტელიგენციის შეკრების მოსკოვური შტაბბინა იყო. საოცარ ატმოსფეროში გავიზარდე, სადაც ერთ დღეს ჭაბუა ამირეჯიბი იყო ჩვენი სტუმარი, მეორე დღეს ზურაბ ანჯაფარიძე, მესამე დღეს ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, სტუმრად მოდიოდნენ ყველასთვის საყვარელი მსახიობები, ექიმები და მეცნიერები. დედა - ბარბარე მიქელაძე, წარჩინებული ოჯახის შვილია. გვარებსა და წარმომავლობაზე ლაპარაკი არ მიყვარს და ჩემთვის ეს თემა 21-ე საუკუნეში სასაცილოა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაბუას საქმიანობა, რომლის სახელსაც ატარებს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი. ალეკო მიქელაძე ქართული ინტელიგენციის ქრესტომათიული ფიგურაა. თავის ხუთ შვილს მშიერს ტოვებდა და ობოლ ბავშვებსა და სტუდენტებს ომის პერიოდში საჭმელს ურიგებდა. დასაფლავებულია ქუთაისის საოცარ ბოტანიკურ ბაღში.
- რამდენი დედმამიშვილი გყავთ?
- სამი დედმამიშვილი ვიყავით. მხოლოდ მე დავრჩი. ორი ძმა დამეღუპა. მყავს მხოლოდ ორი ნახევარძმა მამის მხრიდან, ვასიკო და რამაზი. მომდევნო ფოტო ელიზბართან ერთად მაქვს გადაღებული. ელიზბარი და ირაკლი ჩემზე უმცროსები იყვნენ.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გაიზარდეთ, რუსული აქცენტი საერთოდ არ გაქვთ. როგორც ჩანს, თქვენს ოჯახში ქართული გარემო იყო და სულ ქართულად ლაპარაკობდით.
- მამას პანიკური შიში ჰქონდა, რომ არ გავრუსებულიყავით. სახლში რუსულად ლაპარაკი გამორიცხული იყო. სახლის გარდა, ჩვენ არ გვქონდა ქართულად ლაპარაკის საშუალება, ამიტომ მშობლები გაორმაგებული ენერგიით ცდილობდნენ, ბავშვებს ქართული კარგად გვცოდნოდა.
- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- დედასა და ელიზბართან ერთად ფოტო მოსკოვში ცხოვრების დროსაა გადაღებული. მოსკოვში რომ წავედით, რამდენიმე თვის ვიყავი.
- თბილისში რამდენი წლის დაბრუნდით?
- ცხრამეტის გახლდით.
- ვინც რუსეთში იზრდებოდა, დღეს ბევრი აღნიშნავს, რომ რუს ბავშვებთან ურთიერთობა უჭირდა. თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა?
- სკოლაში ''ლიუბიმჩიკი'' ვიყავი. ცუდად ვსწავლობდი, მაგრამ ყველას ვუყვარდი. ქართველი რომ ვიყავი, ეს ჩემს პიროვნებას დამატებით კიდევ ერთ პლუსს მატებდა. ვინც იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსებთან ურთიერთობა ქართველობის გამო გაურთულდა, ალბათ, ისინი ჩემზე უმცროსები არიან. დავიბადე 1969 წელს და მოსკოვიდან 1988 წელს ჩამოვედი. არც ერთი შემთხვევის გახსენება არ შემიძლია, როცა რუსებთან ურთიერთობა დამეძაბა. პეტერბურგში მქონდა კონცერტები, მაგრამ ჩემი კარიერა ისე აეწყო, რომ მოსკოვში, იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, არასდროს გამიმართავს კონცერტი. 2008 წლის ომამდე ძალიან მთხოვეს და კონცერტში მივიღე მონაწილეობა. როგორც კი სცენაზე გამოვედი, მაშინვე ოვაციით შემხვდნენ. ზუსტად ვიგრძენი, რომ ავანსად ქართველობის გამო გაცილებით დიდი ტაში მივიღე, ვიდრე ჩემამდე გამომსვლელებმა. გასაგებია, რომ ვინც დარბაზში
იმ მომენტში იჯდა, ასეთი ხალხი სულ 3%-ია რუსეთში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ქართველობა ამ შემთხვევაში დამატებითი პლუსი იყო.
- თქვენს ცხოვრებაში მუსიკა როგორ შემოვიდა?
- არ ვიცი, მგონი, მე შევედი მუსიკაში. უმუსიკობა მე არ მახსოვს. ჩემი ძმა, ირაკლი რომ მომიკვდა, სასწაული რამ დამემართა. შოკის გამო საერთოდ ვერ დავდიოდი. ფეხები მქონდა მოკვეთილი და ფეხზე ვერ ვდგებოდი. სანამ ირაკლის დავასაფლავებდით, თავი გასკდომაზე მქონდა და ეს რატომ ხდებოდა, ვერ გავიგე. მესმოდა, რომ შოკში ვიყავი და საშინელება დამემართა, მაგრამ ამის გარდა, კიდევ რაღაც მემართებოდა. რომ დავასაფლავეთ, მეორე დღეს ყურები მუსიკით ამევსო. ე.ი. რამდენიმე დღე ჩემთვის მუსიკა შეწყდა და იმიტომ მჭირდა ის საოცრება. ჩემს გონებაში სულ მუსიკაა. ასეა მთელი ცხოვრება. თუ არ მეძინება, ე.ი. მუსიკა მაწუხებს. თვალი რომ მიშტერდება, ე.ი. გონებაში მუსიკას ვუკრავ და ვინმე ხელით უნდა შემეხოს, რომ ცხოვრებას დავუბრუნდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გონებაში სულ ვმუშაობ. ფოტოზე ირაკლია, რომელიც ძმებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. ირაკლი 15 წლის გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მაჩაიძემ ის გადაიღო ფილმში ''გაფრინდი მარტო''. ნიკა უნიჭიერესი ადამიანია. არის შემოქმედება, რომელიც გგონია, რომ ზღაპარია, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით რეალისტურია. ეს ფილმიც ასეთია. დაემთხვა და ცხოვრებაში ირაკლი ისევე გაგვიფრინდა, როგორც ფილმში მიფრინავს ბოლოს. ირაკლის ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც ფილმში იღებდნენ.
- როგორ გარდაიცვალა თქვენი ძმა?
- საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა. უბედური და საშინელი შემთხვევის გამო დაიღუპა ელიზბარიც. ორივე ქარიზმატული პიროვნება გახლდათ. ირაკლი 15 წლის იყო, ელიზბარი 29-ის, რომ გარდაიცვალნენ. ელიზბარი ქირურგი გახლდათ და დისერტაცია გამზადებული ჰქონდა დასაცავად.
- უფროს ძმებთან გაქვთ ურთიერთობა?
- ვასიკოსთან უფრო მაქვს ურთიერთობა, ვიდრე რამაზთან. ვასიკო დიპლომატი იყო და წლების განმავლობაში იორდანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სირიაში მუშაობდა. რამაზი ისტორიკოსია, მაგრამ სპეციალობით არასდროს უმუშავია, ყოველთვის თავისი ბიზნესი ჰქონდა.
''ქორწილის დღეს ძალიან ვნერვიულობდი''
- სტუდენტური წლები როგორ გახსენდებათ?
- სტუდენტი ორჯერ ვიყავი. გნესინების სასწავლებელში ჩავაბარე. საფორტეპიანო ფაკულტეტი დავამთავრე. ეს წლები ჩემთვის ძალიან ბედნიერი და მნიშვნელოვანი იყო. მერე ოჯახი თბილისში დაბრუნდა და მე რომ მოსკოვის კონსერვატორიაში ჩამებარებინა და მარტო დავრჩენილიყავი ქალაქში, ამაზე საუბარი არც იყო. ქართველი ბიჭი მშობლებმა მოსკოვში მარტო არ დამტოვეს და დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი ემოციებითა და სიგიჟეებით, კაცმა არ იცის, რას გავაკეთებდი.… ჩამოვედი თბილისში და კონსერვატორიაში ჩავაბარე, სადაც ჯერ საფორტეპიანო ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მერე დავამთავრე საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი.
- თქვენს ალბომში ძალიან სახალისო ფოტო აღმოვაჩინე ბასა ფოცხიშვილთან ერთად.
- ფოტო ჩემი უახლოესი მეგობრის ქეთი ლოლაძის სახლშია გადაღებული. ბასა ჩემთვის უახლოეს მეგობარზე მეტია. ჩემთვის ის სინდისისა და ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ ასპროცენტიანი ქალბატონია. საოცარად პრინციპულია და უკიდეგანო სულიერი სამყარო აქვს. ბასა არ არის ადამიანი, რომელზედაც მომენტალურად მიხვდები, რომ ასეთი ღრმაა.
- პირველი სიყვარული როგორ გახსენდებათ?
- პირველად ვინც შემიყვარდა, კატია ერქვა. მესამე კლასში ვიყავით, ერთმანეთი რომ მოგვეწონა. ძალიან ბევრი წლის მერე მოსკოვში შევხვდი და ვერ გეტყვით, რომ იმ შეხვედრას სენტიმენტები ახლდა. ვიხსენებდით ძველ ამბებს და სიცილით ვკვდებოდით. კატია უბრალოდ სიმპათიური გოგო არ იყო. პატარა ასაკშიც კი მოაზროვნე გახლდათ. თოჯინა ტიპები რომ არიან, ისეთი არ ყოფილა.
- მეუღლეს რა პროფესია აქვს?
- მანონი მაჭავარიანი პროფესიით ფილოლოგია, იტალიური ენის სპეციალისტი.
- ფოტო თქვენს ქორწილშია გადაღებული, ამ დღეს ალბათ ყველაზე ბედნიერები იყავით.
- არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი, ძალიან ვნერვიულობდი. ზოგს შეუძლია, ქორწილის დღეს ბედნიერი იყოს. ვერც ვხვდები, რატომ ვნერვიულობდი. სახეზეც მეტყობა, როგორი დაძაბული ვიყავი.
- ქორწილიდან გაქცევა გინდოდათ?
- ეს ნამდვილად არ მნდომებია. შეიძლება, იმიტომ ვნერვიულობდი, რომ მინდოდა, ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩენილიყო. გარდა ამისა, მე ხომ არ ვიყავი 25 წლის ბიჭი. როცა ჩემხელა კაცი ირთავს ცოლს, ეს ალბათ სხვაა. გასაგებია, ჩემზე ვერ იტყვი, რომ ბაბუასავით გამოვიყურები. შემოქმედი ადამიანისთვის სიმარტოვესთან დამშვიდობება ძალიან ძნელია. სიმარტოვეს დიდი ხიბლი აქვს. სიმარტოვის ზონა ყველას სჭირდება. აუცილებელია გქონდეს პატარა სივრცე, სადაც არავის შეუშვებ.
რა შემთხვევაში იტყვის უარს ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე
- გყავთ არაჩვეულებრივი შვილი. მომდევნო ფოტო მასთან გაქვთ გადაღებული.
- ალექსანდრე მალე ერთი წლის გახდება. მის წინაშე უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- როგორ ფიქრობთ, მამის პროფესიას გააგრძელებს?
- არ ვიცი, ეს მას ჰკითხეთ ცოტა მოგვიანებით. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება და რა იქნება. ეს მე საერთოდ არ მაღელვებს. მე მაღელვებს ის, რომ იყოს ჰარმონიული და ჩამოყალიბებული პიროვნება.
- მომდევნო ფოტო ერთ-ერთ კონცერტზე გაქვთ გადაღებული. როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები?
- ჩემი შემოქმედებითი გეგმები უცხოეთს უკავშირდება, საქართველოს ნაკლებად, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა.… ოპერის თეატრიდან 2010 წელს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამომაგდეს. ჯერ ზაზა აზმაიფარაშვილი გააგდეს და მერე - მე. ახლა ძალიან ბევრი მეკითხება, რამე სიახლე თუ არისო. თუკი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ე.ი. მე რამე თანამდებობა უნდა მივიღო. მე კი ახალი მთავრობის წარმომადგენლებს არც ვიცნობ. უბრალოდ, ის მჭირდება, რომ მათ პროფესიონალები დააფასონ.…
ჩემთვის ოპერის თეატრში დაბრუნება არავის შემოუთავაზებია. რამდენიმე თვის წინ ჩემთან ქუთაისიდან მოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ქუთაისის თეატრის აღორძინება სურდათ. მითხრეს, ვიცით, რომ ქართული ორკესტრები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და საჭიროა სახელმწიფოს ნება, სიტუაცია კატეგორიულად რომ შეიცვალოს და საერთოდ დარგი გადარჩესო. მკითხეს, რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ დათანხმდეთ და ქუთაისის ოპერის ხელმძღვანელი გახდეთო. იმავე შემოთავაზებაზე რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვი. როცა ვხედავ, რომ რამდენი შრომაც უნდა ჩავდო, შედეგს ვერ მივიღებ, იქ არ წავალ სამუშაოდ. არ მჭირდება პაგონები. არ მჭირდება სამხატვრო ხელმძღვანელობა ან მთავარი დირიჟორობა მხოლოდ სახელისთვის. მინდა პირობები, რომ ჩემს ქვეყანაში რამე გავაკეთო. დავასახელე პირობები, რომლითაც მე ქუთაისის ოპერის თეატრში მივიდოდი. დარგის გადასარჩენად საჭიროა ახალი კადრების გაზრდა. კონსერვატორიაში საორკესტრო ფაკულტეტზე აღარ მოდიან სტუდენტები. რამდენიმე წელში ორკესტრში ვერავის დავსვამთ. დარგი მოკვდა, იმიტომ რომ ''ნაციონალებმა'' მუსიკალური სასწავლებლები დახურეს და ბავშვი კონსერვატორიამდე ვეღარ მიდის. ამიტომ აზერბაიჯანული ორკესტრი ნებისმიერ ქართულ ორკესტრზე უკეთესია. საბჭოთა ორკესტრებს შორის აზერბაიჯანის ორკესტრი ყოველთვის აუტსაიდერი იყო. მათ დარგში ფული ჩადეს და მშვენიერი ორკესტრიც ჰყავთ. ჩვენთან კატასტროფაა. პირველ რიგში, საჭიროა, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ მუსიკალურ სკოლებში, რომ სპეციალისტები გავზარდოთ. დამპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ.
ვიმუშავეთ პროექტზე, სადაც ყველაფერი გაწერილია. ესაა რვაწლიანი პროექტი, რომლითაც საშვილიშვილო საქმე გაკეთდება და ახალი კადრები გაიზრდება. შევხვდი ბატონ გიორგი მარგველაშვილს. მაშინ ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. აღფრთოვანდა ჩვენი პროექტით. ამირჩიეს ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. უკვე სამი თვეა, ეს თანამდებობა მაქვს. არსებული შესაძლებლობებით მე უკვე გავმართე რამდენიმე კონცერტი. დამტკიცდა ახალი ბიუჯეტი და ვნახე, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ისევ სასაცილო და სამარცხვინო ბიუჯეტს გვაძლევენ. როგორც ჩანს, ვინც ჩალიჩობს, ის რაღაცას იღებს. გაოგნებული ვარ იმ მდგომარეობით, რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით. წელიწად-ნახევრის განმავლობაში კულტურის სფეროში მხოლოდ უკუსვლაა. კიდევ რამდენიმე შეხვედრა დამრჩა. შევეცდები, კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ რასაც ვამბობ, ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
- და თუ ასე არ მოხდა…...
- იმავე დღეს წამოვალ ქუთაისის ოპერის თეატრიდან.
- რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს?
- ამისთვის საჭიროა წელიწადში ჩვიდმეტი მილიონი ლარი.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''