13 იანვარი, 2014
„უჟმური“ ვანო ჯავახიშვილისთვის გასული წელი საუკეთესო იყო
ბათუმის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს ქოლგასა და მანქანაზე ხუმრობებით გვარიანად „შევუტიე“ გადაცემაში, მეორე დღეს კი დადგა მისი პასუხისმგებლობის საკითხი ვანო ჯავახიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იუმორისტია. მისი მონოლოგები ინტერნეტში ხშირად ტრიალებს. ხალხი ყველაზე მეტად პოლიტიკურ ხუმრობებზე იცინის. ეს ვანომ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც „ვანოს შოუს“ წამყვანს მიაჩნია, რომ მისი გადაცემა უფრო მეტად პოლიტიკურ სატირას დაემსგავსა. გასული წელი ვანოსთვის საუკეთესო იყო, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევს.

- ბოლო 7-8 წელია, ასე გრძელდება,
ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს, წარმოიდგინე, წინასაახალწლოდ რამდენი რამ იყო გასაკეთებელი, თანაც, იმ ფონზე, როდესაც კვირაში სამი გადაცემის ჩაწერა გაქვს და თითოეული მათგანისთვის მოსაფიქრებელია სცენარი, რაც ყველაზე რთული საქმეა. ამ ყველაფერს საახალწლოდ ისიც ემატება, რომ კონცერტის სცენარიც გასაკეთებელია. ეს კიდევ სხვა სპეციფიკაა და ასეთი მარტივი არ არის, ფილარმონიის დარბაზი სულ სხვა რამაა. მუდმივად გადარბენა გვაქვს, გადაღებიდან სტუდიაში, ვნახო, არის თუ არა მზად ფონოგრამები და ა.შ.
- კონცერტებმა როგორ ჩაიარა?
- ძალიან კარგად. დაგეგმილი სამი კონცერტის ნაცვლად ხუთი გავმართეთ, მეტს ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით, რადგან დღეები დაკავებული იყო. დღეში ორი კონცერტიც კი ჩავატარეთ. შეგვეძლო, მეტიც გაგვემართა, მაგრამ გადავიფიქრეთ. მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდი იყო და ანშლაგებით ჩაიარა. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, კონცერტის ჩანაწერი საახალწლო ეთერში ეხილა.
- შენი აზრით, ყველაზე მომგებიანი რომელი ნომერი აღმოჩნდა?
- ვფიქრობ, ვასო ფხაკაძის ნომერი, რადგან მასში მთელი სიცოცხლე ჩადო. კონცერტების მოსამზადებელ პერიოდში ვასოს ვკარგავთ ხოლმე. მიდის და თავი-სი ნომრით ბრუნდება, მას ცალკე ამზადებს. სცენარში მას არ ვრევთ, რომ ხელი არ შეეშალოს, ზედმეტად სხვა რაღაცაზე არ ვაფიქროთ. ცოტა სხვანაირი ტიპია. თავისი ფანტაზია აქვს, ცეკვის ნომრებისას განსაკუთრებით. ვასო ხომ მოცეკვავე იყო და სულ მისტირის დაკარგულ წლებს (იცინის), ამიტომაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს წლები ჩვენს კონცერტებზე აინაზღაუროს და მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი, როგორც კარგმა მოცეკვავემ. ამით ძალიან კმაყოფილია ხოლმე. „სუხიშვილების“ შემდეგ ვასოს უხსნიან ვარსკვლავს, ამ ნომრის მერე.
- ახალ პროექტს - „ფხაკაძეებს“ ხომ არ შემოგვთავაზებთ?
- (იცინის) ეს, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეა მომაწოდე. ანსამბლი „ფხაკაძეები“ კარგი იქნებოდა. თუკი იუმორისტულად შევხედავთ, ძალიან მალე ვიხილავთ ამ პროექტს და თუკი სერიოზულად, ვასო რომ დაბერდება, ალბათ, მერე შექმნის თავის პატარა ანსამბლს, რომ ლუკმაპური ჰქონდეს (იღიმის).
რაც შეეხება ჩემს ნომერს, მგონია, რომ წელს, აქამდე რაც მქონია, საუკეთესო გამოსვლა მქონდა. იყო პოლიტიკოსთა ფოტოები, რამაც დარბაზი სიცილით დაანგრია, მქონდა ასევე ორი მუსიკალური ნომერი.
- კი ამბობენ, ხალხი პოლიტიკით დაიღალაო, მაგრამ პოლიტიკური ხუმრობები და შენი მონოლოგები ძალიან პოპულარული და რეზონანსული ხდება ხოლმე.
- ვერ ვიტყვით იმას, რომ ხალხი პოლიტიკით დაიღალა. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც აუცილებლად პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკო, სხვანაირად შენი ცხოვრება, ზოგადად, ინტერესს კარგავს (იცინის). თუკი პოლიტიკაზე მსჯელობ, ლაპარაკობ, ამით რაღაცას იკმაყოფილებ, ოღონდ არ ვიცი, რას. რატომ მივაკვდით ასე ამ პოლიტიკას, ვერ გეტყვით. ხომ შეიძლება, ვილაპარაკოთ, როგორ აცვია რომელიმე ქართველ ცნობილ სახეს. თუკი სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებთ, ე.ი. პოლიტიკა აღარ იქნება ისეთი აქტუალური და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ მიდის.
რაც შეეხება ჩემს მონოლოგს, ის პოლიტიკურ სატირად გადაიქცა. ადრე ნაკლებად გვქონდა პოლიტიკა, შოუბიზნესზეც ვხუმრობდით. როცა შოუბიზნესის თემა მოკვდა, შემდეგ იძულებული გავხდით, მაყურებლის მოთხოვნა რაც იყო, იმაზე გვეხუმრა. აღმოჩნდა, რომ გამოდის იუმორისტულ-სატირული გადაცემა, ხალხს რატომღაც ეს მიმართულება მოსწონს.
- ეს, შენთვის, გარკვეულწილად, ბეწვის ხიდზე სიარულია?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ბეწვის ხიდზე ყოველი მონოლოგის დროს გავდივართ, ან ერთს არ მოეწონება, ან - მეორეს. ბევრი კარგი ხუმრობა არ ჩაგვირთავს მონოლოგში, რადგან ვიფიქრეთ, რომ ადრესატს ძალიან ეწყინებოდა. სცენარისტების დაწერილ ხუმრობებს ხუთი ადამიანი ვცხრილავთ, რომ იყოს კორექტული და ვინმემ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნოს.
- 2013 წელი შენი კარიერისთვის, გადაცემისთვის, როგორი იყო?
- ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, გადმოგვცეს ჯილდო, როგორც „წლის პროექტს“. ეს ჯილდო მესიამოვნა იმიტომაც, რომ ხალხმა გამოავლინა. 2013 წელი მთლიანობაში წარმატებული აღმოჩნდა იმიტომ, რომ ჩემი გადაცემის ყურება სხვა კატეგორიის ადამიანებმა დაიწყეს, თანამდებობის პირებმა, ორგანიზაციებმა. ხმები მომდის, რომ მიდის ჩემი გადაცემების გარჩევა.
- ეს, ალბათ, მონოლოგის ნაწილს უფრო ეხება.
- დიახ. ამას ვგულისხმობდი, თუმცა სტუმრის ბლოკსაც ჰყავს თავისი მაყურებელი და ზოგჯერ მონოლოგზე დიდი რეიტინგიც აქვს. თუკი ისევ მონოლოგს შევეხებით, როცა რაღაც ხუმრობას იტყვი და მეორე დღეს ამაზე მთავრობას რეაქცია აქვს, ეს მოულოდნელია ჩემთვის. მაგალითად, ბათუმის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს ქოლგასა და მანქანაზე ხუმრობებით გვარიანად „შევუტიე“ გადაცემაში, მეორე დღეს კი დადგა მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ვფიქრობდი, რაღა მაინც-დამაინც ჩემი გადაცემის მეორე დღეს დადგა ეს საკითხი-მეთქი (იცინის).
- ხომ არის საინტერესო ასეთი მიდგომა?
- ჩვენი გადაცემა მთავრობას ხელს უწყობს, რომ მან კარგად იმუშაოს (იცინის).
- როგორც ჩანს, აქამდე შენს ხუმრობებზე თანამდებობის პირები არ რეაგირებდნენ. „ნაციონალების“ დროს შენს გადაცემას არ უყურებდნენ?
- უყურებდნენ, მაგრამ ცოტა სხვა სისტემა იყო. იმ დროს ალბათ სხვა საკითხები იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოხმაურებები არ ყოფილა.
- გასული წელი შენი პირადი ცხოვრებისთვის როგორი იყო?
- მაქსიმალურად ვეცადე, 2013 წელს ოჯახისთვის ბევრი დრო დამეთმო, მაგრამ მაინც არ გამომივიდა. ჯერ კინოს გადაღებები იყო და ყველაფერს მოვწყდი, მერე კონცერტები, გადაცემები. ყველაზე კარგი საჩუქარი, რაც მეუღლეს გავუკეთე, ის გახლდათ, რომ რომში გავემგზავრეთ. ამ ქალაქის ნახვა მეც ძალიან მინდოდა. ვფიქრობ, რომი ყველაზე ბოლოს უნდა ნახო, მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოს მოივლი, რადგან მგონია, ამდენ შთაბეჭდილებას სხვაგან ვერსად მიიღებ. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. ძველისძველ ქანდაკებებს შტერივით ვუყურებდი. მე და ჩემმა მეუღლემ რომში რვა დღე გავატარეთ. მან ფეხით მომატარა მთელი ქალაქი. მთელი წელი ჩემი არყოფნით ხომ ვაზიანებ მას და შემდეგ შურისძიების დრო დგება, ფეხით დამატარებს ხოლმე, სადმე თუ მივემგზავრებით. არ დამავიწყდება, რომ კოლიზეუმიდან ვატიკანამდე ფეხით გავე-დი. განა ის, რომ ტაქსის ფული არ გვქონდა, უბრალოდ, ფეხით უნდა მივსულიყავით და მართლა დავიბრიდე (იღიმის).
- ისევ ახალ წელს დავუბრუნდეთ. საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია თუ გაქვს?
- მეუღლეს ყოველთვის ვასაჩუქრებ, განსაკუთრებით, ახალ წელს და გვაქვს ეს ტრადიცია. სხვა ტრადიციებს რაც შეეხება, ჩვენთან დიდი სუფრები არ იშლება, რადგან არაფრის კეთებას არ აქვს აზრი, სულ სხვაგან გავდივართ, ხან დედაჩემთან ვართ, ხან სიდედრთან, ხან - მეგობრებთან. ერთადერთი, ჩემი მეუღ-ლე გოზინაყს ამზადებს ხოლმე, ნაძვის ხესაც ვდგამთ ჩვენი შვილის მოთხოვნით, რომელიც ხუთი წლისაა, თორემ ისე არ ვგიჟდებით.
- თოვლის ბაბუას მისთვის საჩუქარი ალბათ მიაქვს ხოლმე.
- მე დიდად არ ვაჯერებ მის არსებობაში, უფრო - ჩემი სიდედრი, მაგრამ მაინც პირადად არ ვაძლევთ საჩუქრებს და ვახვედრებთ, მანამდე რაღაც კრეატივს ჩავაქსოვთ ხოლმე (იღიმის). სხვათა შორის, მას საჩუქარს ახალი წლის მერე ვჩუქნით. ჩემი შვილი ახალ წელს ბებიასთან შეხვდა, რადგან მე 31 დეკემბრის ღამეს ღონისძიება მიმყავდა მიშა ანდღულაძესთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში. ხუთ საათამდე იქ გახლდით. მე და მიშა ეკრანზე არა, მაგრამ სხვანაირად დავწყვილდით.
- 31 დეკემბერს მუშაობაზე უარს რატომ არ ამბობ?
- უარი ბევრჯერ მითქვამს, ეს ჰონორარზეა დამოკიდებული. რატომ ვთქვა უარი, როცა შემიძლია, ოთხ საათში ისეთი ჰონორარი ავიღო, რომლითაც ოჯახს რაიმე ახალ ნივთს შევმატებ?!. ძალიან გადაღლილები ვართ ხოლმე წინასაახალწლოდ და თუკი შესაბამისი ჰონორარი არ არის, უარს ვამბობ. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვითიშები. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. ჩვენს სამსახურში ყველას გარკვეულწილად ნევროზის ნიშნები აქვს. მე სტუდენტობიდან მქონდა ნევროზი, რადგან უნივერსიტეტში პრობლემები შემექმნა და ამაზე ვინერვიულე. იმას კი არ ვამბობ, რომ გამოხტომები მაქვს, უბრალოდ, ჩემთვის ვნერვიულობ და მერე გული მიჩქარდება, განსაკუთრებით, გადაღლის შემთხვევაში, ზოგჯერ თავის ტკივილიც მაწუხებს.
- იმედია, ყველაფერი მოგვარდება. ისევ ახალ წელს შევეხოთ და საუკეთესო ახალი წელი გაიხსენე.
- ამ დღესასწაულის დიდი მოყვარული არ ვარ, ღონისძიება რომ მიმყავს, თავად ვერ ვერთობი. საერთოდ, უჟმური კაცი ვარ, გართობა, ცეკვა-თამაში ჩემთვის აბსოლუტურად სხვა პლანეტაა. ჩემი ცოლი სულ მემდურის, რადგან უნდა, რომ სადმე წავიდეთ, გავერთოთ, მაგრამ მე არ მიყვარს. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა, როცა მძინავს.
- 2014 წლისგან რას ელოდები?
- ამბობენ, აქტიური წელი უნდა იყოსო. წლით მამალი გახლავართ. ვიცი, რომ არაჩვეულებრივი წელი იქნება. ველოდები სტაბილურობას, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. არანაირი ცვლილებების მომხრე არ ვარ კარიერის კუთხით. რისკიანი არ გახლავართ, სასწორი ვარ ზოდიაქოთი და შესაბამისად, გაწონასწორებული მდგომარეობა მინდა მქონდეს. როგორც 2013 წელს ვიყავი, ისე რომ ვიყო 2014 წელსაც, კმაყოფილი დავრჩები. ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა. დანარჩენს კი მოევლება.
- ქვეყანასა და თანამდებობის პირებს რას უსურვებ?
- ქვეყანას - გამთლიანებას, ასევე სტაბილურობას, წინსვლას, ნატო-ევროკა-ვშირი, ევროკავშირი-ნატო, ოღონდ შალახოს ფონზე (იცინის). თანამდებობის პირებს? ვუსურვებდი, რაც შეიძლება მეტი ეფიქროთ ხალხზე. კაბინეტში ჯდომა ძალიან კარგია, ყველას უყვარს და ეჩვევიან. მე ვურჩევდი, რომ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი გადადგან, ხალხს შეხვდნენ, მოუსმინონ მათ მოსაზრებებს.
- შენ ისმენ ხალხის მოსაზრებებს?
- რა თქმა უნდა, მე არასდროს გავურბივარ ადამიანებთან ურთიერთობას, არ არსებობს, რომ ვინმეს ზურგი შევაქციო. ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. ყველაზე კარგად მათგან ვიგებ, რა აწუხებთ და რა მოსწონთ. არ ვაქცევ ყურადღებას, ინტერნეტში ჩემზე რა კომენტარებს წერენ, რადგან ეს ერთი და იგივე ადამიანები არიან. ხალხის აზრი კი, პირდაპირ ნათქვა-მი, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ, თანამდებობის პირებს ვუსურვებ დაპირებების შესრულებას. მე რასაც ვპირდები ხალხს, ყველაფერს ვუსრულებ (იცინის)!..

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS