08 დეკემბერი, 2017
"ბავშვობაში ჭიდაობა არ მიზიდავდა და არც მონაცემები მქონდა" - ინტერვიუ ევროპის ვიცე-ჩემპიონ რობერტ კობლიაშვილთან
სპორტის ქომაგთათვის 24 წლის მოჭიდავის რობერტ კობლიაშვილის სახელი უკვე ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ წარმატებულ სპორტსმენს ბავშვობაში ჭიდაობა სულაც არ იზიდავდა და არც ფიქრობდა, რომ ოდესმე ვარჯიშზე ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით და დიდი ენთუზიაზმით ივლიდა. ამბობს, რომ დატვირთული გრაფიკის გამო პირადისთვის დრო არ რჩება და არც თაყვანისმცემლების სიმრავლით ტრაბახობს. ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს, რისთვისაც ბევრს ვარჯიშობს. კობლიაშვილთან საუბარი მისი მიღწევებით დავიწყეთ:

- პირველად ნაკრებში ჭაბუკთა შორის 2010 წელს მოვხვდი. შემდეგ წელს ევროპის პრიზიორი გავხდი, 2012
წელს ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონის და ევროპის მესამე პრიზიორის ტიტული მოვიპოვე. 2013 წელს საქართველოს ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებში და დიდებში.

2014 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი უფროსებს შორის და ზაფხულში ბაქოში ჩატარებულ გრან-პრიზე ოქროს მედალი მოვიპოვე, სხვათაშორის პირველი ქართველი ვარ, ვისაც ეს ჯილდო აქვს. 2015 წელსაც მოვიგე საქართველო. პირველი ქართველი ვარ, ვინც თურქეთის ტურნირი მოიგო. 2016 წელს ევროპის ვიცე-ჩემპირონი გავხდი. აგვისტოში რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მივიღე მონაწილეობა. 2017 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატზე, პარიზში უფროსებს შორის დავიკავე მესამე ადგილი.
Rating

- ვარჯიში საკუთარი სურვილით დაიწყეთ?
- ვარჯიში 11 წლის ასაკში, 2004 წელს სოფელ ნორიოში დავიწყე, თუმცა, მაშინ სპორტის ეს სახეობა საერთოდ არ მომწონდა და არც მონაცემები მქონდა, სამაგიეროდ მამაჩემს უყვარს ჭიდაობა. ვარჯიშიც მან დამაწყებინა და დიდ ყურადღებასაც მაქცევდა, ვარჯიშის გაცდენის და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. 3-4 წელი რომ გავიდა, უკვე საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და დღემდე ასე ვარ.

- რა არის თქვენი, როგორც სპორტსმენის "ოქროს წესები"?
- შრომა, რეჟიმი და თავდაუზოგავი შრომა, რაშიც ფედერაცია ყველანაირად გვიწყობს ხელს.

- თქვენი ჰობი...

- მანქანები, დრაგები, დრიფტაობები. თავისუფალ დროს რუსთავში ჩავდივარ, მონაწილეობას ვიღებ მანქანების შეჯიბრებაში, რითაც დიდ ადრენალინს გამოვყოფ.

Rating

- პირადი ურთიერთობებისთვის თუ გრჩებათ დრო?
- პირადს ნაკლებ დროს ვუთმობ. მოჭიდავის გრაფიკი ყველამ კარგად იცის - ვარჯიში, შეკრებები, შეჯიბრებები... თაყვანისმცემლებით განებივრებული არ ვარ და არც ვაძლევ თავს უფლებას, ფსიქოლოგიურად სხვა რაღაცეებზე გადავერთო.

- რა არის თქვენი მიზანი?
- მინდა, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალი, ოქროთი შევცვალო და ოლიმპიური მედალი - ტოკიო 2020-ზე.

- ლოზუნგი...
- ვფიქრობ ხოლმე, რომ აღარ შემიძლია, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად შთააგონებ საკუთარ თავს, რომ არ დაღლილხარ და მეტი შეგიძლია, ყველაფერი გამოვა -ამ ფრაზას ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს.

მარიამ ელიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS