- თბილისში ბიჭუნათა კაპელა დღეს პირველად არ გამოჩენილა. მისი შექმნა ჯანსუღ კახიძის სახელს უკავშირდება, მოგვიყევით ამის შესახებ.
- დიდი მაესტრო მუდამ ნატრობდა ბიჭუნათა კაპელის შექმნას და ერთხელაც გამანდო თავისი ოცნება. იდეა, რა თქმა უნდა, გენიალური იყო. "ვენაცვალე საქართველოს, ნიჭი ბალახივით ამოდისო" ილიამ
ამიტომაც მე და ბატონი ჯანო კახიძის შვილმა, მისგან ფარულად განხორციელების გზების ძიება დავიწყეთ, შედეგსაც მივაღწიეთ და მაესტროს დაბადების დღეც ამ სიურპრიზით მივულოცეთ.
- როგორც ვიცი, ქასთინგზე ბევრი მოვიდა...
- 2000 ბავშვიდან 70 ავარჩიეთ და გაჭრა ყინული, მათ იმღერეს ისეთი რთული პარტიტურები, რომლებიც არც მანამდე და არც მერე არავის არ უმღერია.
- თუმცა, კაპელას დროებითი პაუზის აღება მოუწია. რატომ?
- ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ იმ შენობაში, სადაც ვიყავით, დაიწყო რემონტი. ეს უბრალოდ დაემთხვა მაესტროს გარდაცვალებას და პირდაპირი კავშირი არ აქვს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობა დანგრევის პირას იყო და მხოლოდ ზედაპირული რესტავრაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ სხვაგან შესვლა ვერ შევძელით. ამასობაში დროც გავიდა, ეს ბავშვები წამოიზარდნენ, ზოგმა ცოლი მოიყვანა, ზოგი საზღვარგარეთაა და ასე იძულებითი პაუზა გამოგვივიდა.
- კაპელისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის იდეა როდის გაგიჩნდათ?
- 2014 წელს პირველი მუსიკალური სკოლის დირექტორობა შემომთავაზეს და მიზეზი რატომაც დავთანხმდი იყო სწორედ ეს - აღმედგინა ბიჭუნათა კაპელა.
გამოცხადდა კასტინგი, მივიღეთ ძალიან ცოტა, მერე კიდევ ცოტა და ასე დავიწყეთ ახლიდან. ერთადერთი კრიტერიუმი სმენა და ნიჭი იყო. რა თქმა უნდა, ასაკიც.
"რკინის ჯოხითა და ქალამნებით" მოგვიწია ქალაქის თითქმის ყველა სკოლის კარის შეღება და ყველა დირექტორთან დალაპარაკება. გული მწყდება, რომ სკოლის ბევრმა დირექტორმა ძალიან უღირსად მიმიღო. ბევრი მათგანი დირექტორი კი არა, საერთოდ სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი არ უნდა იყოს. სამაგიეროდ, ბევრი დაგვიდგა გვერდით. კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ია მაქაცარია-ჩხაიძეს და ია ქარდავასი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
- ერთხელ თქვით, "კაპელის შექმნას ბავშვივით მოვლა და მოფრთხილება სჭირდებაო" თუ გრჩებათ დრო სხვა საქმისთვის?
- სამი საზრუნავი მაქვს - ოჯახი, სკოლა და კაპელა. რა თქმა უნდა, კაცისთვის, ოჯახი უპირველესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაპელა ან სკოლა მეორეხარისხოვანია, პირიქით... ვისაც ოდესმე რაიმე თავის ხელით შეუქმნია, ის გაიგებს, რას ნიშნავს ეს სიტყვები. ყველაფერი საყვარელი და სანატრელია, რაც შენი რუდუნებითა და ღვაწლითაა შექმნილი.
- რაზე ოცნებობს კაპელა?
- მე, როგორც ჩემი ბავშვების "მუსიკალურ მამას", მინდა, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნო და დავანახო, თუ რა ნიჭიერები ვართ ქართველები.
ერთი გენიოსი ამბობდა, მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ მინდა, ჩემს სამშობლოსაც ვუყვარდე მეო. გუშინ ბავშვებმა იგრძნეს, რომ თავის სამშობლოს უყვარს ისინი. შეიძლება, ჩვენ გავსულიყავით ჟიურის სიმპატიით, მაგრამ ხალხის რჩეული რომ ხარ ეს არაა ცოტა. მთავარიც ესაა - საქართველოს 80 გონებითა და სულით ჯანმრთელი ახალგაზრდა ეზრდება.
მარიამ ელიაშვილი