06 დეკემბერი, 2017
"მეც რომ მიმეტოვებინა, დღეს იქ არაფერი იქნებოდა"- გაიცანით 85 წლის მამაკაცი, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 27 წელი უსასყიდლოდ დარაჯობდა
გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეს 27 წელი უსასყიდლოდ იცავდა. გაწეული ღვაწლისთვის მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ღირსების ორდენი და ფულადი ჯილდო გადასცა. ბატონმა გიორგიმ "რეიტინგთან" საუბრისას ის სირთულეები გაიხსენა, რომელთა გადალახვაც წლების განმავლობაში მღვიმის შესანარჩუნებლად მარტოს უწევდა:

- რას საქმიანობდით პრომეთეს მღვიმემდე?
-70-იან წლებში, როგორც ყველა დანარჩენი, მეც კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. მოწინავე კოლმეურნე ვიყავი. ყანაში სიმინდის დიდი მოსავალი მოვიყვანე და ამის გამო, შევარდნაძის მთავრობამ ჯილდო გადმომცა და შრომის გმირი გავხდი.

- პრომეთეს მღვიმეში როდის და
როგორ დაიწყეთ მუშაობა?

- 1983 წელს, მაშინ როცა გეოლოგიის ინსტიტუტმა მღვიმე აღმოაჩინა, 4 მკვლევარი ჩემს სახლში მოავლინეს, მათ შორის იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ჯიშკარიანი. ვინაიდან ჩემთან ცხოვრობდნენ, მენდობოდნენ კიდეც და დარაჯობა შემომთავაზეს.

Rating

- რამდენი წელი ცხოვრობდით ერთად და როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
- 2004 წლამდე მათთვის ჩემი სახლის პირველი სართული მქონდა უსასყიდლოდ დათმობილი. მაშინ ჩვენს ქვეყანას უცხოელები იშვიათად ეწვეოდნენ, მაგრამ ჩემს სტუმრებთან საკმაოდ ხშირად მოდიოდნენ საზღვარგარეთიდან, რომელთაც ერთად ვმასპინძლობდით და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ვაცნობდით.

- პრომეთეს მღვიმეს რამდენი წელი დარაჯობდით?
- 2011 წლამდე ვიყავი მცველი, მერე შემცვალეს, ალბათ ასაკის გამო. 85 წლის ვარ, მაგრამ მაინც გული შემტკივა და მინდა, იქ ვიყო. ახლა ვიცი, უვლიან და უფრთხილდებიან, თუმცა, წლების წინ მე ვიყავი მისი დაცვა და ერთადერთი პატრონი. მარტო ვიყავი, არავინ ყურადღებას არ აქცევდა. მეც რომ მიმეტოვებინა, დღეს არაფერი იქნებოდა.

არეულობის პერიოდში, როცა ძარცვა დაიწყო და სჭირდებოდათ თუ არა, ხალხი ყველაფერს იპარავდა, მღვიმეში არავის ვუშვებდი, არ მინდოდა, ვინმეს მოეტეხა სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეს შესასლელში ვიჯექი, მაგრამ მას გამოსასვლელიც აქვს და მისი უყურადღებოდ დატოვება სარისკო იყო, ნებისმიერს შეეძლო იქედან შესულიყო, ამიტომ გადავწყვიტე, ამომექოლა. საკუთარი სახსრებით ვიქირავე ტრაქტორი და მიწა მივაყარე. ლურსმნებს და ყველაფერს ვყიდულობდი, რათა დაზიანებისგან დამეცვა, რაც შემეძლო ვუფრთხილდებოდი ყველაფერს. იქ იყო ძალიან ბევრი მასალა, რომელიც შემდეგ ახალ გამგეობას გადავეცი. ვინ მოსთვლის, რამდენი ღამე გამიტარებია იქ სიცხიანსაც და ავადმყოფსაც.

- რას გააკეთებთ იმ ფულით, რომელიც ჯილდოს სახით გადმოგეცათ?
- ღირსების ორდენი და 600-ლარიანი ფულადი ჯილდო გადმომცეს. ჩემს შვილიშვილებს საახალწლოდ საჩუქრებს ვუყიდი ამ ფულით და გავახარებ.

მარიამ ელიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარი
მეტი ვერ გაიმეტეთ არა?600 ლარი ყოველთვე მაინც დაგენიშნათ,რომ სიბერეში ტკბილეული მაინც არ მოკლებოდა მოხუცს ყოველთვე!მაგრამ მერე ვინ შეჭამდა პანაკოტას და ცხვრის დუმას???
21:59 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ირინე
სირცხვილია 27 წლის ამაგი წყალში ჩაყაროთ.სირცხვილი თქვენი.......
12:00 / 07-12-2017
გამოხმაურება / 0 /
Geno
ნაგვებო, თვეში 10 000 ლარზე მეტს იღებთ ჯილდო-დანამატების სახით და 27 წელი უანგარო შრომაში 600 ლარი გადაუგდეთ?
15:36 / 06-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ოთო
საღოლ ბაბუ, ნეტა ყველას ესეთი აზროვნება ქონდეს და ამ ქვეყანასაც ეშველებოდა.
15:23 / 06-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მანანა-შ
600 ლარი ძალიან ცოტაა..... ეჰ.......
14:40 / 06-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS