03 იანვარი, 2014
რა მსხვერპლი გაიღო „სუხიშვილების“ სოლისტმა „რამიშვილებისთვის“
ვცდილობთ, სცენაზე ის გადავიტანოთ, რისი გაკეთებაც მას სურს და რისი დანახვებაც უნდა მაყურებლისთვის დეკემბრის ბოლოს რუსთაველის თეატრის სალაროსთან ხშირად შეამჩნევდით რიგს და სალაროდან იმედგაცრუებული სახეებით გამოსულ ხალხს. „სუხიშვილების“ ყველა პროექტს დიდი ხმაური ახლავს ხოლმე და რასაკვირველია - მოლოდინი, რას მოიფიქრებს დიდი ტრადიციების მქონე ანსამბლი ახალს და ექსპერიმენტულს. ამიტომაც მას შემდეგ, რაც ქალაქში სამი წითელკაბიანი და თეთრთმიანი გოგონას ბილბორდები გამოჩნდა, ყველა დიდი ინტერესით ელოდა ახალი პროექტის პრემიერას. პრემიერამდე ერთი დღით ადრე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამი
იყო, რომ „სუხიშვილებმა“ ჰონკონგის საბალეტო დასს მოჰპარეს გარკვეული ილეთები და კოსტიუმის იდეაც, გრძელი, შიფონის სახელოები, ასევე რამდენიმე მოძრაობა სხვა ქორეოგრაფისგან აიღეს. თუმცა თავად ანსამბლის ხელმძღვანელობასა და მის წევრებს ეს ვიდეო სერიოზულად არ მიუღიათ და არც „სუხიშვილების“ თაყვანისმცემლებს უდარდიათ დიდად ამაზე. თავად კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ულამაზესი დადგმა, კოსტიუმები და, რაც მთავარია, საოცარი მუსიკა მაყურებელში მრავალფეროვან შეგრძნებებს აღძრავს... თითქოს ეს ილიკო სუხიშვილის ძალიან პირადული პროექტია, თუმცა ყველა მნახველამდე მიდის...
„რამიშვილების“ ერთ-ერთ სოლისტს, წითელკაბიან ლამაზმანს, ნათია ბაკურაძეს კონცერტების პირველი სერიის ჩავლის შემდეგ შევხვდით. მან დეტალურად მოგვითხრო პროექტის შესახებ და საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებებიც გაგვანდო.

- „სუხიშვილებში“ რვა წლის წინ მოვხვდი. საბალეტო სკოლა დავამთავრე. 20 წლის გახლდით, როცა ანსამბლში მივედი, თუმცა მანამდე გარკვეული პერიოდი არ ვცეკვავდი. მამა გარდამეცვალა და ვიფიქრე, რომ აღარც ბალეტი მინდოდა და აღარც ცეკვა. თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე ვერ ვძლებდი, „სუხიშვილებში“ მისვლა გადავწყვიტე. თუ ცეკვა გინდა, სხვაგან სად უნდა მიხვიდე?!. ცეკვა კი ჩემი ცხოვრების წესია, ნაწილია... „სუხიშვილებში“ მიმიღეს. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა, რადგან მანამდე ქართული არ მიცეკვია. პირველი პერიოდი ათვისებას მოვუნდი, რადგან ბალერინებისთვის ქართული ცეკვა ცოტა რთულად შესასრულებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, აღმომაჩნდა ნიჭი და შევძელი ალღოს აღება (იღიმის).
ანსამბლის შემადგენლობაში მალევე დავდექი. მისვლიდან ერთი წლის თავზე გავემგზავრე სამთვიან გასტროლზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდეც კონცერტებზე გამოვდიოდი, მაგრამ გასტროლზე ერთგვარად „მოვინათლე“. ძალიან პატარა ვიყავი, ცოტა რთული იყო პირველად ოჯახის წევრების გარეშე საზღვარგარეთ ყოფნა. რა თქმა უნდა, ვღელავდი, მაგრამ, ამასთანავე, უბედნიერესი გახლდით, რადგან ძალიან სასიამოვნო ადამიანებთან ერთად ვიყავი წასული.
- „სუხიშვილად“ მონათვლა რას ნიშნავს?
- ეს ცალკე თემაა. შესაძლოა, იყო ძალიან ლამაზი, ცეკვავდე კარგად, მაგრამ მოხდეს ისე, რომ ანსამბლმა არ მიგიღოს, ეს გოგონებსა და ბიჭებშიც ასეა. ძალიან ბევრი მოსულა და მალევე წასულა. არა მხოლოდ ჩვენმა დირექტორებმა, ილიკომ და ნინომ, არამედ მთლიანად ანსამბლმა უნდა მიგიღოს და მათი „სისხლი უნდა გადაისხა“. პიროვნული ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მეგობრული ანსამბლია. ძალიან გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი. ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთს ემეგობრება, ერთი ორგანიზმი, რომლის ნაწილადაც აღვიქვამ თავს. ჩვენი ურთიერთობა რეპეტიციებისა და კონცერტების გარეთაც გრძელდება, გვაქვს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ვართ ერთმანეთის მეჯვარეები, ბავშვების ნათლიები და ა.შ.
- მინდა გკითხო ახალ პროექტზე „რამიშვილები“. შენ და კიდევ ორი მოცეკვავე იქეცით ამ პროექტის სავიზიტო ბარათებად...
- ის, რომ „რამიშვილები“ მზადდებოდა, გავიგეთ ზაფხულის დასაწყისში. გვითხრეს, რომ თავად ნინო რამიშვილს უნდოდა ამგვარი ექსპერიმენტული პროგრამის მომზადება, მაგრამ სხვა დრო იყო და ამგვარ ბალეტს მაშინ ვერ დადგამდნენ, ამიტომაც მოუხდა უარის თქმა. ვიცოდით, რომ ახალი პროექტი სწორედ მას უნდა მიძღვნოდა. ახლა ისეთი დრო დადგა და გაგვიმართლა ყველას, რომ ილიკო სუხიშვილთან მუშაობამ მოგვიწია. მის ფანტაზიას, წარმოსახვას საზღვარი, ჩარჩო არ გააჩნია, რაც სხვადასხვა პროექტში არაერთხელ დაამტკიცა, მით უმეტეს, „რამიშვილებში“, რომელიც ძალიან განსხვავებული და საინტერესო გამოვიდა. ილიკოს და ჩვენც, მთელ ანსამბლს, არც სითამამე გვაკლია. „რამიშვილები“ მართლაც საოცნებო პროექტია და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი მოცეკვავისთვის.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, რომ ქორეოგრაფიის შექმნაში, ილიკოსთან ერთად, მოცეკვავეებიც მონაწილეობდით. ეს როგორ ხდებოდა?
- ზოგადად ასე ხდება ხოლმე - ილიკო პატარ-პატარა ფურცლებზე, ნაგლეჯებზე „წერს“ ცეკვას, ისევე, როგორც ნიანუც (ნინო სუხიშვილი -ავტ.) ქმნის თავის კოსტიუმებს და აკეთებს ჩანახატებს. ილიკომ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს, რომ მისი მოფიქრებული ესა თუ ის ილეთი არ დაიკარგოს. რასაკვირველია, როგორც ილიკო გვაჩვენებს ილეთს, ზუსტად იმავეს ვერ ვიმეორებთ (იღიმის), მაგრამ ვცდილობთ, სცენაზე ის გადავიტანოთ, რისი გაკეთებაც მას სურს და რისი დანახვებაც უნდა მაყურებლისთვის.
- რეპეტიციები რამდენ ხანს გაგრძელდა?
- რამდენიმე თვე. ჩვენ სხვა კონცერტებიც გვქონდა, გასტროლებიც, მხოლოდ „რამიშვილებისთვის“ ვერ მოვიცალეთ, ასე რომ, მთლიანობაში, ალბათ, სამი-ოთხი თვე გამოგვივიდა, თუმცა უფრო მალე ვამთავრებთ ხოლმე მზადებას, ამდენ ხანს არასდროს გვიმუშავია ამა თუ იმ პროექტზე. პრემიერა სექტემბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, დეკემბრისთვის მოესწრო და მაყურებელს წინასაახალწლოდ შევთავაზეთ.
- ვიცი, რომ ამ პროექტის გამო ძალიან დიდ მსხვერპლზე წახვედი. ეს იმიჯი, მოკლე ვარცხნილობა და თეთრი თმა, ვინ მოიფიქრა?
- კოსტიუმებიც და ეს იმიჯიც ნინო სუხიშვილის მოფიქრებულია. ნინომ ამ კოსტიუმებზე დეტალურად იმუშავა, თითოეულ ღილსაც კი თავად არჩევდა. მოსინჯვებზე თითოეულ ჩვენგანს დაგვყვებოდა. კონცერტის დასაწყისში ბაღდადები რომ გვაცვია და ზემოდან კანისფერი ზედები, რომელიც სიშიშვლის ეფექტს ტოვებს, ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა სცენაზე.
მართალია, „რამიშვილებისთვის“ მსხვერპლზე წავედი, იმიტომ რომ ჩემი გრძელი, ღია წაბლისფერი თმა მოვიჭერი ძირში. რადგან გადაწყდა, რომ სამი გოგონა უნდა ყოფილიყო პროექტის ლაიტმოტივი, ყველა ცეკვაში უნდა ჰქონოდათ შესვლა-გამოსვლა და მუდმივად სცენაზე უნდა ემოძრავათ, დაიწყეს ფიქრი, რო-გორი უნდა ყოფილიყვნენ ეს გოგონები და რით უნდა გამოერჩია მაყურებელს. ჩვენს ერთ-ერთ მოცეკვავეს ჰქონდა ასეთი ვარცხნილობა, ძალიან მოკლე, ოღონდ შავი თმა და ძალიან უხდებოდა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა ეს ვარცხნილობა, ოღონდ თეთრად შეღებილი. ტიპაჟების მიხედვით შეგვარჩიეს, რომ გარეგნობაში მსგავსება ყოფილიყო.
საინტერესო ის გახლდათ, რომ ჩაგვწერეს ძალიან კარგ სილამაზის სალონში, ვინმე ფრანგ სტილისტთან. მომამზადეს, ჩამაცვეს ხალათი, ჩემი მეგობრები თავზე მადგნენ და მგულშემატკივრობდნენ, მაგრამ უცბად წამოვდექი, ერთი წუთით გავალ-მეთქი და გამოვიქეცი. ნიანუს დავურეკე, ცოტა ხანი კიდევ მჭირდება მოსაფიქრებლად-მეთქი. მითხრა, რასაკვირველია, არ დაგაძალებო. მეორე დღეს ისევ ჩამწერეს, სტილისტმა ჩემი გრძელი თმა დაიჭირა და ერთიანად გადაჭრა, ამ დროს სარკეში არ ვიყურებოდი. ახლა ძალიან მომწონს ჩემი ახალი იმიჯი, მოვიხდინე და გარშემო მყოფთაგან ყველას მოეწონა.
- პრემიერის დღეს როგორი განწყობა გქონდათ?
- პრემიერის დღე ძალიან დიდი ნერვიულობის დღე იყო, პულსი ალბათ, 200 მქონდა (იცინის). გვაინტერესებდა, როგორ გამოგვივიდოდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი, ძალიან რთული ილეთებია და ზოგადად, ქორეოგრაფია მთლიანად პლასტიკასა და ტექნიკურ მხარეზეა აგებული. მუსიკა, კოსტიუმი, ქორეოგრაფია საკმაოდ განსხვავებულია. ალბათ, რთულია, რომ ასე ერთიანად მიიღო პირველივე ჯერზე. ალბათ, დრო დასჭირდება იმის აღქმას, რისი თქმა უნდა „სუხიშვილებს“ ამ პროექტით, თუმცა საპრემიერო და შემდეგმა დღეებმა ძალიან კარგად ჩაიარა, გვილოცავდნენ, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. სხვათა შორის, კონცერტის დამთავრების შემდეგ ძალიან ბევრი ვიტირეთ, როგორც პრემიერაზე, ასევე ბოლო კონცერტზეც. ძალიან სასიამოვნო პროექტია, იმავდროულად, სევდიანიც, გულში ჩამწვდომი მუსიკით. ცრემლები მომდიოდა და ძლივს შევიკავე თავი...
- შენთვის რომელი ცეკვა გამოდგა ყველაზე საინტერესო?
- ჩემთვის მთელი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი, ახლობელი და საყვარე-ლია, მაგრამ გამოვყოფდი გამხსნელ ცეკვა „ჯეირანს“ და ასევე ცეკვას სახელწოდებით „ისინი“. ჩვენს სამეულს ჰქვია „ისინი“.
- ვიცი, რომ მუსიკალური მხარეც ილიკოს გაკეთებულია.
- არა მხოლოდ მისი, ამაში ბენდის ყველა წევრი, მოწვეული მუსიკოსები იყვნენ ჩართული და მუსიკალური მხარე მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენც ველოდებით, როდის გამოვა დისკზე ეს კომპოზიციები. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენთან ერთად.
- ბილეთებზე ძალიან დიდი ამბავი იყო. ფიქრობდით, ახალ პროექტს იმხელა რეზონანსი ექნებოდა, კონცერტების დამატება დაგჭირდებოდათ?
- სანამ რეკლამა ტელევიზიით დატრიალდებოდა, სალაროში ბილეთები უკვე დადეს და დღე-ნახევარში გაიყიდა. რეკლამის გასვლის შემდეგ ვინც გაიგო, რომ ახალი პროექტის პრემიერა იყო, ძალიან ბევრი იმედგაცრუებული დარჩა. მთელი იანვარი დავამატეთ კონცერტები, მაგრამ მხოლოდ ორი კონცერტის ბილეთებია დარჩენილი.
- თუ ელოდებოდით კრიტიკას? პრემიერის წინა დღეს გავრცელდა ვი-დეორგოლი, სადაც „სუხიშვილები“ ამ პროექტთან დაკავშირებით პლაგიატში დაადანაშაულეს.
- ზოგადად, კრიტიკას ყოველთვის ველოდებოდით და ასე უნდა იყოს ყველა ნორმალური ადამიანი, თუმცა გააჩნია, როგორია - კრიტიკა უნდა იყოს ლოგიკური, ადეკვატური და ჯანსაღი. „რამიშვილებზე“ ასე არ მომხდარა. უაზრო გამოხმაურება მოჰყვა, სასაცილო ვიდეო, სადაც გრამატიკულად გაუმართავი წინადადებებით გვადანაშაულებდნენ პლაგიატში, იმაში, თითქოს კაბების დიზაინი და რამდენიმე მოძრაობა ავიღეთ ჰონკონგის საბალეტო დასიდან. „რამიშვილები“ არაფერს არ ჰგავს, არც ამ თეატრს და არც სხვას. სიცრუეა ის, რომ ამ დასის დიზაინიდან ავიღეთ გრძელი სახელოები, რადგან „სიმდში“ გოგონებს გვაქვს გრძელი, ოღონდ თეთრი სახელოები. რაც შეეხება მუხლებზე დაცემას, „სუხიშვილების“ მოგონილია მუხლებზე დაცემა და ტრიალი. ვინც ეს ვიდეორგოლი მოიფიქრა, ნუთუ არ იფიქრა იმაზე, რომ „სუხიშვილების“ მუხლებზე დაცემის კრიტიკა სასაცილოა. ტყუილში როდემდე უნდა იცხოვროთო და ვინ ვის ატყუებს? „სუხიშვილები“ ყველაზე მართალი ანსამბლია. ამ მცირე ვიდეორგოლს ჩვენს განწყობაზე საერთოდ არ უმოქმედია (იღიმის).
- ილიკო სუხიშვილი პრესას, სამწუხაროდ, ინტერვიუებით არ გვანებივრებს. როგორია მისი მიდგომა თითოეული მოცეკვავისადმი?
- აბსოლუტურ თავისუფლებას გვაძლევს, რათა ჩვენი შესაძლებლობები გა-მოვხატოთ, ინდივიდუალიზმი არ იკარგება. ილიკო ძალიან საყვარელი ადამიანია, უძლიერესი ქორეოგრაფი. თუკი შენიშვნა აქვს, ეს არასდროს უკავშირდება პირა-დულს, მხოლოდ ჩვენს ცეკვას ეხება ხოლმე.
- „რამიშვილებში“ მონაწილეობით პრესის ყურადღება დაიმსახურე. მოგწონს პოპულარობა?
- კონცერტის პირველ დღეს, პრემიერის შემდეგ, ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა გამოთქვა ჩემთან გასაუბრების სურვილი. რა თქმა უნდა, მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. „სუხიშვილებს“ მხოლოდ მე ვერ გავუწევ პოპულარიზაციას და ეს არც სჭირდება, მაგრამ ჩემი მცირე წვლილი, ალბათ, მაინც შემაქვს საერთო საქმეში.
- ცოტა რამ შენ შესახებ გვითხარი.
- მყავს მეუღლე, თენგიზ გელოვანი, და სამი წლის შვილი, ანდრია. თენგო რომ გავიცანი, უკვე „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი, მან თავიდანვე იცოდა ჩემი საქმიანობისა და გრაფიკის შესახებ. ჩემი მეუღლე ყველაფერს გაგებით ეკიდება, იმდენად დიდი ნდობა და სიყვარული გვაკავშირებს, რომ ჩვენი თითოეული გან-შორება ძალიან მტკივნეულია. მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, როცა გასტროლებზე მივდივარ, რადგან განშორების შემდეგ ძალიან სასიამოვნოა ერთმანეთის ნახვა. ჩვენი ურთიერთობა შვიდ წელს ითვლის და „სუხიშვილებმა“, ისე მოხდა, რომ გაგვიხანგრძლივა შეხვედრების სიხარული. თენგო ერთ-ერთ ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს, ერთ-ერთ თანამდებობაზე. რაც შეეხება ანდრიას, პირველად გასტროლების გამო მისი დატოვება მაშინ მომიხდა, როცა სამი თვის გახლდათ. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჩემი საქმე მიყვარს და თავს ვერ დავანებებ. ძალიან ცოტას თუ აქვს ის ფუფუნება, რომ ამგვარ ანსამბლში იყოს, ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს, ცალკეული ადამიანების ხვედრია და მიხარია, რომ მეც მაქვს ეს ბედნიერება. რადგან ერთეულებში ხარ, ოჯახმაც უნდა გაგიგოს. გული მისკდება ხოლმე, როცა ანდრიას დაძინებულს ვტოვებ და მივფრინავ, ანდრია ბებიაზეა მიჯაჭვული, ჩემს დედამთილს მის აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS