07 ნოემბერი, 2017
"სირბილის თავი აღარ მქონდა, ამ დროს ერთ-ერთმა სპეც-რაზმელმა თავში დუბინკა ჩამარტყა" - როგორ იხსენებენ ახალგაზრდა ჟურნალისტები "იმედის" დარბევას
2007 წლის 7 ნოემბერს, ქართველი ხალხი არნახული ძალადობის მომსწრე გახდა. ძალოვანმა უწყებებმა ჯერ რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეები დაარბია, შემდეგ კი სპეც-რაზმი ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში შეიჭრა და ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდა.

ჟურნალისტი ანი მამულაშვილი, ძალადობის შედეგად, სასტიკად დაზიანდა. მას სპეც-რაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ანი 2007 წლის 7 ნოემბრის მთავარი დაზარალებულია, თუმცა, ამ საქმეზე დღემდე არავის დაუკითხავს.

Rating
ანი მამულაშვილი („იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი):
ის, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა, ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახლდათ. ნიუსრუმში ვიყავით, როდესაც სპეც-რაზმი შემოვარდა. ძირს
დაგვყარეს, გვაგინეს... კარგად მახსოვს „ბადრის ნაბიჭვრებს“ გვეძახდნენ. ტელეფონები წაგვართვეს და გარეთ გამოგვყარეს, თუმცა, პიკაპებით გზა ჩაკეტეს და წასვლის საშუალება არ მოგვცეს. საავადმყოფოებისკენ გავიქეცით, დუბინკებს ურტყამდნენ ფარებზე და ჰაერში გაზი გაუშვეს, ქუჩაში ჰაერი საერთოდ აღარ იყო. ერთ მომენტში სირბილის თავი აღარ მქონდა, ამ დროს ერთ-ერთმა სპეც-რაზმელმა თავში დუბინკა ჩამარტყა. ბიჭებმა იაშვილის კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც რამდენიმე ნაკერი დამადეს, პირველადი დახმარება გამიწიეს. ამის შემდეგ კი, მე და ინგა გრიგოლია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. 7 ნოემბრის მოვლენების დროს, ყველაზე მეტად მე დავზარალდი „იმედში“, მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაინტერესებს ამ საქმის გამოძიება მიდის? სასამართლოზე ერთხელაც არ დავუბარებივარ არავის. ხელისუფლება იმისთვის შევცვალეთ, რომ ის ხალხი დაუსჯელი დარჩეს?!


Rating
რუსკა ჭაბუკიანი („იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი):
2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენები ერთ დიდ სკივრში მაქვს თავმოყრილი, რომლის გახსნაც ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია. ყოველთვის მეგონა, რომ წლებთან ერთად ის ემოციები განელდებოდა და იმ დღის გახსენება ნაკლებად ემოციური იქნებოდა, თუმცა, ნებისმიერი კადრი, ფოტო თუ მოგონება მიღვივებს და მიმძაფრებს ბრაზს. ბრაზს, რომელიც 10 წლის მერეც მაწუხებს. არ დავიწყებ მოვლენების შეფასებას, იმედია, მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ერთი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამაყი ვარ იმით, რომ საუკეთესო დროს საუკეთესო ტელევიზიის გუნდის წევრი ვიყავი, ტელევიზიის და დროის, რომელიც აღარ დაბრუნდება. მე გავიზარდე და გამზარდა 7-მა ნოემბერმა, საღამოს 20:45-დან სულ რამდენიმე საათში შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე ღამის შემდეგ გათენდა დილა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ არის ყველაზე მნიშვნელოვანი - სივრცე თავისუფლად სუნთქვის. კიდევ გავა 10 წელი და აუცილებლად ისევ ემოციურად მოვუყვები ჩემს შვილებს, რატომ არის და იქნება ყველა 7 ნოემბერი ჩემთვის სერი და ნისლიანი დღე.

Rating

ანა იასეშვილი („იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი): იმდენად რთული იყო ჩემთვის 2007 წლის 7 ნოემბერი, ვცდილობ, ნაკლებად გავიხსენო. ეს უსიამოვნო შეგრძნებების დღე არის ჩემთვის. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ როდესაც „იმედში“ მივდივარ, ქვეცნობიერად მესმის ყურში სპეც-რაზმის ხმა, შემოვარდნა, ყიჟინა და ის, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა „იმედში“. ფაქტიურად, პირველად მე და თამარ ჩიხლაძე ვიყავით პირველები, ვისაც შეგვეჯახა ეს აქციიდან შემოვარდნილი ბრბო, თავიდან ვერც მივხვდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს. შემდეგ კი, კასეტას მოვკიდე ხელი და მეორე სართულზე, საეთეროსკენ გავიქეცი, რომ მეთქვა, რა ხდებოდა. იმედი მაქვს, ამ ფაქტით პოლიტიკოსებმა რაღაც გაკვეთილი მიიღეს. ბევრი შეფასება მომისმენია მაშინ განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ წლების შემდეგ უფრო სწორი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ჯემალი
რა სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე ხდებოდა შენ შიგ ხომ არაგაქვს ჩატეხილი
10:47 / 10-11-2017
გამოხმაურება / 0 /
AAA
თავში ღაგარტყეს ქალბატონო, თქვენ რომ თავში გვირტყავდით თქვენ წვეტიან აზრებს ეგ არაფერი ხომ? ისეთი დეგენერატი ბტძანდებით რომ ვერ საზღვრავთ რომ იმედი სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე ხდებოდა, რას ვიზამთ...
10:45 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
niania
Dzalmomreoba sashinelebaa,magram chasarecxebi mashin unda charecxilitavit rom saqoceti ar gamxdariyo qveyana! Gamodis ,Misha scori iyo ,tqven ra gasablateveblebi iyavit,dagupet qveyana!
21:51 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS