04 დეკემბერი, 2013
ვინ აიძულებს მაკა ძაგანიას ფულის ფლანგვას
შვილი მშიერი არასდროს დამრჩენია, თუმცა ასეთ დროს მის უზრუნველსაყოფად ალბათ ყველანაირ ხერხს მივმართავ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ხისტ და პირდაპირ თინას რეალურად სულაც არ ჰგავს, ცხოვრებაში მასთან ურთიერთობა ბევრად უფრო მარტივია და შეუძლია, ნებისმიერ თემაზე საინტერესოდ გესაუბროს. ამჯერად მაკა ძაგანია ''ფულის გემოში'' ჩავწერეთ და ისიც გავიგეთ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში 12 ლარზე უმუშავია... დღეს კი ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის მთავარი გმირია.

- ილიაუნის თეატრში ვუშვებთ ახალ სპექტაკლს, ''ვახშამი ბრიყვთან'' .
ეს გახლავთ ფრანგი დრამატურგის პიესა, რომელზეც ფილმიცაა გადაღებული, კომედიური ჟანრისაა. ახლა წინასაპრემიერო ვნებათაღელვაა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმ თვალსაზრისით, რომ რემონტის შემდეგ თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება, ამიტომ ყველა ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის.
- რაც შეეხება სერიალს, იგეგმება შენი გმირის ახალი ხაზით განვითარება?
- წინასწარ არ ვიცი და ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ალბათ ჟურნალისტები მაინც გამომტეხდით და მათქმევინებდით რამეს (იღიმის). პეტრესა და თინას ურთიერთობაში წინსვლა შეინიშნება, მაგრამ როგორ განვითარდება, არ ვიცი. სხვა რა გითხრათ, თინა აგრძელებს დაქალებისათვის დემაგოგიურად ჭკუის დარიგებას. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ფორმაშია.
- მაკა თუ არიგებს თავის მეგობრებს ჭკუას?
- მე არ ვარ თინასნაირი ხისტი და პირდაპირი, რჩევას ვაძლევ მაშინ, როცა ვხვდები, რომ ნამდვილად სჭირდებათ, ან კიდევ, როცა აზრს მეკითხება ვინმე. არ მიყვარს, როცა სხვა ჩემს ცხოვრებაში ერევა და არც მე ვაკეთებ ამას.
- სერიალში თინა ოჯახის ფინანსური საყრდენია. როცა მამაკაცი გვერდით არ გიდგას, რეალურ ცხოვრებაში როგორია ოჯახის ფინანსებზე ფიქრი?
- მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ მყავს დედა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადია კინოინდუსტრიაში, ამიტომ ოჯახი მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცაღა ყოფილა პერიოდები, როცა დედასაც არ ჰქონია სამსახური და მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვყოფილვართ, ან კიდევ მე არ მქონია სამუშაო და დედას შემოსავლის ამარა დავრჩენილვართ და ა.შ. ორივე ვუმკლავდებით ოჯახურ პრობლემებს.
- ზოგადად, მფლანგველი ხარ?
- კი, თუ ფული მაქვს, ხარჯვაც მიყვარს. მსიამოვნებს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, თან სულ ვცდილობ, ისეთი რამ ვუსახსოვრო, რაც მოეწონება. ახლა სია მაქვს ჩამოწერილი, ვისთვის მაქვს დაბადების დღის საჩუქრები საყიდელი. ამაზე სულ ვნერვიულობ, რადგან მჭირდება დრო, რომ გავიდე და ეს საჩუქრები ვიყიდო. მოკლედ, ფულის ფლანგვა მიყვარს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც, აი, ჩემი შვილი კი მაიძულებს, ვფლანგო. სერიოზული მოთხოვნები აქვს, რაც ნამეტანია.
- რას ეხება ეს მოთხოვნები?
- ყველაფერს, ყოველდღიური ხარჯებიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, ყველანაირად ცდილობს, გამძარცვოს (იღიმის). თან, რაც მთავარია, ჩემს საფულეში ცხოვრობს.
- ბოლო კაპიკების გადახდა რაში შეგიძლია?
- თუ ვიცი, რომ მეორე დღეს საჭმელი არ მექნება, წინა დღით არაფერს ვიყიდი, მით უმეტეს, რომ არ მიყვარს ვალის აღება, 10 თეთრიც რომ მქონდეს სხვისი, შეიძლება, ისტერიკა დამემართოს და მთელი ღამე არ დამეძინოს. ბოლო კაპიკს უმიზნოდ არ გადავყრი, ვხარჯავ მაშინ, როცა მაქვს და როცა ვიცი, რომ იმ თანხის გარდა მაქვს კიდევ სხვა ფული, რომელიც თვის ბოლომდე მეყოფა.
- შოპინგი, რომელიც ყველა ქალისთვის საყვარელი თემაა, შენთვისაც თუ არის განტვირთვის საშუალება?
- არა, ჩემთვის ეს პროცესი დამთრგუნველია, არ მიყვარს დაგეგმილად საყიდლებზე სიარული, თუმცა ფეხით სიარულისას შეიძლება, ვიტრინაში შევამჩნიო რამე, ვნახო და ვიყიდო. დედაჩემმა და ჩემმა შვილმა უფრო იციან საყიდლებზე დაგეგმილად წასვლა, მე – ნაკლებად, რადგან ეს ჩემთვის განტვირთვა არაა.
- მაკა, შეიძლება, პირველი ჰონორარი გაიხსენო?
- სხვადასხვა ადგილას მიმუშავია, მაგალითად, რეკლამებზე, რეჟისორის ასისტენტად და ა.შ. მაგრამ არ მახსოვს ჩემი პირველი ხელფასი... თუმცა ახლა გამახსენდა, თეატრალურ სარდაფში სპექტაკლში ვითამაშე და 28 ლარი გადამიხადეს, რითაც უბედნიერესი ვიყავი. ყველაზე ''შთამბეჭდავი'' ხელფასი მქონდა თეატრალურში, როდესაც ქორეოგრაფის ასისტენტად დავიწყე მუშაობა. პირველი ერთი წლის განმავლობაში ჩემი ხელფასი იყო 12 ლარი (იცინის). ეს 12 ლარი არც მაშინ იყო რამე და მით უმეტეს არც ახლაა დიდი თანხა. პირველი წელი ხომ ვიმუშავე ამ ხელფასზე, მეორე წელს გაიზარდა ჩემი შემოსავალი და უკვე 32 ლარს შეადგენდა, ბოლოს კი 92 ლარზე ავედი და ეს იყო პიკი, თავი ქალი მეგონა, ხელფასს რომ ვიღებდი (იღიმის).
- მოთმინების კარგი უნარი გქონია, ამდენ ხანს ასეთ ხელფასზე რომ მუშაობდი...
- მე ამას უფრო ენთუზიაზმს დავარქმევდი, რადგან ქორეოგრაფია ჩემი მეორე პროფესიაა, რომელიც ცოტა მიჩქმალულია. მსახიობობა უფრო აქტუალურია, არადა, ცეკვისგან შორს ყოფნაც არ მინდოდა. რადგან ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან წამოვედი, ვეღარ ვიცეკვებდი, ამიტომ სულ რომ არ დამეკარგა ამ სფეროსთან შეხება, ყველაზე კარგი საშუალება სხვებისთვის სწავლება იყო. ჩემი აზრით, კარგია, როცა ადამიანს ერთი კი არა, რამდენიმე პროფესია აქვს.
- როდესაც საქმეს გთავაზობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ანაზღაურება?
- გააჩნია სიტუაციას, შეიძლება, პროექტმა იმდენად მომხიბლოს, რომ თანხას ყურადღება არ მივაქციო. საერთოდ, ძალიან მიჭირს ფინანსურ მხარეზე ლაპარაკი, მირჩევნია, თვითონ მითხრან, რამდენს გადამიხდიან, ვიდრე მკითხონ, რამდენად წამოხვალო. მე ხომ არ ვიცი მათი მდგომარეობა, სიტუაცია, იქნებ, ისე უჭირს ადამიანს, რომ სულ უფასოდ წავიდე მასთან, ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის მაინც აქვს პროექტს. ამის შემდეგ ვფიქრობ თანხაზე, თუმცაღა ეს საარსებოდ ძალიან მნიშვნელოვანია.
- მაკა, რამდენად იღბლიანი ხარ?
- გააჩნია, იღბალს რას დავარქმევთ.ლატარიაში არასდროს არაფერი მომიგია, თუ მარტო ესაა იღბალი, მაშინ არ ვარ, მაგრამ სხვა კუთხით თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ ვიტყვი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან ცხოვრებაში ბევრ რამეში გამიმართლა, ასევე პროფესიაშიც.
- რაც შეეხება ფინანსურად კრიზისულ პერიოდს, ასეთ დროს ვის მიმართავ დასახმარებლად?
- ამასთან დაკავშირებით ერთ ქართულ ანდაზას გეტყვით, ''საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო'' ... მე მახსოვს ძალიან ცუდი და მძიმე პერიოდი, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, ოჯახი ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ეს ტვირთი დიდად არ დამწოლია. ყოველთვის გვერდით მყავდა დედა და, ღვთის წყალობით, ისე ძალიან არ გაგვჭირვებია, რომ ლუკმაპურის ფული არ გვქონოდეს ოჯახში. სულ რაღაც ხდებოდა დედაჩემის გარშემო და ყველაზე ცუდი პერიოდები როცა დაგვემთხვა, დედა ყოველთვის აქტიური იყო და ყველაფერს უზრუნველყოფდა, ამიტომ დიდი გაჭირვება არ გვიგრძნია. შვილი მშიერი არასდროს დამრჩენია, თუმცა ასეთ დროს მის უზრუნველსაყოფად ალბათ ყველანაირ ხერხს მივმართავ.
- დასასრულ გვითხარი, ბანკთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ძალიან კარგი. კრედიტი არასდროს გამომიტანია, ვყოფილვარ სხვისი დამხმარე ამ საკითხში, მაგრამ ჩემთვის არაფერი გამომიტანია. ამ ბოლო დროს გადავწყვიტეთ, ნუცის სწავლისთვის ფული შევაგროვოთ, რადგან აბიტურიენტობა დიდ თანხებს უკაკუნებს, გავხსენი ანაბარი და როცა მაქვს საჭირო თანხა, ვამატებ და ვაგროვებ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაო
კარგი გოგოა ტინააა..დდდ
13:05 / 05-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
რეალისტს - მე არ ვარ ცნობილი, მაგრამ ჩემი პირველი ხელფასი 20 ლარი იყო და ბანკთან მეც არ მაქვს პრობლემები. თუ ადამიანი არაა ასეთი, მოიგონოს? :)
15:03 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
ხო განსხვავებული, მაგალითად ჩემნაირი, ზოგჯერ უსერიოზულესი ზოგჯერ უგიჟესი და მთელი თავისი ხელფასისი ბანკში გადამხდელი,ისე არ მეგონა თუ არსებობდა ადამიანი ბანკის ვალის გარეშე
14:29 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ეს გოგო რამ გააყოლა იმ რიჟა,მელოთ და უფეროთვალებიან მახინჯს,გვარად ჩახუნაშვულს,ფუუუუ....
12:32 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რეალისტი
რა ერთნაირი რესპოდენტები გყავთ სულ ამ რუბრიკაში. არავის არ უყვარს ვალი როცა აქვთ და ისტერიკაში ვარდებიან 10 თეთრზეც. ბანკთან არასდროს არავის პრობლემები არ ქონია, არავის არ უყვარს შოპინგი, ყველამ მუშაობა 12 ლარით დაიწყო.... ოოოო ბოჯეეე იყავით ცოტათი მაინც განსხვავებულები ან ჟურნალისტებმა მაინც ეცადეთ რომ მრავალფეროვანი რესპდენტები გყავდეთ
11:08 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS