23 ნოემბერი, 2013
როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს
თუ მუსიკოსი ხარ, პარალელურად სხვა რამეს ვერ შეუთავსებ, მუსიკას ან თავი უნდა შესწირო და ბოლომდე იყო მასში, ან თავი დაანებო ''ბოლნისელი კოვბოი'' - ასე იცნობდა ''ნიჭიერის'' მონაწილე შოთა ადამაშვილს მაყურებელი, სანამ ''ახალ ხმაში'' მიიღებდა მონაწილეობას. 25 წლის, პროფესიით ჟურნალისტი მუსიკოსის ხმამ ბრმა კასტინგზე ნამდვილი ომი გამოიწვია. მაია დარსმელიძე ხარაკირით იმუქრებოდა, მაგრამ შოთა მაინც დათო ფორჩხიძის გუნდში წავიდა. რინგზე გიორგი მახარაშვილი დაამარცხა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ფინალისკენ.

- შოთა, მწვრთნელებმა შენ გამო ერთმანეთს, ფაქტობრივად, ომი
გამოუცხადეს, ამას ელოდი?
- არა, რა თქმა უნდა. მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ლიმიტი. ამ პროექტში სულ სხვა მიზნით შევედი, მინდოდა დავხვეწილიყავი და ასეც ხდება. ახალ-ახალ ხასიათში გამოვდივარ, სხვადასხვა რეპერტუარს ვერგები. აქამდე ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ქანთრიში. ასეთი კონკურსი წინ წამწევს, როგორც მუსიკოსს.
- ყველა ამბობდა, რომ შენ მაიას გუნდის წევრი უნდა ყოფილიყავი, მის სტილში, მის მუსიკალურ გემოვნებაში ჯდებოდი...
- ეს არ არის მთავარი. უფრო საინტერესოა, როცა ჟანრობრივად შენი მუსიკისგან განსხვავებული ადამიანი გამოთქვამს ინტერესს შენ მიმართ. რა გითხრათ, გულმა დათოსკენ გამიწია და დღემდე ბედნიერი ვარ მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო ნომრები გვაჩვენეს სხვა მწვრთნელებმაც.
- მას მერე შეხვედრიხარ მაიას, გულდაწყვეტილია?
- კი, შევხვედრივარ. არ ვიცი, რამდენად გულდაწყვეტილია. მშვენიერი კონკურსანტები ჰყავს გუნდში. მე სამყაროს ცენტრი არ ვარ. მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთი ინტერესი გამოიჩინა ჩემ მიმართ და დღემდე მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.
- საკმაოდ ძლიერ კონკურენტთან იმღერე რინგზე, როგორ შეაფასებ გიორგი მახარაშვილის შესაძლებლობებს?
- გიორგიზე არაფრით მეტი არ ვარ, ბევრ რამეში მჯობია კიდეც, ჩემზე უფრო სუფთა მომღერალია. ეს გამოჩნდა კიდეც რინგზე, ორივემ ერთად ეფექტი მოვახდინეთ.
- მაშ, რატომ აგირჩია დათომ შენ?
- ალბათ ჩათვალა, რომ იმ მომენტში მე უფრო მჭირდებოდა დათო ფორჩხიძე. მე დათოსთან სასწავლად ვარ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.
- სიმღერის სწავლა როდის დაიწყე?
- 19 წლის ასაკში, როცა ჯერ კიდევ ჩემთვის ვღიღინებდი. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ლექციებზე მუსიკოსების პრეზენტაციებს ვაწყობდი, მუსიკალურადაც ვაფორმებდი და თითოეული შემსრულებლის კომპოზიციას ვასრულებდი. აქედან გამიჩნდა ნელ-ნელა ინტერესი. მაშინ უბრალოდ ვაჩხაკუნებდი გიტარაზე. აკორდების რვეულით დავიწყე სწავლა. მერე, როცა გადავიჭერი მუსიკაში და ბაკალავრის ხარისხი მივიღე, იყო ასეთი ბლუზმენი, თემო ღრუბელაძე, მასთან დავდიოდი. ბევრი ცოდნა მომცა.
- ბოლნისელი კოვბოის სახელით გიცნობს ''ნიჭიერის'' მაყურებელი, ცხენით მიხვედი ფილარმონიაში...
- ეს იყო შეფუთული ვესტერნული სკეტჩი. ახლა რომ ვუყურებ იმ ვიდეოს, ცოტა მეცინება, მაგრამ სახალისო იყო. მოკლე თმა მქონდა, იმიტომ რომ ჯარს ვიხდიდი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვმსახურობდი. ამიტომ არც წვერი მქონდა და არც თმა. ''ნიჭიერშიც'' გამოცდილებისა და თავის გაპიარებისთვის მივედი. მაგრამ მაშინ არ ვიყავი იმ დონეზე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ცხენით ფილარმონიაში მისვლა ძალიან სასაცილო იყო. გვერდზე შავებში ჩაცმული ბიჭები იდგნენ, რომლებიც ჩემკენ იშვერდნენ ხელს, ეს ვინ არის, რატომ აცვია ასეო. მეორე ტურში გადამიყვანეს, მაგრამ ქანთრი საქართველოში პოპულარული არ არის, შესაბამისად, არც კომერციული. ევროპაშიც პატარა ნიშა უკავია. ამერიკაში ერთ-ერთი პოპულარული ჟანრია. არ გამკვირვებია წარუმატებლობა.
- უფრო კომერციულ ჟანრზე არასდროს გიფიქრია?
- საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის და ზოგადად ბევრი რამის კრიზისია. გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ფული არ არის, მარტივი მიზეზია... ჩვენთან ჯერჯერობით საქეიფო სიმღერები დომინირებს. ეს ყველამ იცის. ამას ლოგიკური ახსნა აქვს, ასეთია ხალხის მოთხოვნა. მე ჩემი გზა მაქვს, საქეიფო სიმღერას ვერ ვიმღერებ, არ ჯდება ჩემს გემოვნებაში.
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრე. გიმუშავია ამ სფეროში?
- სპორტულ რადიოში ვმუშაობდი, საინფორმაციო სააგენტოებში, მაგრამ მალევე ჩამითრია მუსიკამ. მყავდა ბენდი ''ისთერნ ვესტი'' . ერთი წელი ვარსებობდით და მერე მატერიალური ფაქტორების გამო ვერ გავქაჩეთ. არ გვქონდა გასაქანი, ბარებშიც ვერ ვუკრავდით... თუ მუსიკოსი ხარ, პარალელურად სხვა რამეს ვერ შეუთავსებ, მუსიკას ან თავი უნდა შესწირო და ბოლომდე იყო მასში, ან თავი დაანებოო.
- შენ გადაწყვიტე შეეწირო?
- ძალიან მინდა შევეწირო და იმედია, დამიფასდება.
- მგონი, გიფასდება, შენ მუსიკით შოულობ ფულს. როდის დაიწყე ანდეგრაუნდში სიმღერა?
- 19 წლის ვიყავი, მამიდაჩემისგან ვითხოვე გიტარა, მოვიკიდე და წავედი. მარტო ვიყავი, პირველივე დღეს მომცეს ხურდა. საქართველოში ქუჩის მუსიკა ახალი ხილი არ არის, მაგრამ ბევრნიც არ ვართ ქუჩის მუსიკოსები. ქუჩებიც ისეა მოწყობილი, მარტო მიწისქვეშა გადასასვლელში შეგიძლია დაუკრა. სხვაგან ყველგან ხმაურია... არის ის მომენტი, როცა უნდა დაძლიო კომპლექსი, რომ ვიღაცამ, როგორც მოწყალების მთხოვნელს, ისე არ შემოგხედოს. მაშინვე ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი შრომა მუსიკოსისთვის. პირველივე დღეს პოზიტივი მივიღე და იმაზე მეტი ხურდა, ვიდრე იმ მომენტისთვის ვიმსახურებდი. ახალი ნასწავლი, ძალიან ცუდად დაკრული სიმღერებით და მაშინდელი ჩემი ძალიან ვიწრო დიაპაზონით მივიპყარი საზოგადოების ყურადღება და ამით ბედნიერი ვიყავი.
- გამორჩეული მართლაც ხარ, ხმის ტემბრით, ჩაცმის სტილით. ქუჩაში დღემდე გაკვირდებიან?
- ადრე შავებში ჩაცმულ ბიჭებს ჩემი ღია ფერებში ჩაცმულობა ეუცხოვებოდათ. ამის გამო ერთხელ ფიზიკურადაც კი გამისწორდნენ. არ ვიცი, ალბათ არ მოეწონათ, მათსავით რომ არ მეცვა. ზოგს ჩემი გრძელი თმა აღიზიანებს, ზოგს ის, რომ შავები არ მაცვია, ზოგს ის, რომ ქართულს არ ვუკრავ. კეთილგანწყობილებიც მხვდებიან, დღეს განსაკუთრებით. მცნობენ და ეს მახარებს. მგონი, იცვლება დამოკიდებულება გამორჩეული ადამიანების მიმართ. ერთმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა, გრძელი თმის კი არა, განსხვავებული ჩაცმულობის გამო არ მოსწონხარ სხვებსო. ალბათ შეიცვლება ესეც, მძიმე წლები აქვს გამოვლილი ამ ქვეყანას და ჩემი განსასჯელი არ არის ხალხის დამოკიდებულება.
- ნუკრი მენთეშაშვილს გადარებენ, ეს რატომ გაბრაზებს?
- არ მაბრაზებს, უბრალოდ მეცინება. არც ნუკრის არ გაუხარდება ჩვენი შედარება. ვიცნობ ნუკრის, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ''ახალ ხმაში'' გამოვიდოდა. ის სხვა ხასიათის მომღერალია, როკსამყაროს წარმომადგენელია, მე სხვაგან ვარ - ქანთრი ვესტერნში. შეიძლება, ცოტა ჰიპური გარეგნობა მაქვს ახლა, მაგრამ... ეს მსგავსება შეცდომაა, ასე მგონია.
- შენი მშობლები როგორ უყურებენ შენს მუსიკოსობას, იმას, რომ პროფესია მიატოვე?
- ჩემი მშობლები იტალიაში ცხოვრობენ, იქ მუშაობენ, შედარებით ნორმალურ ანაზღაურებაზე, თავიდანაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა მეცადა ჟურნალისტობა, მაგრამ მუსიკასთან პარალელური რეჟიმები არ არსებობს. ამავე დროს კმაყოფილნი არიან ჩემი გამოსვლებით. მათ თავიდანვე სჯეროდათ ჩემი. თუ რამ კარგი მიმიღია ცხოვრებაში და ინტელექტუალური შემიძენია, ამაში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით. ადამიანის გემოვნება ოჯახში ყალიბდება. ვეცდები, გავუმართლო იმედები, ისინი ამას იმსახურებენ.
- ქართველ რეპერებს თუ იცნობ?
- არა. როკერებთან უფრო მაქვს ურთიერთობა. ვუსმენ ლადო ბურდულს, ირაკლი ჩარკვიანი მომწონს, ასევე ''ვაკის პარკი'' .
- რომანტიკული ხარ?
- (იცინის) ქანთრის მომღერალი, რომელსაც სტეპებში ბოდიალი და ლიანდაგებზე სიარული უყვარს, არ შეიძლება, რომანტიკული არ იყოს. ამჯერად მარტო ვარ. 25 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოვასწარი სიყვარული და ის გრძნობები შთაგონების წყაროდ გამოდგება (იღიმება). ქანთრის თემები რა არის? დადარდიანებული ვარ და ვსვამ, დღეს ვმუშაობ ყანაში, გუშინ ჩემმა ქალმა მიმატოვა...
- შენც მიგატოვა ვინმემ?
- რა თქმა უნდა. ქანთრიმენი თუ არ მიატოვეს, ისე ქანთრიმენი ვერ იქნება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
...
შოთა ულევ სიხარულს გისურვებ ცხოვრებაში.
19:54 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
შოთა, შენ პირველ რიგში კარგი ადამიანი ხარ. არ ხარ დაკომპლექსებული ზოგიერთი ახალგაზრდასავით. ღმერთს შენთვის მუსიკის ნიჭი მოუცია და შენი შრომით ბევრ წარმატებას მიაღწევ.
18:16 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
საინტერესო და განსხვავებული ადამიანია იმიტომ არ მოსწონს ზოგიერთებს რომ არ იციან რა უნდა მოსწონდეთ და რა არა.
17:19 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გრი
ძალიან გონიერი და მომხიბვლავი ტიპია. არაორდინალური და მოაზროვნე. მოკლედ, პიროვნებაა.
13:23 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
საინტერესო ბიჭია, წარმატებები
02:03 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS