13 ნოემბერი, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილს ვალი არასდროს ჰქონია
არ მჯერა, რომ ქალს თავის მოვლა უნდოდეს და ამის საშუალება ვერ გამონახოს, უფრო დასაჯერებელია, ამას დროის დეფიციტის გამო ვერ ახერხებდეს მოდელი და ''რუსთავი 2'' -ის დილის გადაცემის წამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ძალიან აზარტული ადამიანი ყოფილა. მართალია, ლას-ვეგასში ყოფნისას შეძლო, არც ერთ სათამაშო აპარატს არ გაჰკარებოდა, მაგრამ ლატარიაში თითქმის ყოველდღე მინიმუმ 20 დოლარს იგებდა. გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს მოდელ რესპონდენტს სამოსის ყიდვა და მოზომება საშინლად არ უყვარს, სამაგიეროდ, გიჟდება თავის მოვლის საშუალებებსა და ტკბილეულზე.

-
მართლა ძალიან მხარჯველი ვარ. როცა მეგობრები ერთად ვართ, ყოველთვის ვცდილობ, გავიბრძოლო და რაც გადასახდელია, მე ავიღო საკუთარ თავზე. გარდა ამისა, მიყვარს საჩუქრების გაკეთებაც. მოკლედ, როცა ფული მაქვს, არ ვიჩერებ, შეიძლება, ეს ცუდიცაა, მაგრამ რა ვქნა, ასე ვარ... სულ მეუბნებიან, ყოველი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადაინახეო, მაგრამ ვერასდროს ვერ ვახერხებ.
- რა ასაკიდან გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი?
- 14 წლის ვიყავი, პირველად რომ მივიღე ჩვენებაში მონაწილეობა და იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა, 100 დოლარი გადამიხადეს. იქიდან მოყოლებული, ჩემი ფული ყოველთვის მაქვს, მაგრამ იმას მაინც ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი ვარ, მშობლები მეხმარებიან ხოლმე. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, არ მაქვს მოსაგვარებელი კომუნალური გადასახადების საკითხი და ა.შ. ფინანსურად კრიზისული პერიოდი არ მქონია, მაგრამ თუ ვხვდები, იმდენი ფული არ მაქვს, რაც ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, შემიძლია, გამოვიჩინო საქმე, რომელიც შემოსავალს მომიტანს.
- მშობლებისთვის ფულის თხოვნა ხომ არ გერიდება?
- გარკვეულწილად კი, მაგრამ ჩვენ იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ამ მხრივ პრობლემას არ მიქმნიან და თუ ვთხოვ, მაძლევენ. ისე, ზოგადად ფული არასდროს მისესხია მეგობრისგანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთზე უკეთესი მეგობრები მყავს და რომ ვუთხრა, ჩემი გულისთვის თავს გადადებენ. მე როცა მაქვს ფული და ჩემს მეგობარს სჭირდება, ყოველთვის ვუმართავ ხელს.
- ფულთან მიმართებით სხვადასხვაგვარი ცრურწმენა არსებობს, რომელიმეს ხომ არ იცავ?
- არა, საერთოდ, ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რომ იმ შემთხვევაში ნამდვილად დავიჯერე. ზოგადად, თმა მეზრდება უსწრაფესად, მითხრეს, არ შეიჭრა ნაკლულ მთვარეზეო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, იტალიაში წასვლამდე შევიჭერი... ის იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა მართლა ძალიან დიდხანს არ გამეზარდა თმა, ამ მაგალითით კი მივხვდი, რომ ეს ცრურწმენა გარკვეულწილად მართლდება.
- რაში შეგიძლია ბოლო კაპიკების გადახდა?
- კრემებსა და თავის მოვლის საშუალებებში, არ მჭირდება, მაგრამ რაც ახალი გამოდის, ვიძენ. რამე ახალი კრემი, შამპუნი თუ შემოდის, მე ვარ გამსაღებელი, არადა, საერთოდ არ მიტაცებს შოპინგი. მიყვარს ახალი სამოსის მორგება, ოღონდ მაღაზიებში შესვლას და მოზომებას ვერ ვიტან, თუ მივდივარ საყიდლად, გასინჯვის გარეშე მომაქვს, მერე ხან დიდია და ხან პატარა (იღიმის). მართალია, დედაჩემს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ თუ ერთი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, მაშინვე საყიდლებზე გაყოლას ვთხოვ, მან იცის ჩემი სტილი, ზომა და საქმეს მიმარტივებს. ეტყობა, მოდელობიდან გამომდინარეა, რომ გახდა-ჩაცმის ნერვები აღარ მაქვს. ქალებს ხომ აქვთ შოპინგოთერაპია სამოსთან დაკავშირებით, მე მიყვარს კრემების, თავის მოვლის საშუალებებისა ან ტკბილეულის ყიდვა, ამ მხრივ შეიძლება ისეთი შოპინგი მოვიწყო, რომ უამრავი შოკოლადით დავბრუნდე შინ. ღმერთმა გადამარჩინა, რომ ჩემს სხეულზე არ აისახება ტკბილეულთან ჩემი დამოკიდებულება, რაც კი რამე კაცური საჭმელია, ყველაფერი მიყვარს, საშინლად მსუნაგი ადამიანი ვარ (იღიმის).
- ყველა ქალმა იცის, რომ თავის მოვლა ფინანსებს ითხოვს.
- ჩემი აზრით, ვისაც თავის მოვლა უნდა, ამას ცარიელი ხელითაც შეძლებს, ყოველგვარი ფინანსების გარეშე. მინახავს ქალები, რომლებიც შესაშურად უვლიან თავს საკუთარი ძალებით, სახლში დამზადებული კრემებით, მაწვნით, არაჟნით და ა.შ. მთავარია სურვილი. პირადად მე სახლში მიდევს როგორც შინაურულად დამზადებული ნიღბები, ასევე ჩემი ხელფასით ნაყიდიც. არ მჯერა, რომ ქალს თავის მოვლა უნდოდეს და ამის საშუალება ვერ გამონახოს, უფრო დასაჯერებელია, ამას დროის დეფიციტის გამო ვერ ახერხებდეს.
- საქმის შემოთავაზების შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია ანაზღაურება?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვისთან ვმუშაობ. ყოფილა შემთხვევა, როცა არც მიფიქრია თანხაზე და ძალიან ქართულად მოვქცეულვარ, არ დავლაპარაკებივარ ამ საკითხზე და სულ მთლიანად დამსაქმებლისთვის მიმნდვია ანაზღაურების საქმე. ზოგადად, მერიდება ფინანსებზე ლაპარაკი, მაგრამ თუ უცხოელებთან მუშაობ, იქ ყველაფერი კონტრაქტითაა გაწერილი და მე არც მიწევს ამ საკითხის განხილვა, ყველაფერი დალაგებულია.
- მოდელები ხშირად ამბობენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით მათი საქმე მომგებიანი არ არის.
- კი, ნამდვილად ასეა, რადგან ბაზარი პატარაა, აქ არ არის დიდი ფაბრიკები, სადაც შეიკერება სამოსი და დიზაინერები გააკეთებენ ჩვენებებს, ამის ფონზე კი რაც არის - ნორმალურია, მაგრამ ყველა პროფესიაშია ადამიანი, რომელიც შედარებით მეტს ან ნაკლებს იღებს, ან იმდენს, რამდენსაც იმსახურებს. საქმეს როგორც დააყენებ, ისე გადაგიხდიან, თან ეს იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ გაფასებენ, როგორი იმიჯი გაქვს, ზოგმა შეიძლება თვითონვე შემოგთავაზოს იმდენი, რამდენსაც შენ არ მოითხოვდი.
- რაც შეეხება აზარტულობას, რამდენად აზარტული ხარ?
- ძალიან აზარტული ვარ, საშინლად. თვე-ნახევარი ვცხოვრობდი ლას-ვეგასში, სადაც ყველა ნაბიჯზე სხვადასხვაგვარი სათამაშო აპარატი მხვდებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ვებრძოლე საკუთარ თავს, რომ არ მეთამაშა, თორემ ვიცოდი, შევყვებოდი.
- არც ლატარია გითამაშია არასდროს?
- საქართველოში არა, მაგრამ ამერიკაში კი, იქ ხალხი ლატარიით ცხოვრობს, მე და ჩემი მეგობარიც მაღაზიაში ვყიდულობდით ბილეთს და მოგების გარეშე არ გამოვდიოდით, მინიმუმ 20-50-100 დოლარს ვიგებდით. მეხუთე ავენიუზე იყო ერთი მაღაზია, სადაც თითქმის ყოველთვის 100 დოლარს ვიგებდით, 5 დოლარი ღირდა ბილეთი და არ არსებობდა, რამე არ მოგეგო, ან კიდევ 5 ბილეთს მოიგებდი, საიდანაც საჩუქრის გარეშე არ დარჩებოდი და ა.შ. ისე მივეჯაჭვეთ ამ ლატარიას, რომ ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდით სახლიდან.
- რაც შეეხება საფულეს, რა დატვირთვას ანიჭებ ამ აქსესუარს?
- ათასნაირი საფულე მქონია, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვეგუებოდი, დღის განმავლობაში მილიონს ვიცვლიდი, ან კიდევ ჯიბეში ვინახავდი ფულს, მაგრამ ორი წლის წინ ჩემმა მეგობარმა იყიდა საფულე და ჩიკაგოდან გამომიგზავნა, ისე მოვირგე ეს საფულე, რომ მას შემდეგ სულ ის მიჭირავს, თან საკმაოდ დიდია, სტანდარტულ საფულეს არ ჰგავს და ძალიან მომწონს, ასე მგონია, სულ ამას ვიხმარ და სხვას აღარაფერს დავიჭერ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
amigo
რა მეტყველება ამას აქვს,ამინდის პროგნოზში რო კითხულობს ყველა სიტყვაში შეცდომას უშვებს,ეტყობა ვიღაც მაგარი ოროსანია ამის მეტყველება რო მოწონს და რაც შეეხება ტანას მაგაში ვეთანხმები მაგარია,მოხერხებული გოგო იქნება საქმეში
12:58 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კობულეთი.
კაი გოგოა. ზაან განვითარებული მეტკველების უნარით.
09:59 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS