01 ნოემბერი, 2013
როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი
გვერდით ყოველთვის მომხიბვლელი და სექსუალური პარტნიორები მყავდა. სულ ყურადღების ცენტრში რომ არიან, ისეთები. მიჩვეული ვარ ამ ფუფუნებას ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' შარშანდელი სეზონი რუსკა მაყაშვილმა და ოთო ფოლადაშვილმა მოიგეს. წელს ოთოს უკრაინელი ლამაზმანი, მამით ქართველი, იულია ქავთარაძე მიუწყვლეს. იულიას უკრაინულ შოუბიზნესში თამამი, გამომწვევი სამოსითა და პიკანტური მუსიკალური კლიპებით იცნობენ. იმის გამო, რომ მომღერალი საქართველოდან 6 წლის ასაკში წავიდა, ქართულის სწავლა ხელახლა უწევს. როგორ ურთიერთობს წყვილი, რა გეგმები აქვს მომღერალს პროექტის დამთავრების შემდეგ და რა შემთხვევაში დარჩება ის
საქართველოში, იულია თავად გიამბობთ.

- იულია, შენი ბავშვობიდან მინდა დავიწყოთ, სად გაიცნეს შენმა მშობლებმა ერთმანეთი?
- ჩემი მშობლები კიევში შეხვდნენ ერთმანეთს. დედა უკრაინელი იყო. მამა სწავლობდა იქ, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ცხრამეტი წლისანი. უკრაინაშივე დაოჯახდნენ და ორი წლის თავზე გავჩნდი მე. 6 წლამდე საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ვიზრდებოდი, ზღაპარივით იყო ეს წლები ჩემთვის. დღემდე მაქვს ბავშვობის ნოსტალგია.
- როდის წავიდა მამა თქვენგან?
- როცა 16 წლის ვიყავი. ცხოვრებამ აიძულა, წასულიყო საქართველოში. წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
- როდის ჰკითხე დედას, სად იყო მამა?
- არასდროს მიკითხავს. ვიცოდი, რომ მამა მაინც ჩვენთან იყო და იქნება სულ. დედასგან მამაზე არასდროს მსმენია რაიმე ცუდი. არასდროს უთქვამს, წავიდა, მიგვატოვა, გაქრა და მსგავსი ფრაზები. უბრალოდ, ასე მოხდა, ასე მოიტანა ცხოვრებამ. არასდროს მქონია იმის განცდა, რომ დანგრეული ოჯახის შვილი ვიყავი, ეს დიდწილად ჩემი მშობლების დამსახურებაა.
- გირეკავდათ მამა, გქონდათ ურთიერთობა?
- პირველი სამი წელი რეკავდა, გვკითხულობდა. შემდეგ მამამ ბინა შეიცვალა. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენთანაც სატელეფონო კოდის პირველი ციფრი შეიცვალა და შესაბამისად, კონტაქტი დავკარგეთ. დღეს ამ ყველაფრის გაგება იოლია, არსებობს სოციალური ქსელები და კომუნიკაციაც გაადვილდა. მაშინ რთული იყო ადამიანის პოვნა. 7 წლის განმავლობაში ერთმანეთს ვეღარ ვეკონტაქტებოდით. მამაც გვეძებდა და ჩვენც - უშედეგოდ.
- რთული არ იყო უმამობა?
- უმამოდ არ გავზრდილვარ. ის ყოველთვის იყო ჩემთან, მაშინაც, როცა ფიზიკურად არ იყო. ბავშვობაში ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა ყველაფერზე. არასდროს მიყვიროდნენ, არასდროს მეჩხუბებოდნენ და არასდროს მსჯიდნენ მშობლები. თუ რამე ისე არ იყო, მამა ყოველთვის მიხსნიდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ისეთ თემებზეც კი მელაპარაკებოდა, რაც მაშინ ჩემთვის ჯერ ადრე იყო. ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. როცა რამე არ მესმოდა, მეუბნებოდა, არა უშავს, გაიზრდები და გაიგებო. ერთ ფრაზას მიმეორებდა გამუდმებით, - ყველაფერი შენით გააკეთეო.
- როდის გაიგე, რომ მამას ცხოვრებაში სხვა ქალი, მეორე ოჯახი გაჩნდა?
- დედა მიყვებოდა, რომ მე მყავდა ნახევარძმა მამის მხრიდან. ამის გამო არანაირი პროტესტი არ გამჩენია. პირიქით, მიხაროდა, რომ ჩემი უმცროსი ძმა სადღაც საქართველოში ცხოვრობდა.
- ახლა შენი ძმა რამდენი წლის არის?
- 20-ის. ძალიან მინდოდა მისი პოვნა. როგორც აღმოჩნდა, მასაც დედამისი ჩემ შესახებ უამბობდა და ისიც მეძებდა. ელოდებოდა, როდის გახდებოდა ზრდასრული, რომ ჩამოსულიყო უკრაინაში და ვეპოვე. სწორედ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სოციალური ქსელი ''ოდნოკლასნიკი'' . ამ საიტის დახმარებით ვიპოვე ჩემი ძმა, ბონდო. ჩავწერე გვარი ქავთარაძე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ინტერნეტში ამდენი ქავთარაძე ვნახე. კიევში ერთი ვიყავი ამ გვარის (იცინის). კარგად მახსოვს ის ღამე, ვიჯექი და ვეძებდი, ვათვალიერებდი ყველა მათგანს. მეთორმეტე გვერდზე აღმოვაჩინე. მისი ფოტო რომ დავინახე, რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს ის იყო. ძალიან ჰგავს მამას. დედას დავუძახე, მგონი, ვიპოვე-მეთქი. ერთად დავათვალიერეთ. რომ დავრწმუნდით, ის იყო, წერილი მივწერე, რომ მე მისი და ვარ, უკრაინაში ვცხოვრობ და მინდა მისი გაცნობა. პასუხი მალე მივიღე. მწერდა, რომ იცოდა ჩემ შესახებ, რომ დედამისი უყვებოდა და ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა. იმ პერიოდში ვმუშაობდი ჯგუფში ''ნიკიტა'' . ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, გასტროლები, რეპეტიციები. საბედნიეროდ, დაემთხვა ზაფხული, ორკვირიანი შვებულება და გამოვფრინდი ბათუმში. აეროპორტში დამხვდა ყველა: მამა, ბიძა, დეიდა, ბონდო დედასთან, ქეთისთან ერთად. ეს ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
- დედაც შენთან ერთად ჩამოფრინდა?
- დედა მეორე ჩამოსვლაზე გამომყვა. პირველად მარტო ჩამოვფრინდი. მამა ისეთი ბედნიერი იყო, რომ იტირა. პირველად ვნახე მაშინ მამაჩემი ამ მდგომარეობაში. ეს სიხარულის ცრემლები იყო.
- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ დედას და მამაშენის მეორე ცოლს?
- ძალიან კარგი. მამას რომ იცნობდეთ, მიხვდებოდით, რომ მის გარშემო არანაირი კონფლიქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მამას ისეთ ჭკვიან ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა, ნეგატიური არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მეტიც, ბონდოს დედა, ქეთი, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ყოველ ჩვენს გამოსვლას უყურებს და გვგულშემატკივრობს. გამუდმებით მწერს, რომ ჩემ გვერდით არის და ყველა მისი მეგობარი მგულშემატკივრობს. როცა ბათუმში ჩავდივარ, ის პირველი მხვდება, მეუბნება, რომ ყველაფერი გადავდო და ჯერ მასთან წავიდე. მერე ვსხდებით, ვსვამთ ყავას და ვსაუბრობთ ყველაფერზე.
- ოთო, შენი ოჯახური ამბებიც გვიამბე.
- მე ერთი დედა და ერთი მამა მყავს (იღიმება), უფროსი და - თამუნა, გათხოვილია. ჩემი დისშვილები, ნუციკო და დათი, ყველას მირჩევნია, ვგიჟდები მათზე.
- იულია, რა პროფესიის არიან შენი მშობლები?
- დედა ხელოვანი იყო, ბევრ რამეს აკეთებდა ერთად, როგორც მე (იღიმება) და ყველაფერი ხელოვნებას უკავშირდებოდა. ბავშვობაში ბალერინა გახლდათ. ალბათ ამიტომაც შემიყვანა პატარა ასაკში მხატვრულ ტანვარჯიშზე. მამას რაც შეეხება, ის ქართველია, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გახსნილი, ყველაზე კეთილი გულით.
- ქართველი პროფესიაა შენთვის?
- კი, მამას შემთხვევაში ნამდვილად ასეა (იცინის).
- ოთო, გამოდის ერთი პროფესია შენ უკვე გქონია, - ''გრუზინ'' .
- ჰო, გამოდის, რომ პროფესიით ვარ: ''გრუზინ'' , მოცეკვავე და კიდევ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სხვათა შორის, 70 %-იანი დაფინანსებით.
- მოცეკვავე და გეოლოგი?
- დედაჩემი ქიმიკოსია. ქიმია ძალიან კარგად ვიცი. ეროვნულ გამოცდებზე, სადაც მეოთხე საგნად ქიმია ბარდებოდა, ნავთობი და გაზი ავირჩიე.
- სამედიცინო ფაკულტეტზეც ბარდება ქიმია.
- ჩემმა დამ ჩააბარა სამედიცინოზე 100%-იანი გრანტით. ვნახე, რამდენი შრომა და დრო სჭირდება ამ პროფესიის შესწავლას და სურვილი არ გამჩენია.
- იულია, შენ რა პროფესიის ხარ?
- თავიდან ბანკირის პროფესია ავირჩიე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მე მხოლოდ ფულის დათვლა შემიძლია. მერე სამხატვრო ინსტიტუტი დავამთავრე დიზაინის განხრით. ახლა ვმღერი, ვცეკვავ, რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს.
- როგორი პარტნიორია ოთო?
- ძალიან კარგი, პროფესიონალი, მომთმენი, სამართლიანი. ცდილობს ამიხსნას, მასწავლოს... ძალიან მეხმარება. მომთხოვნიც არის და ეს კარგია.
- არ ჩხუბობთ?
- ზოგჯერ. ისიც მეჩხუბება, მეც ვეჩხუბები, მაქებს, მეც ვაქებ. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნორმალური პროცესია.
ოთო:
- ჯერ ერთმანეთი არ დაგვიჭამია, არც გავბუტულვართ. სხვათა შორის, ადვილად ითვისებს.
იულია:
- ოთო არამხოლოდ კარგი მოცეკვავეა, ის შესანიშნავი მსახიობია და ამას ყველა ამჩნევს და აღნიშნავს.
- იულია, რთულია სამეჯლისო ცეკვები?
- რა თქმა უნდა. ასეთი ცეკვები არასდროს შემისრულებია. მე მხატვრული ტანმოვარჯიშე ვარ და ამას არავითარი საერთო არ აქვს სამეჯლისო ცეკვებთან. პირიქით, ტანვარჯიში ამ სიტუაციაში ხელსაც კი მიშლის. რასაც იქ ვარ მიჩვეული, ის აქ პირიქით უნდა გააკეთო.
ოთო:
- ყველას და მათ შორის ჟიურის წევრებსაც ჰგონიათ, რომ იულია მოცეკვავეა. ასე არ არის. იულია ყველაფერს ახლა სწავლობს. მასე ბავშვობაში მეც დავდიოდი კარატეზე და კარატისტი ვარ?!
- ოთო, სრულიად საქართველოს მამრობითი სქესი აღფრთოვანებულია იულიას ფიზიკური მონაცემებით, ხიბლით. როგორ ახერხებ, დღის უმეტესი ნაწილი გაატარო ასეთ ქალთან და გულგრილი იყო მის მიმართ?
- მერე და ვინ თქვა, რომ გულგრილი ვარ? ვინ თქვა, რომ იულიას მიმართ გულგრილი ვარ?
- იულიაზე შეყვარებული ვარო, არ მითხრა ახლა.
- შეყვარებული არა, მაგრამ კარგად ვარ. მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს. სამივე სეზონში ისეთი მეწყვილეები მყავდა, ასევე სრულიად საქართველოს მამრობითი სქესი რომ აღფრთოვანებაში მოჰყავთ. რომელი არ მოგწონთ, ნუკი კოშკელიშვილი, რუსკა მაყაშვილი თუ ჩემი მეწყვილე, ჯულიანა ბარ-გნარი?! გვერდით ყოველთვის მომხიბვლელი და სექსუალური პარტნიორები მყავდა. სულ ყურადღების ცენტრში რომ არიან, ისეთები. მიჩვეული ვარ ამ ფუფუნებას. მეამაყება, რომ ასეთი ქალი არის ჩემთან, ჩემ გვერდით.
- შეყვარებული ხარ?
- არა.
- იულია, როგორც ვიცი, გათხოვილი ხარ...
- პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. იყო შემთხვევები, როცა რაღაც ვთქვი, მერე ამის პერიფრაზი გააკეთეს და... ძალიან არასასიამოვნო ამბავია. ამის შემდეგ არასდროს ვლაპარაკობ ჩემს პირადზე.
- ჟურნალისტებმა გაგანაწყენეს?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე შოუბიზნესში ვარ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჟურნალისტიც და უბრალო ადამიანიც, რომელმაც ვიღაცას ჩემზე რაღაც შელამაზებულად უამბო და ეს აბსოლუტურად სხვა ისტორია გამოვიდა. ჩემზე ნათქვამს რაღაცნაირად თავად გავუმკლავდები, მაგრამ როცა ჩემს ოჯახს ცუდად ეხებიან, ეს უკვე...
- რამდენი წელია ერთად ხართ?
- არ ვლაპარაკობ ამ თემაზე.
- გოგონა გყავთ, როგორც ვიცი.
- კი, 5 წლის მარგარიტა ქავთარაძე.
- რატომ ქავთარაძე?
- მამაჩემს ძალიან უნდოდა ბიჭი. დედა მიყვებოდა, შენ რომ გაჩნდი, თითქოს გაბრაზებულიც კი იყო, იმდენად, რომ იტირა კიდეცო (იცინის). გვარის გამგრძელებელი უნდოდა ალბათ. ამიტომ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვუთხარი მამას, როცა შვილი მეყოლება, ის აუცილებლად ქავთარაძე იქნება-მეთქი.
- შენს ქმარს ეს ამბავი არ გაუპროტესტებია?
- არა.
- ეს როგორ?
- არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემი შვილი ჩემს გვარზეა.
- ახლა ერთად ხართ, ქმართან ცხოვრობთ?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე.
- ახლა ვისთან ცხოვრობ, ძმასთან?
- არა, ცალკე ვცხოვრობ. ჩემი ძმის ცოლი ფეხმძიმედაა, ფეხმძიმობის პირველი თვეები აქვს და ვფიქრობ, ერთმანეთს ხელს შევუშლით. გვიან ვბრუნდები სახლში ძალიან დაღლილი და ღამეებს ვერ გავათენებინებ.
- როცა დამთავრდება პროექტი, რას აპირებ? ხომ არ დარჩები საქართველოში?
- დიდხნიან გეგმებს არასდროს ვაწყობ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. შეიძლება, პროექტის დამთავრებამდეც დავტოვო საქართველო (იცინის). არა, ვხუმრობ, არსად არ ვაპირებ წასვლას პროექტის ბოლომდე. მოდი, ასე ვთქვათ, პირველად ვარ საქართველოში ჩამოსული საქმისთვის. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია. ვაკვირდები, რა ხდება აქაურ შოუბიზნესში, რეკლამებში, ფილმებში. ვნახოთ, თუ იქნება საინტერესო წინადადება... ჩემთვის აქ საინტერესოა. უკრაინაში უკვე ბევრი რამ ვიცი. დღეს არაფერია იქ ისეთი, რაც მე დამაინტერესებს.
- რა მოგწონს საქართველოში ყველაზე მეტად?
- ჩემთვის საქართველო არის ადგილი, რომელიც ძალიან ლამაზ, ტკბილ და თბილ ბავშვობასთან მაკავშირებს. 6 წლამდე ბათუმში გავიზარდე და ისეთი ზღაპრული წლები გავატარე, თავი პრინცესა მეგონა. როცა კიევში საქართველოზე ვფიქრობ, ყოველთვის კადრებივით ეს მომენტი მახსენდება ხოლმე. Aამიტომ გული მწყდება, რომ დღეს საქართველოში არ არის სტაბილური მდგომარეობა, ყველა პოლიტიკაში მიდის, დაძაბული სიტუაციაა. რაც უფრო დიდხანს ვარ აქ, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. მინდა, საქართველო გაბრწყინებული ვნახო.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
75
ამ გოგონას რომ ვუსმენ ჩემი ძმის ცხოვრებას მაგონებს, თითქოს ყველაფერი ერთი-ერთში მეორდება, თითქოს უკვე გაზრდილი ჩემი ძმიშვილი მელაპარაკება მგონია. ალბათ მომავალში ისიც ჩამოვა და ასეთი სიყვარულით ეყვარება საქართველო, განსაკუთრებით ის მიხარია, რომ მამა ასე უყვარს და თბილად იხსენებს... გენაცვალე იულია! წარმატებებს გისურვებ, ღმერთი გფარავდეს და არასოდე დაგეკარგოს შენი მიწა წყალი, საქართველო სხვანაირი თბილია!
13:04 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS