- ბატონო დავით, უკვე მესამე შვილს ელოდებით...
- რატომღაც ისე მოხდა, რომ ცხოვრების 50 წელი ისე გავიარე, არ ვიცოდი, რა იყო მამობის გრძნობა. ახლა ვხვდები, რომ ამისთვის ყოფილხარ ადამიანი დაბადებული. სამი-ოთხი წლის წინ მეგონა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე, არაფერი აღარ გამაკვირვებდა და შემცვლიდა. ამას მაშინაც ვამბობდი, როდესაც 50 წლის გავხდი, მაგრამ შემდეგ ძალიან მალე გავიცანი ჩემი მეუღლე სოფო. დაოჯახებას მოჰყვა პირველი შვილი, ნოდარიკო, წელიწად-ნახევარში ელენე შეგვეძინა. იანვარში ანდრიას ველოდებით. დღეს ვხვდები, რომ 50 წელი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მიკეთებია და განმიცდია. ოჯახზე დიდი ფასეულობა, ოჯახზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს ცხოვრებაში. როცა მამა გავხდი, უკვე ჩემი შვილების გადასახედიდან დავუწყე ყველაფერს ყურება... რაც შეეხება მეუღლეს - მიმაჩნია, რომ მასზე დიდწილადაა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება მამაკაცი და ალბათ ქალიც, თავის საქმიანობაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით არის სოფო.
- მესამე შვილს სახელი თქვენ შეურჩიეთ?
- თავიდან ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ მესამე გოგო შეგვეძინებოდა. დედამ მითხრა, ვიცი, რომ გოგო კი არა, ბიჭი გეყოლებათ, სიზმარი ვნახე, ახლობელი მეკითხებოდა, როგორ არიან ნოდარიკო, ელენე და ანდრიაო. ამაზე მხოლოდ გამეცინა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ გეგმურ შემოწმებაზე რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბიჭი შეგვეძინებოდა.
- სოფო, როგორი მამაა ბატონი დავითი?
- ძალიან თბილი, უბრალოდ, დრო არ რჩება. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ. ყოველ საღამოს მოუთმენლად ელოდებიან, როდის მოვა სახლში. ბევრ შვილზე ადრე მეც მიფიქრია და ეს ოცნება იანვარში ამიხდება.
დავითი:
- რამდენ შვილსაც ღმერთი მოგვცემს, იმდენი გვეყოლება.
- სოფო, ბატონი დავითი ხშირად არის ქუთაისში. ალბათ ძალიან გენატრებათ ხოლმე მეუღლე.
- რა თქმა უნდა, მენატრება. თან ჩემს მდგომარეობაში არის მომენტები, როცა ძალიან გინდა, რომ ქმარი შენ გვერდით იყოს. ახლა პოლიტიკურად ყველაზე რთული პერიოდია და მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდში დავუდგე და ოჯახის თემებით ნაკლებად ვაწუხებ. იმედია, არჩევნების შემდეგ დაგვიბრუნდება (იღიმება). ვიცი, რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა ვინერვიულო და სიმართლე რომ გითხრათ, ტელევიზორს არ ვრთავ, რამე ისეთი ინფორმაცია რომ არ მოვისმინო, მაგრამ ხან ახლობელი მკითხავს რაღაცას, ხანაც ინტერნეტში ვკითხულობ რაღაც არასასიამოვნოს. არ ვიმჩნევ, მაგრამ ვნერვიულობ. ქუთაისში ყოფნის დროს დათო დღეში რამდენჯერმე მირეკავს.
- მესიჯებს არ გწერს?
- ახლა აღარ (იღიმება).
დავითი:
- მაგაზე დროს არ ვკარგავ, თუ რამე სათქმელი მაქვს, არ ჯობია, დავურეკო და ისე ვუთხრა? თან ამ დროს სოფოს ხმაც მესმის. ხანდახან მეუბნება, რომ კარგად არის, მაგრამ ხმა თუ არ მომეწონა, უცებ ვხვდები, რომ რაღაც პრობლემა აქვს. ბოლო დროს უფრო ხშირად თბილისში ვარ, მაგრამ სახლში დიდხანს ყოფნას ვერ ვახერხებ. ძირითადად საარჩევნო შტაბში ვარ. დილას რომ მივდივარ, ბავშვებს სძინავთ, მოვდივარ და ისევ დაძინებულები მხვდებიან.
- ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა თქვენი ოჯახი. რა შეცვალა ამ წლებმა. რთული პერიოდები თუ გადაიტანეთ?
სოფო:
- ოთხი წელი გადის უკვე და გვყავს ორი შვილი, მესამეს ველოდებით, მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ჩვენი ოჯახი დღეს უფრო ძლიერია.
დავითი:
- მე ამ პერიოდში დაახლოებით 24 წელი დავიკელი, ახალგაზრდა გახლავართ, რაც ძალიან კარგია (იღიმება). ცუდი ერთადერთი ის არის, რომ სოფომ მუდმივი ორსულობების ფონზე ვერა და ვერ მოახერხა მართვის მოწმობის აღება, არადა, მანქანას კარგად მართავს. ვეუბნები, იარე კურსებზე, მაგრამ მაშინ, როცა ორსულად არ იქნები-მეთქი. რაც შენი ცოლი ვარ, ყოველ წელს ორსულად ვარ და როდის უნდა ვიაროო (იცინის).
- სოფო, დაოჯახების შემდეგ აღარ მუშაობ?
- სახლში ვმუშაობ...
დავითი:
- რომ მუშაობდეს, რაც ჩემი მეუღლეა, სულ დეკრეტულ შვებულებაში იქნებოდა.
- ეჭვიანი მეუღლეები თუ ხართ?
დავითი:
- არა, საერთოდ არ ეჭვიანობს, ამაზე ხანდახან ვბრაზდები. რატომ არ ხარ, სოფო, ეჭვიანი?
სოფო:
- როგორ არ ვარ, ხანდახან ვებუტები ხოლმე.
დავითი:
- ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ ხშირად მინდა, სოფოსა და ბავშვებთან ერთად მთელი საქართველო შემოვიარო, მაგრამ ამაში სოფოს მდგომარეობა გვიშლის ხელს. ისე მოხდა, რომ ცოტა სახლში ჩაიკეტა, ბავშვებს თუ გაასეირნებს. ვეუბნები ხოლმე, არა უშავს, ცოტა ხანიც და ჩაივლის ყველაფერი. ვპირდები, ამას ყველაფერს ერთდროულად გამოვასწორებ.
- პოლიტიკურ წვეულებებზე თუ დაგყავთ სოფო?
- არ ვარ ის ადამიანი, რომ ხშირად დავდიოდე ასეთ წვეულებებზე. მირჩევნია, დრო მეგობრებთან ერთად გავატარო, მაგრამ თუ დასწრებას ნომენკლატურა მოითხოვს, სოფოს არ ვაწუხებ, მცირე დროით მივდივარ და მერე სახლში ვბრუნდები. მირჩევნია, ბავშვებთან ერთად ვიყო. მეგობრებთან ერთად ქეიფის დროს კი სოფო სულ ჩემთან ერთად არის. კარგად ვატარებთ დროს, ვხუმრობთ... ასეთი წვეულებები ორივეს ძალიან გვიყვარს.
- სოფო, ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსნების მეუღლეებს თუ იცნობ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ პრემიერის მეუღლეს, ქალბატონ ეკას, ნოდარ ხადურის, დავით დარახველიძის, სოზარ სუბარის, გიორგი კვირიკაშვილის მეუღლეებს... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებით, სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა. უფრო ახლოს ვარ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკასთან. ძალიან დადებითი პიროვნებაა, თბილი, უშუალო. ძალიან ადვილია მასთან ურთიერთობა...
- რამდენად ხშირად ახერხებთ სახლში სტუმრების მიღებას?
დავითი:
- ჩვენს სახლში სულ სტუმრიანობა იყო. ტრადიციაც გვაქვს, რომ 2 იანვარს ჩვენთან ვიკრიბებით. ასევე სოფოსა და ბავშვების დაბადების დღეებზე. ბოლო ერთი წელია, ახალ წელსა და ელენიკოს დაბადების დღეს თუ არ ჩავთვლით, ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ შეხვედრას.
- სოფო, წეღან გაბუტვა ახსენე, ამ დროს როგორ ახერხებს მეუღლე შემორიგებას?
დავითი:
- მეც ვებუტები ხოლმე. ვეუბნები, შენ თუ გაიბუტე, მეც გებუტები-მეთქი. მოდის მერე და მირიგდება (იღიმის).
სოფო:
- სულ მინდა, დიდი ხნით გავებუტო, მაგრამ არ გამომდის. მაქსიმუმ 15 წუთს გრძელდება. მერე დათო მეტყვის, თუ გინდა, მოდი და მაკოცე. ამაზე მეცინება და რადგან მეცინება, უკვე აღარ გამომდის გაგრძელება.
- მეუღლე რამდენად ხშირად გასაჩუქრებს?
დავითი:
- ორი ყველაზე დიდი საჩუქარი უკვე გავუკეთეთ ერთმანეთს, მესამეს ველოდებით. ადრე საზღვარგარეთ რომ მივდიოდი, ერთი პატარა ჩანთაA მიმქონდა. ახლა დიდი ჩემოდნით დავდივარ, თუნდაც ორი დღით მივდიოდე. სადაც უნდა ჩავიდე, ქალაქშიც რომ ვერ მოვახერხო გასვლა, აეროპორტში მაინც უნდა ვუყიდო სოფოს და ბავშვებს საჩუქრები. საჩუქრები ჩამომაქვს ჩემი ძმის შვილიშვილებისთვისაც.
- ახლახან თქვენი ძმისშვილი, ბაჩო საგანელიძე, მსახიობ ლელა მებურიშვილზე დაქორწინდა. დაესწარით ჯვრისწერას?
- რა თქმა უნდა, შემდეგ პატარა სუფრა გვქონდა, სადაც თამადაც გახლდით. ლელას სულ რამდენიმე თვეა ვიცნობ, არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებითაც მივულოცო ლელასა და ბაჩოს ბედნიერება. მიხარია, რომ ასეთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა.
სოფო:
- ლელა ძალიან თბილი ადამიანია. სამწუხაროდ, სერიალს ვერ ვუყურებ, მაგ დროს ბავშვებს ვაძინებ ხოლმე. ერთადერთი, დათოს რომ ველოდები, მაშინ შემიძლია გადავახვიო და ისე ვნახო.
- ვინ გეხმარება ბავშვების გაზრდაში?
- დედა, და, ჩემი დედამთილი – ლილიკო - ასე ეძახიან ჩემი შვილები და მეც ასე მივმართავ ხოლმე, ბებია. დღის განმავლობაში ჩვენთან მოდის ძალიან საყვარელი ადამიანი ნატუკა, რომელსაც ძიძას ვერ ვუწოდებ, თითქმის ჩვენი ოჯახის წევრია.
- ბატონო დავით, სოფოს პირობას აძლევთ, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მართვის მოწმობა ექნება?
- რა თქმა უნდა, სოფო, ამის პირობას გაძლევ.
სოფო:
- (იცინის) იცით, რატომ აწყობს? მესამეს რომ გავაჩენ, ნოდარიკოს ბაღში მისვლა უწევს და დილას მე რომ ვატარო, მერე სკოლაც იწყება.
- ბატონო დავით, ძალიან რთულია პოლიტიკა და მით უმეტეს ქართული. როგორ ახერხებთ, რომ დღის განმავლობაში გადატანილი ნერვიულობა სახლამდე არ მოიტანოთ?
სოფო:
- დათოს ინტერვიუს ღია ეთერში ყოველთვის ვუყურებ. როდესაც ბრაზდება და ცხარე განცხადებებს აკეთებს, დაძაბული ველოდები. სულ მგონია, სახლში ისეთ მდგომარეობაში მოვა, რომ ვერაფერს ვკითხავ, მაგრამ ერთი ძალიან კარგი ჩვევა აქვს, სახლის კარს რომ აღებს, პრობლემებს გარეთ ტოვებს. არასოდეს მაგრძნობინებს, როდესაც რაღაცას განიცდის.
დავითი:
- ჩემი ცხოვრების პრინციპია, რომ ოჯახის პრობლემები გარეთ არ უნდა გავიტანო და პირიქით. არასოდეს ვთამაშობ, სახლიდან გასულს ყოველთვის დადებითი ემოცია გამაქვს. შეიძლება, დღის განმავლობაში უარყოფითად დავიმუხტო, მაგრამ შინ მოსული მეუღლეს, შვილებს რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება. რატომ უნდა იცხოვროს სოფომ იმ რიტმით, რომლითაც მე გარეთ ვცხოვრობ?!..
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''