- უნდა ვთქვა, რომ მოგზაურობაზე ვგიჟდები და ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ჰობია. ევროპული განვითარებული ქვეყნების გარდა ძალიან მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, ისეთ სიახლეს შეხვდე, რაც ადრე ვერ წარმოგედგინა. სოციოლოგიის ფაკულტეტიდან გამომდინარე გამომიმუშავდა ხალხზე დაკვირვება და როცა ახალ ქვეყანაში, ქალაქში ჩავდივარ, პირველი რიგში, ადამიანებს ვაკვირდები. მაინტერესებს პატარ-პატარა დეტალები. მაგალითად, რა განასხვავებს ერთმანეთისგან მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს თუ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებლებს. პირველად ასე ადამიანებს მალაიზიაში შევხედე. როცა პატარა ასაკის ვიყავი და ვმოგზაურობდი, მაშინ ამგვარ დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ''მის საქართველოზე'' 18 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ გავემგზავრე კონკურსზე მალაიზიაში, სადაც დაახლოებით ერთი თვე გავატარე. კონკურსის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა და იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან შეხვედრა გიწევს. მალაიზია საქართველოდან ძალიან შორს არის და მქონდა განცდა, რომ სამყაროს მეორე მხარეს ვიყავი. ხალხი თავისთავად ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან დამაინტერესა. ამ დროს უკვე 19 წლის ვიყავი. ზოგადად, მალაიზიაში ყოფნით ყველანაირად ვისიამოვნე, რადგან იმ კონკურსზე წარმატებაც მოვიპოვე. ერთ-ერთი ნომინაცია ავიღე განსაკუთრებული ინდივიდუალიზმისთვის. ასევე სამკაულების უდიდესმა ბრენდმა ამოგვარჩია მონაწილეთაგან ოთხი გოგონა და ოთხი წლის განმავლობაში ამ ბრენდის სახე გახლდით.
- პირველად ევროპულ ქვეყანაში როდის მოხვდი?
- 15 წლის ასაკში, როცა წავედი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთშიც გახლდით. იქ ვიყავი, როგორც ტურისტი, უბრალოდ, სანახავად. როცა საქმიანობისთვის მიდიხარ, სხვა შეგრძნებაა. მაშინ პატარა ვიყავი და მაინტერესებდა ის, რაზეც გაგონილი მქონდა და ფოტოები მქონდა ნანახი. გერმანიაში გახლდით მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ვნახე სტადიონი, სადაც ტარდებოდა ჩემპიონატის შეხვედრები, მიუნხენში ვიყავი.
როცა პარიზში პირველად მოვხვდი, ჩემი ოცნების ადგილი იყო და ყველაფრის დათვალიერება მინდოდა. როცა შემდეგ უკვე საქმიანობისთვის ჩამოვედი, გავიაზრე, რომ ეს ქალაქი უფრო პროფესიული კუთხით უნდა დამენახა, გამეცნობიერებინა, როგორი ხალხი იყო და მათი ქუდის მორგება მეცადა. 20 წლის ვიყავი, როცა პარიზში პროფესიის გამო ჩამოვედი და სამი წელია აქ ვარ.
- როგორია შენთვის პარიზი, რომელიც ბევრისთვის რომანტიკასთან, კულტურული ძეგლების დათვალიერებასთან, გართობასთან ასოცირდება?
- პროფესიული თვალსაზრისით ევროპის სხვა ქალაქშიც წავსულვარ და მიმოგზაურია, მაგრამ პარიზმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ჩემს ცხოვრებაში მოხდა უბრალოდ ასე, რომ პარიზი უპირველესი და განსაკუთრებული ქალაქია. ცნობილია, რომ პარიზელები გამორჩეულად ლამაზ საღამოებს აწყობენ. არის ქუჩები, სადაც დიდი ბრენდების სახლებია და მოდა იქმნება. მე ძალიან მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე ხუთვარსკვლავიან რესტორანში სადილობა. კერძებზე რომ აღარ ვისაუბროთ, აქ არიან დიჯეები, რომლებიც ყოველთვის ახალ სიმღერებს უკრავენ და ძალიან პარიზული, აქტიური სიტუაციაა. აქ არის ასევე რესტორანი, სადაც პიკასოს უყვარდა სიარული და მისი ნახატებია შემორჩენილი.
- კერძები ახსენე და ამ მხრივ ექსპერიმენტები გიყვარს?
- რა თქმა უნდა. სადაც ჩავდივარ, მინდა, ყველაფერი ახალი გავიგო იმ ადგილის შესახებ. ეს ფრანგებისგან ვისწავლე. სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის უნდა შემეძლოს მათ ენაზე რამდენიმე სიტყვის თქმა და უნდა მოვასწრო მაქსიმალურად ბევრი რამის დათვალიერება. მაგალითად, გერმანიაში ყოფნისას აღმვჩნდი ერთ-ერთ რესტორანში, სადაც საუკეთესო ლუდი აქვთ. ლუდის მოყვარული არ ვარ, მაგრამ მაინც გავსინჯე. ყველა ქვეყნის სამზარეულოს თავისი ისტორია აქვს და ამას უნდა ეზიარო. ამას სხვაგან მარტივად ვერ ნახავ. შესაძლოა, ტურისტსაც არ მიეცეს ამის საშუალება, თუკი კონკრეტული ადგილები არ იცის.
- მინდა, რამდენიმე სიტყვა შენს საქმიანობაზეც მითხრა. ამ ეტაპზე რას აკეთებ?
- ჩემს დედა სააგენტოს აქვს მოვალეობა, რომ ჩემზე იზრუნოს მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვიქნები. რა თქმა უნდა, ვცხოვრობ ძალიან აქტიურად. საფრანგეთში მოდის სფეროში საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია და კარგია, როცა მუდმივად აქ ცხოვრობ. ამ შემთხვევაში არიან დიზაინერები, რომლებიც უკვე გიცნობენ, კასტინგები არ გჭირდება და პირდაპირ მიდიხარ სამუშაოდ. ასე არის ჩემთვის ''კრისტიან დიორის'' პარფიუმერიის სახლი, რომლის სახეც გახლავართ. როცა რაიმე ახალ პროდუქციას გამოუშვებენ და პრეზენტაციას გეგმავენ, მე აუცილებლად ვმონაწილეობ. ჩემი სამოდელო ''სივისთვის'' ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია. გარდა ამისა, არის ასეთი ძალიან ცნობილი დიზაინერი საფრანგეთში, ახალი სახე, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარული, ალექსანდრ ვოტიე, მისი ბრენდი პრესტიჟულია და მასთან ასევე ვმუშაობ. როცა ახალ კოლექციას აკეთებს, მე მარგებს ხოლმე. გარდა ამისა, დავდივარ უამრავ კასტინგზე, მაქვს გადაღებები.
- შენ ხარ, მგონი, ერთადერთი ქართველი მოდელი, რომელიც არ გათხოვდა და საზღვარგარეთ კარიერის აწყობას ცდილობს.
- (იღიმის) არასდროს მიფიქრია, რომ უცხოეთში კარიერას ავაწყობდი. საქართველოში შემამჩნიეს მოდის კვირეულზე და მოწვევა გამომიგზავნეს. აქ დედა სააგენტოსთან ძირითადი კონტრაქტის გაფორმება არც ისე ადვილია, ვინაიდან პირველი სამი თვე გამოსაცდელია, კასტინგებზე გიშვებენ და მერე სააგენტოში აგროვებენ ცნობებს, რამდენად ბევრ კასტინგზე მოეწონეთ. როცა აქ ჩამოვედი, ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა. ისიც კი არ ვიცოდი, კასტინგზე რა უნდა ჩამეცვა. აქ კი დიდ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ ადამიანის ინდივიდუალიზმს, ქარიზმას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ინგლისური და პრინციპში, არაფერში მჭირდებოდა ფრანგულის სწავლა, მაინც გადავწყვიტე მესწავლა და მგონია, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო. რადგან ფრანგებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ფრანგულ მოდას ბოლომდე ვერ გაიგებ, თუკი ენა არ იცი, თანაც, ამას ძალიან აფასებენ. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მოდელობის გარდა აქ სწავლითაც ვარ დაკავებული სორბონაში და იმდენად ვარ დატვირთული, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. გათხოვების წინააღმდეგი არ ვარ, ხომ გესმით, მაგრამ ალბათ, ეს ყველაფერი შენთან თავისით უნდა მოვიდეს... როცა პროფესიად მოდელობას ირჩევ და ამ საკითხს სერიოზულად უყურებ, დრო არ გაქვს, რომ თვალი გაგექცეს, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ურთიერთობების თვალსაზრისითაც გაცილებით დიდი შესაძლებლობებია.
- ისევ მოგზაურობას რომ დავუბრუნდეთ, საოცნებო ქვეყანა გაქვს?
- ახლა ამერიკაში მინდა წასვლა, რადგან ჩემს საოცნებო ქვეყანაში უკვე ვცხოვრობ. ნიუ-იორკში მინდა ბედის ცდა, რადგან იქ კიდევ მეტი შესაძლებლობაა, ფინანსების და სხვა კუთხითაც და განვითარების მეტი შანსია.
- დაბოლოს, მოგზაურობისას რაიმე საინტერესო თუ გადაგხდენია?
- მქონდა შემთხვევა, როცა სტამბოლიდან თბილისში მოვფრინავდი და ''დიუთი ფრიში'' შევყოვნდი, დრო ისე გამეპარა საჩუქრების არჩევაში, რომ ვერ გავიგე და საათს რომ დავხედე, 15 წუთი იყო დარჩენილი ჩასხდომის დასრულებამდე. გავიქეცი გიჟივით და ისე მივრბოდი, რომ ბოლოს ვიფიქრე, ფეხსაცმელს გავიხდი-მეთქი. მივასწარი ბოლო წუთს. თან, ხომ იცით, როცა საქართველოში მოფრინავ, ყველაზე ბოლო ჩვენი ''გეითია'' ხოლმე (იცინის). ასეთი კიდევ ერთი შემთხვევა მქონდა, დუბაიში, კინაღამ დავაგვიანე თვითმფრინავზე, მაგრამ იქაც მივუსწარი.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''