24 ნოემბერი, 2016
უზბეკეთში გულნარა კარიმოვას მოწამვლისა და სიკვდილის ამბავი სიცრუედ გამოაცხადეს
22 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გულნარა მოწამლეს და გარდაიცვალა.

იტყობინებდნენ, რომ გულნარა უკვე 5 ნოემბერს, ტაშკენტში დაკრძალეს.

კარიმოვების ოჯახის ახლო პირმა, "რია ნოვოსტთან" კომენტარი გააკეთა და ამ ამბავს "სიცრუე" უწოდა. ის იწრმუნება, რომ გულნარა კარიმოვა ცოცხალია. თუმცა დეტალების დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა და მის ადგილსამყოფელს არ ახმაურებს.
უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი, ისლამ კარიმოვი, 2 სექტემბერს, 78 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. ამჟამად რესპუბლიკას სათავეში, მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, შავკატ მირზიევი უდგას.

ბოლო წლებში, ისლამ კარიმოვს, ქალიშვილთან, გახმაურებული სკანდალების გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
2014 წელს გ.კარიმოვა საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. პრესა წერდა, რომ ის შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი - გულნარა კარიმოვა - მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას ავრცელებს ვებგვერდი "Центр-1", სამშაბათს, 22 ნოემბერს.

ჟურნალისტების განცხადებით, 44 წლის ქალი მოწამლეს და 5 ნოემბერს გარდაიცვალა. ის იმავე ღამეს დაკრძალეს, მისი საფლავი კი მიწასთან გაასწორეს.

გულნარა კარიმოვას გარდაცვალების ამბავმა სოციალური ქსელი მოიცვა.

თუმცა, 2016 წლის ოქტომბერში ტვიტერში გულნარა კარიმოვას სახელით ვიღაც დარეგისტრირდა. 22 ნოემბრის ღამეს კი გამოჩნდა მისი ფოტო, რომელშიც გულნარა ტელეფონითაა აღბეჭდილი. "Центр-1"-მა სოც. ქსელში ფოტოს ორიგინალი აღმოაჩინა, რომელიც 2014 წელსაა გადაღებული. ბოლო დროს ამ გვერდის გააქტიურების გამო ჟურნალისტები გულნარას გარდაცვალების შესაძლო მტკიცებულებებზე ალაპარაკდნენ.

მანამდე, გულნარა კარიმოვას სახელით შექმნილი ზემოთ დასახელებული გვერდი ჟურნალისტებმა ფეიკად გამოაცხადეს. ისინი აღნიშნავდნენ ფაქტს, რომ ვიღაც ტექსტებსა და ფოტოებს ყალბი ხელწერით ავრცელებს.

"მთავარი ის არის, რომ გულნარა კარიმოვას ბედი გაუკვეველი რჩება. შესაძლოა "პრინცესა" დღემდე ციხეშია გამოკეტილი, სადაც სიბერემდე ყოფნა და სიკვდილი მოუწევს. ან იქნებ, უკვე გარდაცვლილია" - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. გასულ წლებში გულნარა საკუთარ ქვეყანას გაეროსა და ესპანეთში წარმოადგენდა. ამის პარალელურად კარიმოვა საიუველირო ნივთების დიზაინით იყო დაკავებული და სცენაზე შემოქმედებითი ფსევდონიმით "გუგუშა" გამოდიოდა.

2013 წლის შემოდგომამდე გულნარა კარიმოვა წარმატებული მეწარმე იყო. მისი კონტროლის ქვეშ იყო ტელეარხები, რადიო და მოდური ტანსაცმლის მაღაზიები. მედიაში მას შუა აზიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მოიხსენიებდნენ.
თუმცა, ჟურნალისტების გადმოცემით, 2013 წლის ნოემბერში მამამ დასაჯა და ყველაფერს ერთიანად ჩამოშორდა. გავრცელებული ინფორმაციით, კარიმოვას სახლის დატოვება და გარეშე პირებთან ურთიერთობა აეკრძალა. ამაზე კარიმოვა აცხადებდა, რომ ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.

გასულ დღეებში, სააგენტო "ფერგანა", ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეიქმნა ისლამ კარიმოვის სახელობის ფონდი, მისი უმცროსი ქალიშვილის, ლოლა კარიმოვა-ტილაევასა და მისი ქვრივის ინიციატივით, რამაც შეგვახსენა, რომ უკვე ორ წელზე მეტია ყოფილი პრეზიდენტის უფროს ქალიშვილზე არანაირი სანდო ინფორმაცია არ არსებობს. სად იმყოფება გულნარა ან რით არის დაკავებული - უცნობია.

სააგენტო წერს, რომ გულნარა კარიმოვა კვლავ შინა პატიმრობაშია.

როგორც პრესა აღნიშნავს, 2 სექტემბერს ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, გულნარა და მისი შვილები დაკრძალვაზე არ გამოჩენილან. წყარომ ასევე შენიშნა, რომ ქვეყნის მომავალ ლიდერს, შავკატ მირზიევს პარლამენტში კარიმოვის ოჯახის მიმართ მწუხარების გამოთქმისას, გულნარას სახელი არ უხსენებია და მხოლოდ მისი და, ლოლა დაასახელა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS