07 ნოემბერი, 2016
რომანი და ფილმი, რომელიც წლების მანძილზე ყველაზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა და ნახა
არსებობენ წიგნები რომელთაც წარდგენა არ სჭირდებათ. მათ შესახებ მოეხსენება ყველას - ნებისმიერი ჟანრის, გემოვნებისა და სოციალური საფეხურის წარმომადგენელ მკითხველს. ასეთ წიგნებს რჩეულ წიგნთა შორის მოიხსენიებენ. მათ დღის სინათლის ხილვის დღიდან ერგოთ აღიარება და სიყვარული, რომელიც არ ნელდება ჟამთა სვლის მიუხედავად. მარგარეტ მიჩელის "ქარწაღებულნი" უდაოდ მიეკუთვნება ასეთი რჩეული წიგნების რიცხვს, აქედან გამომდინარე სრულიად სამართლიანად აღმოჩნდა ის პალიტრა L-ის პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს"-ს ფარგლებში გამოცემულ წიგნთა ნუსხაში.

რომანის ავტორ მარგარეტ მიჩელისა და მისი პერონაჟის სკარლეტ ო"ჰარას ცხოვრება
ერთმანეთს წააგავს. ორივე მათგანი მდიდარ ოჯახში აღზრდილი ლამაზმანია და ორივე მათგანს თავს ეხვევიან თაყვანისმცემლები. მარგარეტის წინაპრები მამის მხრიდან ირლანდიიდან ყოფილან, დედის მხრიდან - საფრანგეთიდან. მიჩელის ორივე ბაბუა ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის მიმდინარე სახალხო ომში იბძოდა. სწორედ იმ ომში რომლის ფონზეც ვითარდება რომანში აღწერილი მოვლენები და რომელთაც ავტორი ძალზედ რეალისტურად გადმოგვცემს.

ისევე, როგორც მისი რომანის გმირი, მარგარეტ მიჩელიც მამაკაცივით მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა, რასაც თითქმის ყველა ასაკში ავლენდა. ჯერ კიდევ ბავშვი თავის დღიურში წერდა, რომ სურდა სამხედრო სამსამსახურში ემსახურა, თუმცა იმ დროისთვის ქალებს ჯარში არ იღებდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1922 წელს რომანის ავტორი სასიყვარულო კავშირებით სახელგანთქმულ რედ აპშოუზე თხოვდება, თუმცა უკვე რამდნიმე თვის თავზე რწმუნდება, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. 10 თვის თავზე, ქალის გადაწყვეტილებით, წყვილი ერთმანეთს შორდება, რაც იმხანად საკმაოდ დამამცირებელ საქციელად ითვლებოდამაღალი საზოგადეობის ქალბატონისათვის.

მომავალში მიჩელმა გამორჩეული და არაორდინალური არჩევანი გააკეთა - ჟურნალისტიკით დაინტერესდა, ანუ იმ პროფესიით, რომელიც იმხანად მამაკაცის პროფესიად იყო აღიარებული. როდესაც გაზეთ "„The Atlanta Journal“- "- ში სამუშაოდ მისული მიჩელი რედაქტორმა ნახა, გაკვირვება ვერ დამალა, - როგორ შეძლებს ქალი, რომ ათასი ჯურის ადამიანთან იკონტაქტოსო?! თუმცა სულ მოკლე ხანში შიცვალა შეხედულება. მიჩელმა მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა და მალე გაზეთის წამყვან რეპორტიორად იქცა. დაამტიკცა რომ ამ პროფესიას ქალებიც შესანიშნავად ართმევენ თავს.
მალე მიჩელი მეორედ თხოვდება, სამსახურს ტოვებს და თავს ოჯახს უძღვნის, თუმცა მისგან არ დადგა ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი. 1926 წელს, ქმრის წაქეზებით, მარგარეტმა რომანის წერა დაიწყო, რომელიც 1933 წელს დაასრულა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მუშაობის პორცესში მის ხელნაწერებს ეცნობოდა მეუღლე იყო.

რომანმა დღის სინათლე 1936 წლის 30 ივნისს იხილა, წლის ბოლოს კი წიგნის 1 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაყიდული იყო. ამავე წელს პროდიუსერ დევიდ ლენზნიკს 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მიენიჭა ამ რომანის მიხედვით ფილმის გადაღების უფლება, რომელმაც შემდეგში ოსკარის 8 პრემია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის 1400 კანდიდატი გაუსინჯავთ, სანამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობ ინგლისელ მსახიობზე ვივიენ ლიზე შეაჩერებდნენ არჩევანს.
1937 წელს რომანმა "ქარწაღებულნი" პულიტცერის პრემია დაიმსახურა. მხოლოდ ამერიკაში ის დიდი ტირაჟით 70-ჯერ გამოიცა, აქედან 31-ჯერ გამოსვლიდან პირველსავე წელს. რომანი 27 ენაზე ითარგმნა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ამ რომანის დაწერისთის ავტორმა ავანსის სახით მხოლოდდამხოლოდ 500 დოლარი აიღო, ხოლო რომანის გამოსვლის პირველ წელსვე მარგარეტ მიჩელს - მისი ავტორობით გამოსული წიგნის პროცენტის სახით - 3 მილიონი დოლარი ერგო.

რომანმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ეს ყოველივე აკვირვებდა ავტორს, რომელიც სრულებითაც არ მიიჩნევდა რომ მისი ნაწარმოები შედევრი იყო. თუმცა ფაქტია, ეს ერთი რომანი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მსოფლიოს შეეყვარებინა და ეღიარებინა მწერალი მარგარეტ მიჩელი. არავინ იცის, რომ დასცლოდა, დაწერდა თუ არა იგი კიდევ ერთ ლიტერატურულ შედევრს. 1949 წელს, 48 წლის მარგარეტ მიჩელს, რომელიც მეუღლესთან ერთად კინოთეატრში მიდიოდა ავტომანქანა დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მწერალი, რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. მეხუთე დღეს დამარცხდა...
Rating
"ქარწაღებულნი" ბრძოლაა და სამოქალაქო ომი, "ქარწაღებულნი" სიყვარულის ამბავია და ამავდროულად საკუთარ თავთან ბრძოლა და ომიც", - აღნიშნავს გამომცემლობა "პალიტრა L "-ის მთავარი რედაქტორი.

"ქარწაღებულნი"დღემდე ყველაზე კითხვად რომანად და ყველაზე ყურებად ფილმად რჩება მსოფლიოს მასშტაბით. ასერომ, დრომაც დაადასტურა, რომ ის ნამდვილად რჩეულია.

თინათინ შავლაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS