15 სექტემბერი, 2013
„მეოცნებენი“ - რატომ თქვა ბერტოლუჩიმ უარი ჰომოსექსუალურ სცენებზე
როდესაც გრინს ფილმის თავდაპირველი, მსუბუქად დამონტაჟებული ვარიანტი აჩვენეს, სექსის ეპიზოდებს თვალს არიდებდა და როგორც თავად აღნიშნა, „სრულ შოკში იყო“ „მეოცნებენი“ შესანიშნავი იტალიელი რეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ფილმია, რომელსაც მაყურებელიც და კრიტიკაც არაერთგვაროვნად შეხვდა. ფილმი ქართველმა მაყურებელმაც ასეთივე ორჭოფობით მიიღო, ზოგმა აღიარა, ზოგს კი უკვე შესამჩნევად ხანში შესული რე-ჟისორის ახალი ფანტაზიები ზღვარს გადასული ეჩვენა.

ფილმში ახალგაზრდა მსახიობებმა გაიელვეს, მათ შორის, „მეოცნებენში“ შესრულებული როლი საეტაპო აღმოჩნდა ნახევრად შვედი და ნახევრად ფრანგი ლამაზმანი ევა გრინისთვის, რომლის ვარსკვლავური
კარიერა ექსცენტრიკული იზაბელის განსახიერებით დაიწყო. მაიკლ პიტს კინომოყვარულები უკვე იცნობენ, მას ლეგენდარულმა რეჟისორმა მეთიუს როლი შესთავაზა, ხოლო ლუის გარელს – ტეოსი.

ბერტოლუჩის სკანდალური ქმნილება „მეოცნებენი“ სამი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედი 60-იანი წლების რევოლუციურ პარიზში გადაიკვეთება. ბინაში, სადაც ტყუპი და-ძმა ტეო და იზაბელი მშობლების გარეშე განცხრომით ცხოვრობენ, მათთან ერთად ახალგაცნობილი მეგობარი მეთიუ დაბინავდება.
Rating
გარეთ სტუდენტური გამოსვლების აჩრდილი დადის, ბინა კი ამ ახალგაზრდებისთვის გარკვეულ თავშესაფრად იქცევა, სადაც ყველაფერზე საუბრობენ, კინოზე, პოლიტიკაზე და არც ექსპერიმენტების ჩატარების სურვილის ნაკლებობა იგრძნობა, მათ შორის სექსშიც. მეთიუ მალევე აღმოჩნდება უცნაური და-ძმის გავლენის ქვეშ. ტეო და იზაბელი სულაც არ ჰგვანან ჩვეულებრივ და-ძმას. მათ ერთ საწოლში შიშვლებს სძინავთ, ტეოს სიამოვნებს იმის ყურება, როგორ ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას მის დასთან მეთიუ, სამეული ერთად აბაზანის მიღებაზეც არ ამბობს უარს...

როგორც ამბობენ, ფილმის გადაღებები ძალიან საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობდა. რეჟისორს გამიზნული ჰქონდა პარიზში ისეთი ბინის პოვნა და შიგნით ისეთი ინტერიერის შექმნა, რომ ბინა სულიერად გადაქცეულიყო და ფილმში გარკვეული პერსონაჟიც კი შეექმნა, ამიტომაც ბინის შერჩევაში რეჟისორმა საკმაოდ დიდი დრო დაკარგა.

ფილმი გილბერტ ადარის წიგნს „წმინდა უდანაშაულოებს“ ეფუძნება, თუმცა მოსამზადებელ პერიოდში ბერტოლუჩიმ სცენარში ცვლილებები შეიტანა. მან თავისი საყვარელი ფილმებიდან გარკვეული სცენები გააცოცხლა და სცენარში ჩაამატებინა. ახალგაზრდა პერსონაჟები ცნობილი ფილმებიდან სცენებს განასახიერებენ, რაც „მეოცნებენს“ განსაკუთრებულ პეწს სძენს.
Rating
ბერტოლუჩის გადაწყვეტილებითვე, სცენარში არ შევიდა ჰომოსექსუალური სცენები, მეთიუსა და ტეოს სექსის ეპიზოდები, რაც წიგნშია წარმოდგენილი. რეჟისორის თქმით, „ეს ძალიან ზედმეტი იქნებოდა“ , თუმცა სიშიშვლისა და ზედმეტი ეროტიკისთვის რეჟისორს კრიტიკოსების შენიშვნების მოსმენამ მაინც მოუწია.

სანამ გადაღებებს შეუდგებოდნენ, ფილმის ირგვლივ უკვე მანამდე იყო აჟიოტაჟი ატეხილი, ვინაიდან, როგორც მოგვიანებით ევა გრინმა „გარდიანის“ ჟურნალისტს გაუმხილა, მშობლები, ისევე, როგორც მისი აგენტი, ეხვეწებოდნენ, არ დათანხმებოდა ბერტოლუჩის შეთავაზებას და უარეყო იზაბელის როლი, რომელმაც შემდეგ მსოფლიო აღიარება მოუტანა.

მშობლები და აგენტიც მსახიობს არწმუნებდნენ, რომ არ ღირდა მონაწილეობა ფილმში, სადაც მთლიანად უნდა გაშიშვლებულიყო და ბევრი სექსის სცენა ჰქონოდა. როდესაც გრინს ფილმის თავდაპირველი, მსუბუქად დამონტაჟებული ვარიანტი აჩვენეს, სექსის ეპიზოდებს თვალს არიდებდა და როგორც თავად აღნიშნა, „სრულ შოკში იყო“ .

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმმა საკმაოდ კარგი მოგება აჩვენა, კინოთეატრებში 2,5 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც ამ ტიპის ფილმისთვის ძალიან სასურველი შედეგი გახლდათ. ზოგიერთ კინოთეატრში ფილმის სრული ვერსია აჩვენეს, ბევრგან კინოგაქირავებაში მაყურებელთა ასაკზე გარკვეული შეზღუდვაც კი იყო დაწესებული.

როგორც მოგვიანებით თავად ბერტოლუჩიმ თქვა, ეს ფილმი ეძღვნებოდა 1968 წელს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა ჟურნალისტიკას, კინოს, სექსს, ფილოსოფიას, პოლიტიკას და ამ ყველაფერზე ოცნებას...

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS