რიყეზე, ღია ცის ქვეშ გამართულ შაკირას კონცერტზე დასწრება მსურველს უფასოდ შეეძლო. შაკირას ეს ვიზიტი სხვა უცხოელი ვარკვლავების ხმაურიან საკონცერტო ტურნეებს არ ჰგავდა, ამიტომაც საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა.
იყო თუ არა ნამდვილად
ეს კომპანია პრესასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ამიტომ სააგენტოს ჩვენ არაოფიციალურად დავუკავშირდით. ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსი'' 1994 წელს სტივენ პრანისამ დააფუძნა. მისი ოფისები ნიუ-იორკში, პარიზში, ტოკიოსა და შანხაიში მდებარეობს.
სააგენტო აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და კომერციას. ასევე მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში ფოტოგრაფიის, ხელოვნების, მუსიკის, რეკლამისა და ფილმის წარმოების მიმართულებით.
იგი უზრუნველყოფს არტისტების მენეჯმენტს და ახორციელებს კორპორაციების მიერ დაფინანსებულ სპეციალურ პროექტებს. კომპანიას აქვს დიდი ხნის პირდაპირი ურთიერთობები არტისტებთან, მოდის ჟურნალების რედაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, მოდის სახლებთან, ხმის ჩამწერ და კინოსტუდიებთან.
კომპანიის კლიენტები არიან ლუი ვიტონი, პრადა, ვერსაჩე, ჯორჯო არმანი, დონა კარანი, ნაიკი, პეპსი, ''პარამაუნთ ფიქჩერზი'' და სხვა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპანიები. სააგენტო ასევე თანამშრომლობს გამომცემლობებთან ''ვოგი'' , ''ჰარპერს ბაზაარი'' , ''როლინგ-სტოუნი'' , ''ინტერვიუ'' .
''ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსის'' უკავშირდება ყველა, ვისაც პრეზენტაციებზე, გადაღებებზე, სარეკლამო რგოლებში, ინტერვიუსა და პრივატულ საღამოებზე ცნობილი სახეების მიწვევა სურს.
ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კომპანიის მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში ვარსკვლავების ჩაყვანის შესახებ ნაკლებად ხდება ხოლმე ცნობილი, რადგან პრივატულ საღამოზე ვარსკვლავის ჩასვლა არ უნდა გაშუქდეს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გახმაურდეს. ეს კომპანიისა და თავად ცნობილი სახეების მოთხოვნაა.

როგორც გავიგეთ, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და პრეზიდენტებიც კი მსოფლიოში ცნობილ მომღერლებს დახურულ, კერძო საღამოებზე იწვევნ. ამ კომპანიას შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვარსკვლავი მსოფლიოს ნებისმიერ მშვიდობიან წერტილში ჩაიყვანოს, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროს მომღერალს სცალია.
ცნობილი სახის სტუმრობამდე მასპინძელ ქვეყანაში ჯერ კომპანიის წარმომადგენელი ჩადის, რომელიც იმ პირობებს ეცნობა, სადაც ვარსკვლავი იმღერებს და იცხოვრებს. მის ვიზიტს, ისევე როგორც მომღერლისას, მასპინძელი აფინანსებს. იმ განსხვავებით, რომ მთავარ სტუმარს პერსონალურ თვითმფრინავს უგზავნიან, ხოლო აგენტი ჩვეულებრივი რეისით დაფრინავს.
როგორც ''ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსისგან'' არაოფიციალურად შევიტყვეთ, 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ კომპანიას თბილისში ცნობილი მომღერლის შაკირას ჩამოყვანა დაუკვეთა.
არაოფიციალური მონაცემებით, მომღერალს დაახლოებით ერთსაათიან კონცერტში სოლიდური თანხა, მილიონ-ნახევარი დოლარი გადაუხადეს. შაკირას ჩამოყვანა სააკაშვილის რომელიმე მეგობრის ამოჩემება იყო თუ ეს მომღერალი პრეზიდენტს თავად მოსწონს, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
შაკირასთვის გადახდილი მილიონ-ნახევარი არაფერია იმასთან, რასაც სხვა ვარსკვლავებს რუსი, არაბი და შუააზიელი ბიზნესმენები უხდიან. რაც უფრო მოთხოვნადია ვარსკვლავი, მისი პრივატულ წვეულებაზე დაპატიჟება უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ამ მხრივ მსოფლიო ვარსკვლავებში 25 წლის ბრიტანელი მომღერალი ადელი ლიდერობს, მისი მიწვევა და დაახლოებით ერთსაათიანი კონცერტი 10 მილიონი დოლარი ღირს.
ადელს აქვს მიღებული ''გრემი'' , საუკეთესო ვოკალისტი ქალის ნომინაციაში. ასევე სხვადასხვა ჯილდო. მას ნიგერიელი წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი შადე მოსდევს, რომელიც ერთ საღამოზე გამოსვლაში 5 მილიონ დოლარს ფეხს არ უცვლის.
აღნიშნულმა კომპანიამ დანარჩენი ვარსკვლავების პრივატულ წვეულებებზე ერთი საათიდან საათ-ნახევრამდე გამოსვლის ფასებიც მოგვაწოდა. ბიონსეს მიპატიჟება 4 მილიონი დოლარი ღირს. რიანას სტუმრობა 3,5 მილიონი დაგიჯდებათ. მადონა 2,5 მილიონ დოლარად მღერის.
ლედი გაგას ამბიცია 4 მილიონიდან იწყება. ჯენიფერ ლოპესი უკვე რამდენი წელია, წვეულებაზე 1,5 მილიონ დოლარად გამოდის. კრისტინა აგილერა 1,2 მილიონს ითხოვს, ''აეროსმიტიც'' ამავე თანხად თანხმდება კერძო ღონისძიებებში მონაწილეობას. ჯანეტ ჯეკსონი ერთ გამოსვლაში 1 მილიონს იღებს.
ლენი კრავიტსი კი 600-700 ათასად გიმღერებთ. ჯგუფი ,,მარუნ 5'' 500-650 ათას დოლარს გამოგართმევთ, ხოლო ჯამიროქუაი უფრო ნაკლებს _ 350-550 ათასს. ეს ფასები კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც დასასრულს კომპანია ''ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსისგან'' შევიტყვეთ.
ხშირად რუსი ოლიგარქები, განსაკუთრებით ქალაქ სამარიდან, საკუთარ დაბადების დღეებზე რამდენიმე ვარსკვლავს ერთად ეპატიჟებიან. მაგალითად, არ გაგიკვირდეთ, თუ ასეთ დაბადების დღეზე რიანა, ბიონსე და მადონა ერთად იმღერებენ.
ასეთ წვეულებებზე სულ რაღაც ათი მილიონი ვარსკვლავებისთვის არის გამოყოფილი. თითოეული მომღერლის ჰონორარიდან კომპანიის აგენტი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, 60-დან 100 ათას დოლარამდე იღებს.
ვინც მილიონებს ვერ ეთამაშება, ნაკლებად ცნობილი და გაცილებით დაბალჰონორარიანი შემსრულებელი შეუძლია მიიწვიოს. მაგალითად, ბრაიან ფერი 450 ათას დოლარად, ჯგუფი, ''ქისი'' 500 ათასად. სილიც ასევე 500 ათასს ითხოვს.
ამერიკული როკჯგუფი ''ფუ ფაიტერსი'' საკუთარ შესრულებას 500-600 ათას დოლარს აფასებს. რიტა ორა 300-500 ათასს დოლარს მოგთხოვთ. ფრენკ სინატრას ქალიშვილი, ნენსი სინატრა პრივატულ წვეულებებზე 200-300 ათას დოლარად დაფრინავს. ბრიტანელი დიჯეი ''ფეთბოი სლიმი'' 150-200 ათასს იღებს.

ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი - შერილ კოული 150-200 ათას დოლარად გესტუმრებათ. ამერიკელი მომღერალი, კელი კლარკსონი 150-ათასიანია. ბრიტანული როკჯგუფი ''კასაბიანიც'' 150 ათასად მღერის.
ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი, ჯგუფ ,,ფუჯიზის'' ყოფილი სოლისტი ლორენ ჰილი საღამოებზე 100-150 ათას დოლარად დადის, კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, კარლი რეი ჯეპსენი - 50-100 ათასად. შოტლანდიელი დიჯეი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი ქევინ ჰარისი 50-100 ათას დოლარს ითხოვს. ბრიტანელი მუსიკოსი მარლონ რუდეტი 30-50 ათასი დოლარი ღირს.
შეგახსენებთ, ეს არ არის მომღერლების ოფიციალურ კონცერტებსა და ტურნეებზე გამოსვლის ფასები. ცნობილი მომღერლები აღნიშნულ თანხებს მხოლოდ კერძო კონცერტებსა და წვეულებებზე სიმღერისას ითხოვენ.
ზაზა გიგაური
ჟურნალი ''რეიტინგი''