მოდის სამყაროში ღირსშესანიშნავი მოვლენა მონტენ ავენიუს ქუჩაზე ''დიორის'' მოდის სახლის გახსნაზე, პატარა
ახალგაზრდა დიორი
კრისტიანი საფრანგეთის მხარე ნორმანდიაში, მეთევზეთა პორტ გრანვილში 1905 წელს დაიბადა. მამამისი, რომელიც ქიმიური სასუქების მწარმოებელი ქარხნის მეპატრონე იყო, იმდენს გამოიმუშავებდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. ქალაქის მცხოვრებლებს არ მოსწონდათ ოჯახის უფროსის ''საეჭვო ბიზნესი'' , უფრო სწორად, ქარხნის მილებიდან ამოსული გამონაბოლქვი, რომელიც გარემოს აბინძურებდა. კორსიკის ქუჩებში ხშირად გაიგონებდით უკმაყოფილო ბუზღუნს: ''დიორი ხრჩოლავს'' .

კრისტიანს ადრეული ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მისი ყურადღების მისაქცევად დედის გატაცებას, მებაღეობას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში შეუყვარდა ყვავილები, უფრო სწორად - შროშანები, რომლებიც ყოველთვის ეკეთა პიჯაკის ღილკილოში. მომავალი დიზაინერი პატარაობიდან ხატავდა და ოცნებობდა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი გამხდარიყო. მშობლები არ იზიარებდნენ მის გატაცებებს, ვაჟს დიპლომატობას ურჩევდნენ. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კრისტიანი დაჰყვა მშობლების ნებას და პარიზის ''თავისუფალ პოლიტიკურ სკოლაში ჩააბარა'' . ამით დიორის კარიერა დასრულდა, ლექციებს აცდენდა და მთელ თავისუფალ დროს ექსკურსიებსა და მუზეუმებში სიარულს ანდომებდა, პარალელურად მუსიკასა და ფერწერას ეუფლებოდა.
შედეგად, 1928 წელს მეგობრებთან ერთად სამხატვრო გალერეა გახსნა, სადაც გამოფენილი იყო მატისის, პიკასოსა და დიურერის ნახატები.
წარუმატებლობა
სამწუხაროდ, მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. დიორი-უფროსი, რომელიც ვაჟის გატაცებას აფინანსებდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო გაკოტრდა და გალერეის დაკეტვა მოუხდათ. კრისტიანი შვიდი წლის შემდეგ საყვარელ საქმეს მიუბრუნდა. მეგობრების რჩევით, თავისი ესკიზები და ნახატები საფრანგეთის მოდურ ჟურნალებს გაუგზავნა. შემკვეთებს მოსწონდათ ახალგაზრდა დიზაინერის ნამუშევრები და მას ხშირად აქვეყნებდნენ, რამაც კრისტიანს სახელი გაუთქვა. ზოგიერთი მისი ნამუშევარი ''ვოგში'' დაიბეჭდა, სხვები რიჩარდ შერიდანოვმა და ნინა რიჩიმ მოიწონეს და შეიძინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ დიორმა რობერტ პიკე გაიცნო, რომელთანაც თითქმის ერთი წელი მოდელიერად იმუშავა, მაგრამ ბედმა კვლავ მოუწყო გამოცდა - სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მომავალ კუტიურიეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა: კვლავ ჟურნალები, მოდელიერად მუშაობა... მხოლოდ 42 წლის ასაკში მოახერხა დიორმა თავისი ჭეშმარიტი არსის გამოხატვა.
გზა დიდებისკენ
წარმატება, რომელიც დიორს ''ახალი ხედვის'' კოლექციის ჩვენებამ მოუტანა, მოდის არენაზე საბოლოო გამარჯვება არ იყო. ჩვენების დამთავრებისთანავე ამერიკელი კრიტიკოსების ქარტეხილი დაატყდა თავს. ამერიკელებმა, რომლებიც ომის წლებში მიეჩვივნენ თავიანთ მოდურ შეხედულებებს, პარიზულ მოდას არ ცნობდნენ, კრისტიანს ქალის ''დამახინჯებაში'' დასდეს ბრალი: ''როგორ გაბედა ასეთი ძვირფასი სამოსის შექმნა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი პარალიზებულია, ხელისუფლება გამუდმებით იცვლება და თითქმის არაფერი არ აქვთ?!'' მაშინაც კი, როდესაც კრისტიან დიორის სახელი ელეგანტურობისა და სილამაზის სახე გახდა, მას, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ცოდვაში ამხელდნენ. საბედნიეროდ, მოდელიერი შეუვალი იყო, ზედმიწევნით მისდევდა საკუთარ პრინციპებს: ''ჯობს გაზეთის პირველ გვერდზე გლანძღონ, ვიდრე ბოლო გვერდზე რამდენიმე სიტყვით შეგაქონ''.

1947 წელს გამომცემლებმა ხმაური ატეხეს, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დიორის კოლექცია უვარგისი იყო, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ დაასაბუთეს. ''ქალებმა მაშინვე გამოიცნეს ჩემი სურვილი, ისინი მარტო ლამაზები კი არა, ბედნიერები გამეხადა'' , - ასე ახსნა თავისი წარმატება კრისტიანმა.
იმავე წელს დიორი ''პროფესიაში ფუნდამენტური სიახლის'' გამო მაღალი მოდის ''ოსკარით'' დააჯილდოვეს. ათი წლის განმავლობაში წელიწადში ორი განსხვავებული კოლექციის შექმნით დიორი შოკში აგდებდა მოდის შემფასებლებს. ახალი კოლექციების სახელები ყურს ჭრიდა, გაკვირვებას იწვევდა: ''ციკლონი'' , ''ვერტიკალი'' , ''ტიტა'' და სხვა. დიორის ყველა ჩვენებას მოუთმენლად ელოდნენ, ცდილობდნენ გამოეცნოთ მოდური ტენდენციები, რომელსაც დიზაინერი მაყურებელს წარუდგენდა.
ახალი ქროლა
მალე ამბიციურსა და წარმატებულ ბიზნესმენს აღარ აკმაყოფილებდა ელიტური მოდის სახლის ხელმძღვანელობა. თავიდან ბეწვის ხაზის გახსნა გადაწყვიტა, შემდეგ - ''დიორ პარფიუმის'' ფირმის. ''საკმარისია სუნამოს გახსნა, რომ ჩემი შექმნილი ყველა კაბა თვალწინ დაგიდგეთ. მინდა, რომ ყველა ქალი, ვინც ჩემი ტანსაცმლით იმოსება, გარშემო სურვილების კვალს ტოვებდეს. სუნამო ქალურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებაა, კაბის დაბოლოება კი ის ვარდია, რომელმაც გარშემო ნამდვილი და დასამახსოვრებელი სურნელი უნდა დატოვოს'' , - ჰყვებოდა თავისი იდეის შესახებ დიზაინერი.
პარიზელი მოდური ქალბატონებისთვის ''მისის დიორის'' არომატის გამოჩენა ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მოგვიანებით ''დიორისიმო'' და ''დიორამა'' გამოვიდა, მაგრამ დიზაინერი ამ წარმატებამაც არ დააკმაყოფილა. მალე იგი ნამდვილი მრეწველი გახდა. მისი საწარმოები უშვებდნენ ხელთათმანებს, ჩანთებს, კორსეტებს, ჰალსტუხებს, ძვირფასეულობას.
1953 წელს ქრისტიანმა ფეხსაცმლის დიზაინერი როჟე ვივიე დაიქირავა, რომელიც იმ დროს ამერიკაში ძალიან ცნობილი იყო. ფეხსაცმელი სილუეტის შტრიხის აუცილებელ დასრულებად მიიჩნია, რომელსაც დიორის სახე სრულყოფილებამდე მიჰყავდა.
ცნობილი კუტიურიე მოდის იმპერიის მფლობელი იყო, რომელიც მ ს ო ფლიოში ფუფუნების ეტალონი გახდა. ''ჩემი ხელობა ყველაფერი საშუალოსა და დემობილიზებულის წინააღმდეგ ბრძოლაა'' , - ამბობდა ოსტატი. მისი მიმდევრები ამ ფრაზებს ''დიორის'' ძირითად ხაზად მიიჩნევდნენ.
კომერციულთან ერთად საზოგადოებრივი წარმატებაც ეწვია. 50 წლის დიორი საპატიო ლეგიონერის ორდენით დააჯილდოვეს. ამ დროიდან ევროპის ბოჰემურ სახლებში ნამდვილი პარადი დაიწყო. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა გამოჩენილ დიზაინერს ლონდონში მდებარე საფრანგეთის საელჩოში თავისი კოლექციის გამოფენა შესთავაზა. საპატიო სტუმრებს შორის პრინცესა მარგარეტი და ჰერცოგ მარლბოროს ოჯახი იყვნენ.
დიორით აღმაფრენა არა მარტო მაღალ მოდაზე გავრცელდა, არამედ კინემატოგრაფზეც. მის მოდის სახლში ბევრი ფილმისთვის კოსტიუმები იკერებოდა. დიორის შექმნილ კაბებში ეკრანებზე თავს იწონებდნენ გამოჩენილი მსახიობები და მათი მეგობრები: ავა გარდნერი, მარლენ დიტრიხი და სხვები... მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ოსტატმა აღიარა, რომ კინოს სამყარო მოდაში შეტანილი თავისებური ხარკი იყო და არა ჭეშმარიტი სურვილი. კინოსთვის შექმნილი კოსტიუმების ხასიათი დაუმთავრებელი იყო. იგი კინოში მუშაობაზე ხშირად უარსაც ამბობდა, თუმცა თავისი ნამუშევარი ფილმისთვის ''პარიზული ვალსი'' ძალიანაც მოსწონდა.
მემკვიდრეობა
წარმატებულ დიორს პედაგოგიკის ნიჭიც აღმოაჩნდა. იგი დიდი სიამოვნებით იწვევდა თავის ''სახლში'' ნიჭიერ ახალგაზრდა დიზაინერებს და ყველა დეტალს გულდასმით უხსნიდა. სწორედ აქ შექმნა პიერ კარდენმა თავისი პირველი კოლექცია. ამასთან, დიორს, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით, ის ღირსებაც გააჩნდა, რომ ახალგაზრდა მოდელიერებს არა მარტო ასწავლიდა, პირადად უწყობდა ხელს წარმატების მიღწევაში.
1957 წლის შემოდგომაზე დიორი შვებულებაში გაემგზავრა, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ ეწერა - 52 წლის მოდელიერი გულის შეტევით გარდაიცვალა. ''დიორის სახლის'' მართვა ამბიციურმა და ახალგაზრდა ივ-სენ ლორანმა ითავა. მოგვიანებით მისი ადგილი მარკ ბოანმა, ბერნარ არნომ, ჯანფრანკო ფერემ, ჯონ გალიანომ და ბოლოს, 2012 წელს ბელგიელმა მოდელიერმა რაფ სიმონემ დაიკავეს.
მაღალ მოდაში იყვნენ სხვა ნიჭიერი წარმომადგენლები, მაგრამ თუ ყველა ისინი თავისებურად სტილის სინონიმები არიან, კრისტიან დიორის სახელი მოდის მაგიისა და მისი აღორძინების სახეა.
ჟურნალი ''რეიტინგი''