13 სექტემბერი, 2013
ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''
მოდუნება არ შეიძლება, სხვანაირად მსახიობის კარიერას დაემშვიდობები. მეგობრებთან ურთიერთობაც მეხმარება ბევრ რამეში ამანდა სეიფრიდი ბოლო დროს წელს არ ტოვებს, რამდენიმე ახალი ფილმით მაინც რომ არ წარდგეს მაყურებლების წინაშე. ''განკიცხულნისა'' და ''წითელქუდას'' შემდეგ მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ახალი სურათი გამოვიდა ეკრანებზე - ''ლავლეისი'' . ამ ფილმში მან 1970-იანი წლების ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი ლინდა ლავლეისი განასახიერა.

- სანამ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას, ვიცოდი, რომ ლინდა პორნოვარსკვლავი იყო და ''ღრმა ხახაში'' ჰქონდა ნათამაშები. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან მრავალმხრივი ადამიანი
იყო და ბევრმა ისიც არ იცის, რომ ამ ფილმში გადაღების შემდეგ მთელი ცხოვრება ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. მინდოდა, ხალხს სხვანაირი ლავლეისი დაენახა და გაეცნობიერებინა, რომ სექსუალური რევოლუციის დროს პორნოგრაფია სულაც არ აღიქმებოდა ისე, როგორც დღეს.
- არ გეშინოდათ ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანის თამაში?
- რეჟისორების ნდობა რომ არ მქონოდა და სცენარი ცუდი ყოფილიყო, ვერ გავბედავდი. არ ვიცი, ვინ წავა ამ ფილმის სანახავად და რა რეაქცია ექნებათ, მაგრამ მე უნიკალური გამოცდილების მიღება მინდოდა და არც მოვტყუვდი.
- არაერთხელ მოგიწიათ ინტიმურ სცენებში თამაში, მათ შორის ქალებთანაც. როგორია ეს?
- ''ჯენიფერის სხეულში'' მეგან ფოქსისთვის უნდა მეკოცნა და საკმაოდ შებოჭილი ვიყავი. ''ქლოეში'' კი ჩემი გმირი ჯულიანა მურს აცდუნებდა - ეს რატომღაც უფრო იოლი გამოდგა, თუმცა მაინც უჩვეულო იყო.
Rating
- თავს გრძნობთ სექსუალურად?
- მართალი გითხრათ, თავს ყველაზე კომფორტულად ტანსაცმლის გარეშე ვგრძნობ (იცინის). დიდად არ ვინტერესდები მოდით, მაგრამ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ყველა გაფასებს. უნდა ატარო ''მართებული'' სამოსი და აუცილებლად შეისწავლო ეროტიკული ფლუიდები - გარშემო ხომ უზარმაზარი კონკურენციაა და საჭიროა, რომ სწორედ შენ აგარჩიონ. ასე რომ, სექსუალურობა ჩემთვის თვისებაა, რომელიც შემიძლია საჭირო მომენტში ''ჩავრთო'' ან ''გამოვრთო'' .

''არ უნდა დაუჯერო მავნე გოგოებს''

- თავი ლამაზად მიგაჩნიათ?
- საშინლად მორიდებული მოზარდი ვიყავი და საკუთარი გარეგნობის მრცხვენოდა. ახლა კი ძველ ფოტოებს ვუყურებ და ვხედავ სიმპათიურ ბავშვს დაშორებული წინა კბილებით. გული მწყდება, რომ ასეთი თავდაუჯერებელი ვიყავი და ბავშვობით სრულად ვერ დავტკბი.
- ახლა რას ეტყოდით მაშინდელ ამანდას?
- არ უნდა დაუჯერო მავნე გოგოებს, რომლებიც გულს გტკენენ და ცდილობენ, რომ თავი შეგძულდეს. სინამდვილეში მათ თვითონ აქვთ უამრავი კომპლექსი, მაგრამ არ აღიარებენ. ჰოლივუდიც სკოლას ჰგავს: პოპულარული ადამიანები მხოლოდ მათთან ურთიერთობენ, ვინც მათი ''ტოლი და სწორია'' . შეიძლება, გარეგნულად ყველა მეგობრულია, მაგრამ ზურგს უკან საშინელებებს ამბობენ. ამიტომ, თუ არ იქნები შენს სილამაზეში დარწმუნებული, არავინ დაგეხმარება.
- რთულ სიტუაციებში რა გეხმარებათ?
- ირონია. შავი იუმორი მაქვს, ხანდახან შემიძლია მწარე ვიყო, ხან - ძალიან უხეშიც.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. რეგულარული დილის გარბენები და სპორტულ დარბაზში ვარჯიში რომ არა, ალბათ პუტკუნა ვიქნებოდი. თუმცა მოდუნება არ შეიძლება, სხვანაირად მსახიობის კარიერას დაემშვიდობები. მეგობრებთან ურთიერთობაც მეხმარება ბევრ რამეში.
Rating
- არ გეშინიათ, რომ წარმატება შეგცვლით?
- კინოში ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ვარ. ეს საკმარისი დროა, რომ მიხვდე, კარიერა ჰოლივუდში არ შედგება მხოლოდ აღმაფრენებისგან, მათ დაცემაც მოჰყვება. თუმცა ვეცდები, წამოვდგე.
- ასაკის მატება არ გაღელვებთ?
- მომწონს, ასაკი რომ მემატება - ახლა 28 წლის ვარ. როგორც ჩანს, დგება ის დრო, როცა ბოლოს და ბოლოს შევიყვარებ საკუთარ თავს!

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS