ფერადოვანი მკვლელები
ყველაზე ცნობილ წყეულ ტილოდ ითვლება დიეგო ველასკესის სურათი „ვენერა სარკის წინ“ . მისი ყოველი მყიდველი ან კოტრდებოდა, ან ძალადობრივი სიკვდილით ეთხოვებოდა სიცოცხლეს. არც მუზეუმებს სურდათ მისი შეტანა ძირითად კომპოზიციაში და სურათი გამუდმებით იცვლიდა ადგილსამყოფელს. საქმე იმით დამთავრდა, რომ ერთხელ ნახატს შეშლილი ქალი მივარდა და იგი დანით დასერა.
ერთი ნაკლებად ცნობილი და არაფრით გამორჩეული საბედისწერო სურათი ედინბურგის სამეფო მუზეუმშია გამოფენილი. ეს გახლავთ ხანდაზმული მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ხელი აქვს გაწვდილი. გადმოცემის თანახმად, მოხუცის ზეთის საღებავით დახატული თითები ზოგჯერ მოძრაობას იწყებენ და ის, ვინც ამ უჩვეულო მოვლენას მოჰკრავს თვალს, უახლოეს მომავალში აუცილებლად ცეცხლით დაიღუპება.
პორტრეტის ორი მსხვერპლი, რაც ოფიციალურადაა დაფიქსირებული, გახლავთ ლორდი სეიმური და შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბელფასტი. ორივე ამტკიცებდა, რომ ნახეს, როგორ ამოძრავებდა მოხუცი თითებს და შემდგომ ორივე ცეცხლში დაიღუპა. ცრუმორწმუნე მოქალაქეები მოითხოვდნენ კიდეც მუზეუმის დირექტორისგან მოეშორებინა საშიში სურათი, მაგრამ იგი, ცხადია, არ დათანხმდა, რადგანაც სწორედ ეს შეუხედავი და ნაკლებად ფასეული პორტრეტი იზიდავდა დამთვალიერებელთა უმრავლესობას. თუმცა საბოლოოდ იგი მაინც აიღეს.
სავალალო სახელი მოიხვეჭა კალიფორნიელი სიურრეალისტი მხატვრის ბილ სტოუნჰემის სურათმა „ხელები ეწინააღმდეგებიან“ . მხატვარმა იგი 1972 წელს დახატა ფოტოსურათიდან, რომელზეც იგი თავის უმცროს დასთან ერთად დგას მშობლიური სახლის წინ. ამ ნახატს უამრავი საშინელი ისტორია უკავშირდება, ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ პირველი ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც ნახა და შეაფასა ეს ნაწარმოები, მოულოდნელად გარდაიცვალა.

შემდეგ სურათი ამერიკელმა მსახიობმა შეიძინა, რომელიც მალე მოკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ ნახატი მცირე ხნით გაუჩინარდა, მაგრამ მოგვიანებით იგი შემთხვევით ნახეს... ნაგავსაყრელზე, ოჯახის უფროსმა, რომელმაც კოშმარული შედევრი იპოვა, ნახატი ბავშვთა ოთახში დაკიდა. ამის შედეგად პატარა გოგონა ყოველღამე მშობელთა საძინებელში გარბოდა და ყვირო-და, რომ სურათზე დახატული ბავშვები ჩხუბობენ და ადგილებს იცვლიან.
რა თქმა უნდა, ოჯახმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ მოეშორებინა თავიდან ბედის ასეთი საჩუქარი და სურათი ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანეს. ამის შემდეგ ორგანიზატორთა მისამართით საყვედურით სავსე მრავალი წერილი მოდიოდა იმის გამო, რომ სურათის ნახვისას ადამიანები ცუდად ხდებოდნენ, ზოგიერთს კი სიცოცხლისთვის საშიში გულის შეტევაც ემართებოდა. საბოლოოდ იგი სურათების კერძო გალერეის მეპატრონემ იყიდა და ახლა უკვე ის აიკლეს საყვედურებით. სურათის ნახვისას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები ცუდად ხდებოდნენ - გონებას კარგავდნენ, უმიზეზოდ ტიროდნენ, ეწყებოდათ კრუნჩხვები. გალერეის მეპატრონემ სასწრაფოდ ჩამოხსნა სურათი და საცავში გადაიტანა, რადგან ექსტრასენსები მისი ნახვისას ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ამ ნახატისგან სასიკვდილო საფრთხე მოდიოდა.
ნეგატიური ენერგეტიკა
კიდევ ერთი მისტიკური ისტორია ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ცნობილ სურათს უკავშირდება. „ყვირილი“ 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მასზე გამოსახულია უთმო ტანჯული არსება გადაბრუნებული მსხლისმაგვარი თავით, რომელსაც შიშისაგან ხელისგულები
ყურებზე აქვს აფარებული და პირი უხმო ყვირილით დაუღია. ამ არსების ტანჯვის მთრთოლარე ტალღები ექოსავით ვრცელდება ჰაერში მისი თავის გარშემო. იგი თითქოს საკუთარი გოდების ტყვეობაშია და იმისათვის, რომ ის არ გაიგონოს, ყურები დაიხშო.
სურათის ნახვის შემდეგ ადამიანები ავადდებოდნენ, ეჩხუბებოდნენ ახლობლებს, ღრმა დეპრესიაში ვარდებოდნენ და სრულიად მოულოდნელად კვდებოდნენ კიდეც, ყველაფერმა ამან სურათს არასახარბიელო სახელი მოუხვეჭა და ოსლოს მუზეუმის დამთვალიერებლები შიშით შეჰყურებდნენ მას.

ერთხელ მუზეუმის თანამშრომელს უნებურად გაუვარდა ხელიდან ნახატი. რაღაც დროის შემდეგ მას საშინელი თავის ტკივილები დაეწყო, თუმცა ადრე არასოდეს აწუხებდა. შაკიკის შეტევები სულ უფრო ხშირი და ძლიერი ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, საბრალომ ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. სხვა დროს სურათი მუზეუმის მუშას დაუვარდა, როდესაც მას ერთი კედლიდან მეორეზე ჰკიდებდნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ იგი საშინელ ავტოავარიაში მოყვა, მოიტეხა ხელები, ფეხები, ჩაემტვრა რამდენიმე ნეკნი, გაებზარა მენჯის ძვალი და ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო. მუზეუმის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა კი გადაწყვიტა თითით შეხებოდა სურათს და ერთი კვირის შემდეგ მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელშიც იგი ცოცხლად დაიწვა.
პარანორმალური მოვლენების სპეციალისტთა აზრით, ნეგატიური ენერგეტიკა, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევებს იწვევს, სურათში თავად მუნკის ცხოვრებამ ჩადო, რაც დაუსრულებელი ტრაგედიებისა და ნერვული შერყევების მონაცვლეობას წარმოადგენდა: ავადმყოფობები, ახლობელთა სიკვდილი, შეშლილობა, რისგანაც მას ელექტროშოკით მკურნალობდნენ.
იგი არასოდეს დაქორწინებულა, რადგან სექსზე ფიქრი საშინლად აფრთხობდა. მხატვარი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და 1200 სურათის, 4500 ესკიზისა და 18 ათასი გრაფიკული ნამუშევრისგან შემდგარი უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა, მაგრამ მისი ხელოვნების მწვერვალად ისევ და ისევ „ყვირილი“ რჩება.
სხვა ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ტილოდ ითვლება ჰოლან დიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელ-უფროსის სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ . იგი მას ორი წელი ხატავდა და საბოლოოდ მაინც არ თვლიდა დამთავრებულად. მარიამ ღვთისმშობლის სახეს თავისი ბიძაშვილის გარეგნობის მიხედვით ქმნიდა.
მხატვრის ბიძაშვილი უშვილო ქალი გახლდათ, რის გამოც იღებდა კიდეც გამუდმებულ საყვედურებს ქმრისგან. სწორედ ამ ქალბატონმა, როგორც ამბობდნენ მხატვრის თანამედროვე ნიდერლანდელები, „დაასნებოვნა“ სურათი. „მოგვები“ ოთხჯერ იყიდეს კერძო კოლექციო-ნერებმა და ყოველთვის ერთი და იგივე ისტორია მეორდებოდა: ოჯახებში ათი-თორმეტი წლის განმავლობაში არ ჩნდებოდნენ ბავშვები. საბოლოოდ, 1637 წელს სურათი ხუროთმოძღვარმა იაკობ ვან კამპენმა შეიძინა. მას იმ დროისთვის უკვე სამი შვილი ჰყავდა, ასე რომ, წყევლამ ვერ შეაშინა.
ცეცხლსაშიში სურათები
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავბედით სურათს წარმოადგენს „მტირალი ბიჭი“ - ესპანელი მხატვრის ჯოვანი ბრაგოლინის ნახატის რეპროდუქცია. XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მისი ასლები ძალიან პოპულარული გახდა ინგლისში, მაგრამ მალე სურათი დაწყვევლილად შერაცხეს სახლების ამოუცნობ აალებათა შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იაფფასიანი რეპროდუქცია, რომელზეც მტირალი ბიჭუნა იყო გამოსახული, იმ ოთახებში ეკიდა, საიდანაც ხანძარი იწყებოდა. ამასთან, თავად ეს სურათი დაუზიანებელი რჩებოდა, როცა მის გარშემო ყველაფერი ბოლომდე იწვებოდა.
უჩვეულო მოვლენა 1985 წლის ზაფხულში გახმაურდა, როდესაც პიტერ ჰოლმა, იორკშირელმა მეხანძრემ, საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ სახანძრო ბრიგადებმა მთელ ჩრდილოეთ ინგლისში ამ სურათის ურიცხვი ეგზემპლარი ნახეს, რომლებსაც ცეცხლი ოდნავადაც არ შეხებოდათ.
ამ პუბლიკაციის შემდეგ ბრიტანეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს „ბიჭუნას“ მფლობელთა წერილებისა და სატელეფონო ზარების ქარიშხალი დაატყდა თავს, რომლებიც ასევე ხანძრებისგან იყვნენ დაზარალებულნი. ასე, მაგალითად, დორა ბრანდის სახლი მიტჩემში, სურეის საგრაფოში, ამ სურათის შეძენიდან ექვს კვირაში ფერფლად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ მას ასზე მეტი სხვა სურათიც ჰქონდა, ხანძარს მხოლოდ ეს გადაურჩა. სანდრა ქრასკემ კილბურნიდან განაცხადა, რომ მისი და, დედა და მათი მეგობარი მას შემდეგ იმსხვერპლა ცეცხლმა, რაც ყოველმა მათგანმა „ბიჭუნას“ ასლი შეიძინა. იდუმალი ხანძრები მთელ ინგლისში ბობოქრობდა.
მაშინ კი გახმაურდა ნახატის შექმნის უჩვეულო ისტორია. მხატვარ ჯოვანი ბრაგოლინის სურდა დაეხატა მტირალი ბავშვის პორტრეტი და გადაწყვიტა მენატურედ თავისი პატარა ვაჟი გამოეყენებინა, მაგრამ რადგანაც ბიჭუნას არ შეეძლო ასე შეკვეთით ეტირა, მამა სპეციალურად ატირებდა მას, რისთვისაც ბიჭუნას სახესთან ანთებული ასანთი მიჰქონდა.
მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ მისთვის ხელოვნება უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი ბავშვის ნერვები და იგი განაგრძობდა პატარას აბუჩად აგდებას. ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და აცრემლებულმა შესძახა: „შენ თვითონ დაიწვი!“ ეს წყევლა სულ მალე ახდა, ორ კვირაში ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა, ხოლო მამამისი საკუთარ სახლში მალე ცოცხლად დაიწვა.
ერთ-ერთმა გაზეთმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ყველას, ვისაც ეს რეპროდუქცია ჰქონდა, დაუყოვნებლივ უნდა მოეშორებინა იგი თავიდან და რომ ხელისუფალთა მიერ ამიერიდან იკრძალება მისი შეძენა და სახლში შენახვა. ამის შემდეგ, 1985 წლის 5 ნოემბრის ღამეს მთელ ინგლისში აგიზგიზდა კოცონები, რომლებზეც ბრიტანეთის მცხოვრე-ბლები „მტირალი ბიჭის“ ათასობით რეპროდუქციას წვავდნენ.
სხვა ცნობილ ცეცხლსაშიშ შედევრად ითვლება იმპრესიონისტ კლოდ მონეს „წყლის შროშანები“ . მისგან პირველად თავად მხატვარი დაზარალდა - ამოუცნობი მიზეზით მისი სახელოსნო კინაღამ დაიწვა. ამის შემდეგ ცეცხლი არც ამ სურათის ახალ მფლობელებს ინდობდა - დაიწვა კაბარე მონმარტზე, ერთ-ერთი ფრანგი მეცენატის სახლი და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც კი. ამჟამად სურათი საფრანგეთში, მორმოტონის მუზეუმში ინახება და თავის ცეცხლსაშიშ თვისებებს ჯერჯერობით არ ამჟღავნებს...
პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“