05 სექტემბერი, 2013
როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...
ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეკრანებიდან მსოფლიო დაიპყრეს ამერიკული კინო ყოველთვის გამოირჩეოდა ულამაზესი ქალბატონებით, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად წარსულიდან ისევ გვიმზერენ ჩვეული ბრწყინვალებით. რიტა ჰეივორტი, ინგრიდ ბერგმანი, ოდრი ჰეფბერნი, ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეკრანებიდან მსოფლიო დაიპყრეს. გასული საუკუნის ვარსკვლავი ლამაზმანებიდან კიდევ რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

1. ინგრიდ ბერგმანი შვედი მსახიობი გახლდათ, რომელმაც მთელ რიგ ევროპულ თუ ამერიკულ ფილმებში ითამაშა. მას თავისი კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს სამი ''ოსკარი''
, ''ემის'' ორი ჯილდო და ასევე ''ტონი'' , როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. ის რიგით მეოთხეა ''ამერიკული ფილმის ინსტიტუტის'' მიერ შედგენილ დიდებულ ქალ მსახიობთა სიაში. 1942 წელს კინოკლასიკად ქცეულ ''კასაბლანკაში'' ინგრიდმა თავისი არაჩვეულებრივი როლი განასახიერა და ვარსკვლავური სტატუსი მოიპოვა. რეჟისორები, რომლებსაც მასთან უმუშავიათ, ყოველთვის უსვამდნენ ხაზს ინგრიდის შესანიშნავ სამსახიობო მონაცემებს. ინგრიდ ბერგმანმა კინოსამყაროს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა - იზაბელა როსელინი, რომელიც რეჟისორ რობერტ როსელინისგან ჰყავს, ასევე გამორჩეული მსახიობი გახლავთ.

2. ჯეინ მენსფილდი - ''XX საუკუნე ფოქსმა'' ეს ლამაზმანი იმისთვის დაიქირავა და ექვსწლიანი კონტრაქტი იმიტომ გაუფორმა, რომ მას მერილინ მონრო ჩაენაცვლებინა. მსგავსება აშკარა იყო, სხვათა შორის, ჯეინი ''პლეიბოის'' გოგონაც გახლდათ და რამდენჯერმე ჟურნალის ყდასაც კი ამშვენებდა. ეს ფოტო ერთ-ერთ წვეულებაზეა გადაღებული, სადაც ჯეინის მოშიშვლებულ მკერდს სოფი ლორენი ერთდროულად შურითა და აღფრთოვანებით სავსე თვალებით უყურებს. სოფის სამსახიობო შესაძლებლობები ამ ერთ ფოტოზეც არაჩვეულებრივად ჩანს. ჯეინი 50- იანი წლების სექსსიმბოლოდ მიიჩნეოდა. საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები მაყურებელს ნაკლებად უნახავს, ჯეინი იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო. მიუხედავად მისი მოკლევადიანი კარიერისა ჰოლივუდში, ჯეინმა მსოფლიო თეატრალური ჯილდოსა და ''ოქროს გლობუსის'' აღებაც კი მოასწრო. ასე რომ, მისი სამსახიობო მონაცემები მაინც დააფასეს.

3. ჯინჯერ როჯერსი, ანუ ვირჯინია კეტრინ მაკმასი, ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი, მომღერალი გახლდათ, რომელიც მონაწილეობდა არა მხოლოდ ფილმებში, არამედ თეატრალურ, რადიო და სატელევიზიო დადგმებში და მეოცე საუკუნის ამერიკული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავისი კარიერის განმავლობაში მან მონაწილეობა 73 ფილმში მიიღო. ცნობილი გახლდათ, როგორც ფრედ ასტერის მუდმივი პარტნიორი და რომანტიკული ინტერესის ობიექტი. მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ათამდე მუსიკალურ ფილმში და ამ ჟანრში გარკვეული გადატრიალებაც მოახდინეს. მათი საცეკვაო ნომრები ჰაეროვნების, პროფესიონალიზმისა და ვირტუოზობის ნამდვილი გამოხატულება იყო. რამდენიმე როლმა ჯინჯერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა, ხოლო 1940 წელს ''კიტი ფოილში'' შესრულებული როლისთვის ''ოსკარიც'' დაისაკუთრა. ეკრანის ლეგენდა ქალბატონებს შორის ასეულში ის მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს. ჯინჯერს, ისევე, როგორც სხვა ცნობილ მსახიობ ქალბატონებს, პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა. მან ხუთჯერ სცადა სხვადასხვა მამაკაცთან ქორწინებაში ბედნიერების პოვნა, მაგრამ ხუთივე ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ირა
უდაოდ ლამაზები და ცნობილი მსახიობები იყვნენ,მაგრამ არც ქართველებს გვყავდა მაგათზე ნაკლები ლამაზ ი და ნიჭიერი მსახიობები ნატო ვაჩნაძე,ვერიკო ანჯაფარიძე,დუდუხანა წეროძე,დოდო ჭიჭინაძე,ლიანა ასათიანი ,მედეა ჯაფარიზე და სხვები ,ყველას ვერ ჩამოვთვლი.ხანდახან თუ მათაც გაიხსენებთ ურიგო არ იქნება.
23:11 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS