- ვინ გიკითხავდათ წიგნებს, სანამ თავად ისწავლიდით კითხვას და შემდეგში ვინ გირჩევდათ ლიტერატურას?
- ბავშვობა წიგნების გარემოცვაში გავატარე, ჩემს მშობლებს კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ: დედას - ნინო ტაბლიაშვილს, აღმოსავლეთმცოდნესა და ფილოლოგს, უფრო მხატვრული და ფილოლოგიური ლიტერატურა უყვარდა, მამას - ჟურნალისტ ვალერიან ყუშიტაშვილს, მეტწილად პოეზია და ფილოსოფოსი ავტორების თხზულებები, რადგან მამა თავად წერდა ლექსებს და უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გავიზარდე, ქიქოძეების სახლი მთაწმინდაზე, გა-მორჩეული უმდიდრესი ბიბლიოთეკით იზიდავდა ჩემს ბავშვურ გონებას: დიდი და მცირე ენციკლოპედიები, ტომეულები, ალბომები, იშვიათი ბუკინისტური გამოცემები, რას არ ნა-ხავდით ამ ძველებური სახლის გაუქმებულ კარ-ფანჯრებში დატანებულ სტელაჟებზე. პატარაობისას წიგნებს დედა და დეიდა მიკითხავდნენ, თუმცა კითხვა დედამ ოთხი წლის ასაკში დამაწყებინა და მცირე ზომის ლექსებსა და ზღაპრებს თავადაც ვკითხულობდი. საზოგადოდ, დეიდაჩემმა, თამარ ტაბლიაშვილმა, დიდი როლი ითამაშა ლიტერატურისადმი ჩემს გამორჩეულ სიყვარულში. ხშირად ერთად ვსტუმრობდით იმხანად პოპულარულ მაღაზია „საუნჯეს“ , სადაც დეიდას კარგად ცნობდნენ გამყიდველი გოგონები და ახალ საბავშვო გამოცემებს სთავაზობდნენ. დეიდა თამარიც მუდამ რამდენიმე ეგზემპლარად ყიდულობდა წიგნებს: ჩემთვის და საკუთარი შვილიშვილებისთვის: არჩილისა და მარიამისთვის. სხვათა შორის, უფროსი დეიდის შვილიშვილი არჩილ ქიქოძე დღეს თავად მწერალია და კარგ წიგნებს წერს.
- საყვარელი ავტორები დაგვისახელეთ...
- პოეზია გამორჩეულად მიყვარს და მიკვირს მათი, ვინც ამ ჟანრს არ სწყალობს, უფრო მეტიც, ვცდილობ შევაყვარო, რადგან, დუმბაძისა არ იყოს, სულ მგონია, რომ ცოდოა ის კაცი, ვინც პოეზიის დაუგემოვნებლად წავა ამქვეყნიდან. ბევრი ავტორი მიყვარს, მაგრამ ის, რაც მუდმივად ახალია, ფოლკლორია, რომელიც არასდროს ილევა და არ ხუნდება, არ ძველდება და არ მბეზრდება და სადაც ყველა კითხვაზე ვპოულობ პასუხს.
- პერსონაჟი, რომელიც თქვენს ყველაზე დიდ სიმპათიას და ანტიპათიას იმსახურებს...
- ადრეულ ბავშვობაში, როგორც მრავალ გოგონას, პეპი მიყვარდა, თავისუფალი და ძლიერი, საკუთარი ბედის განმკარგავი და მეგობრებისათვის თავდადებული, მოგვიანებით „ჯეინ ეარზე“ გადავერთე, მერე და მერე კი სხვადასხვა ცხოვრებისეული ეტაპიდან გამომდინარე პერსონაჟებიც შეიცვალნენ. სიმპათია-ანტიპათიაზე თუ მიდგება საქმე, ასეთად ფედერიკო გარსია ლორკას პერსონაჟები მახსენდება, რომლებიც თავად აწერენ ხელს საკუთარ გან-ჩინებას, პიროვნებისა და ღირსების სრული შეგრძნებით. ძალიან მიყვარს ბერნარდ შოუს „მილიონერი ქალი“ , ქართულ ლიტერატურაში კი ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დე-დაკაცი“ ; ქართველი ქალის ლიტერატურული ძეგლი, მისი ღირსებისა და ნაკლის სრული პალიტრით, რომელშიც შიგადაშიგ საკუთარ თავს ვცნობ.
- თქვენი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი...
- აკი ვთქვი, პოეზია გამორჩეულად მიყვარს, თუმცა თეატრმცოდნის პროფესიიდან გამომდინარე, დრამატურგიის კითხვაც არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს. პროზა კი ის დაუსახლებელი მატერიკია, რომელიც ყოველ ჯერზე შენთვის მუდმივად ხელახლა უნდა აღმოაჩინო.
- სკოლა თბილისში დაამთავრეთ და დაოჯახების შემდეგ თელავში გადასახლდით. რა წიგნები წაიღეთ თან?
- შეიძლება ითქვას, მთელი ბიბლიოთეკა გამოვზიდე თელავში და ახლა ჩვენი სახლის საოჯახო ბიბლიოთეკაში 5000-მდე წიგნია: ანუ გავაერთიანეთ ჩემი და ჩემი მეუღლის წიგნები და სოლიდური საბიბლიოთეკო ფონდი მივიღეთ.
- მინდა, თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა „გამაცნოთ“ . ვინ ზრუნავს საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე?
- ძირითადად მე და ჩემი მეუღლე, ვანო იანტბელიძე: ერთნაირები ვართ, თუ ჯიბე მოგვდევს, გულგრილად ვერ ვუვლით გვერდს ახალ წიგნებს და ბოლო თეთრამდე ვხარჯავთ... სულ ბოლოს ვანომ „ბიბლიის“ განახლებული გამოცემა შემატა ფონდს, მე - თეონა ქუმსიაშვილის კრებული „უფლისჩიტა“ . მეგობრებიც ხშირად გვჩუქნიან წიგნებს, როგორც ბეჭდურ ლიტერატურას, ასევე ელექტრონულ ვერსიებს.
- წიგნები ავტორისეული ავტოგრაფებით... რომელია თქვენს ბიბლიოთეკაში გამორჩეულად ძვირფასი?
- ასეთი წიგნი მრავლადაა, სულ ახლახან კინომსახიობთა თეატრის მსახიობისა და ჩემი მეუღლის ჯგუფელის დარეჯან ჯოჯუას ლექსების კრებულის „გზა სიყვარულისას“ პრე-ზენტაციაზე გახლდით მე და ვანო და ავტორის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნით დავბრუნდით თელავში. და მაინც, ჩემთვის ერთი წიგნი გამორჩეულად ძვირფასია, რადგან საინტერესო ისტორია აქვს: მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა სკოლაში გვითხრეს, პოეტები ირაკლი აბაშიძე და მუხრან მაჭავარიანი უნდა გვესტუმრონო და ყველას დაგვავალეს მათი შემოქმედებიდან თითო საყვარელი ლექსის დეკლამირება სტუმრებთან. Mმე მუხრანის „საქართველო“ უნდა წამეკითხა და მამამ ავტოგრაფისათვის მისი ლექსების კრებული გამატანა სკოლაში. მაგრამ მიზეზთა გამო მხოლოდ ირაკლი აბაშიძე მობრძანდა და მაინც, მუხრანის ლექსებიც ვთქვით და ბოლოს, როცა ჯერი ავტოგრაფებზე მიდგა, მეც წიგნით ხელში ავეტუზე ირაკლი აბაშიძეს. Mმან კრებული გამომართვა და ღიმილით მითხრა: გოგონა, ეს რომ ჩემი ლექსები არ არისო?! ისე ავღელდი, ტირილის ბურთი გამეჩხირა ყელში და ის იყო, უნდა ავბღავლებულიყავი, ისევ ირაკლი აბაშიძემ განმუხტა უხერხულობა: წიგნს ასეთი ავტოგრაფი წააწერა: „პატარა ფიქრიას ბიძია მუხრანისაგან!“ და ბოლოს, ხელი მოაწერა: „ირაკლი აბაშიძე.“ დღეს ეს პატარა კრებული მისი ავტოგრაფით ჩემი ბიბლიოთეკის ძვირფასი რელიკვიაა.
- რას კითხულობთ ამჟამად?
- ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ: ლიტველი პროზაიკოსის, ბირუტე იონუშკაიტეს „ჩემს ყვავილობას“ , რომლის რეცენზენტობა მხვდა წილად და კრებულს „ხვარამზე“ , რომელიც ლაფანყურში „ვაჟაობის“ დღესასწაულზე შევიძინე და ავიხდინე დიდი ხნის სურვილი, იმავდროულად ელის ფეირინგის „სრულქმნილ ღვინოსაც“ ჩავუჯექი, არაჩვეულებრივად დინამიკურად იკითხება, მოგითხრობს, გესაუბრება, გიხსნის და ამასობაში თანამზრახველად გაქცევს.
- ბოლო წლების განმავლობაში რომელი თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორის შემოქმედებას გაეცანით და ვინ დაიმსახურა თქვენი სიმპათია?
- რაც საჯარო მოხელის სტატუსი შევიძინე, სულ უფრო ცოტა დრო მრჩება წიგნისათვის და მაინც, ბოლო დროს ზედიზედ წავიკითხე ჰარუკი მურაკამისა და ფრედერიკ ბეგბედერის ნაწარმოებები და მკითხველსაც ვურჩევდი მათ წაკითხვას, თუ ჯერ კიდევ არ უგემიათ ეს თანამედროვე ავტორები.
- საერთოდ, გახასიათებთ თუ არა რამდენიმე წიგნის ერთდროულად კითხვა?
- რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ერთი დავასრულო და სხვა დავიწყო, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ერთდროულად რამდენიმე წიგნის წაკითხვა. ჩემმა ვაჟიშვილმა საჩუქრად მომართვა „ქინდლი“ და სრული კომფორტი შემიქმნა ნებისმიერ ვითარებაში წიგ-ნის საკითხავად, თუმცა მე მაინც იმ თაობას ვეკუთვნი, რომლისთვისაც წიგნის გაცრეცილ ფურცლებთან შეხება სხვა ადრენალინია.
- რომელ ავტორებს უბრუნდებით, ან ნაწარმოები, რომელიც არაერთხელ წაგიკითხავთ და არ გბეზრდებათ...
- ქართველებიდან ვაჟა-ფშაველა, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი და გურამ დოჩანაშვილი: ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, ხელახლა გადავიკითხო. უცხოურიდან ანტონ ჩეხოვი, მიხეილ ბულგაკოვი, აკუტაგავა, მოემი, ტოლსტოი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ ბუმბერაზი ავტორების ნაწარმოებებსაც გააჩნია.
- ვის რა წიგნი უსახსოვრეთ ბოლოს და თქვენ წიგნით ვინ დაგასაჩუქრათ?
- ძალიან მიყვარს, როცა წიგნებს მჩუქნიან და ასე მგონია, სხვასაც უხარია, როცა ახალ წიგნს ვჩუქნი, სულ ახლახან ჩემს ერთ მეგობარს ვაჩუქე ახალი კრებული „ხვარამზე“ , ჯიუტი პრაგმატიკოსია და მინდა, როგორმე პოეზია შევაყვარო და თავადაც მივიღე საჩუქრად ყველასათვის კარგად ცნობილი სიღნაღელი ამერიკელის ჯონ ვურდემანისაგან ელის ფეირინგის წიგნი „სრულქმნილი ღვინო“ , რომელსაც სლოგანად ძალიან საინტერესო ფრაზა ახლავს: „აცალეთ ყურძენს, თავისით გაიკვლიოს გზა“ . ჯონმა პირობა ჩამომართვა, იმ შე-მთხვევაში გაჩუქებ, თუ უთუოდ წაიკითხავო და მეც მაშინვე შევუდექი დანაპირების ასრულებას.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“