04 მაისი, 2013
გზა რინგიდან ჰოლივუდამდე
აწონის დროს იძულებული გახდა, მთლიანად გაშიშვლებულიყო და სხეული მხოლოდ თხელი პირსახოცით დაეფარა, დაშვებულ წონაში რომ „ჩამჯდარიყო“... შეიძლება, ერთდროულად იყო MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) მებრძოლი, მსახიობი და მოდელი? ამერიკელი ჯინა კარანო ამტკიცებს, რომ - შეიძლება. გოგონამ, რომელმაც ტაილანდურ კრივში ვარჯიში წონაში დასაკლებად დაიწყო, მალევე დაიმსახურა „MMA-ს ყველაზე სექსუალური ქალის“ ტიტული. ორთაბრძოლების გარდა, კარანოს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუში „ამერიკელი გლადიატორები“. ასევე, რამდენიმე ფოტოსესიაში და ჰოლივუდის ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმში.

ჯინა ჯოი კარანო 1982 წლის 16 აპრილს დაიბადა ტეხასის შტატის
ქალაქ დალასში. მამამისი, გლენ კარანო, ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე იყო. ბავშვობაში ჯინა სკოლის საკალათბურთო გუნდის მოთამაშე გახლდათ და შტატის ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა. გარდა ამისა, ფრენბურთით და სოფტბოლითაც იყო გატაცებული. სკოლის დასრულების შემდეგ ნევადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა, საბოლოოდ, დიპლომი მაინც ვერ აიღო. საბრძოლო ხელოვნებების სამყაროში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარანო მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც წონის დასაკლებად, ტაილანდური კრივის სექციაში მივიდა. 14 ორთაბრძოლის (12 გამარჯვება, თითო ფრე და წაგება.- ავტ.) ჩატარების შემდეგ ჯინამ მონაწილეობა მიიღო შერეული წესებით ჩატარებულ პირველ სანქცირებულ ორთაბრძოლაში ქალთა შორის. კარანოს მეტოქე ლეტიცია პესტოვა იყო, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან 38 წამში ნოკაუტში აღმოჩნდა!

მას შემდეგ ჯინამ კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა იყო შემთხვევები, რომ დაშვებულზე მეტი წონის გამო მისი ორთაბრძოლები კინაღამ ჩაიშალა. ასეთ დროს ამერიკელი ლამაზმანი ჰონორარის შემცირებაზე თანხმდებოდა, ან სხვა გამოსავალს ეძებდა. მაგალითად, კელი კობოლდთან შეხვედრისწინა აწონის დროს კარანო იძულებული გახდა, მთლიანად გაშიშვლებულიყო და სხეული მხოლოდ თხელი პირსახოცით დაეფარა, დაშვებულ წონაში რომ „ჩამჯდარიყო“...

წარმატებული ბრძოლების შემდეგ ჯინა კარანომ წაგების სიმწარეც იწვნია. 2010 წელს ამერიკელის წინააღმდეგ ტაილანდური კრივისა და ჯიუჯიცუს ბრაზილიელ სპეციალისტ კრისტიან „კიბორგ“ სანტოსს უხმეს. მართალია, ჯინა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ ჰონორარის სახით 100 ათასი დოლარი ჩაიჯიბა- ყველაზე მეტი, რაც MMA-ს ისტორიაში ქალ მებრძოლს დაუმსახურებია. შედარებისათვის, ორთაბრძოლის გამარჯვებულმა მხოლოდ 30 ათასი მიიღო...

სანტოსთან დამარცხების შემდეგ ჯინა მთლიანად კინოკარიერაზე გადაერთო და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება რინგს. შოუ „ამერიკელ გლადიატორებში“ მონაწილეობის გარდა, კარანო კომპიუტერული თამაშის გმირადაც მოგვევლინა. განსაკუთრებული პოპულარობა კი ისეთი ჟურნალებისთვის მოწყობილ ფოტოსესიებში მინაწილეობამ მოუტანა, როგორებიც არის Mახიმ, GQ, Pლაყბოყ და ა.შ. სხვადასხვა დროს კარანო, რომელსაც საკმაოდ უცნაური მეტსახელი- ჩონვიცტიონ (სიტყვასიტყვით- „დარწმუნება“) აქვს, კოლეგა მამაკაცებსაც ხვდებოდა: ჯერ ტაილანდური კრივის ოსტატ ჯინი კევინს, მოგვიანებით კი MMA-ს შედარებით უცნობ მებრძოლ კიტ კოუპს. ამჟამად 31 წლის ლამაზმანის ბოიფრენდი მსახიობი ჰენრი კეველი გახლავთ. მის გარდა, ჯინას „მეგობრები“ სახლშიც ჰყავს- ორი პიტბულტერიერი... ჯინა კარანოსთვის ყველაზე წარმატებული სტივენ სოდერბერგის მიერ 2012 წელს გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ნოკაუტი“ აღმოჩნდა. სხვათა შორის, აღნიშნული ფილმის გადაღებების დასრულებისთანავე ჯინას კიდევ ერთი როლი შესთავაზეს. ამჯერად, ბლოკბასტერში „პერსი ჯეკსონი და ურჩხულების ზღვა“...

აქვე, ახალგამომცხვარ კინოვარსკვლავთან მოკლე ინტერვიუსაც გთავაზობთ:
- ჯინა, სამსახიობო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნით, პირდაპირ სოდერბერგთან კი მოხვდით...
- ვბრუნდებოდი სან-ხოსეში ჩატარებული ორთაბრძოლიდან, რომლის დროსაც მეტოქემ თვალი გვარიანად ჩამილურჯა. სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა აგენტმა და შემატყობინა, რომ ჩემთან შეხვედრა რეჟისორ სტივენ სოდერბერგს სურდა. ვუპასუხე- სხვა დროს იყოს, ახლა, თვალი დალილავებული მაქვს-მეთქი. ეგ არაფერი, ლოს-ანჯელესიდან წამოსვლის შემდეგ გზად თვითონ შემოგივლისო... რაღას ვიზამდი? სოდერბერგის დასახვედრად რკინიგზის სადგურზე წავედი. ლანჩის დროს თითქმის ოთხი საათი ვილაპარაკეთ, წასვლის წინ კი პირდაპირ მაჯახა: „აბა, გინდა მთავარი როლი ითამაშო ჩემს ფილმში?“. გახარებულმა ვიყვირე: „რა თქმა უნდა! ძალიან გთხოვთ, მათამაშეთ თქვენს ფილმში“...
- საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც საბრძოლო ხელოვნებაზე და არა, მაგალითად, ტანვარჯიშზე ან ფიგურულ ციგურაობაზე?
- ბავშვობიდან დამოუკიდებელი, ახტაჯანა გოგო ვიყავი და თავის დაცვაც კარგად შემეძლო. საბრძოლო ხელოვნება სპორტის სუფთა სახეობაა: მეტოქესთან ერთი ერთზე ხარ და ფეხბურთის ან კალათბურთისგან განსხვავებით, ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ტაილანდურ კრივში ვარჯიში 21 წლის ასაკში დავიწყე. მალევე ვიგრძენი, რომ სერიოზულად მინდოდა სპორტის ამ სახეობით დაკავება და რინგზე თავის გამოჩენა...
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს ცეკვა, ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება... მსოფლიოში საუკეთესო ოჯახი მაქვს, მშობლები ყოველთვის მხარში მიდგანან. ამის მიუხედავად, მოგზაურობა უფრო მიყვარს, ვიდრე შინ ყოფნა.
- ჯინა კარანოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ფიზიკურად მასზე ძლიერი იყოს?
- ყველა, ვისთანაც კი რომანი მქონია, უფრო სუსტები აღმოჩენილან. თუმცა ამას დიდად არ შევუწუხებივარ. მხოლოდ შავთმიანი მამაკაცები მიზიდავენ, ქერათმიანი და მით უმეტეს- დაკუნთული ჯეელები არ დამანახვოთ. მომწონს მამაკაცები, რომლებიც დაახლოებით ჩემი სიმაღლის არიან. ვფიქრობ, 178 სანტიმეტრი მაქსიმუმია, თავად ხომ სიმაღლეში 173 სმ ვარ. ვუყურებ ხოლმე მაღალ ბიჭებს და ვფიქრობ- რა უნდა მოვუხერხო? რომ მივწვდე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა მომიწევს, ეს კი ძალიან არ მიყვარს...
- მოდასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან მიყვარს ტყავის პიჯაკები და ბევრიც მაქვს. კიდევ, მიყვარს ისეთი აქსესუარების ტარება, რომლებიც უნიკალურად მაქცევენ. და, რა თქმა უნდა, მომწონს, როცა სექსუალურად გამოვიყურები...

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS