„მფარველური“ ხასიათი მაქვს“
- ერთ დროს მართლა მაგარი ხულიგანი ვიყავი. ჩემთან ურთიერთობა არ იყო დიდად სასიამოვნო... ახლა ცოტა დავბერდი, უფრო მგრძნობიარე გავხდი, მეტადაც ვტირი.
- იოლი იყო სიქველში - „რედ- 2“ -ში გადაღება?
- როცა მე მსახიობობას ვიწყებდი, არავინ იცოდა ეს სიტყვა - „სიქველი“ . ჩვენ ვამბობდით: „მოდით, კიდევ ერთი „კერკეტი კაკალი“ დავიწყოთ“ . ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. წინასწარ თუ რამდენიმე სიქველი არ არის გათვალისწინებული, ისე პირველი ფილმის გადაღებასაც კი არ იწყებენ. თუმცა პირველ „რედ“ -ში ძალიან სახალისო იყო თამაში. გადაღებებს შორის წელიწად-ნახევარი გავიდა და ისევ რომ შევიკრიბეთ, მართლა სასიამოვნო განცდა დაგვეუფლა. გამიხარდა, რომ თვით ენტონი ჰოპკინსი შემოუერთდა ჩვენს გუნდს. მე მისი დიდი ფანი ვარ.
- მან ძალიან დადებითად დაგახასიათათ, როგორც მეგობრული, მხიარული და სასიამოვნო ადამიანი... ფილმში პენსიაში გასულ დაზვერვის აგენტს თამაშობთ და ძალიან მოხერხებულად იცავთ მეგობარ გოგონას. ალბათ ცხოვრებაშიც საუკეთესო დამცველი ხართ?
- საერთოდ, „მფარველური“ ხასიათი მაქვს. ოთხ ქალიშვილთან სხვანაირი ვერ იქნები. უმცროსი წლის და ოთხი თვისაა და დიდი ყურადღება სჭირდება. ვცდილობ, ჩემი მშვენიერი ცოლიც ყველა საფრთხისგან დავიცვა. ბოლო რამდენიმე თვე ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი, როგორც იცით, მუდმივად ნიუ-იორკში ვარ დაბანაკებული. ლოს-ანჯელესში კი უამრავი პაპარაცია. სულ არ მინდოდა, რომ მათ ჩემი ოჯახი დაეშინებინათ კამერებით. ასე რომ, სულ მზად ყოფნა მიწევდა.
„ქალები კაცებზე ჭკვიანები არიან“
- ექშენ-ფილმებში ქალებიც იყენებენ ბოლო დროს იარაღს და კაცებს უტოლდებიან. თქვენი აზრით, რა არის ქალის ყველაზე სახიფათო იარაღი?
- იცით რა, მე მჯერა, რომ ქალები კაცებზე გაცილებით ჭკვიანები არიან. მიმაჩნია, რომ ისინი ყველაფრის სათავეში უნდა იყვნენ. ქალი უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი და საერთოდაც მთელი მსოფლიოსი. სერიოზულად ვამბობ! ასე რომ, ქალის მთავარი საიდუმლო იარაღი ჭკუა და საზრიანობაა. ვაღიარებ, სიმპათიებით ვარ ინგლისის დედოფლისადმი. მაგარი ქალია. 60 წელია ქვეყანას მართავს.
- ქალის ძალა არ გაშინებთ...
- არა! პირიქით. მიყვარს ქალები, აღტაცებული ვარ მათით. ყოველთვის გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს ქალების გარემოცვაში. ამიტომაც შემოვირტყი ისინი გარს - ცოლი და ოთხი ქალიშვილი. ისინი ყველაფრისგან დამიცავენ (იცინის).
- „რედ 2“ -ში კოცნის ორი სცენა გაქვთ, ორ სხვადასხვა ქალთან, მათ შორის კეტრინ ზეტა-ჯონსთან. თქვენს ცოლს როგორი რეაქცია აქვს ასეთ რამეებზე?
- ჩვენს შვილს თავად ვუცვლი საფენებს, ეს კი კაცისთვის არც ისე იოლი ამოცანაა. ჩვენს სახლში საერთო ჯამში ლამის 30 ქალი ტრიალებს და მე ერთი კაცი ვარ. სრული სიმშვიდე გვაქვს ყველაფერში. ასევე კოცნებთან დაკავშირებითაც. ცოლს სცენარის ვუკითხავ, იმ სტრიქონებსაც კი, სადაც კოცნის სცენები მაქვს. ასე რომ, არავითარი საიდუმლო არ გვაქვს.
„ჩემი გოგონების ბოიფრენდებთანაც ვპოულობ საერთო ენას“
- არ დაიღალეთ, სულ აქტიური გმირი რომ ხართ?
- არა, ეს ძალიან საინტერესოა. ყველა ეს მომენტი, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა, ადრენალინს გმატებს. თუმცა უფრო მეტად მიყვარს, როცა სასაცილო ვარ და მაყურებელს ვაცინებ. ჩემს ქალიშვილებთანაც ასე ვარ, მიყვარს ხუმრობა და მათი გაცინება. შემიძლია პირში წყალი დავიგუბო და შადრევნები გამოვუშვა.
- უფროს ქალიშვილებს უკვე ბოიფრენდები ჰყავთ. მათთანაც ხართ ხუმრობის ხასიათზე? იტანთ ამ ამბავს?
- საკუთარი თავისგან არც ველოდი ასეთ მოთმინების უნარს (იცინის). ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ საკითხში მკაცრი ვიქნებოდი, მაგრამ მათ ბოიფრენდებთანაც ვპოულობ საერთო ენას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმესთვის წიხლი ამომეკრა.
- ყოფით ცხოვრებაში როგორი ხართ? მაგალითად, პროდუქტების მოსატანად დადიხართ?
- თუ დავდივარ, მხოლოდ საბითუმო ჰიპერმარკეტში. იქ ყველაფერი ისეთი უშველებელი ზომისაა! რომც არ მჭირდებოდეს, მიყვარს უზარმაზარი ურიკის დატენვა დიდი ყუთებით, სალაროსთან მისული კი ვფიქრობ: „რატომ წამოვიღე ამდენი რამე? სად დავდგამ ამხელა ტელევიზორს? ან რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ჩემმა ოჯახმა ამ კოლოფში ჩალაგებული სამასი პაკეტი ჩიფსი შეჭამოს?“
- რა რჩევას მისცემდით დამწყებ მსახიობებს?
- იშვიათად გააღეთ პირი. ხოლო თუ ლაპარაკობთ, წინასწარ დაფიქრდით. შეიძლება ასაკი მასწავლის ამას? ცოტა დავჭკვიანდი? ადრე ვფიქრობდი, რომ შემეძლო ყველაფერი წამომესროლა, აზრი არ ჰქონდა, მართალი ვიყავი თუ არა. კიდევ ერთია: დაიწყე ყველაზე რთულით. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო რჩევაა ცხოვრებაში. ჩემს შვილებსაც ვეუბნები: „ჯერ ყველაზე რთულსა და უსიამოვნოს მოჰკიდეთ ხელი. მერე კი რაც გინდათ, ის აკეთეთ“. რა თქმა უნდა, მაგარია, როცა შენი სამუშაო ადამიანების გართობაა. მაგრამ როგორც მარლონ ბრანდო ამბობდა, ეს საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულად მოზრდილი ადამიანისთვის (იცინის).
ჟურნალი „რეიტინგი“