22 აგვისტო, 2013
გერმანელი მეწაღე, რომელიც მსოფლიომ თაღლითობით გაიცნო და სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მისი ბიოგრაფიის ექსკლუზიური უფლებისთვის მსხვილ თანხებს სთავაზობდნენ. გათავისუფლებული თაღლითი გართობის ინდუსტრიის ობიექტი გახდა ვილჰელმ ფოიგტი 1849 წლის 13 თებერვალს დაიბადა მეწაღის ოჯახში. როცა 14 წლის გახდა, ბიჭუნა ქურდობისთვის დააკავეს და 14 დღით ციხეში ჩასვეს. 1864-1891 წლებში კიდევ ოთხჯერ გამოუტანეს განაჩენი - ორჯერ ქურდობისთვის და ორჯერ საბუთების გაყალბებისთვის.

კიოპენიკიადა

ჩაფიქრებული ოპერაციის ჩასატარებლად ფოიგტმა მეძველმანეებისგან ნაწილ-ნაწილ შეიძინა კაპიტნის ფორმა. 1906 წლის ოქტომბერში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ფოიგტმა ქალაქის დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ ქუჩაზე სამხედრო გვარდიელების ორი განყოფილება გააჩერა, მათ
კაბინეტის ყალბი განკარგულება აჩვენა, სადაც რატუშის აღება იყო ნაბრძანები. მათზე ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო და კიოპენიკში მატარებლით წავიდა.

ფოიგტმა ჯარისკაცებს აუხსნა, რომ შესაბამისი საბუთების არქონის გამო ამჯერად ვერ შეძლებდნენ ავტომობილით გადაადგილებას. გზაში ''კაპიტანმა'' ჯარისკაცებს ლუდი უყიდა, კიოპენიკის სადგურზე სამხედროებს თითო მარკა მისცა და მათთან ერთად ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქის რატუშა ჩაიგდო ხელთ. ადგილობრივ ჟანდარმებს მომიჯნავე ტერიტორიებზე ალყის შემორტყმა, სიწყნარისა და წესრიგის დამყარება უბრძანა.

ადგილზე ორიენტირებისთვის ფოიგტმა ჩინოვნიკი დაიხმარა - ესეც არ იკმარა, ''კაპიტანმა'' მიწისქვეშა სამუშაოების არასწორი გაანგარიშებისთვის მათსავე კაბინეტებში დააპატიმრა ბურგომისტრი და მთავარი მოლარე. შემდეგ კი იმ ციხის უფროსის გვარით, სადაც ბოლოს მოიხადა სასჯელი, საბუთებს მოაწერა ხელი და საქალაქო სალარო, სადაც 3557-დან 4002-მდე მარკა ინახებოდა, პირწმინდად გაასუფთავა.

საგაზეთო რეპორტაჟებიდან ცნობილი გახდა, რომ ფოიგტმა ბერლინში სატელეფონო საუბრებისთვის ერთი საათის განმავლობაში თავის განკარგულებაში მოაქცია კიოპენიკის ფოსტა.

მოპარული თანხის შემდგომი ბედისა და თავდასხმის მოტივების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს. თავის ბიოგრაფიასა და მოგვიანებით თავის გამოსვლებში ფოიგტი ამტკიცებდა, რომ ის ფულს არ შეხებია, მას პასპორტი უნდოდა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოართვეს. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ფოიგტს პასპორტი კი არა, ის 2 მილიონი მარკა უნდოდა, რომელიც იმ დროს კიოპენიკის რატუშის დაჯავშნილ სეიფში ინახებოდა. ამ ამბავზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფოიგტი დანაშაულის ჩადენას ჯერ კიდევ ციხეში გეგმავდა, პასპორტი მას კიოპენიკში მომხდარ ძარცვამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოართვეს, ამასთან, როგორც ცნობილია, პასპორტებს კიოპენიკში კი არ გასცემდნენ, არამედ ცელტოვეში.

აქციის დამთავრების შემდეგ ''კაპიტანმა'' თავის გუნდს უბრძანა, რატუშის შენობაში კიდევ ნახევარი საათით დარჩენილიყვნენ. თავად ცნობისმოყვარე ბრბოს თვალწინ გაუარა და სადგურს მიაშურა, იქვე რესტორანში ერთი ჭიქა არაყი გადაკრა და გაუჩინარდა - პირველივე მატარებლით ბერლინში გაემგზავრა. მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიაში სამოქალაქო სამოსი შეიძინა. იგი 10 დღის შემდეგ საუზმობისას დააკავეს, სოლიდური ჯილდოს საფასურად პოლიციას მისმა თანაკლასელმა ჩააბარა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ფოიგტის გეგმა.

ზემელნის სასამართლომ კიოპენიკელ ''კაპიტანს'' ''სამხედრო ფორმის არაკანონიერად ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის, ხულიგნობისა და საბუთების გაყალბების გამო'' ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფრიდრიხს ციხეში დიდხანს ყოფნამ არ მოუწია - კაიზერ ვილჰელმ II-მ შეიწყალა და ვადამდე ადრე, 1908 წლის 16 აგვისტოს ციხიდან გამოვიდა.

საზოგადოებრივი რეზონანსი

გენიალურ აფერაზე მთელი გერმანია ხალისობდა. კაიზერმა მოითხოვა,
მისთვის სასწრაფოდ მიეტანათ სატელეფონო ანგარიში, რომლის კითხვისას სიცილით თქვა: ''აი, რას ნიშნავს დისციპლინა. მსოფლიოს ვერც ერთი ხალხი ვერ დაგვეწევა!'' . კიოპენიკელი ''კაპიტნის'' დოსიეზე კაიზერმა მიაწერა ''გენიალური ბავშვი'' .
საინფორმაციო საშუალებებისა და უდიდესი რაოდენობის საფოსტო ღია ბარათების, ფოტოგრაფიისა და სატირული ლექსების რეზონანსის წყალობით, ეს დანაშაული არა მარტო გერმანიაში გახმაურდა, არამედ მის საზღვრებსაც გასცდა და ''კაპიტანს'' დიდება მოუტანა. ფრიდრიხ ვილჰელმის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჟურნალისტები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან გაემგზავრნენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელიც ფოიგტმა გისოსებს მიღმა გაატარა, ხელისუფლების სახელზე გერმანიასა და მთელი მსოფლიოდან უამრავი შეტყობინება, შეკითხვა, ''კაპიტნის'' შეწყალებისა და ავტოგრაფის მოპოვების სურვილის თხოვნა მიდიოდა. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას ფოიგტს მისი ბიოგრაფიის ექსკლუზიური უფლებისთვის მსხვილ თანხებს სთავაზობდნენ. გათავისუფლებული თაღლითი გართობის ინდუსტრიის ობიექტი გახდა.

გათავისუფლების შემდეგ

პატიმრობიდან გათავისუფლებული კიოპენიკელი აფერისტი უკვე პოპულარული იყო. ციხიდან გამოსვლის დღეს მისი ხმის საგრამოფონო ჩანაწერი გააკეთეს, რისთვისაც მას 200 მარკა გადაუხადეს. რიკსფორდში მის გამოსვლას უამრავი ადამიანი დაესწრო და ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ საქმეში პოლიცია ჩაერთო. ოთხი დღის შემდეგ ბერლინის მუზეუმში მისი ცვილის ქანდაკების გახსნისას ფოიგტი კვლავ გამოჩნდა ხალხის წინაშე, ავტოგრაფები დაარიგა და სიტყვითაც გამოვიდა. ფოიგტმა მთელი გერმანია შემოიარა, ყველას უყვებოდა თავისი ''საგმირო'' საქმეების შესახებ. სამხედრო და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ფოტოებს ავტოგრაფს აწერდა და ყიდდა.
1909 წელს ლაიფციგში გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით ''როგორ გავხდი ''კაპიტანი'' კიოპენიკიდან'' . ფოიგტი, რომელიც მოსახლეობის დაბალ ფენებში დიდი სიმპათიით სარგებლობდა, ყოველთვის უარს ამბობდა პოლიტიკაში წასვლაზე, ხშირად დასცინოდა ხელისუფლებას და სამხედროებს.
1910 წელს ფოიგტს ნება დართეს ამერიკაში წასულიყო, სადაც მისმა ტურნემ უდიდესი წარმატება მოიპოვა.
ფოიგტს გერმანიიდან ემიგრაციაში უნდოდა წასვლა. არსებობს დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომ ამავე წელს ''კაპიტანმა'' ლუქსემბურგის მოქალაქეობა მიიღო და იქ და-სახლებულმა ოფიციანტობასა და მეწაღეობას ამჯობინა თავისი გამოსვლებით ერჩინა თავი. პოპულარობის წყალობით ქონებაც დააგროვა და ლუქსემბურგში იმ მცირე ადამიანთა შორის აღმოჩნდა, ვისაც მანქანა ჰყავდა. 1912 წელს ფოიგტმა ლუქსემბურგში სახლი იყიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
''კაპიტანს'' კიოპენიკიდან კიდევ ერთხელ მოუწია პრუსიელ სამხედროებთან შეხვედრამ, როდესაც 1914 წლის გვიან შემოდგომაზე, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარების ლუქსემბურგის ოკუპაციის დროს, დროებით დააპატიმრეს. ლეიტენანტმა, რომელმაც ფრიდრიხი დაკითხა, თავის დღიურში ჩაწერა: ''ჩემთვის გამოცანად რჩება, ასეთ საწყალ ადამიანს როგორ შეეძლო ოდესღაც პრუსია შეეზანზარებინა'' .
სიცოცხლის ბოლო წლები
ბოლო დროს ვილჰელმი ხალხში აღარ ჩნდებოდა. 1922 წლის 3 იანვარს ომის გამო გამოწვეული ინფლაციით გაღარიბებული, მძიმედ ავადმყოფობდა. იგი 72 წლის ასაკში ლუქსემბურგში გარდაიცვალა და ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. ლეგენდის თანახმად, სამგლოვიარო პროცესიას ფრანგი ჯარისკაცები შეხვდნენ, რომლებიც იმ დროს ლუქსემბურგში იდგნენ.
ფრანგი მეთაური გარდაცვლილის ვინაობით დაინტერესდა და როცა გაიგო, რომ კიოპენიკელი ''კაპიტანი'' იყო, თავის სამხედროებს უბრძანა, მხედრული ღირსებით გაეცილებინათ იგი. 1961 წელს ფოიგტის საფლავზე ძეგლი აღმართეს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS