22 აგვისტო, 2013
10 საინტერესო ფაქტი ფილმზე - ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა''
ამ ფილმს არც ერთი ჯილდოც რომ არ მიეღო, ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' კინოკლასიკის გალერეაში კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებდა ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' მილოშ ფორმანის გენიალური ფილმია, რომელიც 1975 წელს გამოვიდა და შემქმნელებს ხუთი ''ოსკარი'' , 30 სხვა კინოჯილდო და ასევე 12 ნომინაცია მოუტანა სხვადასხვა კატეგორიაში.

''ოქროს კაცუნა'' რეჟისორთან ერთად დაისაკუთრეს ჯეკ ნიკოლსონმა ვირტუოზულად შესრულებული მთავარი როლისთვის, ლუიზა ფლეტჩერმა - ქალის მთავარი როლისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის - ლოურენს ჰაუბენმა და ბო გოლდმანმა.

ფილმმა საუკეთესო სურათის კატეგორიაშიც
აიღო ჰოლივუდური სამყაროს მთავარი ჯილდო და შესაბამისად, 41 წლის განმავლობაში გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ''ოსკარის'' ძირითად ნომინაციებში გაიმარჯვა.

ამ ფილმს არც ერთი ჯილდოც რომ არ მიეღო, ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' კინოკლასიკის გალერეაში კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებდა.

ალბათ, არ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი ნანახი არ აქვს, ამიტომაც დღევანდელ ნომერში ''რეიტინგი'' იმ 10 ფაქტის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ შედევრს უკავშირდება.

1. რამდენიმე წელი დასჭირდა იმ წიგნის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კენ კიზიმ ეს ნაწარმოები 1959 წელს დაწერა, მისი გამოქვეყნება გამომცემლობებმა მხოლოდ 1963 წელს გადაწყვიტეს.

2. ''ოსკაროსანი'' მსახიობი ანჟელიკა ჰიუსტონი ამ ფილმში მხოლოდ მასობრივ სცენაში მონაწილეობს და ერთ ეპიზოდში ჩანს. ანჟელიკასა და ჯეკ ნიკოლსონს ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდათ, რაც საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, 1973 წლიდან 1989 წლამდე გრძელდებოდა.
Rating
3. ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' სადებიუტო როლი გამოდგა სიტუაციური კომედიების მსახიობისთვის - კრისტოფერ ლოიდისთვის, რომელმაც ფსიქიატრიული კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის განსახიერებით დიდ კინოში პირველი ნაბიჯი გადადგა.

4. ქალის მთავარ როლთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამ მოხდა - მხოლოდ ფილმის გადაღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეიტყო ლუიზა ფლეტჩერმა, რომ მილოშ ფორმანმა ის, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცა ქალის მთავარ როლზე. მანამდე რეჟისორმა იგი ბევრჯერ გასინჯა ამ როლისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ ლუიზა ბოლომდე ვერ ჩასწვდა პერსონაჟის ხასიათს.

ამის მიუხედავად, მილოში მაინც ურეკავდა ხოლმე ლუიზას და ხელახლა იბარებდა კასტინგებზე. საბოლოოდ, მსახიობი სხვა ფილმში გადასაღებად ემზადებოდა, ექთნის როლი კი მსახიობ ლილი ტომლინს უნდა შეესრულებინა, თუმცა გადაღებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფორმანმა მოიფიქრა და ექთნის როლზე ლუიზა ფლეტჩერი დააკავა.
Rating
ფორმანს უამრავი ცნობილი მსახიობი ჰყავდა მოწვეული კასტინგზე, რათა ექთნის როლი ისეთი გამოსულიყო, როგორიც თავად ჰქონდა ჩაფიქრებული, მათ შორის იყვნენ ჯეინ ფონდა, ჯერალდინ პეიჯი, ენ ბენკროფტი და სხვანი. ისინიც, რასაკვირველია, ცივსისხლიანი მედდის როლს ბრწყინვალედ გაართმევდნენ თავს, თუმცა ლუიზა ფლეტჩერის შესრულება შესანიშნავი გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებზე მსახიობი ძალიან ნერვიულობდა.

5. კენ კიზის არასდროს უნახავს თავის ნაწარმოებზე შექმნილი ფილმი თავიდან ბოლომდე. კიზიმ წიგნში პოლო ალტოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საკუთარ თავს გადახდენილი ისტორია აღწერა. როგორც კი ფილმის პროდიუსერებს ეკრანიზაციის უფლება მიჰყიდა, მალევე ინანა, რადგან ადაპტირებული სცენარი, მისი მოსაზრებით, წიგნის შინაარსისგან ძალიან იყო დაშორებული.

ფილმის პროდიუსერების წინააღმდეგ ამ მოტივით მან სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა. კიზი ამტკიცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ, როდესაც სახლში ერთ-ერთ არხს უყურებდა, ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' დაიწყო.

მწერალი ვერ მიხვდა, რომ საკუთარი წიგნის ეკრანიზაციას უცქერდა და ძალიანაც მოეწონა ფილმი, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გააცნობიერა, რა ფილმს უყურებდა, სასწრაფოდ გადართო სხვა არხზე და მას მერე არასდროს უნახავს ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' ...
Rating
6. როგორც აღვნიშნეთ, 41 წლის განმავლობაში არც ერთ სხვა ფილმს არ ჰქონია ისეთი წარმატება ''ოსკარის'' დაჯილდოებაზე, როგორიც მილოშ ფორმანის შედევრს. ხუთ ძირითად კატეგორიაში ოქროს ქანდაკება მანამდე 1934 წელს კლარკ გეიბლის მონაწილეობით გადა-ღებულ ფილმს ''ეს მოხდა ერთ საღამოს'' ხვდა წილად. იგივე რეკორდი გაიმეორა 1990 წელს ''კრავთა დუმილმა'' ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით.

7. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ფილმის გადაღების უფლება ლეგენდარულმა მსახიობმა კერკ დუგლასმა შეიძინა და ფიქრობდა, რომ თავად შეასრულებდა მთავარ როლს, თუმცა გადაღებების დაწყება იმდენ წელიწადზე გაიწელა, რომ ამ როლისთვის კერკ დუგლასი შესაბამის ასაკში ვეღარ იქნებოდა, ამიტომაც ის პრაღაში მილოშ ფორმანს შეხვდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ ეს რეჟისორი გადაიღებდა იდეალურად ფილმს კენ კიზის წიგნის მიხედვით. კერკ დუგლასმა პროდიუსინგი შვილს, მაიკლ დუგლასს გადააბარა საულ ზაენტსთან ერთად.

8. ფილმში ჩანან ადამიანები, რომლებიც ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოს რეალური პაციენტები იყვნენ, ვინაიდან გადაღებები ორეგონის შტატის ფსიქიკურად დაავადებულთა ჰოსპიტალში მიმდინარეობდა. მსახიობები და კლინიკის პაციენტები გადაღებების პერიოდში თანაცხოვრებას თანდათან მიეჩვივნენ და განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნილა ერთის გარდა: გადაღებების პროცესში მეორე სართულზე ვიღაცას ფანჯარა ღია დარჩა, საიდანაც ერთ-ერთი პაციენტი გადავარდა. დაშავებულს მალევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მეორე დღეს ადგილობრივ გაზეთში ამ შემთხვევის შესახებ შემდეგი სათაურით იუწყებოდნენ - ''ვიღაცა გუგულის ბუდიდან გადმოვარდა'' .

9. მილოშ ფორმანისთვის ეს პირველი ''ოსკარი'' გახლდათ. ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' ფორმანისთვის გამორჩეული ფილმი აღმოჩნდა, რაშიც, როგორც რეჟისორმა, პირველი ოქროს ქანდაკება მიიღო, მეორე იყო კიდევ ერთი შედევრისთვის ''ამადეუსი'' 1984 წელს, ხოლო მესამე მხოლოდ ნომინაციად დარჩა ფორმანის კიდევ ერთი ყურადსაღები ქმნილებისთვის ''ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ'' .

10.
ჯეკ ნიკოლსონი ''ლოს-ანჯელეს ლეიკერსის'' საკალათბურთო გუნდის ისეთი თავგადაკლული ფანია, რომ ფილმის პროდიუსერები მიხვდნენ, სწორედ ამ გუნდის თამაშების მიხედვით უნდა აეწყოთ გადაღებების კალენდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკოლსონი გადაღებებზე გამოცხადებას არ ინებებდა. არადა, მილოშ ფორმანი მაკმერფის როლზე ისეთ ლეგენდარულ მსახიობებს განიხილავდა, როგორებიც იყვნენ ჯინ ჰეკმანი და მარლონ ბრანდო, მაგრამ დღეს ალბათ ვერავის წარმოუდგენია, ვინ შეასრულებდა ამ როლს ჯეკ ნიკოლსონზე უკეთ?!.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვ-ასო
ფორმანი 27.10.2013 რემეიკს გადაიღებს - "ვიღაცამ ავლაბრის ბუდეს გოდოუფრინა"
10:59 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ლეგენდარული ფილმი, ნიკოლსონის ვირტუოზული შესრულებით....ბრავო, ფორმან!!!
10:30 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS