მიშელ ობამა, ცოლი
მიშელი პრეზიდენტის არა მარტო მეუღლე, არამედ გულითადი მეგობარი და თანამებრძოლია. ძლიერი, განათლებული, ამასთან ლამაზი და მეოჯახე ქალის სახემ, როგორიც პრეზიდენტის თანამგზავრი მიშელ ობამაა, ბარაკს წინასაარჩევნო კამპანიაში დამატებით მრავალი ქულა მოუტანა.
''გინდათ იცოდეთ, პრეზიდენტი ობამა როგორ ემზადებოდა წინასაარჩევნო დებატებისთვის? _ ჰკითხა ერთხელ მიშელმა აუდიტორიას ერთ-ერთ ტელეშოუში მონაწილეობისას. _ იგი მე მებრძოდა!'' ამერიკულ ტელეარხ აბც-სთან ინტერვიუში მიშელმა თქვა: ''ქორწილის შემდეგ მეუღლე ოქროს კოშკებს არ დამპირებია, სამაგიეროდ, სიტყვა მომცა, რომ საინტერესო ცხო-ვრებით უზრუნველმყოფდა. მან დანაპირები შეასრულა".
მიშელი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს. მაგალითად, პრეზიდენტის რეზიდენციის ბაღში ბოსტანი გააშენა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მოჰყავს. იგი ბევრჯერ დაასახელეს მოდურ ქალბატონად, ერთგულ მეუღლედ და მზრუნველ დედად. 2010 წელს ჟურნალმა ''ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში პირველი ადგილი მიაკუთვნა.
მალია ენი, ქალიშვილი
მალია ენი 1998 წლის 4 ივლისს დაიბადა, იგი ობამების ოჯახში პირველი ქალიშვილია. გოგონა 10 წლის იყო, როდესაც მამამისი პრეზიდენტი გახდა. პატარას სახელი ენი პრეზიდენტის დედის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. როდესაც ბარაკს ენი სამშობიაროდან გამოჰყავდა, მანქანა გააჩერა და დაიფიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა იქნებოდა.
მოკრძალებულ გოგონას არ უყვარს ხალხმრავლობა. მიუხედავად ამისა, მალია აქტიურად მონაწილეობს მამის ცხოვრებაში, რეგულარულად თან ახლავს საზღვარგარეთ მივლინებისას. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობს ოფიციალურ შეხვედრებში. მაგალითად, მალია მონაწილეობდა მამის ორივე ინაუგურაციაში, რომლებიც 2009 და 2013 წლებში გაიმართა. ამას წინათ, სკოლის მოსწავლე ოჯახთან ერთად დასავლეთ აფრიკას ეწვია.
მამის მოთხოვნით, გოგონა ბავშვობიდან დადის თეატრალურსა და ცეკვის წრეებზე, თამაშობს ფეხბურთს, ჩოგბურთს, უკრავს ფორტეპიანოზე.
მალიას საყვარელი მომღერლები არიან ბიონსე და ჯასტინ ბიბერი.
ნატაშა (''საშა'' ), უმცროსი ქალიშვილი
ნატაშა 2001 წელს დაიბადა, როდესაც მისი მამა ილინოისის შტატის სენატორი იყო. იმ პერიოდში ობამას ოჯახი კრიზისს განიცდიდა _ ცოლ-ქმარს შორის ბევრი პრეტენზია და გულისწყრომა დაგროვდა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო: სამი თვის საშა მენინგიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. გოგონა სიკვდილის პირას იყო. ბარაკმა და მიშელმა მაშინვე დაივიწყეს უთანხმოების შესახებ _ უბედურებამ ოჯახი გადაარჩინა. საშა დასთან ერთად ყოველთვის თან ახლავს მშობლებს მოგზაურობისას. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ნატაშა პუშკინის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს. თავად პოეტის სიყვარულით შინ საშას ეძახიან.
სტენლი ენი დანჰემი, დედა
ბარაკის დედა ანთროპოლოგი იყო და მთელი ცხოვრება ჰავაის უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. სწორედ იქ გაიცნო და შეუყვარდა აფრიკელი სტუდენტი ბარაკ ობამა-უფროსი. წყვილი 1961 წლის 2 თებერვალს დაქორწინდა. სამ წელიწადში გაიყარნენ, რის შემდეგაც ბარაკ ობამა-უმცროსი მამის გარეშე იზრდებდა. სტენლი მეორედ გათხოვდა, მაგრამ მამინაცვალი გერს ყურადღებას არ აქცევდა. ენი ორ ქვეყანაში ცხოვრობდა _ აშშ-სა და ჯაკარტაში _ მეორე ქმრის სახლში. როდესაც დედა შინ არ იყო, ბავშვს ბებია მადლენი უვლიდა. თავის მემუარებში ბარაკი იხსენებს, რომ ყოველთვის უხაროდა, როდესაც დედა ჯაკარტიდან საჩუქრებითა და ტკბილეულობით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა. რაღაც დროის განმავლობაში ობამას დედასთან ერთად ინდონეზიაში ცხოვრებამ მოუწია.
1995 წელს ენის საშვილოსნოს კიბო აღმოაჩნდა და მალე გარდაიცვალა. მოგვიანებით პრეზიდენტმა აღიარა, რომ სამსახურში მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა სიკვდილის წინ დედის გვერდით ყოფნა.
მადლენ დანჰემი, ბებია დედის მხრიდან
მადლენ დანჰემი, რომელიც პენსიამდე ჰავაის ბანკში მენეჯერად მუშაობდა, ბარაკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. როდესაც 2008 წელს 86 წლის მადლენი კიბოთი გარდაიცვალა, ბარაკმა თქვა: ''მადლენი წარმოუდგენელი ღირსებისა და ძალის მქონე მოკრძალებული ქალბატონი და ჩვენი ოჯახის საყრდენი იყო".
ბებიას ძალიან უყვარდა შვილიშვილი, სიცოცხლის ბოლომდე ყურადღებით ადევნებდა თვალს ბარაკის საარჩევნო კამპანიას. მადლენი შვილიშვილის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვლა.
მარიან შილდს რობინსონი, სიდედრი
პრეზიდენტს 75 წლის სიდედრთან მარიან რობინსონთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მაშინ, როდესაც ბარაკი და მიშელი აქტიურად იყვნენ დაკავებული თავიანთი კარიერით, ბებია მალიასა და ნატაშას უვლიდა. მარიანი აქტიურად მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულებსა და მოგზაურობებში. მაგალითად, რობინსონმა ბარაკთან, მიშელსა და შვილიშვილებთან ერთად დასავლეთ აფრიკაში იმოგზაურა.
ამერიკის ''პირველ სიდედრს" ძალიან უყვარს თავისი ოჯახისთვის კერძების მომზადება.
სარა ობამა, ბარაკის ბებია მამის მხრიდან
სარა ობამა ბარაკის ბაბუის მეორე ცოლია, რომელიც ბარაკ ობამა-უფროსის სამშობლოში კენიაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ღვიძლი ბებია არ არის, მასთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს. თავის მემუარებში ობამა სარას თბილად იხსენიებს და ბებიკოს ეძახის. ბარაკმა სამჯერ მოინახულა ნათესავები კენიაში. ბოლო არჩევნების წინ, 2012 წელს სარა შვილიშვილს გამარჯვებას უსურვებდა. სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: ''ბარაკს არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებ, ალბათ ამერიკაში ძალიან დაკავებულია. მოუთმენლად ველოდები მის სტუმრობას".

ბიონსე, მომღერალი
31 წლის ბიონსეს ბევრი ''კარის მომღერალს უწოდებს", რადგანაც პერიოდულად მნიშვნელოვან სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობს. ობამას პირველი პრეზიდენტობისას ბიონსემ შეასრულა სიმღერა ''როგორც იქნა!"
ამერიკული ტრადიციის მიხედვით, ახალარჩეული პრეზიდენტი ''პირველ ცეკვას" მეუღლესთან ერთად ცეკვავს. წყვილმა ბიონსეს სიმღერის ჰანგებზე იცეკვა, ამის შემხედვარე მომღერალს გული აუჩუყდა და ატირდა. 2012 წელს ობამას მეორე ინაუგურაციისას ბიონსემ პრეზიდენტისთვის კვლავ იმღერა. მომღერალი პრეზიდენტის ოჯახის ახლო მეგობარია.

ჯულია პირსონი, ამერიკის საიდუმლო სამსახურის პირველი ხელმძღვანელი ქალი
ჯულია პირსონსა და ობამას ნათესაობა და მეგობრობა არ აკავშირებთ. თუმცა ჯულიას ობამას ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგანაც პრეზიდენტმა იგი ამერიკის საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა. ის პირველია, რომელიც ამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ქალი მმართველი გახდა.
ამ დანიშვნით პრეზიდენტმა არა მარტო ხელი შეუწყო იმას, რომ ქალებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ შეეცადა, ამ უწყების რეპუტაცია გაეუმჯობესებინა. 2012 წლის აპრილში, სანამ ობამა კოლუმბიის კარტახენის სამიტში მონაწილეობდა, ცნობილი გახდა, რომ მისმა ცამეტმა მცველმა და კიდევ ამერიკის არმიის ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ წვეულება მოაწყვეს და 20 მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა დაპატიჟეს. ობამა მიიჩნევს, რომ ქალი ხელმძღვანელი მკაცრად გააკონტროლებს უწყების მორალურ მხარეს.
კამალა ჰარისი, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი
კამალა ჰარისი ბარაკის დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლია. ერთხელ ობამამ პასუხი აგო იმის გამო, რომ მას ქათინაური უთხრა _ ერთ-ერთი საარჩევნო გამოსვლის დროს ობამამ დარბაზში კამალა დაინახა და თქვა: ''იგი ბრწყინვალე ადამიანი და თავისი საქმის საუკეთესო მცოდნეა. მას ყველა თვისება აქვს, რომლის ნახვასაც ისურვებდით ყველა იმ ადა-მიანში, რომლებიც სამართალსა და სამართლიანობას აღასრულებენ. იგი შესანიშნავი მეგობარია და მრავალი წლის განმავლობაში დიდ დახმარებას მიწევს. კამალა უდავოდ ყველაზე მომხიბლავი გენერალური პროკურორია..." ამ გამოსვლას სკანდალი მოჰყვა. ობამა სექსიზმში დაადანაშაულეს. შედეგად ბარაკმა კამალა ჰარისს ოფიციალურად მოუბოდიშა.
ჟურნალი ''რეიტინგი''