აღმოჩენა
ახალმა მფლობელმა ამ ყუთებში დაახლოებით 10 ათასი ნეგატივი, გაუმჟღავნებელი ფირები
ნეგატივები ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრის შესანიშნავ სურათებად გადაიქცა, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იყო გადაღებული. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ჯორჯ მალოფმა ფოტოები ინტერნეტში განათავსა, 200-ზე მეტი შეთავაზება მიიღო - გადაეღოთ ფილმი ან მოეწყოთ გამოფენა ვივიენ მაიერის შესახებ.
ვივიენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფოტოგრაფობდა, მაგრამ თავის ნამუშევრებს არავის ანახვებდა. წელიწადში 200 ფირის გადაღების შემდეგ, ქალი მათ საკუთარ ოთახში ამჟღავნებდა, რომელიც ფოტოლაბორატორიად ჰქონდა გადაქცეული. მაიერს არასოდეს გასჩენია სურვილი, თავისი ნამუშევრები გამოექვეყნებინა. მისი არქივი დაახლოებით 100 ათას ნეგატივს იტევდა, რომლებსაც ყოველთვის საგულდაგულოდ ინახავდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვივიენი თავისი გატაცებით არასოდეს ირჩენდა თავს, უფრო მეტიც, ნაცნობების წრეში არავინ უწყოდა მისი ფოტოგრაფიისადმი სიყვარული. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ეს კადრები ისტორიის ნაწილი გახდა. ამჟამად თანამედროვე ლექტორები ამ ფოტოების მიხედვით სტუდენტებს იმ ეპოქის მოდასა და ცხოვრების შესახებ უყვებიან.

ფოტოგრაფი გამოცანა
სიცოცხლის ყველაზე დიდი ნაწილი ვივიენმა ჩიკაგოში იცხოვრა, სადაც მდიდარ ოჯახებში გუვერნანტად მუშაობდა. თავისუფალ დროს საყვარელი ქალაქის ქუჩებში ღოლლეიფლეხ-ის კამერით დაეხეტებოდა და უჩვეულო შავ-თეთრ ფოტოებს ქმნიდა, რომლებიც დღეს ძალიან კარგად გადმოსცემს გასული საუკუნის ამერიკული ცხოვრების კულტურას. სხვა საქმეა ის ამბავი, თუ როგორ გახდა ვივიენის ნამუშევრები საზოგადოების კუთვნილება, რადგანაც ეს ის შემთხვევაა, რომელსაც შეიძლება, საბედისწერო ეწოდოს.
გადავინაცვლოთ რამდენიმე წლით ადრე: 2007 წელი, ჩიკაგო. უძრავი ქონების აგენტმა, 26 წლის ჯონ მალოფმა ჩიკაგოზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. წიგნისთვის მასალების მოსაძიებლად ბევრს კითხულობდა, ეძებდა ძველ მასალებს. ერთხელ აუქციონზე აღმოჩნდა, სადაც 400 დოლარად შემნახველი საწყობიდან რამდენიმე ყუთი იყიდა, რომლის მფლობელზეც არაფერი იყო ცნობილი. ''შეიძლება, ეს წიგნის დაწერაში დამეხმაროს'', - გაიფიქრა მან. როდესაც ფოტოები დაათვალიერა, აღტაცება ვერ დაფარა. ერთ-ერთ ყუთზე ჯონმა ფოტოგრაფის სახელი ამოიკითხა - ვივიენ მაიერი.

როდესაც ფოტოგრაფის მოძებნა დაიწყო, მიაგნო ოჯახს, ვისთანაც ვივიენი ცხოვრობდა. ოჯახმა კოლექციისთვის მალოფს მისი პირადი ნივთები გადასცა, ჩემოდანი ტანსაცმლით, გაზეთის ამონაჭრებით სავსე ყუთები, გამჟღავნებული სურათები და მისი ფოტოტექნიკა.
ფოტოგრაფი გამოცანის ამბავი გვაოცებს და გვიპყრობს, გვაიძულებს ჩავფიქრდეთ, ნუთუ ასეთი აუცილებელია საკუთარი შემოქმედებით მოძებნო აღიარება? ნუთუ ნამდვილი ხელოვნება ვინმეს შეფასებას საჭიროებს ან ვინმეს საამებლად და ისტორიაში დასარჩენად იქმნება?
ვინ იყო ვივიენი?
ვივიენის ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაცია მოიპოვება, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მას ფრანგად მიიჩნევენ, სხვები ამბობენ, რომ ფოტოგრაფი წარმოშობით ნიუ-იორკიდანაა. დედამისი ფრანგი იყო, მამა - ავსტრიელი. ბავშვობაში გოგონა ხშირად მიდიოდა საფრანგეთიდან აშშ-ში, მაგრამ მისი საცხოვრებლის ზუსტი ადგილმდებარეობა არავინ უწყის. გოგონა აშშ-ში საბოლოოდ 25 წლის ასაკში დამკვიდრდა, სადაც მისი კარიერა ქუჩის კონდიტერობით დაიწყო, შემდეგ 40 წლის განმავლობაში გადიად მუშაობდა, რომელთაგან 14 წელი ერთ ოჯახში გაატარა.
მაიერი მამაკაცის შარვალს, მამაკაცის ფეხსაცმელს იცვამდა, თავზე ველიანი შლაპა ეხურა. მისი ყოფილი აღსაზრდელები ასე აღწერდნენ ქალს: ''იგი იყო სოციალისტი, ფემინისტი, კინოკრიტიკოსი, ბუნებით თამამი ქალბატონი არ ერიდებოდა სიმართლის პირში მიხლას, რაც უნდა მწარე ყოფილიყო იგი''.

მარტოსულსა და მძიმე ხასიათის ვივიენს ძალიან უყვარდა ბავშვები და კარგად ეწყობოდა მათ, ვის სახლშიც ცხოვრობდა და უვლიდა. ჭარმაგ ასაკში, როდესაც ამ ბავშვებმა აღმზრ-დელის სიღარიბის შესახებ შეიტყვეს, ბინა უყიდეს და გადასახადს უხდიდნენ. 2008 წელს ვივიენს ყინულზე ფეხი აუცდა, დაეცა და თავი დაარტყა. ერთი წლის შემდეგ ფოტოგრაფიაზე შეყვარებული მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
ამჟამად ექსპერტები ვივიენ მაიერს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ფოტოგრაფად მიიჩნევენ.

ვივიენის საქალაქო სეირნობებმა სამუდამოდ აღბეჭდეს იმდროინდელი ჩიკაგოს ქუჩების სიუჟეტები, რომლებზეც ასახული იყო XX საუკუნის კლასიკური წარმომადგენლების მწუხარება და ბედნიერება. დიდი ხნის განმავლობაში მისი შემოქმედება მხოლოდ მას ეკუთვნოდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს ნორვეგიაში გაიმართა, მეორე ჩიკაგოში. დღეისთვის ჯონ მალოფი დაუმუშავებელ ნეგატივებსა და ფირებზე მუშაობს და ვივიენ მაიერის შესახებ წიგნის გამოცემას გეგმავს.
ჟურნალი ''რეიტინგი''