- მილა, რაც ცნობილი გახდით, თითქმის არ შეცვლილხართ. ისეთივე პირდაპირი და გულახდილი ხართ
- მე უფრო მიიოლდება, დავრჩე საკუთარ თავად, ვიდრე ნიღაბი მოვირგო და ვიღაცის როლი ვითამაშო რეალურ ცხოვრებაშიც, თუმცა უფრო ფრთხილი გავხდი, განსაკუთრებით ინტერვიუებში. თუ საინტერესო და მნიშვნელოვანზე მეკითხებიან, მაქსიმალურად გულახდილად ვპასუხობ, სულელურ შეკითხვებს კი არ ვუპასუხებ.
- ფილმში ''ოზი: დიდებული და საშინელი'' ჯადოსნური ქვეყნის სამი ჯადოქრიდან ყველაზე ნორჩს ასახიერებთ. ბავშვობაში თუ გიყვარდათ წიგნები ოზის შესახებ?
- პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე ცხრა წლისამ ინგლისურად, იყო ''ოზის ქვეყანაში დაბრუნება'' . შტატებში შვიდი წლისა ჩამოვედი და ორი წელი ენას ვსწავლობდი მარტივი ზღაპრებით. თუმცა პირველი ნამდვილად საინტერესო წიგნი სწორედ ეს იყო. მერე ფილმიც ვნახე, თუმცა არც კი მივარაუდია, რომ ოდესმე მსგავს პროექტში მივიღებდი მონაწილეობას.

- ერთ-ერთმა გავლენიანმა ჟურნალმა ყველაზე სექსუალურ ქალად დაგასახელათ. ასეთ აღიარებებს როგორ აღიქვამთ?
- არც კი ვიცი, როგორ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რომ იდიოტად არ გამოვჩნდე (იცინის). ვიტყვი ასე, რომ, ჩემი აზრით, ეს დიდი პატივია და ძალიან მსიამოვნებს.
- ხშირად გხედავთ პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე სპორტულ სამოსში, დაუვარცხნელს. არ განიცდით, რომ ვიღაცამ შეიძლება ეჭვი შეიტანოს თქვენს საპატიო ტიტულში?
- მართალი რომ გითხრათ, არც ვფიქრობ ამაზე და აზრზე არ ვარ, რა ფოტოები ვრცელდება ქსელში. არ ვადევნებ თვალს იმას, რას წერენ და ამბობენ ჩემზე. ჩემთვის სულ ერთია. იმას არ ვამბობ, რომ ინტერნეტს იგნორირებას ვუკეთებ. პირიქით, საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ქსელში. მომწონს ახალი ამბების კითხვა, ონლაინ-ვაჭრობაში მონაწილეობა, მაგრამ არ ვარ არც ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელში. მათ გარდა ბევრი სხვა ადგილია, სადაც ადამიანები ურთიერთობენ. მაგალითად, კერძო სოციალური ქსელიPath. ეს ''ფეისბუქის'' შედარებით მოკრძალებული ვერსიაა.
ჟურნალი ''რეიტინგი''