06 აგვისტო, 2013
ტოტო კუტუნიო - ნამდვილი იტალიელი
ჩემი ვაჟი დეკემბერში 21 წლის გახდება, ის კარგი ბიჭია და კარგად სწავლობს. ბედნიერი მამა ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვილიც ასე მიიჩნევს. ჯერ ადრეა მისთვის ცოლის მოყვანა. ნიკო ჯერ უნდა გაიზარდოს და გაერთოს. საკუთარ ოჯახზე მაშინ იფიქრებს, როდესაც შესაფერის გოგონას გაიცნობს, ჯერ არავინ არ უყვარს მომღერალი ნამდვილ იტალიელად რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კონკურს „ახალ ტალღაზე“ ტოტო კუტუნიომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვება გალანტურ მამაკაცსა და ყოფილი სსრკ-ის ყველა ქალის გულთამპყრობელს, ლოყაზე კოცნიდა ახალგაზრდა გოგონებსაც და ხანში
შესულ ქალბატონებსაც, ასრულებდა სიმღერებს, რომელთა ჰანგებით გამოწვეული ნოსტალგიით დარბაზი ტიროდა. ყურზე ბრილიანტის საყურე უბრწყინავდა და ისეთი გრაციოზული იყო, რომ არაფრით არ იტყოდით სამოცდაათს გადასცილდაო. ჟიურიში „გადამდგარი“ რაიმონდ პაულსის მაგივრად მიიწვიეს, „ახალი ტალღის“ დამაარსებელსა და ჟიურის თავმჯდომარე იგორ კრუტოის უმშვენებდა გვერდს. კუტუნიოს ყოფნამ ჟიურის საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა, მაგრამ რამდენადაც იტალიელი მომღერლის ძველი ჰიტები აღაფრთოვანებდა პუბლიკას, იმდენად აოგნებდა მისი შეფასებები, ამის გამო ორჯერ მაესტროს დარბაზიდან დაუსტვინეს. საბედნიეროდ, ბატონი კუტუნიო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და თავისი საქციელით პრინციპულობას ამჟღავნებდა. ნიშნებს დამსახურების მიხედვით წერდა. თუ მეორე საკონკურსო დღეს ქართველ სალომე ქათამაძეს რვა ქულა დაუწერა, მესამე დღეს უმაღლესი, 11 ქულით დააჯილდოვა. მოკლედ ვიზუალური ფლეგმატურობის მიუხედავად, საერთო პროცესში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეიტანა და რაღაც კუთხით რაიმონდ პაულსი კი არ შეცვალა, არამედ ილია ლაგუტენკო, რომელიც „ახალი ტალღის“ წინა წლის კონკურსებში სკანდალურად მიიჩნეოდა.
- როგორც ჟიურის წევრს, ობიექტურობა უნდა შეგენარჩუნებინათ, მაგრამ ისინიც კი, რომლებიც მრავალი წელია კონკურსის მონაწილეებს აფასებენ, სწრაფად გამოარჩევენ ფავორიტებს. კონკურსანტებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?
- თავიდანვე მომეწონა კუბელი რობერტო კელ ტორესი, ქართველი გოგონა სალომე ქათამაძე და საერთოდ 16 კონკურსანტი ძალიან მახარებდა არტისტიზმითა და ხმით.
- მაგრამ ყველას სხვადასხვანაირი ქულა დაუწერეთ. მაგალითად, მეორე საკონკურსო დღეს ქართველი სალომე ქათამაძე ძალიან დაბალი ქულით შეაფასეთ. ჟიურის წევრობა გაგიძნელდათ?
- სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება. ამასთან რუსული არ მესმის და საკუთარი აზრის გამოხატვა მარტო მუსიკასა და იმაზე დაყრდნობით შემიძლია, რამდენად ემოციურად მღერის მომღერალი. ამიტომაც ჩემი აზრი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა მსაჯებისგან.
- მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბევრი სიმღერა დაწერეთ, რომელსაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი მღერის, თქვენ აღგაფრთოვანებთ სხვა ავტორების სიმღერები ისე, რომ იმღეროთ?
- რა თქმა უნდა, დიდია მათი არჩევანი! სტივ უანდერი, მაიკლ ჯეკსონი, და, რა თქმა უნდა, „ბითლზი“ , რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მუსიკის ისტორიის საოცარ ფენომენად. საერთოდ რთულია იყო კომპოზიტორი. სულ შვიდი ნოტი გვაქვს და სიმღერები ხშირად გვახსენებენ ვიღაცის მიერ უკვე ოდესღაც დაწერილს. ეს მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება, მხოლოდ მუსიკალური ტექნოლოგიები გახდება უფრო სრულყოფილი.
- ტოტო, თავის დროზე თვითონ იკვლევდით ვარსკვლავობისკენ მიმავალ გზას: ვაჟკაცობა მოიკრიბეთ, პოეტ ვიტო პალავიჩინის დაელაპარაკეთ და ყურადღება მიაქცევინეთ თქვენს ნიჭიერე ბაზე. ვაჟკაცობა კიდევ რა შემთხვევაში დაგეხმარათ?
- მიმაჩნია, რომ გულადი ადამიანი ვარ, მაგრამ სხვა რამეებიც მახსოვს. როდესაც 1987 წელს ტელეგადაცემა Dომე-ნიცა Iნ-ის წაყვანა დამავალეს, კამერების წინ შიშისგან ვცახცახებდი.
- ყოველთვის უკმაყოფილო ხართ თქვენი ვოკალური მონაცემებით, რატომ?
- იმიტომ, რომ მინდა უდიდესი ლუჩიანო პავაროტივით ან ანდრეა ბოჩელივით ვიმღერო და მხოლოდ ამიტომ ვარ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული. ეს კეთილი კრიტიკაა, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ასეთი ხმა მარგუნა.
- 1990 წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობდით და გაიმარჯვეთ. თქვენს ქვეყანაში ეს კონკურსი დღემდე პო-პულარულია, მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ ევროპისთვის საინტერესო აღარ არის?
- ამ კონკურსს ყოველთვის ვუყურებ, ასე ვიგებ როგორი მუსიკა მოსწონს სხვადასხვა ქვეყნის მსმენელს. სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზია „ევროვიზიით“ არ ინტერესდება, რადგანაც ამ კონკურსის ტრანსლაცია ძვირი ჯდება. წარმოიდგინეთ, როდესაც კონკურსში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე, იტალიის ტელეარხი „რაი“ მაინც განაწყენდა, რადგანაც შემდეგ წელს „ევროვიზია“ იტალიაში უნდა გამართულიყო, მათთვის კონკურსის გაშუქება სახლაფორთო იყო. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ მათ პრობლემები შევუქმენი. მიმაჩნია, რომ კონკურსი ევროპისთვის ღირებულია, რადგანაც მან აღმოაჩინა ისეთ სახელები როგორებიც არის „აბბა“ , მე და ბევრი სხვა მსახიობი. სხვა მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურსში მონაწილეობა და ტრანსლაცია იტალიისთვის ძვირია, ამიტომაც არ ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენლებს.
- როგორ დამეგობრდით ადრიანო ჩელენტანოსთან? ახლა მის ვაჟთან თანამშრომლობთ?
- ადრიანოსთან უფრო ვთანამშრომლობდი, ვიდრე ვმეგობრობდი. ახლა ნოსტალგიურად ვიხსენებ ჩოგბურთისა და ფეხბურთის მატჩებს, რომლის ორგანიზებასაც ერთად ვაკეთებდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის დიდი პატივისცემა დარჩა. რაც შეეხება ჯაკომოსთან თანამშრომლობას, ეს ჩვენი საერთო მენეჯერის დამსახურებაა, მან მოგვცა სცენაზე ერთად გამოსვლის შესაძლებლობა.
- ვიცი, ზღვა გიყვართ, გემის მართვა შეგიძლიათ?
- მუსიკისა და ქალების შემდეგ ზღვა ჩემი გატაცებაა. მყავს შესანიშნავი იახტა რომელსაც თავად ვმართავ და უკვე დიდი ხანია გავდივარ ღია ზღვაში... ძალიან მშვიდი მეზღვაური ვარ, გადაწყვეტილებებს დაკვირვებით ვიღებ, არ ვრისკავ, მხოლოდ ნაცნობ ზღვებში დავცურავ.
- ლეგენდარული მომღერალ ჯო დასენისთვის ბევრი სიმღერა დაწერეთ. როგორი იყო ის?
- მას, როგორც დიდ მსახიობსა და შესანიშნავ ადამიანს ისე ვიცნობდი. ცხოვრებაში ძალიან სერიოზული და თავშეკავებული იყო - აკონტროლებდა ემოციებს, კარგი აღზრდილი გახლდათ, ერთად რამდენჯერმე ვისადილეთ. ბედმა ბევრ გამოჩენილ ადამიანთან დამაკავშირა, მირეი მატიესთან, პოლ მორიასთან. იყო ერთი პიროვნება, რომელმაც მომხიბლა როგორც ქალმა, მსახიობმა და ადამიანმა, დალიდა. მე ის შემიყვარდა.
- თქვენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მილიონობით ქალს უყვარხართ, მათი მხრიდან ყველაზე ორიგინალურად რომელი მათგანი გაცდუნებდათ?
- დიდი ფანტაზიის მქონე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ძნელია იმის დამახსოვრება, ჩემთან დასაახლოებლად რას იგონებდნენ და აკეთებდნენ. ბევრი ბრწყინვალე გასახსენებელი მაქვს, რაც პირადია და მხოლოდ მე ვიცი. ვიცი, ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ გთხოვთ, მომიტევოთ.
- დიდი ხანია დაოჯახდით, რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?
- ორმოც წელზე მეტს. ოჯახური იდილია ჩემი მეუღლის, კარლას დამსახურებაა, ის ძალიან ბრძენია, გულისხმიერია და ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მაპატია.
- რითია დაკავებული თქვენი მეუღლე?
- ჩემი ყოფით. რთულია მსახიობის მოვლა, დიდ ენერგიას მოითხოვს. არ მაქვს ზუსტი სამუშაო გრაფიკი, სულ ვმოგზაურობ, მას გამუდმებით უწევს ჩემოდნის ამოლაგება და ჩალაგება.
- კარლასთან საერთო შვილები არ გყავთ. არასოდეს გინდოდათ ბავშვის აყვანა?
- როგორ არა, მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვფიქრობდით ამ საკითხზე, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით. სამწუხაროდ, იტალიაში რთულია ბავშვის შვილება, დროთა განმავლობაში სურვილიც დავკარგეთ.
- სტიუარდესა კრისტინა ლანჩისგან დიდი ბიჭი გყავთ, ბაბუა ჯერ არ გამხდარხართ?
- ჩემი ვაჟი დეკემბერში 21 წლის გახდება, ის კარგი ბიჭია და კარგად სწავლობს. ბედნიერი მამა ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვილიც ასე მიიჩნევს. ჯერ ადრეა მისთვის ცოლის მოყვანა. ნიკო ჯერ უნდა გაიზარდოს და გაერთოს. საკუთარ ოჯახზე მაშინ იფიქრებს, როდესაც შესაფერის გოგონას გაიცნობს, ჯერ არავინ არ უყვარს. იმედი მაქვს, ბევრი შვილიშვილი მეყოლება.
- როდის გრძნობთ თავს ბედნიერად?
- როდესაც დილით ვიღვიძებ და თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც გაღიმებულ კარლას ვხედავ და მზიანი დღე დგება.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტასო
ეს მომღერალი ძალიან მიყვარს
20:44 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შესანიშნავი კომპოზიტორი, შესანიშნავი ადამიანიც აღმოჩნდა.
14:15 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS