„სკარლეტთან ისევ ვმეგობრობ“
- რაიან, როგორ გადაიტანეთ ასე მშვიდობიანად სკარლეტ იოჰანსონთან დაშორება და საკმაოდ სწრაფად იპოვეთ ახალი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, ურთიერთობების დამთავრებისას, რაოდენ მტკივნეული და მძიმეც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, არაფერი ინანო. მე კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ როდესაც სკარლეტი შევირთე ცოლად, კარგად მოვიქეცი, ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის ისეთად, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. ჩვენ ისევ ვმეგობრობთ და ვაფასებთ ერთმანეთს. ასეთ სიტუაციაში ამაზე კარგი არაფერი შეიძლება იყოს. მცირე ხანს მართლა არ მინდოდა არავისთან შეხვედრა, თუმცა ადრეული სიყმაწვილიდან მივეჩვიე, რომ სულ ვიღაცას ვხვდებოდი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ სიყვარული ბანქოსგან აწყობილი ხუხულა იყო, რომელიც იოლად ინგრეოდა. მაგრამ თანდათან ისევ ამეხილა თვალები და დავინახე ის, რასაც ადრე ალბათ ვერც ვამჩნევდი.
- და ახლა კვლავ ბედნიერი ქორწინება გაქვთ. ამბობენ, რომ ბლეიკ ლაივლი თქვენს გარდერობს აკონტროლებს...
- დიახ, ასეა. თუ ცოლს არ მოსწონს ის, რასაც ვიცვამ, სახლიდანაც არ გამოვდივარ. როცა ოფიციალურ ღონისძიებაზე მივეშურები, ის აკონტროლებს ჩემს ყველა კოსტიუმს - ცოტა ხნის წინ მისი ნებართვით გავიკეთე ნარინჯისფერი ჰალსტუხი „მოჩვენებების პატრულის“ პრემიერაზე. სხვანაირად ვერ გავბედავდი (იცინის).
„რად მინდა დაცვა ბოევიკების გმირს!“
- რაც შეეხება თქვენს ახალ ფილმს. ადრე რომანტიკულ გმირებთან ასოცირდებოდით, უცებ კი - ზომბები, აპოკალიფსი... როგორ დათანხმდით მკვდარი პოლიციელის თამაშს?
- ზომბი-დეტექტივის (იღიმის). მომკლეს და მკვდარი პოლიციელების რაზმში მოვხვდი. ჩემი მეწყვილე კი, რომელსაც ჯეფ ბრიჯესი განასახიერებს, უკვე 200 წელია შერიფად მუშაობს და ცოცხალ ადამიანებს იცავს მეტისმეტად თავგასული მოჩვენებებისგან (იცინის). ძალიან სასაცილო ფილმია. ჩემი გმირის დეპარტამენტის სახელწოდება რად ღირს მხოლოდ - „მშვიდად იძინე“ .
- თქვენი ოჯახი კინოდან შორს არის, თუმცა მაინც მოხვდით ამ სამყაროში...
- ძნელი ასახსნელია. ისინი თეატრისა და კინოს სამყაროსგან მართლა ძალიან შორს არიან. მე ნერვულ და მგრძნობიარე ბავშვად ვიზრდებოდი. ყველაფერზე ვიძაბებოდი. კანით ვგრძნობდი სხვა ადამიანების განწყობას, მღელვარებას. შეიძლება, ეს დამეხმა-რა სამსახიობო პროფესიის ათვისებაში. თუმცა სკოლის მერე მამის დაჟინებით სასამართლო კრიმინალისტიკაზე ჩავაბარე. ზუსტად 45 წუთი ვისწავლე და მივატოვე, რადგან მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო.
- როგორ მოხდა, რომ პირველივე ფილმში გასაუბრებაზე რამდენიმე ათას მოზარდს გაუსწარით?
- ეს კანადური სერიალი იყო 15 წლის მოზარდებზე და ყველა სკოლაში ტარდებოდა კასტინგი. თავიდან ყურადღებაც არ მომაქციეს. მე კი ძალიან მინდოდა, მამისა და საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ რაღაცისთვის შემეძლო მიმეღწია, ამიტომ ყოველდღე დავდიოდი იმ ქალაქში, სადაც საბოლოო სინჯები მიმდინარეობდა და სწორედ იქ, პირველ ტურში შემნიშნეს. შედეგად, მე და 13 ბიჭი აგვიყვანეს ოთხი ათასიდან! ისღა დამრჩენოდა, მამისთვის მეცნობებინა. ის შედარებით მშვიდად შეხვდა იმ ამბავს, იმიტომ, რომ რამდენიმე ათას თანატოლს ვაჯობე (იცინის). მერე დავიწყე ეპიზოდებში თამაში და პარალელურად ვბრწყინავდი ოფიციანტის კარიერაში (იცინის). ერთხელ მცირე როლზე მიმიწვიეს „საიდუმლო მასალებში“ და ვანკუვერში მიმდინარე გადაღებებზე რეჟისორმა ფასეული რჩევა მომცა: „არ წახვიდე ჰოლივუდში. ჯობს, მსხვილი თევზი იყო პატარა ტბაში, ვიდრე უშველებელ ოკეანეში ზვიგენებს შორის იფართხალო“ . რა თქმა უნდა, არ დავუჯერე (იცინის) და მშობლებისთვის სიტყვა არ მითქვამს, ცარიელი საფულითა და დანგრეული მანქანით ჩავედი ლოს-ანჯელესში. რომ ჩამოვედი, მამას ტელეფონის ჯიხურიდან დავურეკე. მან ყურმილი დამიგდო...
- და ამას მშვიდად შეხვდით?
- არა, რასაკვირველია. დიდხანს დავდიოდი ფსიქოთერაპევტთან. სადღაც ოცდახუთი წლის შემდეგ გამიჩნდა სერიოზული პრობლემები, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების აღქმასთან დაკავშირებული. ადრე, ალბათ აღზრდის გამო, ძალიან არასწორად აღვიქვამდი ცხოვრებას: რაც უნდა მოხდეს, თავი დახარე, პირი მოკუმე და მოითმინე. საბედნიეროდ, ოცდაათი წლისა მივხვდი, რომ ასე არ არის... რამდენიმე წლის წინ მამას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - პარკინსონის დაავადება. შევძელი ჩემს ბრაზსა და ბავშვურ წყენასთან გამკლავება. მომინდა, ის რაღაც უფრო სასარგებლოში გადამეზარდა და 2008 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა საქველმოქმედო მარათონში, რომელიც ფულს აგროვებდა ამ დაავადებასთან ბრძოლის ფონდში. ეს მამისთვის გავაკეთე.
- ამბობენ, რომ ყველგან მცველები დაგყვებიან?
- სისულელეა! მე ხომ ორმეტრიანი ბოევიკების გმირი ვარ! დაცვა რომ მჭირდებოდეს, ხომ მეტყვიან: „ბიჭო, შენ მაყურებელს საშინლად ატყუებ!“
ჟურნალი „რეიტინგი“