შავი ქვრივები
ჩეჩენთა ტერორისტული ჯგუფები უკვე სისტემატურად იყენებენ ქალებს ტერორისტ-თვითმკვლელებად ან როგორც მათ უწოდებენ, "შავ ქვრივებად". ქალები მზად არიან და სურთ კიდეც ისლამისტური ჯიჰადის ან საღვთო ომის "წამებულებად" იქცნენ. მათ რუსეთზე შურისძიების სურვილი ამოძრავებთ მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში ორი ჩეჩნური ომის დროს რუსმა
აჯანყებულების წინააღმდეგ ბოლო ათი წლის განმავლობაში მიმდინარე ომმა ასეთი ქალების რიცხვი გაზარდა, ქალების, რომლებიც განრისხებული არიან უშიშროების სამსახურების ქმედებებით, რომლებიც იტაცებენ, აშინებენ და კლავენ მათ მამაკაც ნათესავებს ან ტერორისტებთან შესაძლო კავშირის გამო მათ სახლებს ანადგურებენ.
მშფოთვარე ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლებულ ეთნიკურ ჯგუფებში "სისხლის აღების" წესი ძალიან ძლიერია და გადარჩენილი ოჯახის წევრები ნათესავების მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდას საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ.
"შავმა ქვრივებმა" ეს სახელწოდება გრძელი შავი კაბების გამო მიიღეს, რომლითაც ბევრი ის ქალი იმოსებოდა, რომელიც ისეთ ტერაქტებში მონაწილეობდა, როგორებიცაა მაგალითად 2002 წელს მძევლების აყვანა მოსკოვში სპექტაკლზე "ნორდ ოსტი" და 2004 წლის სექტემბერში მძევლების მასობრივი მკვლელობა ბესლანის სკოლაში, როდესაც 344 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა.
ტერორისტი ქალების ისტორიიდან
ქალები ტერორისტული ორგანიზაციების მოღვაწეობის ყველა ასპექტში მონაწილეობდნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ მასობრივად არ რთავდნენ ორი სახის მოღვაწეობაში - ინფორმატორებთან მუშაობასა და თვითმკვლელურ ტერაქტებში. XXI საუკუნის დასაწყისში კი სიტუაცია შეიცვალა: ტერორისტული სტრუქტურები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ თვითმკვლელი ქალების „მომსახურებით“.
1940-იან წლებში ინდოელი მეამბოხეები ჭურვებით შემოსილ ქალებს გზავნიდნენ ბრიტანული სამხედრო ნაწილების ბანაკებში. თუმცა მხოლოდ შრი-ლანკაში დაფიქსირდა თვითმკველი ქალების გამოყენების მასობრივი შემთხვევები. 1980-იანი წლების შუალედიდან „ჰეზბოლას“წევრი ქალებიც სჩადიოდნენ ტერორისტულ აქტებს ისრაელის წინააღმდეგ, 1990-იან წლებში კი რამდენიმე ისლამისტურმა ჯგუფმა ეს პროცესი დინებაზე მიუშვა და თვითმკვლელის როლისთვის ახალგაზრდა ქალების მოზიდვა დაიწყო.

„კამიკაძე ქალების“რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მსგავსი აქტების უჩვეულობა და სიახლეა. 1974 წელს ტერორიზმის ამერიკელმა მკვლევარმა ბრაიან ჯენკინსმა დაასკვნა, რომ ტერორიზმი თეატრია. აბსოლუტურად ყველა ტერორისტი თეატრალურ სანახაობას ამსგავსებს თავის ქმედებას - მძევლების აყვანის შემდეგ მასმედიასთან კონტაქტს ითხოვენ, ღია ეთერში სურთ საზოგადოებასთან საუბარი. ტერაქტების შემდეგ ორგანიზატორები რედაქციებში რეკავენ და საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულზე. ქალი ტერორისტები კი ყოველთვის პრესის დიდი ყურადღებით სარგებლობდნენ, ეს კი ტერორისტებს საშუალებას აძლევს, უფრო წარმატებული პროპაგანდა გაუწიონ საკუთარ ორგანიზაციასა თუ იდეებს. გარდა ამისა, მსგავსი ტერაქტის მომზადება შედარებით ადვილია. თვითმკვლელი ქალი არ უნდა გაწვრთნა სამხედრო საქმეში და არც კონსპირაციის მეთოდები შეასწავლო. ფაქტობრივად, ის ერთჯერადი და იაფი იარაღია.
ფსიქოლოგმა კლარა ბეილერმა თვითმკვლელი ტერორისტების სიკვდილისწინა გზავნილებისა და ქმედებების ფონზე დაადგინა, რომ „ცოცხალ ჭურვად“ქცევამდე მამაკაცებსა და ქალებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მოტივები ერთი და იგივეა - რელიგიური ვალი ან თავისუფლებისთვის ბრძოლა, მამაკაცები საკუთარი იდეალების მიღწევას ცდილობენ, ქალები კი კამიკაძის როლს იმიტომ ასრულებენ, რომ იმ ცხოვრებას გაექცნენ, რაც სინამდვილეში აქვთ ან მომავალში ექნებათ. კლარა ბეილერის აზრით, ქალები ტერაქტს იმიტომ სჩადიან, რომ ქალად ყოფნა შეწყვიტონ.
კიდევ ერთი მიზეზი ქალი ტერორისტების მომრავლებისა - ისინი უფრო ადვილად მართვადნი არიან, უკეთ ექვემდებარებიან „ტვინის გამორეცხვას“. ქალები სამართალდამცველთა ნაკლებ ყურადღებას იპყრობენ და უფრო იოლად მალავენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. „თამილ ილამის განმათავისუფლებელი ვეფხვები“თავიანთი შეტევების 70%-ს ქალების მეშვეობით ახორციელებენ. „ქურთ მუშათა პარტიის“ტერორისტები მსგავს დავალებებზე ასევე ქალებს გზავნიდნენ, რომლებიც ორსულობას თამაშობდნენ. ეგ კი არა, ისლამური ტერორისტული სტრუქტურები, რომლებიც დასავლურ მოდასა და ტრადიციას ნეგატიურად აღიქვამენ, თავიანთი გეგმების მეტად ეფექტურად განსახორციელებლად იმ დათმობაზეც კი მიდიან, რომ მუსლიმან თვითმკვლელ ქალებს ნებას რთავენ ევროპული სამოსი ჩაიცვან, მაღალ ქუსლებზე შედგნენ და ტრადიციული თავსაბურავიც არ დაიხურონ. თუმცა, იმავდროულად, ქალი კამიკაძეები არანაირად არ უწყობენ ხელს მათ ქვეყნებში ქალთა მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას.
რაც შეეხება შაჰიდებს (თვითმკვლელებს), ეს სიტყვა ქალთან მიმართებაში პირველად იასირ არაფატმა გამოიყენა. მანამდე, სანამ მან ჯიჰადის ახალი იარაღი - თვითმკვლელი ქალი - არ „შესთავაზა“საკუთარ საზოგადოებას, ისლამისტებს მიაჩნდათ, რომ მამაკაცებს სასიკვდილოდ არ უნდა გაეშვათ ცოლები, დები, ქალიშვილები... მას მერე, ვინც ამ გზაზე დგება, უკან ვეღარ ბრუნდება. შეუძლებელია, თვითმკვლელებში ჩაეწერო და მერე გადაიფიქრო. იმ წუთიდან, როცა ვიდეოკამერაზე უკანასკნელ მიმართვას წერ, სიკვდილი გარდაუვალია. თუ შაჰიდი უკანასკნელ მომენტში უარს იტყვის თავის აფეთქებაზე, ეს ჩანაწერი მისი სამარცხვინო სილაჩრის დასტური გახდება. ასეთი დაღით ცხოვრება კი მათ სამყაროში შეუძლებელია,
ცნობილია, რომ შაჰიდების სიმამაცეს რელიგიური რწმენითაც „ამყარებენ“. მამაკაცებს სამოთხეში უამრავი ქალი, დიდი ბედნიერება და განცხრომა ელით - ამას ჰპირდება მათ რელიგია. რა ელით ქალ შაჰიდებს? ისინი სამოთხეში უფრო ლამაზები გახდებიან, ყველა გასათხოვარს იქ ქმარი ელის, ხოლო მისი 70 ნათესავი უეჭველად დაიკავებს იმ ქვეყანაში საპატიო ადგილს. გარდა ამისა, თვითმკვლელად ქცევა ნიშნავს, ბოლო მოეღოს ყველა პრობლემას და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურო. სტიმული აშკარად დიდია...
შედარებისთვის: თვითმკვლელი მამაკაცების ოჯახები თვეში 400 დოლარს იღებენ, ქალების - მხოლოდ ნახევარს.
კესო ლაღიძე