„მაგრად გამიმართლა, რომ ცოცხალი გადავრჩი“
- უკვე მეხუთედ მუშაობთ გორ ვერბინსკისთან - „კარიბის ზღვის მეკობრეების“ რეჟისორთან. რით მო-გწონთ ასე?
- მასთან ძალიან კომფორტულია მუშაობა. გორი პატივს სცემს ყოფიერების აბსურდულობას და
- ეს როლი რით იყო თქვენთვის აღსანიშნავი, გარდა იმისა, რომ ინდიელის ახლებური სახე შექმენით?
- ადრენალინის მაღალი დონე იყო და მაღალი რისკიც. მაგრად გამიმართლა, რომ ცოცხალი გადავრჩი! როცა ცხენი გიჟივით მიაჭენებს და უცებ ხვდები, რომ მის ქვეშ ხარ - ეს დაგამახსოვრდება!
- ტატუირების მიხედვით, რომელიც ხელზე გაქვთ და ინდიელის თავის გამოსახულებაა, ფილმის თემა დიდი ხანია გაინტერესებთ...
- ეს ჩემი პირველი ტატუა, 17 წლისამ გავიკეთე პაპის სახსოვრად. ჩემი ბევრი თაობა კენტუკიში ცხოვრობდა, ჩემი დიდი ბებია კი ჩეროკის ტომიდან იყო.
- ალბათ მაშინ ვერც წარმოიდგენდით, რომ ტონტოს მსგავს გმირს ითამაშებდით?
- რასაკვირველია, იმ წლებში კინოზე არც მიფიქრია და მუსიკოსობაზე ვოცნებობდი. ვარსკვლავური კარიერა სულაც არ იდგა პირველ ადგილზე - მნიშვნელოვანი იყო უბრალოდ გიტარაზე დაკვრა. პირველი გიტარა 12 წლისას გამიჩნდა, აკორდების წიგნი კი სუპერმარკეტიდან მოვიპარე. ისე გავერთე, რომ სქესობრივი მომწიფებაც კი გამომრჩა.
- ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო მიატოვეთ 15 წლისამ სკოლა?
- დიახ, გამოვიჩინე თავი. ორიოდე კვირის მერე კი მივხვდი, რომ შევცდი და უნდა გამომესწორებინა. დირექტორთან მივედი. მან არ მიმიღო, თან მითხრა, შენ მუსიკაზე ხარ გაგიჟებული და მიუძღვენი თავი მუსიკასო.

„მსახიობი იმიტომ გავხდი, რომ რამენაირად უნდა მეცხოვრა“
- ჰოლივუდმა როგორ მიგიზიდათ?
- მსახიობი იმიტომ გავხდი, რომ რამენაირად უნდა მეცხოვრა: გადასახადები მეხადა, ბინა მექირავებინა... ჩემმა მეგობარმა ნიკოლას კეიჯმა გამაცნო კინოს სამყაროს ადამიანები - ასე დაიწყო ყველაფერი.
- მას მერე ბევრი დრო გავიდა და უამრავი პერსონაჟი განგისახიერებიათ. რომელი გმირები გაინტერესებთ?
- ისინი, რომლებსაც საზოგადოება არ იღებს, არანორმალურად მიიჩნევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იქცევიან ადამიანები, რა ამოძრავებს მათ, რა აღელვებს. რით არის გამოწვეული მათი ნერვული ჟესტები, რომლებიც მეც საკმარისად მაქვს...
- თქვენ რა გაღელვებთ?
- სუნთქვა. ჩვენი თითოეული ამოსუნთქვა საჩუქარია, მაგრამ ამას გამუდმებით ვივიწყებთ. რაღაც პერიოდი რუმინელი ბოშების ბანაკში გავატარე და მათგან ბევრი რამ ვისწავლე - მათ იციან ცხოვრების გემო. ვგულისხმობ გამუდმებულ ზეიმებსა და ქეიფებს. შეუძლიათ ნებისმიერი მომენტით ტკბობა და ამით ბედნიერების შეგრძნება.
- თქვენს როლებს შორის ტრანსვესტიტიც არის. ქალს თუ ითამაშებდით?
- კი. როცა ორსული ქალის გვერდით ხარ ცხრა თვე, ხვდები, ის შენზე გაცილებით ამტანია! კაცობრიობის ძლიერი ნახევრის ნებისმიერი წარმომადგენელი, მას რომ შვილის მუცლით ტარებამ მოუწიოს, რამდენიმე კვირაში ჩამოუშვებს ცხვირს. მერე კიდევ ეს მშობიარობა!
- კინოსა და მუსიკაში თქვენი კარიერა რომ არ შემდგარიყო, ვინ იქნებოდით?
- ალბათ, მწერალი.
- რომელ პროფესიას არ აირჩევდით არასოდეს?
- აშშ-ის პრეზიდენტის.

ჟურნალი „რეიტინგი“