ზოგიერთი ცნობილი ადამიანი არ კმაყოფილდება საზოგადოებაში თავისი მდგომარეობით, არამედ ცდილობს თავისი პოპულარობა იმისთვის გამოიყენოს, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოს სხვებისთვის. მათ შორის ბოლო დროს ვარსკვლავი ქალბატონები განსაკუთრებით გამოირჩევიან, რომელთა ნაწილი ბავშვებს იცავს მთელ მსოფლიოში, ნაწილი - ქალებს და ზოგიც - საერთოდ მშვიდობას.
ქალბატონები
პირველ რიგში ალბათ ყველას ოდრი ჰეპბერნი გაახსენდება, რომელიც ჰუმანიზმის იდეალად იქცა

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლია, რომელიც დღეს უკვე ლტოლვილების საქმეებში სპეციალური ელჩი გახდა. მსახიობი ათ წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება და ახლო აღმოსავლეთის უამრავ ქვეყანაში ყოფილა, დაზარალებული რეგიონების პრობლემების გადაწყვეტაშიც მიუღია აქტიური მონაწილეობა.
შარლიზ ტერონი 2008 წლიდან არის გაეროს მშვიდობის ელჩი. მისი სპეციალიზაცია ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაა. ეს პრობლემა მისთვის მხოლოდ ყურმოკრული არ არის - მამამისი ლოთი იყო და არაერთხელ უცემია შარლიზი და დედამისი. შედეგად, შარლიზის თვალწინ, მორიგი ჩხუბის დროს, დედამ თავდაცვის მიზნით გაისროლა და ქმარი მოკლა.
ინდოელი მსახიობი აიშვარია რაი, ყოფილი ''მის მსოფლიო'', გაეროს საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. მისი სპეციალიზაცია აივ-შიდსისგან მსოფლიოს დაცვა და ამ დაავადების პროფილაქტიკაა.

2006 წლიდან ნაომი უოტსი ასევე შიდსს ებრძვის გაეროსთან ერთად. საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, ნაომი ზამბიაშიც იმყოფებოდა.
ნაომის მეგობარი ნიკოლ კიდმანი ორგანიზაცია ''გაერო-ქალების'' კეთილი ნების ელჩია 2006 წლიდან და ქალების დისკრიმინაციისა და ასევე მათი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის.
კრისტინა აგილერა მსოფლიო შიმშილობას ჯერ კიდევ 2006 წლიდან ებრძვის. მას განსაკუთრებით მოშიმშილე ბავშვების პრობლემები აღელვებს.
შაკირა გაეროს ელჩი 2003 წლიდან არის. აქტიურად იბრძვის ბავშვთა უფლებებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბანგლადეში, სალვადორი, ინდოეთი, ასევე სამხრეთი აფრიკა. გარდა ამისა, გაეროს ელჩები არიან ცნობილი ვარსკვლავები ჯორჯ კლუნი, სელმა ჰაიეკი, ბონო, მაიკლ დუგლასი და ბევრი სხვა, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი პოპულარობა და გავლენა კეთილ საქმეებს მოახმარონ.
ჟურნალი ''რეიტინგი''