„მკაცრი დედა ვარ“
- როგორ გადის თქვენი ჩვეულებრივ დღე?
- როცა გადაღებები არ მაქვს,
- ორი შვილი გყავთ. გიჭირთ მათი მოვლა?
- გამიმართლა, შესანიშნავი ბავშვები მყავს. მათ მიაჩნიათ, რომ მკაცრი დედა ვარ, მაგრამ სიმკაცრის გარეშე დღეს არ შეიძლება. ქალიშვილს 11 წელი შეუსრულდა, ვაჟი კი უკვე 15-ისაა. მალე მე გამასწრებს სიმაღლით. ნებას ვრთავ, რომ „ფეისბუქით“ ისარგებლოს, მაგრამ იცის, რომ ყურადღებას ვაქცევ მის გვერდს.
- როცა ისინი პატარები იყვნენ, მათთვის ზღაპრებს თხზავდით და მერე გამოეცით კიდეც. გეგმავთ რაიმეს დაწერას მოზარდებისთვის?
- არა მგონია, გამომივიდეს. მოთხრობები თინეიჯერებისთვის დიდად განსხვავდება პატარებისთვის დაწერილი ზღაპრებისგან. ის უფრო რთულია, ბევრი ფანტაზია უნდა. მე მარტივ წიგნებს ვთხზავ პატარა ბავშვებისთვის. ამ წელს მეოთხე წიგნი გამოიცემა.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მუსიკას ვუსმენ, უფრო, რადიოში. იქ კარგი გადაცემებიც არის, აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ. ბავშვები დამცინიან, რომ უფრო ხშირად ადამიანების ლაპარაკს ვუსმენ, ვიდრე მათ სიმღერას. თუმცა სიმღერებშიც უფრო ტექსტებს ვაკვირდები. მიყვარს კითხვა. ვგიჟდები სკოტ ფიცჯერალდსა და ედიტ უორტონზე.

„ჩემი ქალიშვილი სიამოვნებით უყვება ყველას, რომ მე ორმოცდაათს გადავცდი“
- ასეთ შესანიშნავ ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- ვცდილობ, სწორად ვიკვებო, მივირთმევ ახალ თევზს და ორგანულ ბოსტნეულს. თუმცა ხანდახან მეც ვერ ვუძლებ კარტოფილი ფრის ცდუნებას. ვცდილობ რეგულარულად ვივარჯიშო - იოგა და სირბილი. ხანდახან დეტოქს-დიეტასაც ვიცავ, უალკოჰოლოს, შაქრისა და ცომეულის გარეშე. მცირე დროში საუკეთესო შედეგების მიღწევა შეიძლება. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, კვებისა და სპორტის თვალსაზრისით ახალგაზრდობაში უფრო დისციპლინირებული ვიყავი. ახლა მივხვდი, რომ ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, ამიტომ შეიძლება ხანდახან მაინც მისცე თავს მცირე სიამოვნებების უფლება.
- რომელ ფილმებში გიხილავთ უახლოეს მომავალში?
- მალე იქნება სტივენ კინგის „კერის“ ახალი ეკრანიზაციის პრემიერა. მასში მთავარი გმირის დედის როლი ვითამაშე. მთავარ როლში ქლოე მორიცია. შესანიშნავი პატარა გოგონაა, ნიჭიერი მსახიობი. ასევე იქნება ტრილერი „ნონ-სტოპი“ . ასე რომ, 2013 წელს ბევრი პრემიერა მაქვს.
- გამიგონია, რომ „ჰანიბალში“ გადაღებების შემდეგ სპეციალური თერაპიის კურსი გაიარეთ. „კერის“ შემდეგაც დაგჭირდათ მსგავსი რამ?
- ეს არ არის მთლად მართალი. კლარისა სტარლინგის როლზე რომ ვმუშაობდი „ჰანიბალში“ , ჩემს ფსიქოთერაპევტთან ერთად განვიხილავდი გარკვეულ მომენტებს. ეს იყო და ეს. ტრილერის თუ საშინელებათა ფილმისთვის როლში შესასვლელად მსახიობები ხშირად ხსნიან საკუთარ თავში რაღაც ახალ თვისებებს, ადრე უცნობ ემოციებს, რომლებთანაც დამოუკიდებლად გამკლავება არც ისე იოლია.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც 50 წლის გახდით?
- იუბილე - ეს არის საბაბი, რომ პირად და პროფესიულ მიზნებზე დაფიქრდე. 50 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი რამ უკვე გავლილი გაქვს და დროის ფასს ხვდები. მეორე მხრივ, ადამიანები ახლა უფრო დიდხანს ცხოვრობენ, გვიან აჩენენ შვილებს და პენსიაში გასვლის ნაცვლად წარმატებული კარიერით ტკბებიან. ჩემი ქალიშვილი სიამოვნებით უყვება ყველას, რომ მე 50-ს გადავცდი. ვფიქრობ, მას ეს დიდ მიღწევად ეჩვენება!
ჟურნალი „რეიტინგი“