ერკიულ პუაროც აგატას გმირია, ბელგიელი გამომძიებელი. უყვარს გემრიელად
1890 წლის 15 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას და ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო წერა, ოღონდ სასაცილო მო თხრობების. ამაში საკუთარ დას ჰბაძავდა, მაგრამ ამ სტილის იუმორი მალე მოჰბეზრდა და საშიში მოთხრობების წერაზე გადავიდა. მშობლებს არ მოსწონდათ გოგონას გატაცება და წერა დაუშალეს. მოგვიანებით, უკვე ზრდასრულმა, წითელი ჯვრის ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ აფთიაქში, საიდანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო იშვიათი სახეობის შხამებისა და წამლების შესახებ.
ამ გამოცდილებამ მისცა საშუალება, საკუთარ ნაწარმოებებში წარმატებით ''გამოეყენებინა'' საწამლავის სხვადასხვა სახეობა. მეუღლედ მფრინავი არჩიბალდ კრისტი აირჩია. ქორწინების მიუხედავად, კაცს ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ თვეების განმავლობაში ცოლთან ყოფნას ვერ ახერხებდა. სახლში მარტოდ დარჩენილი ქალი კი მიხვდა, რომ ბავშვობისდროინდელ საქმეს უნდა დაბრუნებოდა და წერა გაეგრძელებინა, ოღონდ არჩევანი იუმორსა და საშიშ ისტორიებს შორის უნდა გაეკეთებინა და ასე შეიქმნა დეტექტივების ლეგენდარული სერია.
აგათა კრისტი არასოდეს ყოფილა იაფფასიანი დეტექტივების ავტორი. ის მსოფლიომ აღიარა და ამას კიდევ ერთხელ მოწმობს ის ფაქტი, რომ 2015 წელი აგათას წლად გამოცხადდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს არა მხოლოდ კითხვისა და დეტექტივების მოყვარულები, არამედ სახელმწიფოებიც აღნიშნავენ. მათ შორისაა საქართველოც. განსაკუთრებულად, ცხადია, დიდი ბრიტანეთი ზეიმობს. ღონისძიებების სერიის ნაწილი იქნება კრისტის ძეგლის გახსნა და ასევე რამდენიმედღიანი ფესტივალი.
ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ დეტექტივები და ალბათ რთულია, ქუჩებში იპოვო ზრდასრული ადამიანი, რომელსაც დეტექტივების დიდოსტატის ერთი ნაწარმოები მაინც არ ექნება წაკითხული. სწორედ ეს გახლავთ ერთერთი მიზეზი, რის გამოც ''გამომცემლობა პალიტრა L''ი ამ საერთო ლიტერატურულ მარათონში ჩაერთო.
27 აპრილიდან ინტერნეტსაიტებზე: ამბები.გე, მარაო.გე, პალიტრატვ.გე და იპნ.გეზე თქვენთვის სასურველი რომანისთვის ხმის მიცემა დაიწყო, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ მწერლის თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები და ხმა მისცეთ.
სექტემბერში გამოკითხვა შეჯამდება და თქვენ მიერ დასახელებული აგათა კრისტის საუკეთესო რომანი, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, სპეციალური ლოგოთი დაიბეჭდება. ამ საინტერესო წამოწყებას საქართველოშიც მკითხველების დიდი რაოდენობა გამოეხმაურა, რის გამოც ''გამომცემლობა პალიტრა L''მა გადაწყვიტა, აგათას მოყვარულებისთვის სასიამოვნო სურპრიზი შეეთავაზებინა.
გამომცემლობამ ბრიტანეთში ''დეტექტივების დედოფლის'' ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის დაბეჭდვის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა და მის დეტექტივებს პერიოდულად გამოსცემს!
ამ ეტაპზე ქართულ საიტებზე მიმდინარე გამოკითხვებში ''მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში'' ლიდერობს, ამიტომ ''გამომცემლობა პალიტრა L''ი აგათას მკითხველებს პირველად სწორედ ამ დეტექტივს შესთავაზებს - სპეციალური ლოგოთი დაბეჭდილი წიგნი 22 ივნისს გაზეთ ''კვირის პალიტრასთან'' ერთად გაიყიდება.
რომანში ''მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში'' ლეგენდარული პუარო სხვა რომანებთან შედარებით განსაკუთრებული სისხარტით გამოირჩევა - დეტექტივი აღმოსავლეთის ექსპრესში სხვადასხვა წარმომავლობისა და ფსიქოლოგიის ადამიანთან ერთად მგზავრობს, პირველივე ღამეს მკვლელობა ხდება. მიუხედავად სირთულეებისა, ერკიულ პუარო ერთი შეხედვით გაუხსნელი საქმის გამოძიებას მაინც ახერხებს...
დეტექტივის კითხვისას თავს თქვენც ერთერთ მგზავრად წარმოიდგენთ!
მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და ''დეტექტივის დედოფლის'' მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან. ამ ერთგვარ აქციას ცნობილი ქართველებიც შეუერთდნენ, მათ შორის, მწერალი დავით ტურაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მსახიობი რუსკა მაყაშვილი. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ქართველების ვიდეოთი იუთუბის ბრიტანული არხი დაინტერესდა და ქართველების ვიდეოები აგათა კრისტზე საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ფაქტია, რომ კრისტის ნაწარმოებები განსაკუთრებული პოპულარობით მოზარდებს შორის სარგებლობს და როგორც ჩვენთან საუბარში ჰყვებიან, არაერთი მათგანის ცხოვრება შეცვალა.
მაგალითად, 19 წლის ლელა გეგეშიძე იურიდიულზე სწავლობს და ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჯერ კიდევ ბავშვობაში წაკითხულმა ნაწარმოებმა - ''მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში''.
მკითხველს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 27 აპრილიდან ქართულ საიტებზე: ambebi.ge, marao.ge, palitratv.ge და ipn.ge-ზე თქვენთვის სასურველი რომანისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა თავადაც გაქვთ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''