06 მაისი, 2015
ოთხი შვილის მამა, რომელიც 20 წელია, ბავშვთა სახლის პატარებზე ზრუნავს
ზვიად ხაფავა გახლავთ ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში საკუთარ თავზე აიღო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლა და დღემდე ამ საქმის ერთგულია. იყო პერიოდი, როცა ოჯახისგან შორს უწევდა ყოფნა, მაგრამ ბედიანის ბავშვთა სახლი, ცოლ-შვილთან სიშორის მიუხედავად, არ მიუტოვებია. ალბათ ძალიან დიდსულოვანი უნდა იყო ადამიანი, რომ 18 წლის ასაკში სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა შენი ცხოვრება.
გარდა იმისა, რომ ზვიადი სხვისი შვილების მამაა, ამასთანავე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბედიანის სკოლაში და სოფლის რწმუნებულიც გახლავთ.

- 18 წლის ბიჭს რატომ გაგიჩნდათ სურვილი,
გაგეზარდათ ბავშვები, ეს ხომ ის ასაკია, როცა ძალიან მოგწონს თავისუფლება და გინდა ცხოვრებით ტკბობა?
- ყველაფერი 18-ის კი არა, 17 წლის ასაკში დაიწყო. ჩემი მეგობარი ძეგვის ბავშვთა სახლში დირექტორის მოადგილე იყო, პირველად ძალიან ჩვეულებრივად გავყევი მას ძეგვში, გავიცანი ბავშვები, დავმეგობრდით, მერე ბავშვებმა მთხოვეს ჩასვლა და რაღაცების ჩატანა. შევუგროვე და ჩავუტანე, შემდეგ კი ურთიერთობიდან გამომდინარე, მეც უფრო ხშირად დავიწყე მიმოსვლა. ეს გახლდათ 1995 წელი, პერიოდი, როცა ყველგან იყო ძარცვა, ყაჩაღობა, ბავშვთა სახლში კი ძალიან დიდი სითბო იგრძნობოდა უფროსებისგანაც და აღსაზრდელებისგანაც. ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, გარემომ დიდი ზემოქმედება მოახიდნა ჩემზე და მათი ხშირი სტუმარი გავხდი. ზუსტად იმ წელს ჩავაბარე უნვერსიტეტში, გავხდი სტუდენტი, თუმცა, იმავდროულად დავდიოდი ძეგვში, ხან ჩემი კლასელები მომყვებოდნენ, ხან - კურსელები, ჩემი ძმაც ჩადიოდა მეგობრებთან ერთად და დაგვყავდა ბავშვები ლაშქრობებზე, ექსკურსიაზე, თან რაც მთავარია, ამ ყველაფრის კეთება მოგვწონდა. მერედამერე კი ბუნებრივად მოხდა ჩემი ცხოვრების ასე წარმართვა, არ დავმჯდარვარ საფიქრალად და გადაწყვეტილება ისე არ მიმიღია. ბავშვებისგან იმხელა სითბოს ვიღებდი, თვეებისა და წლების შემდეგ ღალატივით გამოდიოდა მათი დატოვება, ძალიან შინაურები გავხდით ერთმანეთისთვის.

დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ გადავაწყვიტეთ, ძეგვიდან გადმოვსულიყავით ბედიანში, ოღონდ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. რამდენიმე მეგობარი ვიყავით ერთად, ერთ-ერთის, კახას იდეა იყო აქ გადმოსვლა და პატრიარქის კურთხევით, იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. გავიდა წლები, ადამიანებიდან, ვინც ზრუნავდა ამ ბავშვებზე, ზოგმა ოჯახი შექმნა, ზოგს თავისი საქმეები გამოუჩნდა და წასვლა მოუხდა... ჩვენ ბავშვებთან ყოფნაში, მათზე ზრუნვაში ხელფასი არასდროს გვქონია, უბრალო მოხალისეები ვიყავით, თუმცა მთლად სახალისო არ იყო ეს ყველაფერი, რადგან გვყავდა ბევრი ბავშვი და შესაბამისად, ბევრი საქმეც, 24-საათიანი შრომა... მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სანერვიულოსი, ეს საქმე ჩემთვის დიდი სითბოს მომცემი იყო და არის.

- ახლა რამდენი აღსაზრდელი გყავთ?
- 12 ბავშვი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკვე ოჯახებთან ერთად ცხოვრობს აქ - ბედიანში.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
გაიხარეეეეეეთ!!!!!!!!!!
00:46 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS