19 მარტი, 2015
''ალი და ნინო'' ძვირად ღირებული პროექტი, რომელსაც ალიევის ქალიშვილი პატრონობს
თურქებმა და აზერბაიჯანელებმა ''ივაჟკაცეს'' და პროექტის სახე მისცეს როგორც ადრე ვყვებოდით, ყურბან საიდის გახმაურებულ რომანს ''ალი და ნინო'' კინემატოგრაფებმა დიდი ყურადღება მიაქციეს, იყო რამდენიმე სერიოზული ინიციატივა ჰოლივუდში, ბოლოს კი თურქებმა და აზერბაიჯანელებმა ''ივაჟკაცეს'' და პროექტის სახე მისცეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გადაღებებიც დაიწყო.

''აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად'' წოდებულ მაჰმადიანი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის ამბავს ეკრანზე გადაიტანენ. გადაღებები მადრიდსა და ბაქოშია დაგეგმილი. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილი
ლეილა ალიევაა.

სცენარი ბრიტანელმა მწერალმა და რეჟისორმა, ოსკაროსანმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა, პროდიუსერი კრის ტიკიეა, მთავარი რეჟისორი - აზიფ კაპადი. საავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი კი ''სამეფო კარის თამაშების'' დიზაინერი მიშელ კლეპტონია.

რაც შეეხება მთავარ გმირებს - აზერბაიჯანელ ალისა და ქართველ ნინოს. ამ უკანასკნელის როლზე არც კი უძებნიათ ქართველი კანდიდატურა, საბოლოოდ ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე დაამტკიცეს, ცნობილი ფილმის ''ციდან სამ მეტრზე'' მონაწილე. მარია თანამედროვე ესპანური კინოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

მარიას უკვე დაწყებული აქვს ფილმზე მუშაობა და აზერბაიჯანული ენის სწავლასაც გეგმავს სპეციალურად ამ ფილმისთვის. ალის როლს კი არაბი მსახიობი ადამ ბაკრი შეასრულებს, რომელსაც ასევე ოსკაროსან ფილმ ''ომარში'' აქვს შესრულებული მთავარი როლი.

თუ ამ ცნობილ და საკმაოდ წონიან სახელებსა და გვარებს გავითვალისწინებთ, ასევე იმ თანხებს, რაც სავარაუდოდ ჩადებულია ამ პროექტში, ''ალი და ნინო'' სერიოზული კინოსურათი უნდა გამოვიდეს. ვნახოთ, რა იქნება საბოლოო ჯამში, მანამდე კი მსახიობებს და ბაქოში გადაღებებიდან რამდენიმე კადრს გადავავლოთ თვალი.

და კიდევ, ცნობისათვის, ყურბან საიდის ''ალი და ნინო'' პირველად 1937 წელს ავსტრიაში გამოიცა გერმანულ ენაზე. სულ 100-ზე მეტჯერ არის გამოცემული 33 სხვადასხვა ენაზე და ბესტსელერად მიიჩნევა.

მდიდარი მუსლიმანი ალი შირვანშირისა და ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის რომანტიკულ ამბავს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში განვითარდა, სულ მალე მსოფლიოს კინოეკრანებზე მიადევნებს თვალს მაყურებელი.

ლელა ზურებიანი 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბერო
მდიდარი მუსლიმანი ალი შირვანშირის როლის შესრულება შეიძლება არ გაუჭირდეს არაბ მსახიობს ადამ ბაკრის {ისე ვინმე შირვანელი რომ ეპოვათ აზერბაიჯანში, ჯობდა, გაიხსენეთ ტიტულატურა "...შაჰინშა და შირვანშა..."}, ხოლო ქართველი ქალის როლის შესასრულებლად {მე ავტორებს მაინც ქართველ მსახიობ ქალს ვურჩევდი}ესპანელ მარია ვალვერდეს აზერბაიჯანული ენის შესწავლა რა წარმატებას მოუტანს, ვერ გამიგია და ჩემს ეჭვს მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ ავხსნი!!!
00:29 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS