11 ივლისი, 2013
დელფინა ლა ლორი ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან
ვიღაც ამტკიცებდა, რომ იქ ადამიანის სხეულის მოჭრილი ნაწილები და ორგანოები ეყარა, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჯაჭვით მიბმული, ნაცემ-ნაბეგვი შვიდი მონა ნახეს სახელი დელფინა ლა ლორი ისტორიაში მისი გლეხებისადმი სასტიკად მოქცევის გამო დარჩა. იგი კოლორიტული პიროვნება იყო და ახალი ორლეანის მოსახლეობას, სადაც ამ ქალმა თავისი ბოროტი საქმეები განახორციელა, დღემდე ახსოვს იგი.

შურისძიების მიზეზი

ცნობილია, რომ დელფინა ქვეყანას 1775 წელს მაკარტნების მდიდარსა და სახელგანთქმულ ოჯახში მოევლინა. გოგონა ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი მშობლები ჰაიტიზე მონათა აჯანყების დროს დაიღუპნენ _
შეიძლება, სწორედ ეს გახდა დელფინას შავკანიანებისადმი ზიზღისა და შურისძიების მიზეზი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

მდიდარი ქალბატონი სამჯერ იყო დაქორწინებული. ორი მეუღლე გარდაეცვალა და თითოეულთან თითო ქალიშვილი ჰყავდა. უცნობია ქმრებთან მისი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრების წვრილმანები. დელფინას მესამე რჩეული დანტისტი ლეონარდ ლუი ლა ლორი იყო. 1832 წელს წყვილმა ახალ ორლეანში როიალ სტრიტზე სახლი შეიძინა, რომელსაც შემდგომში ''ლა ლორის მამულს'' უწოდებდნენ. ექიმი და ქალბატონი ლორი ქალაქში პატივსაცემი ადამიანი იყვნენ, მათ სახლში ხშირად ეწყობოდა მდიდრული მიღებები, სადაც ახალი ორლეანის ყველა დიდგვაროვანი იკრიბებოდა...

შემაშფოთებელი ამბავი

ნაცნობები დელფინას ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანად მიიჩნევდნენ. იგი იყო კარგად აღზრდილი, გონებამახვილი, გემოვნებიანი... მაგრამ გავიდა დრო და ლა ლორის მეზობლებმა შემაშფოთებელი ამბები შეიტყვეს. უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი ახალი ორლეანი მონათმფლობელური სამხრეთის ცენტრი იყო. ქალაქს გარს პლანტაციები ერტყა, სადაც მონებს ამუშავებდნენ. ყველა მეპატრონე კარგად როდი ექცეოდა თავის მონებს. გავიხსენოთ თუნდაც ჰარიეტ ბიჩერსტოუს ''ბიძია ტომის სახლი'' ... მიუხედავად ამისა, დელფინა ლა ლორის ამბავი მაინც გნსაკუთრებელია: როგორც ჩანს, მოსამსახურეებს იმდენად სასტიკიად ეპყრობოდა, რომ ეს ფაქტი მეზობლებსა და ნაცნობებს აღაშფოთებდა, ისეთივე მონათმფლობელებს, როგორიც თავად გახლდათ. ერთხელ, მცირეწლოვანმა მოსამსახურე გოგონამ დავარცხნის დროს შემთხვევით თმა მოქაჩა. განრისხებულმა დელფინამ მათრახს ხელი წამოავლო, ამის დანახვაზე გოგონამ მოკურცხლა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ მისდევდა ლა ლორი მოსამსახურეს. ყველას თვალწინ მან გოგონა აივანზე მიიმწყვდია, შეშინებული ბავშვი აივნიდან გადახტა. ეტყობა, კარგად უწყოდა, რას მოიმოქმედებდა ქალბატონი და როგორი სასჯელი ელოდებოდა, რადგანაც დელფინას ხელში ჩავარდნას სიკვდილი ან დასახიჩრება ამჯობინა.

საწყალი გოგონა გარდაიცვალა, მეზობლებმა მწვალებელი ქალბატონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, მაგრამ დელფინა მხოლოდ ჯარიმას დასჯერდა, რადგანაც მოსამართლე ლა ლორის ოჯახის მეგობარი და ხშირი სტუმარი იყო.
ამ ამბის შემდეგ ბოროტ ქალბატონს შინამოსამსახურეები წაართვეს და აუქციონზე გაგზავნეს. დელფინამ ხერხი იხმარა - ნაცნობებს მათი ყიდვა და შემდეგ მისთვის მიყიდვა დაავალა!

ამის შემდეგ, როგორც ამბობდნენ, დიასახლისმა საწყალ ადამიანებზე სასჯელი გაამკაცრა, მოსამსახურეებს აწვალებდა და მათზე რაღაც ''ექსპერიმენტებს'' ატარებდა -  კლავდა, ასახიჩრებდა... მცირედი დანაშაულის გამო მათ ''წამების საკანში'' გზავნიდა. არავინ იცოდა, სინამდვილეში რა ბედი ეწეოდა, რადგანაც იქიდან ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა.
დელფინას სახლიდან ხშირად იკარგებოდნენ მონები, დიასახლისი კი ამის შესახებ კრინტსაც არ ძრავდა...

საინტერესოა, ასეთი შემთხვევები ადრე თუ ხდებოდა, ახალგაზრდობიდანვე აწამებდა თავის მსახურებს დელფინა ან მაშინ, როცა პირველ ქმართან ცხოვრობდა? ეს ამბავი ბურუსითაა მოცული. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს, როდესაც საშინელი სიმართლე გაცხადდა, მადამ ლორი ორმოცდაათს გადაცილებული იყო. როგორც ცნობილია, ქალებს ამ ასაკში კლიმაქსი აქვთ, შესაბამისად, ხშირად უფუჭდებათ ხასიათი და არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა არაადეკვატურად იქცევიან.
Rating
ხანძარი

ერთხელ მზარეულმა, რომელიც დიასახლისს ჯაჭვით ჰყავდა დაბმული(!), გადაწყვიტა, სამზარეულოში სპეციალურად მოეწყო ხანძარი, რომ ყურადღება მიექცია და ხალხისთვის დაენახვებინა, როგორ აწამებდა ლა ლორი. როდესაც ცაში ალი ავარდა, დასახმარებლად მივარდნილმა მეზობლებმა იმას მიაქციეს ყურადღება, რომ რატომღაც სახლში თითქმის არ იყვნენ მოსამსახურეები. იმის შემდეგ, რაც ხანძარი საერთო ძალისხმევით ჩააქრეს, ვიღაცამ სხვენზე ასვლა მოიწადინა.
კონკრეტულად რა დაინახეს იქ დელფინას მეზობლებმა, დღემდე უცნობია. სხვადასხვა ჭორი გავრცელდა, ვიღაც ამტკიცებდა, რომ იქ ადამიანის სხეულის მოჭრილი ნაწილები და ორგანოები ეყარა, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჯაჭვით მიბმული, ნაცემ-ნაბეგვი შვიდი მონა ნახეს... ეს ფაქტი მაშინდელი მონათმფლობელური საზომით გადაჭარბებული საქციელი იყო...

გაქცევა

მწვალებლის ლინჩის წესით გასამართლება გადაწყვიტეს, მაგრამ ქალმა გაქცევა მოახერხა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დელფინა ლა ლორიმ ჩუმად დატოვა ახალი ორლეანი, საფრანგეთში გადავიდა და ნადირობისას უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა... სხვა ვერსიით ლუიზიანაში დარჩა, მაგრამ სხვა გვარ-სახელით ცხოვრობდა და ახალი ორლეანის სენტ-ლუისის სასაფლაოზე დაასაფლავეს, სადაც თითქოს ხანდახან შეიძლება მის აჩრდილსაც გადააწყდე... ამბობენ, რომ მის სახლში, როიალ სტრიტზე, მას შემდეგ მისგან ნაწვალები მონების მოჩვენებები ბინადრობენ. ისინი ოთახებში დაძრწიან და ჯაჭვებს აჟღარუნებენ, ამიტომაც იქ დიდხანს ვერავინ ჩერდება. მოკლედ, გამორიცხული არ არის, რომ დელფინა ლა ლორისა და მის შავკანიან მონებზე გავრცელებული ჭორები სხვა არაფერია, თუ არა ტურისტების მისაზიდად გავრცელებული ხმები. ყოველ შემთხვევაში, ისინი აქტიურად მიიჩქარიან სენტ-ლუისში მდებარე ''ლა ლორის მამულში'' ''წამებული'' მონების საფლავების საძიებლად.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
!!!
ალბათ, ნაცხროვა და მისი იდეოლოგები მზგავსს კვალს დატოვებენ საქართველოს ისტორიაში.
13:00 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS