01 მარტი, 2015
არასოდეს წახვიდე გასაუბრებაზე დაქალთან ერთად!
ქალების უმრავლესობა თვლის, რომ დამოუკიდებლობისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭიროა ფინანსური კეთილდღეობა. თანამედროვე სამყაროში ქალბატონები თითქმის ყველა სფეროში იკავებენ სხვადასხვა თანამდებობებს. საქართველოში დასაქმების მწვავე პრობლემა დგას. რთულია არა მარტო ადგილის მოპოვება, არამედ მისი შენარჩუნებაც.

სტანდარტები ძალიან მაღალია (ხოლო რამდენად არის რეალური, სხვა საკითხია.) ხშირად ხუმრობენ, რომ ყველგან მოითხოვენ ოცი წლის ახალგაზრდას, რომელსაც ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მინიმუმ თხუთმეტი წელია რომელიმე კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობს.

ამასთან ერთად, ხშირად ტრიალებს ფრაზა: "სასიამოვნო გარეგნობის ქალი," რაც არც თუ ისე სამართლიანია,
რადგან გემოვნება ინდივიდუალური საზომია. ის რაც ჩემთვის მშვენიერების ეტალონია, სხვისთვის შეიძლება უშნო იყოს.

აღიარებული ფაქტია, რომ ქალბატონები საპირფარეშოშიც კი ერთად დადიან. აღარფერს ვამბობ შოპინგზე, ექიმთან ვიზიტზე, მკითხავთან სტუმრობაზე, დასვენებაზე, გართობაზე და ა.შ. ამ ბოლო დროს წამოვიდა ტენდენცია - " სამსახურის ძიება მეგობართან ერთად." დაქალები აღმოაჩენენ ვაკანსიას და "გვერდიგვერდ იბრძვიან" სამსახურის მოსაპოვებლად. გასაგებია რატომ აკეთებენ ამას
ქალები:

1. სურთ შემოსავლის წყარო გაიჩინონ და არც მეგობარი დატოვონ უმუშევარი.
2. უნდათ კოლეგები გახდნენ, რადგან მეტ დროს გაატარებენ ერთად. ეს სახალისოა, მაშინაც კი თუ მუშაობის პროცესი სიამოვნებას არ ანიჭებს მათ.
3. დაქალს შეიძლება ეწყინოს თუ მას საქმის კურსში არ ჩააყენებ, რომ წინსვლის შანსი მოგეცა.

სამივე მიზეზის მიუხედავად, როგორც კი შენობაში შეხვალთ, თქვენ და თქვენი დაქალი ერთმანეთის კონკურენტები გახდებით. ამ წამოწყებამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. განვიხილოთ მოსალოდნელი ვარიანტები.

1. სიმპათიას დაიმსახურებთ და აგიყვანენ, თქვენს მეგობარს კი არ დაუკავშირდებიან. თქვენ დგებით დილემის წინაშე, გული ატკინოთ საყვარელ ადამიანს თუ დაკარგოთ სამსახური, რომელიც საარსებოდ გჭირდებათ.
2. მოგიწევთ სიმართლე უთხრათ და იმედები გაუცრუოთ ან მოატყუოთ. ორივე შემთხვევაში გაუცხოების პრობლემას წააწყდებით.
3. ურთიერთობაში შემოიჭრება შური. დაქალმა შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენ ფიზიკური ან გონებრივი პრივილეგიით სარგებლობთ. ეს დააკომპლექსებს მას.
4. სავსებით რეალურია, რომ აიყვანონ თქვენი მეგობარი, მან კი უარი განაცხადოს თქვენი ხათრით. ორივენი კვლავ უმუშევრები დარჩებით.

რა თქმა უნდა, არსებობს მცირე შანსი, რომ დამსაქმებელი ორივესთან თანამშრომლობაზე დათანხმდება. მაგრამ, მოდით, საკითხს მეორე კუთხით მივუდგეთ, გიღირთ გარისკვა და ურთერთობის გაფუჭებდა ადამიანთან, რომელიც თქვენთვის ძვირფასია? ვვარაუდობ, რომ "არა!"

მაშ, რა არის გამოსავალი?

ნამდვილ დაქალს არ ეწყინება თუ გულახდილად დაელაპარაკებით და აუხსნით სიტუაციას, ჩამოუყალიბებთ საფრთხეებს. პირიქით, იგი შეგნებით მოეკიდება საკითხს და თქვენს მეგობრობას სირთულეების ქარიშხალს ააცილებთ თავიდან. აგრეთვე, შეგიძლიათ ორივესთვის იპოვოთ ვაკანსია და განსხვავებულ ადგილას წახვიდეთ სამსახურის საშოვნელად.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS