24 თებერვალი, 2015
იქ სადაც ქალები ფოტოებს ვერ იღებენ და კაცთან ჯდომა ეკრძალებათ – სასტიკი ტრადიციები
თურქეთის ძირითადი რელიგია ისლამია და შესაბამისად, თურქების ტრადიციები და წეს-ჩვეულებები სწორედ ამ რელიგიის წესებიდან და კანონებიდან გამომდინარეობს.

თურქეთში ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. მიღებულია, რომ მამაკაცმა არ უნდა დააქვეითოს ცოლის ცხოვრების დონე, ამიტომ ქორწინება ხშირად ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის ხდება.

ისლამური ტრადიციით, საქმრომ გამოსასყიდი უნდა გადაიხადოს საპატარძლოსთვის. თუმცა ბოლო დროს ეს ტრადიცია წარსულში რჩება და ''კალიმის'' თანხა მცირდება ქორწილისთვის გაღებული ხარჯების ან ოჯახის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

განქორწინება ცოდვად არ მიიჩნევა, თუმცა არც ისე ხშირია. განქორწინების
დროს ბავშვები ძირითადად მამასთან რჩებიან და
კაცი მალევე ირთავს სხვა ცოლს, ხშირად ასევე განქორწინებულ ქალს.

ოჯახი ნებისმიერი თურქის ცხოვრებაში მთავარი ცნებაა. ერთი კლანის თუ ოჯახის წევრები ჩვეულებრივ ერთმანეთთან
ახლოს ცხოვრობენ და პრაქტიკულად ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ, ფინანსურად და ემოციურად მხარს უჭერენ ერთმანეთს.

განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ოჯახის ხანდაზმული წევრები და ასევე ბავშვები, რომლებსაც თურქულ ოჯახებში ძალიან ლაღად ზრდიან, ანებივრებენ.

თურქული ოჯახი პატრიარქალურია. მამაკაცი ოჯახის უფროსია, ქალი კი მას პატივს უნდა სცემდეს და ემორჩილებოდეს. მისი საქმე საოჯახო მეურნეობა და ბავშვების გაზრდაა.

და-ძმებს შორის ურთიერთობა თურქეთში ჩვეულებრივია 13-14 წლამდე, მერე კი სტატუსები იცვლება - უფროსი ძმა (აღა ბეი) საკუთარ თავზე იღებს გარკვეულ უფლებებსა და მშობლების მოვალეობებს დასთან მიმართებით. უფროსი დაც (აბლა) ასევე იქცევა ძმისთვის ერთგვარ მეორე დედად.

თურქებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი დამოკიდებულებით ბიჭები მომავალში ქმრის როლისთვის ემზადებიან, გოგონები - ცოლის როლისთვის.

შეხვედრისას გადაკოცნა ან ხელის გადახვევა შეიძლება მხოლოდ ერთი სქესის ახლო ნათესავებსა და მეგობრებს შორის. შეხვედრის დროს მამაკაცები ხელს ართმევენ ერთმანეთს, ოღონდ არა ქალს, თუ თავად არ მისცემს ამის უფლებას. ავტობუსსა თუ თეატრში, თუ ადგილის არჩევა შეიძლება, ქალი ყოველთვის ქალთან ერთად უნდა დაჯდეს, მამაკაცს კი უცნობ ქალთან დაჯდომის უფლება არ აქვს, თუ ის არ მისცემს ამის უფლებას.

თურქეთში კვლავ ტრადიციულია წინდაცვეთა - ეს აუცილებელი ნაბიჯია მამაკაცად გახდომისთვის. ბიჭს ამისთვის დაბადებიდან ამზადებენ და რიტუალს ნამდვილ ზეიმად აქცევენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქული ქორწილი, რომელიც გამოირჩევა ფუფუნებით, სიმბოლოებითა და თურქული ტრადიციული ცეკვებით.

თურქეთში მყოფ ტურისტს აფრთხილებენ, რომ არ შეიძლება, უნებართვოდ ვინმეს ფოტო გადაუღოს. ისლამური ტრადიცია კრძალავს ადამიანის გამოსახულების შექმნას, ამიტომ დიდად არ უყვართ ფოტოების გადაღება და შეუძლიათ, უარი თქვან ამაზე.

თურქეთში არ შეიძლება გამოიყენოთ ცნობილი ჟესტი - მომუშტული ხელი და მაღლა აწეული ცერი, რომელიც ევროპაში ნიშნავს ''ყველაფერი კარგადაა'', ''მაგარია''. თურქეთში ამ ჟესტს მეტად უხამსი ახსნა აქვს და ცუდად გაგიგებენ.

ასევე თურქული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ნაწილია მათი სიყვარული მშვიდი დასვენებისადმი, რომელსაც თან ახლავს მაგარი ჩაი, თრიაქი, აღმოსავლური მუსიკა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS