02 თებერვალი, 2015
რატომ მალავენ უკრაინელი ქალები ორსულობას - უჩვეულო ტრადიციები
უკრაინა ძალიან მდიდარია ტრადიციებითა და წეს ჩვეულებებით, რომლებიც საუკუნეებისა და თაობების განმავლობაში დამკვიდრდა. ჩვენ რამდენიმე გამორჩეულ, საინტერესო ტრადიციაზე გიამბობთ.

* უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან სჯერათ ავი სულების, ამიტომ აქ ბევრი რიტუალია, რომლებიც ავის სულებისგან დაცვისკენაა მიმართული. ამზადებენ ათასგვარ თილისმას იმ საგნებისგან, რომლებიც ძვირფასია ადამიანისთვის.

* სჯერათ, რომ მშობლებს, რომლებიც არ მისდევენ ტრადიციებსა და წესებს, უჩნდებათ შვილები, რომლებიც შემდეგ მაქციებად გადაიქცევიან.

* განსაკუთრებული მოვლენაა ბავშვის დაბადება. არ არის მიღებული ორსული ქალის განაწყენება ან გაბრაზება. ორსულები ცდილობენ, რაც
შეიძლება დიდხანს დამალონ ფეხმძიმობა, რომ ვერავინ გაიგოს და თვალი არ ეცეთ.

* ახალდაბადებული ბავშვი რომ ჯანმრთელი იყოს, პირველი ბანაობის დროს წყალში ნაკურთხ წყალს ამატებენ. გოგონა რომ ლამაზი იყოს - უმატებენ ყვავილებს, რძეს ან თაფლს.

* ახალშობილს, მით უმეტეს, თუ სუსტია, სწრაფად ნათლავენ. ნათლიები კი აუცილებლად დაქორწინებული უნდა იყვნენ - ანუ პატარა ჯვარდაწერილმა ცოლქმარმა უნდა მონათლოს. ნათლობის შემდეგ ნათლულის ოჯახში იკრიბებიან მეზობლები და ნათესავები, რომელთაც აუცილებლად რაღაც მიაქვთ - ხელცარიელი მისვლა არ არის მიღებული.

* ძალიან საინტერესოა ქორწინების ტრადიციები. ტრადიციული ქორწინება იწყება მაჭანკლობით. პოტენციურ საცოლესთან საქმროს ნათესავები მიდიან, აუცილებლად - მამაკაცები. მათ თან უნდა ახლდეს საქმროც. უნდა მიიტანონ პური და ჯოხები. საუბრის დროს საპატარძლო სახლში უნდა იყოს, ღუმელთან იდგეს და ფუსფუსებდეს.თუ გოგონა თანახმაა, თანხმობის ნიშნად საქმროს მიერ მიტანილი პური უნდა დაჭრას.

* ქორწილი იწყება ყვავილების შეგროვებით, საქორწილო თაიგულებისა და გვირგვინების დაწვნით, რომლებიც ნეფეპატარძალს ეკუთვნით. აუცილებელია ასევე საქორწილო ღვეზელი - კარავაი. ამ ნამცხვრის ცხობას ანდობენ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც ბედნიერი არიან ქორწინებაში. ცხობის პროცესს თან ახლავს ხუმრობები, სიმღერები.

* ქორწილში ხალხს პირადად იწვევენ. პატარძალი მეგობრებთან ერთად კარდაკარ დადის, კორჟიკებს (ესეც პატარა ნამცხვრებია) ჩუქნის და ქორწილში პატიჟებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS