- ახალ ფილმში თქვენს ეკრანულ წყვილს კარიერაში ექმნება პრობლემა. რა
- ასეთ სიტუაციაში ერთადერთი რამ გეხმარება - საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩე. ჩვენი უცნაური ბიჭები აღმოჩნდებიან კომპანია ''გუგლში'' , სადაც ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევენ ისე, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან კომპიუტერებში.
- ამ კომპანიაზე ლეგენდებს ჰყვებიან: ოფისებიც არ არის და ხალხი ველოსიპედებით დადის პირდაპირ საერთო დერეფანში, საკონფერენციო დარბაზების ნაცვლად კი სამასაჟე კაბინეტებიაო...
- სრული სიმართლეა. ამას დაამატეთ კიდევ უფასო კაფეები. მაგრამ რაც მთავარია, იქ ფანტასტიკური გარემოა, რომელშიც საოცარ პროდუქტებს იგონებენ. გაოცებული ვიყავი! მართლა გეუბნებით, ორმოცდახუთი წლის ასაკში რაიმე მიღწევა რომ არ მქონოდა კინოინდუსტრიაში, ნამდვილად ვისურვებდი, იქ მემუშავა.
- კარგად ერკვევით კომპიუტერში?
- არანაირად! ჩემს ცხოვრებაში პირველი კომპიუტერი ''აიპადია'' და იმასაც ვერ ვარკვევ. თუმცა ვინს ვონს მაინც ათი წლით გავუსწარი - მან ახლაღა დაიწყო მობილური ტელეფონით სარგებლობა.
- ''ტვიტერი'' კი ათვისებული გაქვთ, იქ არის ექაუნთი თქვენი სახელით და ინფორმაციებიც თავსდება თქვენს პირად ცხოვრებაზე...
- რას ამბობთ! მე წარმოდგენა არ მაქვს მაგეებზე. უნდა ვთხოვო მეგობრებს, რომ გაერკვნენ. გიმეორებთ: არც ერთ სოციალურ ქსელთან არ მაქვს კავშირი - ადამიანურ ურთიერთობებს ვამჯობინებ.
- თქვენი გმირები მათთვის უჩვეულო გარემოში ხვდებიან და ღირსეულად გამოდიან მდგომარეობიდან, თან საუკეთესო თვისებებს ავლენენ. რეალურ ცხოვრებაში თუ ჰგავხართ თქვენს გმირებს?
- მე ხომ ტეხასელი ვარ. ჩვენ რატომღაც ცხენებზე ამხედრებულ მაჩოებად წარმოგვადგენენ, თუმცა ჩვენში მთავარია უნარი, დასახულ მიზანს მივაღწიოთ, თან წყნარად. ჩვენს ოჯახში სამი ძმანი ვართ, სამივე მსახიობები გავხდით და გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, რაც დღევანდელ კინოინდუსტრიაში არც ისე იოლია. წარმოიდგინეთ, ჩვენ, პროვინციელებმა, მივიღეთ საშვი ''ვარსკვლავების ფაბრიკაში'' - ზედმეტი ხმაურის გარეშე.

- ამ წყნარ ტეხასელს როგორ უყვარს თავისუფალი დროის გატარება?
- მიყვარს სათავგადასავლო რომანების კითხვა - ასე ვიცხრობ თანდაყოლილ მიდრეკილებას ავანტიურებისადმი. წიგნები ჩემი გატაცებაა, თუმცა პირველ ადგილზე ჩემი ვაჟია. სულ ორი წლისაა, მაგრამ უკვე ნამდვილი პიროვნებაა თავისი ჩამოყალიბებული ხასიათით. ყველაფერში მეჯიბრება, მგონი, მამაზე მეტად მეტოქედ აღმიქვამს (იცინის). თუმცა ესეც სავსებით მაკმაყოფილებს.
ჟურნალი ''რეიტინგი''